1 2 3 4 5 6 7 8 9

ტა ტე ტვ ტი ტკ ტო ტუ ტყ
ტაბ ტაე ტაი ტან ტარ ტახ

ტაეპის განმარტებანი

  1. 1. (ბ)ზეგარდმოთ არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა, - ტაეპის აზრია: (ღმერთმა) არსებებს ზეციდან სული ჩაჰბერა, სიცოცხლე მისცა უკან

    2. (გ) მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკვდიდმდე გასატანისა, - ტაეპის აზრია: მიჯნურობის სურვილს ნუ შემისუსტებ, იგი სიკვდილამდე გამაყოლე უკან

    3.
    (ა) ვის ჰშვენის, - ლომსა, - ხმარება შუბისა, ფარ-შიმშერისა,
    (ბ) მეფისა მზის-თამარისა, ღაწვ-ბალახშ, თმა-გიშერისა,
    (გ) მას, არა ვიცი, შევჰკადრო შესხმა ხოტბისა, შე-, რისა

    - ტაეპების საერთო აზრია: იმ ლომს, რომელსაც თამარის შუბისა და ფარხმლის ხმარება ჰშვენის, რა ხოტბის შესხმა უნდა შევკადრო? უკან

    3.
    (დ) მისთა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ხამს მართ, მიშერისა. - ტაეპის აზრია: მის მჭვრეტელებს რჩეული ტკბილეული უნდა მიერთვათ ან: თამარს ტკბილი ლექსები უნდა ეთქვას. უკან

    4.
    (გ) მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მე ნა რხეული - ტაეპში ლაპარაკია თამარის შავ თვალებზე და წერწეტ ტანზე. მეტაფორულად გამოთქმულია აზრი, რომ პოეტს ლექსთა გამოთქმისას თამარის მშვენიერება შთააგონებდა. უკან

    5.
    (დ) გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისა - ტაეპში ლაპარაკია ალმასის დამუშავებაზე ტყვიის პატარა „გრდემლის“ გამოყენებით. საერთო აზრი შეიძლება ორგვარად გავიგოთ:
    1. მცირე იარაღით — ჩემი პოეტური ხელოვნებით — დიდ საქმეს, თამარის ქებას შევბედე.
    2. არამატერიალურმა ძალამ — თამარის მშვენებამ — გამტეხა, მიჯნურად მაქცია. უკან

    11.
    (დ) არცა ვისგან დაიწუნოს, არცა სხვასა უწუნობდეს. - ტაეპის აზრია: მიჯნურმა არც სხვის გრძნობას უნდა დასცინოს, არც სხვას თავისი გრძნობის დაცინვის ნება უნდა მისცეს. უკან

    18. (ა) ხამს, მელექსე ნაჭირვებსა მისსა ცუდად არ აბრკმობდეს, (ბ) ერთი უჩნდეს სამიჯნურო, ერთსა ვისმე აშიკობდეს, (გ) ყოვლსა მისთვის ხელოვნობდეს, მას აქებდეს, მას ამკობდეს, (დ) მისგან კიდე ნურა უნდა, მისთვის ენა მუსიკობდეს. - სტროფის აზრია: მელექსემ თავისი სულიერი გასაჭირი — თავისი გრძნობა — ტყუილად არ უნდა გაფლანგოს, იგი ერთადერთი ქალისადმი — თავისი სატრფოსადმი — მიმართულ ლექსებში უნდა გამოთქვას. უკან

    21. (დ) თუ ოდენ არ სიძვენ, შორით ბნდებიანთუ ხორციელ კავშირს არ ამყარებენ, არამედ მხოლოდ შორიდან ტრფობას სჯერდებიან. უკან

