1 2 3 4 5 6 7 8 9

კა კბ კე კვ კი კლ კმ კო კრ კუ
კომ კოტ კოშ კოც

კომენტარი

 
2(ა)...შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა - ეს ადგილი შეიძლება ორნაირად იქნეს გაგებული:

1. ღმერთმა შექმნა არა მატერია, არამედ მხოლოდ მისი ფორმა: მან განუსაზღვრელ მატერიას განსაზღვრულ საგანთა სახე მისცა. ეს აზრი შეიცავს გამოძახილს არისტოტელეს მოძღვრებისა ფორმის და მატერიის შესახებ.

2. საგნების არსებობას, ზოგი ბერძენი ფილოსოფოსის მიხედვით (პლატონი, ნეოპლატონიკოსები), წინ უძღვის მათი ზეციური პირველსახის, მათი იდეის არსებობა. რუსთველი, როგორც ქრისტიანი, ამ პირველსახის შექმნას ღმერთს მიაწერს.

არ არის აგრეთვე გამორიცხული, რომ რუსთველი იცნობს ფილო ალექსანდრიელისაგან და ებრაული თეოლოგიიდან მომდინარე კაბალისტურ მოძღვრებას სამყაროს შექმნამდე არსებული ციური ადამის, ადამიანის იდეის შესახებ, რომელიც თავის თავში მოიცავდა ყველა საგანთა და არსებათა პირველსახეებს, მათ იდეებს. (შდრ. კომენტარი, სტრ. 20). „სახე“ სიტყვა-სიტყვითი თარგმანია ბერძნული “ეიდოს”-ისა, რომელსაც რუსთველი, პეტრიწის ტერმინოლოგიის გამოყენებით, სხვა შემთხვევაში „გვარად“ თარგმნის (იხ. კომენტარი, სტრ. 20).უკან


9(ა) მე, რუსთველი ხელობითა, ვიქმ საქმესა ამა დარი - ამ სიტყვების ორგვარი გაგებაა შესაძლებელი:

1. მე, რუსთველი, ამ წინა ავტორებს მიმსგავსებული (ვისაც პოემაში აღწერილი ამბავი აქამდის უთქვამთ. იხ. წინა ორი სტროფი), ხელობით, სიშმაგით განვაგრძობ ამავე საქმეს.

2. მე, რუსთველი, ასეთ საქმეს ხელობის, სიშმაგის გამო ვკიდებ ხელს (სახელ. ბრუნვა „ამა დარი“ ნაცვლად მიცემითისა „ამა დარსა“ ასეთ შემთხვევაში პოეტურ ლიცენციად უნდა ჩაითვალოს).უკან


20(ა) ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა, - ამ სტროფებში რუსთველი იყენებს და თავისებურად გარდაქმნის პლატონის (V ს.ქ.წ.). ფილოსოფიის ზოგ ძირითად იდეას. პლატონმა ერთმანეთს დაუპირისპირა წარმავალი, საგნების სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, და წარუვალი, „იდეების“ სამყარო, რომელსაც ჩვენ გონებით ვჭვრეტთ. საგნები „იდეების“ ანუ, რუსთველისდროინდელი ქართული ფილოსოფიური ტერმინი რომ ვიხმაროთ, „გვარების“ მკრთალი ჩრდილებია.
იდეათა სამყაროში გარკვეული იერარქია არსებობს: უფრო ზოგადი იდეა, რომელიც სხვა, უფრო კერძო იდეებს მოიცავს, ამავე დროს უფრო მაღალიცაა, უფრო ფასეული. ყველაზე ზოგადი და ყველაზე მაღალი იდეა, სამყაროს მწვერვალი პლატონისთვის არის სიკეთის იდეა.
რამდენიმე „იდეის“ გამაერთიანებელ, ზოგად იდეას რუსთველისდროინდელ ფილოსოფიურ ტერმინოლოგიაში „ტომი“ ეწოდება. ამგვარად, გამოთქმა...მიჯნურობა — პირველი და ტომი გვართა ზენათა ან თავისებური პოეტური სახელცვლაა იდეათა პლატონისეული იერარქიისა („იდეათა“ სამყაროს სათავეში რუსთველი სიკეთის მაგიერ მიჯნურობას აყენებს), ან ამით გამოთქმულია ის აზრი, რომ „მიჯნურობა“ უმაღლეს იდეათა რიცხვს ეკუთვნის ზეციურ იდეათა შორის.უკან