    22. (გ) ზოგთა აქვს საღმრთო სიახლე, დაშვრების აღმაფრენითა, (დ) კვლა ზოგთა ქვე უც ბუნება კეკლუცთა ზედა ფრფენითა. - ტაეპის აზრია: ზოგის ბუნება ქვეყნიურ ლამაზ საგნებსაა შემსჭვალული, იგი ლამაზ ქალებს ეარშიყება და ზეცისკენ არ იყურება. უკან

    27. (ა) ამა საქმესა მიჯნური ნუ უხმობს მიჯნურობასა: (ბ) დღეს ერთი უნდეს, ხვალე სხვა, სთმობდეს გაყრისა თმობასა; - აზრი შემდეგია: ის მიჯნური არ ვარგა, რომელიც საყვარელთან გაყრას ითმენს, განშორებისას სხვა ქალებთან არშიყობით იქცევს თავს. უკან

    30. (დ) რა ჰგავა, თუ მოყვარესა კაცმან გული არ ატკივნოს! - ტაეპის აზრია: განა ძნელია კაცმა საყვარელს გული არ ატკინოს? უკან

    31. (გ) თუ არ უყვარს, რად არა სძულს? რად აყივნებს, რაც არ სძულსა?! (დ) ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა. - ტაეპის აზრია: თუ არ უყვარს, რად არ ეშვება, რად არ ანებებს თავს? ვინც არ უყვარს, ვინც არ იზიდავს, იმას რატომ არცხვენს ტყუილ-უბრალოდ მასთან ურთიერთობის განგრძობითა და შეფერებით? უკან

    39. (ა) „მაგას ნუ ჰბრძანებთ, მეფეო, ჯერთ ვარდი არ დაგჭნობია, - ტაეპის აზრია: თქვენი სიჯანსაღე, სიცოცხლისა და მოქმედების უნარი არ დაქვეითებულა. უკან

    50. (გ) „უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების“ - ტაეპის აზრი შეიძლება ორგვარად გავიგოთ: 1. უხვი არამომხრესაც მოიმხრობს, ხოლო ვინც მომხრედ ჰყავდა („ება“), ის ხომ უამისოდაც ჰყავდა! 2. უხვი არამომხრესაც მოიმხრობს. ის, ვინც ემხრობა („ებმის“), თავისით ემსახურება („ებმის“) და არა იძულებით. ამ შემთხვევაში მანის გამოტოვება („ების“ და არა „ებმის“) პოეტურ ლიცენციად უნდა მივიჩნიოთ. უკან

    67. (ა) უბრძანა: „რადმცა ვიწყინე თქმა შენგან საწყინარისა!“ - ტაეპის აზრია: შენ საწყენიც რომ მითხრა, მაინც არ ვიწყენ. უკან

    77. (გ) მას პატრონ-ყმანი გაუხდეს, ჭვრეტადმცა სჯობდა რომელი! - ტაეპის აზრია: ვინ ემჯობინებოდა მათ სანახავად?! უკან

    79. (ბ) ...ცათა ღმერთი შეარისხეს. - იგულისხმება: იმდენი ნადირი დახოცეს, რომ ღვთის რისხვა დაიმსახურეს. უკან

    82. (ბ) მეფეო, ყოლა ვერ ვიტყვით შენსა მაგისა დარებით, - შენს დახოცილს მაგის დახოცილს ვერ შევადარებთ, მაგისი ჯობია. შესაძლოა სხვა გაგებაც: შენზე ვერ ვიტყვით, მაგას ჰგავსო (ალ. ჭინჭარაული). უკან

    82. (გ) ვისგან ნაკრავნი გვინახვან მხეცნი ვერ წაღმა წარებით. - აზრი შემდეგია: ავთანდილის დახოცილი ჯობია, რადგან ნადირს ადგილზევე კლავდა. უკან

    83. (დ) თქვენი მრავალი მიწითა დასვრილი დაგვიხოცია“. - მიზანს აცდენილ ისრებს მონები მიწისგან წმენდნენ და კვლავ მსროლელს აწოდებდნენ. უკან