21(დ)...მართ მასვე ჰბაძვენ... - „ბაძვა“ ერთ-ერთი ტერმინია, რომლითაც პლატონი ახასიათებს ხილული სამყაროს საგანთა დამოკიდებულებას მათ შესატყვის „იდეებთან“. საგანი „ჰბაძავს“ თავის იდეას, მაგ. კონკრეტული ცხენი — ზეციურ „ცხენობას“, ცხენის იდეას. რუსთველი იყენებს ამ ტერმინს იმ აზრის გამოსახატავად, რომ „ვეფხისტყაოსანში“ აღწერილი ხორციელი ვნებები, რაკიღა სიძვად არ იქცევიან, ისევ იმ ზემოთხსენებულ „მიჯნურობის“ მაღალ იდეას ეკუთვნიან, მისი ანარეკლი და კერძო შემთხვევა არიან.უკან


41(გ)...სადარო ბროლ-მინა საცნობარისა - შეიძლება მეორენაირი გაგებაც: — ისეთი ბროლისა, რომელიც შეიძლება მინად, მინანქრად სცნო. უკან


53(გ) მომართვი ჩემი ყველაი, ჩემი ნაუფლისწულევი“. - თინათინი, ამგვარად, თავის საკუთარ ქონებას გასცემს და არა სახელმწიფოს კუთვნილს. უკან


74(გ) პირ-ოქრო რიდე ეხვია, შვენოდა ქარქაშოსანი - ავთანდილის გარეგნობისა და ტანსაცმლის აღწერისას ქარქაში, და არა ხმალი, ნახსენებია იმიტომ, რომ გარედან ქარქაში ჩანს. უკან


75(დ) ნაძლევისა მათისათვის ისროდეს და ერთგან სრვიდეს. - იგულისხმება, შესაძლოა, ისრის ნასროლში მოხვედრება. ამგვარად, როსტევანი და ავთანდილი ნადირობის დაწყებამდე ერთმანეთს სროლაში ეჯიბრებიან (ალ. ჭინჭარაული). უკან


78(გ) რა ისარი დაელივის, მონანი-ყე მოართმიდეს. - იგი გვიჩვენებს, რომ ისრებს მათ (როსტევანსა და ავთანდილს) მიართმევდნენ ხოლმე და არა მხოლოდ ერთ-ერთს. უკან


93(დ) ვერ ვასმინე საუბარი, მით დავყოვნე ხანი მუნ, და-“. - და-ზმნისწინი „დავყოვნე” ზმნისა, განმეორებული აზრის გაძლიერების მიზნით.უკან


94(ა)მეფე გაჰკვირდა, გა-ცა-წყრა, გული უც მისთვის მწყრომარე; - ნაწილაკი „ცა“ ჩართულია ზმნისწინსა და ზმნას შორის.უკან


97(ა)ხელი გამართეს - მოინდომეს, „ხელი გამოიღეს” (ალ. ჭინჭარაული). უკან


97(დ)ზოგსა გარდაჰკრის მათრახი... - ხოლმეობითია - გვიჩვენებს, რომ ერთხელ კი არ გადაჰკრა კაცს მათრახი, არამედ რამდენჯერმე, რამდენსამე კაცს გადაჰკრა.უკან


107(ბ)...ჩემი სოფლისა წყალიო?“ - მეტაფორა ემყარება სიტყვა „წყლის“ გამოყენებას ძვირფას თვალთა ბრწყინვალების აღსანიშნავად.უკან


109(ბ)...მთვარისა მოვანებასა - შუა საუკუნეთა წარმოდგენით, ამ დროს მთვარე განსაკუთრებით კაშკაშაა. ეს გაგება უეჭველი არაა. ყოველ შემთხვევაში, უდავოა, რომ „მოვანებაში“ იგულისხმება მთვარის შუქის სიუხვე რაღაცა გარკვეულ პირობებთან დაკავშირებით.უკან


125(გ)უხარის ნახვა ვარდისა, არ ერთგან შეუყრელისა. - აქ უარყოფითი ფორმით გამოთქმულია აზრი, რომ ავთანდილი ვარდს (თინათინს) აქამდისაც ბევრჯერ შეჰხვედრია.უკან


131(დ)მაგრა გითხრა პირველ ხვალმე,.. - საერთო აზრია: ამ ერთს გეტყვი.უკან


134(გ)..მერმე, ჩემი მიჯნური ხარ, - ამ სიტყვაში იგულისხმება მხოლოდ ის, რომ ავთანდილს თინათინი უყვარს, და არა ის, რომ თინათინი მის გრძნობას უპასუხებს.უკან


136(დ)კოკობი და უფურჭვნელი... - ეს მეტაფორები აღნიშნავს თინათინის სინორჩესა და უბიწოებას.უკან


141(ბ)გასალდეს და გაამრავლეს საუბარი სიტყვა-ხშირი. - მეტაფორა აღნიშნავს მტკიცე გადაწყვეტილებაზე დადგომას.უკან


142(გ)...„შენთა მჭვრეტთა თავი ხელი, ა-, სად აგეს! - პრეფიქსი „აგეს” ზმნისა, განმეორებული აზრის გაძლიერების მიზნით. საერთო აზრია: შენი შემხედველნი, თავის თავს რას დაჰმართებენ?უკან


146(ა)მოშორვება საყვარლისა მას შეჰქმნოდა მისად ღაზოდ - პოეტური სახე დამყარებულია კონტრასტზე: ყველაზე გულსატკენი რამ — თინათინის დაშორება, — ავთანდილს სასურველად გაჰხდომია, რადგან თინათინისვე დავალების შესასრულებლად მიეშურება.უკან


152(გ)...სოფლისა, იგია ნივთი და ვალი, - ამ პოეტური სახის აზრი, როგორც ჩანს, ისაა, რომ ავთანდილი არა მარტო ქვეყნის სიმდიდრე და განძია, არამედ მისი მიზანიც: ქვეყნის ვალია, ამ მშვენიერ ვაჟკაცს მისი შესაფერი ბედნიერება მისცეს.უკან


154(დ)გამზრდელი მისი შერმადინ... - ეს სიტყვა არ მოასწავებს, რომ შერმადინი ავთანდილზე უმცროსია. იგი შესაძლოა ავთანდილის ტოლიც იყოს, მის სახლში ან მისი ოჯახის მზრუნველობით გაზრდილი, და უფროსიც, ავთანდილის მამის გაზრდილი.უკან


159(გ)...ცეცსლი დაუვსია... - ცეცხლი ტანჯვის აღმნიშვნელი მეტაფორაა.უკან


182(ა)... დიანოსი, ბრძენი ეზროს - „დიანოსი” ანუ „დიაგნოსი” სათაურია ასტროლოგიურ–მეტეოროლოგიური ტრაქტატისა, რომელიც მიეწერებოდა ეზდრა წინასწარმეტყველს და გავრცელებული იყო შუა საუკუნეებში მრავალ ქვეყანაში საქართველოს ჩათვლით. ეზროს. იგულისხმება ზემოხსენებული ეზდრა. უკან


194(ა) ...სამართალნი შენნი ჩემთვის რად ამრუდენ? - სამართალი სისწორესაც ნიშნავს. ამგვარად, ამ ტაეპში დაპირისპირებულ სიტყვათა თამაშია: მართალი (სწორი) — მრუდი. უკან


200(გ)...როსტომის მკლავ უგრძესითა - როსტომი სპარსული ეროვნული ეპოსის — ფირდოუსის „შაჰნამეს“ („მეფეთა წიგნის“) ყველაზე გამოჩენილი გმირია. ისრის მკლავთან შედარება გულისხმობს, რომ ისარს მკლავის სიგრძის მიხედვით აკეთებდნენ, რადგან მშვილდის ლარს მარჯვენა მხრამდე ჭიმავდნენ. მოყვანილი შედარებით ნათქვამია, რომ ავთანდილს როსტომზე გრძელი მკლავი და გრძელი ისარი ჰქონდა (ივ. გიგინეიშვილი) უკან


212(გ)არ აგვიხვნა, არცა დაგვსხნა... - გამოთქმა შეიძლება ორგვარად გავიგოთ: 1. განძრევა არ გვაცალა, 2. არავითარი ყურადღება არ მოგვაქცია, ანგარიში არ გაგვიწია. უკან