    89. (ბ) თავ-ჩამოგდებით მტირლისა, არ ჭვრეტით მოლიზღარისად - ტაეპის აზრია: უცხო მოყმე გულწრფელად ტიროდა და არა სხვისთვის თავის მოსაჩვენებლად. უკან

    89. (გ) მუნვე წვიმს წვიმა ბროლისა, ჰგია გიშრისა ღარი სად, - ტაეპის აზრია: ბროლის წვიმა (ცრემლი) გიშრის ღარში (შავ წამწამებში) მიედინება. უკან

    92. (დ) არცა გახლიჩა ბაგეთათ თავი ვარდისა კონამან - ტაეპის აზრია: უცხო მოყმემ ბაგე არ გახსნა. უკან

    93. (გ) თვალნი მზეებრ გამირეტდეს,... - საერთო აზრია: თვალი მომეჭრა, როგორც მზის შემხედვარეს. უკან

    110. (გ) თქვენნი აგრე დაღრეჯანი მნათობთაცა დაამხობდეს! - ტაეპის აზრია: თქვენი ასე მოწყენა მნათობებსაც კი ძირს დასცემდა, არა თუ ადამიანს შეაკრთობდა. უკან

    111. (ა) უბრძანა: „შვილო, რაზომცა მჭირს საქმე სავაგლახია,
    (ბ) შენი ჭვრეტა და სიახლე ლხინადვე დამისახია,
    - რაც უნდა სავაგლახო საქმე მჭირდეს, შენი ნახვა და სიახლოვე მაინც ლხინად მიმაჩნია. უკან

    111. (დ) ვეჭვ, რა სცნა, შენცა მამართლო, ჩემი სულთქმა და ახია“. - ტაეპის აზრია: რომ გაიგებ, მგონი, შენც გამამართლებ იმაში, რომ ვოხრავ და „ახს“ ვამბობ. უკან

    129. (ბ) მწადდა არა-თქმა, რომლისა ღონე არა მაქვს თმობისა - ტაეპის აზრია: მინდოდა, ვცდილობდი, არ მეთქვა ის, რისი არ-თქმის მოთმენის ღონეც არ შემწევს. უკან

    130. (ა) ყმამან ჰკადრა: „საზაროსა ჩემგან თქმაღა ვით იქმნების? - ტაეპის აზრია: მე როგორ გითხრათ ის, რისი თქმის წინაშე თქვენც კი ზარი და რიდი გაქვთ? (ეს სიტყვები პასუხია თინათინის კითხვისა „იცი თუ არა, რისთვის დაგიბარეო?“) უკან

    130. (ბ) მზესა მთვარე შეეყაროს, დაილევის, და-ცა-ჭნების; - ტაეპში მეტაფორულად გამოთქმულია აზრი: როგორც მთვარე ილევა მზის სიახლოვეში, ისე მე ვილევი და გონებას ვკარგავ თქვენთან ყოფნისას. უკან

    131. (ბ) იტყვის: „თუცა აქანამდის ჩემგან შორს ხარ დანამჭირად, (გ) მიკვირს, მოგხვდა წამის ყოფად საქმე შენგან საეჭვი რად, - ტაეპების აზრია: დღემდე შორს დაგიჭირე და ახლა მიკვირს, შენთვის სასურველსა და მოსალოდნელ საქმეს — ჩემგან დაბარებას — რა უცბად ეღირსე. უკან

    133. (ა) „აქანამდის ნაუბარსა თუცა ვერას ვერ გეტყვია, - ტაეპის აზრია: თუმცა დღემდე ჩემსა და შენს შორის საუბარი არ ყოფილა. უკან

    137. (დ)შენი მკლვიდეს სიყვარული, გულსა დანა ასაქმარი“. - მეტაფორის აზრია: თუ სხვა ქმარი შევირთო, დაე, შენი სიყვარული გულს დანასავით მიჭრიდეს! უკან

    139. (გ) მე რომ თქვენგან მოვისმინენ წყალობანი, მედიადა. - ტაეპის აზრია: მე რომ შენგან წყალობა მოვისმინე, დიადად მესახება. უკან

    140. (გ) გული ფერი ლაჟვარდისა გავაწითლე, გავალალე, - ტაეპის აზრია: დამწუხრებულმა გავიხარე. უკან

    142. (ა)ერთგან დასხდეს, ილაღობეს, საუბარი ასად აგეს, (ბ)ბროლ-ბალახში შეხვეული და გიშერი ასადაგეს; - ტაეპის აზრია: მხიარულ საუბარში ბაგეები გახსნეს, მათი ლაპარაკისას წითელი ტუჩების, თეთრი კბილებისა და შავი ულვაშის მოძრაობა ჩანდა. უკან

    146. (ბ)ცრემლსა ვითა მარგალიტსა სწვიმს ვარდისა დასანაზოდ. - ტაეპის აზრია:ცრემლის ღვრით ლოყა უნაზდება, კანი უთხელდება. უკან

    147. (ა)დარბაზს ეჯიბი შეგზავნა, მართ მისგან შენარონია, - აზრი შემდეგია: ავთანდილმა შეგზავნა მეფესთან ეჯიბი, რომელიც ადრეც შეუგზავნია. უკან

    154. (დ) გამზრდელი მისი შერმადინ დაისვა სავაზიროსა. - გაზრდილი - ეს სიტყვა არ მოასწავებს, რომ შერმადინი ავთანდილზე უმცროსია. იგი შესაძლოა ავთანდილის ტოლიც იყოს, მის სახლში ან მისი ოჯახის მზრუნველობით გაზრდილი, და უფროსიც, ავთანდილის მამის გაზრდილი. უკან

    161. (დ)აქა სამე არ-ყოფასა ჩემსა მათმცა რად აგრძნობდი! - ტაეპის საერთო აზრია: როსტევანს მაინცდამაინც ნუ აგრძნობინებ, რომ აქ არ ვარ! უკან

    162. (გ)მე ნუთუმცა შემოვბრუნდი, ალვა ჩემი არ დაჭნა ხე, (დ)არ მოვბრუნდე, მომიგლოვე, მიტირე და მივაგლახე! - ტაეპების აზრია: ეგებ, დავბრუნდე კიდეც, არ დავიღუპო. თუ არ დავბრუნდე, მაშინ მიტირე! უკან

    166. (გ)შენ მარტოსა გიგონებდე, მემცა მიწა ვიაკვანე! - აზრი შემდეგია: ვფიქრობდე, ავთანდილი მარტოა-მეთქი, განა ამას არ სჯობია, მიწაში ვიწვე?! უკან

    167. (გ)მარგალიტი არვის მიჰხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად. (დ)კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად. - საერთო აზრია: მარგალიტს გაურჯელად ვერ მოიპოვებ. თინათინის გულის მოსაგებად საჭირო ღვაწლს მე არ შევიმსუბუქებ, რადგან ეს იქნება ჩემი, როგორც მიჯნურის, მოვალეობის ღალატი. უკან

    168. ...მტერმან ახლოს ვერ იბარგა! - აზრია: მტერმა ახლოს ვერ დაიბანაკოს. უკან

    171. (დ)პურად და საჭმლად მივენდევ ჩემსა მშვილდსა და ცერასა. - ამიერიდან ჩემმა მშვილდ-ისარმა უნდა მარჩინოს. უკან

    172. (ა)„საქმე რამე მიც თავისა ზე, სადმე გარდსახვეწელი, - ჩემს თავს ისეთი საქმეა, რომ გადახვეწა მჭირდება. უკან

    173. (გ) ... ვარდს არ ზრვიდეს, ... - მეტაფორის აზრია: თქვენ კარგად, უვნებლად შეგინახოთ. უკან