212(დ)მისნი მკვახედ მოუბარნი მათრახითა შეგვამწიფნა! - პოეტური სახე დამყარებულია სიტყვის „მკვახე” ორაზროვნებაზე. უცხო მოყმემ მკვახედ მოლაპარაკე ხატაელი ძმები მათრახით დაბეჟა, როგორც ხილს ბეჟავენ დასამწიფებლად (ვ. ბერიძე) უკან


221(დ)...დაიმალვის მეტის-მეტად - შესაძლოა აზრის ორგვარი გაგება: 1. უცხო მოყმე მეტისმეტად იმალება. 2. ავთანდილი იმალება. ამ შემთხვევაში ბრჭყალები დაისმის სიტყვის „მომკლავს” შემდეგ.უკან


250(გ)...გონებანი ჩქარნი ჩემთვის დააწყნარნა - სიტყვის თამაში ემყარება სიტყვა „წყნარის” ორგავრ მნიშვნელობას: წყნარი, მშვიდი გონება უპირისპირდება აფორიაქებულს, აღელვებულს, ამავე დროს „წყნარი” უპირისპირდება „ჩქარს”. უკან


280(ა)... ეტლსა ჩემსა რადმცა კაცი რად დაჰბადა - ამა თუ იმ თანავარსკვლავედზე, მისი ნიშნის ქვეშ დაბადება, ასტროლოგიური შეხედულებების თანახმად, ადამიანის ბედის განმსაზღვრელია. უკან


286(გ)...ვით, მთვარე მოსავანებლად; - შედარება მიგვანიშნებს როგორც ავთანდილის მთვარისებრ მშვენიერებას, ისე, „ვან” ძირთან ასოციაციით, იმას, რომ ასმათს ავთანდილი დამშვიდებით, დინჯად მიჰყავს. უკან


290(ა)ტარიელის ვარდი იყო დათრთვილული... - მეტაფორა „ვარდი” ამ ტაეპში შეიძლება ორგვარად გავიგოთ: 1. ვარდი — პირისახე. ტარიელის პირისახე ფერმკრთალი იყო.
2. ვარდი — ტარიელის ბედი, სიცოცხლე. ტარიელი მგლოვიარედაა, მაგრამ ცოცხალია (მისი ვარდი დართვილულია, მაგრამ დამზრალი არაა), მას სხვისადმი თანაგრძნობის უნარი შერჩენია. ამიტომაც ეკითხება ავთანდილს მომდევნო ტაეპებში მის ვინაობასა და თავგადასავალს. უკან


292(ა)მე პატრონისა ჩემისა ასული შემყვარებია - იგულისხმება მეფე როსტევანი. იგი ავთანდილის პატრონია, სიუზერენია, ავთანდილი — მისი ყმა, ვასალი. უკან


310(ა)ღმერთმან მოწყალემან მით ცნობითა ერთით მზითა
(ბ)ორი მისი გამარჯვება დღესცა მომცა... - „ცნობა“ ანუ გონება (ბერძნულად „ნუს“) ნეოპლატონური ფილოსოფიის ტერმინია, რომელიც აღნიშნავს ღვთაების მეორე ჰიპოსტასს ანუ გვამოვნებას (პირველია „ერთი“, მესამეა „სული”). ნეოპლატონურ ლიტერატურაში მიღებულია მისი შედარება მზესთან (ისევე, როგორც „ერთისა” — ნათელთან და „სულისა“ — მთვარესთან, რომელიც თავის ნათელს მზისგან იღებს). რუსთველი, როგორც ჩანს, ამ ნეოპლატონურ ცნებას იყენებს. ტაეპთა აზრია: ღმერთმა თავისი ღვთიური გონებით დღეს ორი წყალობა მომანიჭა...
ხელნაწერთა ერთი ჯგუფის წაკითხვა „...მით სახითა ერთი მზითა...“ უარვყავით, რადგან მისი მიღებისას აუხსნელი რჩება, როგორ წარმოიშვა წაკითხვა „ცნობითა“ იმ ეპოქაში, როცა საქართველოში ნეოპლატონურმა წარმართულმა ფილოსოფიამ განათლებულ წრეებშიც პოპულარობა დაკარგა. (ე. წ. “აღორძინების” ხანაში). უკან


321(ა)ერთი სამეფო საკარგვად, - ჩვეულებრივი ფეოდალური მამულისაგან იმით განსხვავდებოდა, რომ მეფისაგან ან იერარქიულ კიბეზე მაღლა მდგომი ფეოდალისაგან დროებით მოცემულად ითვლებოდა, სამსახურის საფასურად. უკან