    190. (გ)... კვლა ამისთვის გულ-მოშიშობს - ავთანდილი შიშობს, რომ მისი დაგვიანების შემთხვევაში მისი წამოსვლის მიზეზი გამჟღავნდება. უკან

    190. (დ)ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს - ტაეპის აზრია: გატეხილ სახელს ვერაფერი აღადგენს უკან

    198. (დ)ბროლისა ველსა სტურფობდეს გიშრისა მუნ საყენია - ტაეპის აზრია: ავთანდილის მკრთალ სახეს (ბროლის ველს) შავი წამწამები ჰშვენოდა უკან

    207. (გ) თავსა ვეახლნეთ მარტონი, დავდგეთ მართ ოდენ თავითა, - ტაეპის აზრია: თვითონვე მოვძებნოთ ნადირი და თვითონვე ვესროლოთ. მსახურების („დამნახავის”) გამორეკილ ნადირს ნუ დავხოცთ. უკან

    208. (დ) დავხოცეთ მხეცი, მფრინველი, არცა ზე გარდაგვფრენია. - ტაეპის აზრია: მხეცები დავხოცეთ, ფრინველმაც კი ვერ გადაგვიფრინა, ყველა ჩამოვყარეთ ისრით. უკან

    210. (ა) „ვუჭვრიტეთ, მისთა ელვათა შუქნი ძლივ გავიცადენით. - აზრი შემდეგია: მისმა შუქმა ისე მოგვჭრა თვალი, რომ, დაბრმავებულებმა, ძლივს დავინახეთ. უკან

    211. (გ) ამან მართ ოდენ მორევნა გვითხრა, ვუალლეთ ჩვენ ნებით, - ამგვარად, მოსალოდნელი ნადავლი გაინაწილეს: უფროსმა კაცის ტყვედ წაყვანა მოინდომა, შუათანამ — მისი ცხენი, ხოლო უმცროსი კაცთან შებრძოლებას და მის მორევას დასჯერდა. უკან

    212. (ა) „ბროლმან, ლალსა გარეულმან, ვარდნი თხელნი ანატიფნა - მეტაფორის აზრია: სისხლში (ლალში) გარეულმა ცრემლმა (ბროლმა) უცხო მოყმის ლოყები (ვარდები) გაცრიცა. უკან

    219. (ბ) ვითა გავაზი გაფრინდა, არ-გაშვებული ხეზითა, - ავთანდილი, ამგვარად, გაფრინდა როგორც უეცრად ჰაერში აჭრილი მიმინო, რომელიც ცდილობს ხეზისგან განთავისუფლებას (ალ. ჭინჭარაული). უკან

    222. (ბ) რაცაღა არის, არ არის, თუმცა არ ედგნეს ბუდენი - ტაეპი შეიძლება ორგვარად გავიგოთ: 1. რაც კი არსებობს, ყველას ბუდე აქვს, 2. რაც (ვინც) უნდა იყოს ეს უცხო მოყმე, სადმე თავშესაფარი ექნება.უკან

    239. (ა) ქალი ეტყოდა ტირილით, სარჩელი უგავს ბრჭობასა - საერთო აზრია: ასმათის ჩივილი იმდენად სამართლიანია, რომ მოსამართლის მსჯავრს ჰგავს. ასმათი იმდენად მართალია, რომ მისი სიტყვები ჰგავს არა მომჩივანისას, მხარისას, არამედ მსაჯულისას. უკან

    242. (ბ) მზე არ მახლავს, შეგეტყვების, თრთვილო, ასრე მით მაწყენო! - ტაეპის აზრია: მზე (უცხო მოყმე) ჩემთან არ არის, ამდენ წყენას იმიტომ მიბედავ. უკან

    247. (გ) ჩალად მიჩს ყოვლი სოფელი, მისთვისვე შემიწონია. - ტაეპის აზრია: ეს ცხოვრება ჩალად მესახება, მისთვისვე (ჩალისთვისვე) გამითანაბრებია. უკან

    249. (გ) ვარდისა ბაღსა მოგუბდა ცრემლისა საგუბარია. - მეტაფორის აზრია: ავთანდილის პირისახე (ვარდი) ცრემლმა დაფარა უკან

    252. (ა) თავი ჩემი სამსახურად თუცა ავად მოგაწონე, - ტაეპის აზრია: თუმცა კარგი სამსახური ვერ გაგიწიე. უკან

    254. (ბ) ვისთვისმე ცხელი უცილოდ მას ცრემლი ემალმალების - ტაეპის აზრია: ნამდვილად, ქალს ვიღაც უყვარს, ცრემლს ვიღაცისთვის ღვრის უკან

    255. (დ) გული თქვენი მიპოვნია, მისი შენდა, შენი მისად. - ტაეპის აზრია: ვხედავ, რომ შენ და უცხო მოყმეს ერთმანეთის სიყვარული, ხათრი გაქვთ უკან

    262. (ა) აწ, დაო, შენთა ხელთაა ჩემი საბელი ყელისა, - ტაეპის აზრია: შენს ხელში ვარ. უკან

    272. (ა) ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა, ტყვე, საკნით ნააზატები. - მეტაფორის აზრია: გახარებული, უცხო მოყმის ნახვით ფრთაშესხმული. უკან

    280. (ა) ღმერთმან სხვამცა ეტლსა ჩემსა რადმცა კაცი რად დაჰბადა, (ბ)სიახლე და საუბარი თუმცა მისი მე მეწადა! - ტაეპების აზრია: ღმერთი რად გააჩენდა ჩემს ეტლზე, ჩემი ბედის მოზიარედ სხვა კაცს,ისეთს, რომ მე მისი სიახლოვე და მასთან საუბარი მნდომებოდა?! უკან

    281. (ბ) რათგან ღმერთსა ვაზირობა შენი ჩემზედ მოუგდია, - რადგან მრჩევლად მხოლოდ მე დაგრჩენივარ. უკან

    288. (დ) ქარვად შექმნნეს იაგუნდნი მათნი, თუცა ლალად ღირდეს. - ტაეპის აზრია: მათი მკრთალი, ცისფერ-მოლურჯო ფერდაკარგული სახეები (იაგუნდი) გაყვითლდა, ქარვად იქცა, თუმცა ლალისფერი, წითელი უნდა ყოფილიყო. უკან

    304. (ა) ამა დღემან დამავიწყა, გული ჩემი ვინ დაბინდა; - ტაეპის აზრია: ამ დღემ თინათინიც კი დამავიწყა. უკან

    304. (გ) იაგუნდი ეგრეცა სჯობს, ათასჯერმცა მინა მინდა, (დ) შენ გეახლო სიკვდილამდის, ამის მეტი არა მინდა!“ - ტაეპის აზრია: ფერმიხდილი ტარიელი („იაგუნდი”) მშვენიერ თინათინს („მინას”) მირჩევნია, ამ ტანჯულ კაცს ჩემგან მეტი თანადგომა და თავდადება ეკუთვნის. უკან

    305. (ა) ტარიელ უთხრა: „მე შენი გული აწ მემხურვალების; - ტაეპის აზრია: გატყობ, რომ მხურვალე გულით ხარ. უკან

    307. (გ) ვხედავ, ესე ხელი ვინმე მოყმე შენთვის წაეგების, (დ) ცნას მიზეზი შენთა წყლულთა, ქმნას რა, ღონე აეგების. - ტაეპების აზრია: ამ ხელ მოყმეს შენთვის თავი არ ენანება. რომ შეიტყობს შენს ამბავს, ეგებ შენი შველა შეძლოს. უკან