386(გ) გული მი და მო მიარდა, კრთებოდა და მემალვოდა; - ეს მეტაფორა აღნიშნავს ტარიელის გუნების სწრაფ ცვალებადობას: მისი ბედნიერება იმდენად წარმოუდგენელია, რომ უცბად ვერც კი იგებს. უკან


394(დ) ...თავისა სისხლთა ნუ ეზიარებით - ქრისტიანული საიდუმლო ზიარებისა სიმბოლურად გამოხატავს ადამიანთათვის ჯვარცმული ქრისტეს სისხლის შესმას. უკან


419(გ)ამას შესჯერდი დიდითა ზენაარითა და ფიცითა, - ზენაარით და ფიცითა. რუსთველი აქ მიჰმართავს მისთვის ჩვეულ ხერხს: პარალელურად ხმარობს ორ სინონიმურ სიტყვას: ერთს ქართულს, მეორეს უცხო წარმოშობისას. უკან


419 (დ)ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა - რუსთველის ეპოქის ასტრონომია ცხრა ცის არსებობას აღიარებდა, ერთიმეორის ზევით განლაგებულისას. უკან


424(ა) დავყავ ხანი მას წინაშე, სიტყვანიცა... - თანდებული „წინაშე” ჩვეულებრივ იხმარება მეფის ან დიდი ფეოდალის სამსახურში, მის მორჩილებაში ყოფნის აღსანიშნავადაც. ამ ტაეპში, ამგვარად, მინიშნებულია, რომ ტარიელი ნესტანთან იმყოფება არა როგორც ტოლი ტოლთან, არამედ როგორც ქვეშევრდომი მბრძანებელთან. უკან


479(ა) ...ცისკრობს, არ დანაღამია; - ერთი აზრი ორი გზითაა გამოხატული: დადებითად (ცისკრობს, რიჟრაჟია) და უარყოფითად („არ დანაღამია”, აღარ ბნელა). უკან


499(ა)წიგნი მომართვა, ჩავხედენ, პირისა თემთა მთენისა. - ჩავხედენ ლოგიკურად ტაეპის ბოლოში უნდა იყოს. ამ სიტყვის გადასმა ტაეპის შუაში პოეტური ლიცენციაა. უკან


514(დ) ყმისა არ-სმა არად გვგავა, ამათ ზედა წაგვითვლია. - ზედა წაგვითვლია. როგორც ჩანს, აზრი შემდეგია: ვაჟის არყოლას არ ვდარდობთ, რადგან ეს უბედურება ზედ მივათვალეთ ჩვენს ბედნიერებას — მშვენიერი ქალის ყოლას — და ჯამში დაზარალებულნი არ აღმოვჩნდით. უკან


527(დ) ...პირი, ელვათა მკრთომელი - ამ პოეტურ სახეში გამოყენებულია „ელვის” ორივე მნიშვნელობა. პირდაპირი აზრით აქ ნათქვამია, რომ ნესტანის სახე შუქს ასხივებდა თავისი მშვენიერებით. ამავე დროს სიტყვა „ელვა” მიგვანიშნებს, რომ ნესტანი განრისხებულია. იგი მზადაა, თავისი რისხვა ტარიელს ელვად და მეხად მოუვლინოს. უკან


533 (გ) ... მომცთარხარ მოსაცეთსა, - ნესტანს ჰგონია, ტარიელს იმედი აქვს, რომ მისი ღალატით ინდოეთის მომავალი მეფის — ხვარაზმელის — წინაშე დამსახურება მოიპოვა და ამით თავისი მომავალი მდგომარეობა განიმტკიცა. უკან


554 (გ)...არ სიტყვა ივაგლახა რა, - ეს ფრაზა უარყოფითი ფორმით გამოხატავს იმას, რაც ტაეპის პირველ ნახევარში დადებითი ფორმით ითქვა: რომ მეფეს სასიძოს მოსვლა ეამა. უკან