    308. (ბ) ნუ უყოს ღმერთმან, გაძლება მემცა ვით მივეც ენასა?! - საერთო აზრია: ღმერთმა ნუ ქნას, რომ ამ მოყმისათვის შენი ამბის თქმა დამჭირდეს, ამას ჩემი ენა როგორ გაუძლებს?! უკან

    310. (ა) მაგრა ღმერთმან მოწყალემან მით ცნობითა ერთით მზითა (ბ) ორი მისი მოწყალება დღესცა მომცა ამა გზითა: (გ) პირველ, შეყრის მოყვარულთა ჩემით რათმე მიზეზითა, (დ) კვლა, ნუთუმცა სრულად დამწვა ცეცხლთა ცხელთა ანაგზითა“. - სტროფის აზრია: ღმერთმა დღეს ორი წყალობა მომანიჭა: ერთი, ჩემი მიზეზით შეყვარებულებს აერთებს; მეორე, ეგებ ჩემი ამბის თხრობითა და გახსენებით დარდი ისე გამიცხოველდეს, რომ მომკლას, ჩემს ტანჯვას ბოლო მოუღოს. უკან

    319. (გ) აწე მწადს, თქვენსა წინაშე მეცა ვცნა ძალი გულისა, - ტაეპის აზრია: ახლა მინდა თქვენს სამსახურში („თქვენს წინაშე”) ჩემი ვაჟკაცობა და ომის უნარი გამოვცადო. უკან

    321. (ა) ერთი სამეფო საკარგვად, უბოძა ამირბარობა. - ტაეპის აზრია: უბოძა ერთი სამეფო საკარგავად და ამირბარობა. უკან

    321. (გ) მეფე რა დაჯდა, არა სჭირს ხელისა მიუმწვდარობა; - ტაეპის აზრია: ტარიელის მამა თავის საკარგავში მეფედ რომ დაჯდა, როგორც გაერთიანებული ინდოეთის მეფის ვასალი, ამავე დროს ინდოეთის მეფისაგან დაკისრებულ თანამდებობასაც, — ამირბარობასაც — კარგად უძღვებოდა. უკან

    324. (დ) მოვიწიფე, დავემსგავსე მზესა თვალად, ლომსა ნაკვთად. - ეს წინადადება ცოტათი უსწრებს თხრობას: შემდეგ ლაპარაკია ტარიელის თავგადასავალზე ხუთი წლის ასაკში. უკან

    329. (ბ) მართ მაშინვე ჰგვანდა იგი მზისა შუქთა ნასამალსა. - ტაეპის აზრია: ქალი მზის შუქზე სამჯერ უფრო ლამაზი იყო უკან

    330. (ბ) ავთანდილსცა აეტირა, მისმან ცეცხლმან გულსა ჰმურა; - ტაეპის აზრია: ტარიელის ტანჯვამ ავთანდილსაც გული დასწვა. უკან

    332. (ბ) მეფე ქალსა ვით ხედვიდა მეფობისა ქმნისა მწთომსა, (გ) მამასავე ხელთა მიმცეს, რა შევიქმენ ამა ზომსა; - ბ და გ ტაეპთა აზრია: რომ შეიტყო, ქალი მემკვიდრედ ვარგოდა, მე აღარ დავჭირდი და ჩემსავე ოჯახში დამაბრუნეს. უკან

    333. (დ) აწ მაშინდლისა ჩემისა სახე ვარ ოდენ ჩრდილისა. - ტაეპის აზრია: ახლა ჩემს მაშინდელ ჩრდილსღა ვგავარ. უკან

    345. (დ) მისთა ნაკვესთა წინწალი დამეცეს ხანგრძლად მწველია". - ტაეპის აზრია: ახლა ჩემი ამბის თქმით დამეცემა ხელახლა იმ ცეცხლის ნაპერწკალი, რომელმაც ერთხელ დამწვა, ტანჯვა გამიახლდება. უკან

    347. (ბ) გამოვუხვენ და წავედით ჩემად სადებლად ალისა; - ეს მეტაფორა აღნიშნავს სიყვარულს, რომელიც ტარიელს ამ სტუმრობისას დაეუფლება. უკან