632 (გ) მას რომე ელვა ჰკრთებოდა,... - სიტყვა „ელვის“ ორმნიშვნელოვნება გამოყენებულია ამ პოეტურ სახეში, რათა ნესტანის ნათლისებრ მშვენიერებასთან ერთად ამ მშვენიერების ზარდამცემი, ელვასავით შემაკრთობელი და თვალის მომჭრელი ბუნება გვაგრძნობინოს. ფერნიმცა ჰგვანდეს რისანი — რისი ფერი ემგვანებოდა? მისი მსგავსი სილამაზისა ვინ იქნებოდა? უკან


691 (გ) ფიფქსა — თოვა, ვარდსა — ნამა. - მეტაფორის აზრი შეიძლება ორგვარად გავიგოთ: 1. როსტევანს ჭაღარა ამშვენებდა, ხოლო ავთანდილს — დაცვარული ვარდის ფერი. 2. ორივენი ტარიელის ბედს ტიროდნენ: მეფის ჭაღარა წვერს ცრემლი თოვლივით ეცემოდა, ავთანდილის ახალგაზრდა პირისახეს — ნამივით. უკან


698 (დ) ჰქონდა ...გული გულსა განაცვალი - იგულისხმება: ტარიელისათვის გული გაეცვალა — თავისი მისთვის მიეცა, მისი კი თავისთვის აეღო — და ამიტომ უგულოდ — დაღონებით — იყო. გულისათვის, როგორც ჩანს, ნიშნავს: თავის გულში, თავის გუნებაში, თავისთვის. ავთანდილმა თავისთვის იცოდა, მაგრამ ჯერ სხვისთვის არ გაემხილა, რომ უცხო მოყმეს მეგობრობისა და მიხმარების ფიცი მისცა. უკან


806. (გ) ...მას ხელმწიფესა მზიანსა. - ტარიელი „მზიანად“, ბედნიერად იმ აზრით ჩაითვლება, რომ იგი სრულყოფილი გმირია და, მაშასადამე, ბედნიერი ხელმწიფობისთვისაა მოწოდებული. უკან


884. (ბ) ...სჯობს, რაზომცა ნელად ტირსა - აზრია: უკეთესია, რომ თავისი ტანჯვა სხვების დასანახი არ გახადოს. ნელად შეიძლება გავიგოთ აგრეთვე როგორც „იშვიათად”, „გვიან-გვიან” (ალ. ჭინჭარაული) უკან


891. (გ)... კვლა რამე გავიხარენით — აქ: ისევ გავიხაროთ. ნაწილაკი „მცა” ბ ტაეპში ეკუთვნის სამსავე ზმნას („შევიყარენით”, „ვნახეთ” და „გავიხარენით”) და სამივეს კავშირებითად აქცევს. უკან


936. (გ) ...შენცა დაიწვი სოფლისა ქმნისა წესითა – გამოძახილია ჰერაკლიტეს (VI–V ს. ქ. წ.) და სტოელ ფილოსოფოსთა (IV ს. ქ. — III ს. ქ. შ.) მოძღვრებისა, რომლის თანახმად სამყარო პერიოდულად იწვის ცეცხლით და ისევ იქმნება. ტარიელი ამ აზრს იყენებს იმ ტანჯვის ჰიპერბოლური დახასიათებისათვის, რომელიც ავთანდილს შეჰხვდება მისდამი თანაგრძნობის შედეგად. უკან


1103. (გ) ...თურ ამად ბინდდების, - შესაძლოა „თურე“-ს ორგვარი გაგება: 1. თურმე. აზრი შემდეგია: ეს ჩემი უბედურებაც, თურმე, სოფლის ბინდისგვარობის შედეგია, 2. იქნება; ხომ არა? აზრი შემდეგია: ჩემ თავს მოწეული ტანჯვაც სოფლის ბინდისგვარობიდან ხომ არ მომდინარეობს? უკან


1112. ...სიტყვანია ჩემნი წბილნი.“ - შესაძლოა ორგვარი გაგება: 1. ამის თქმაც კი, რასაც ახლა ვამბობ, სამარცხვინოა. 2. ჩემი მოთქმა ვეღარაფერს უშველის. უკან


1324. (დ) თქვენ მოგცე ლარი ყველაი მე, ჩემი ნაალაფავი. - ავთანდილი სჩუქნის ფრიდონის მონებს მეკობრეთა სიმდიდრეს, რომელიც ერთხელ უკვე ვაჭრებს აჩუქა. იგულისხმება, რომ ვაჭრებმა ის სიმდიდრე არ გამოართვეს უკან
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9