    347. (გ) მაშინ დავიწყე გარდახდა მე საწუთროსა ვალისა. - ტაეპის აზრია: ადამიანი ამ ქვეყნად ტანჯვას ვერ ასცდება. ეს მას, თითქოს, ვალად ადევს. ტარიელის ასეთი ტანჯვა ნესტანთან სტუმრობით დაიწყო. უკან

    349. (ა) „ვიცოდი, სწადდა არვისგან ნახვა მის მზისა დარისა, - ტაეპის აზრია: ვიცოდი, რომ მეფეს არ უნდოდა, ნესტანი ვისმე ენახა. უკან

    353. (ა) მიმნდონი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან, (ბ) იშვებენ, მაგრა უმუხთლოდ ბოლოდ ვერ მოურჩებიან; (გ) ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან. - ა, ბ და გ ტაეპებში ადამიანები დაყოფილნი არიან ორ ჯგუფად: 1. ისინი, ვინც წუთისოფლის წესს მისდევენ, ამქვეყნიური სიხარულითა და ბედნიერებით დატკბობას ცდილობენ 2. ისინი, ვინც წუთისოფლურ ბედნიერებას უარყოფენ, როგორც არამყარსა და მოჩვენებითს. ტარიელი უპირატესობას მეორეებს ანიჭებს. უკან

    361. (ა) „ზე წამოვჯე. მეფისაგან კაცი დია მოვიდოდა. - ტაეპის აზრია: მეფისგან ბევრნი მოდიოდნენ ტარიელის ამბის საკითხავად. უკან

    365. (გ) გამიკვირდა, სხვად ვითამცა ვქმენ გულისა მწველთა სითხე? - ტაეპის აზრია: სხვაგვარად როგორ შევათხელებდი ჩემს დამწველ ალს? იგულისხმება: როგორ მივხვდებოდი, რომ მოსულს ჩემი სასიხარულო მოციქულობა მოჰქონდა ნესტანისგან? უკან

    367. (დ) მაშინ დავიწყე გარდახდა სოფლისა ლხინთა და ვალთა. - ტაეპის აზრია: მაშინ ვიგემე პირველად ტანჯვა, რომლის წვნევა ადამიანისათვის გარდუვალია, როგორც ვალი, იმ ლხინის სამაგიეროდ, რაც წუთისოფელში უნახავს (შდრ. სტრ. 347) უკან

    373. (ბ) ცხენსა შემსვა უკაპარჭო, წელთა არა არ შემაბა, - ტაეპის აზრია: მსუბუქად შემსვა ცხენზე, კაპარჭითა და ხმლით თავი არ დამამძიმებინა უკან

    377. (გ) გამოვე და საწოლს შევე, მონა მოდგა კარსა მცველად. (დ) გული მივეც თმობა-ქმნათა აუგისა საკრძალველად. - საერთო აზრია: ტარიელი აპირებს ასმათთან არშიყობას, თუმცა ამისი სურვილი არ აქვს. იგი იმიტომაა იძულებული ასე მოიქცეს, რომ უარის თქმა აუგად, სირცხვილად ჩაეთვლება. უკან

    380. (გ) მაგრა აწ მიდებს იმედსა შენგან ცისაღა მალობა. - ტაეპის აზრია: შენ რომ ასე ჩქარობ ჩემთან გაარშიყებას, ეს იმედს მაძლევს, რომ არც ისე უღირსი ვყოფილვარ უკან

    381. (ბ) ნუ მეჭვ, რაცა პატრონისა ბრძანებასა უთქმევია; (გ) ეზომ დიდსა შემართებად გულსა მისსა უთნევია, (დ) ამან წიგნმან გაგაგონოს, ჩემთვის რაცა უქმნევია“. - დ ტაეპების აზრია: რაც საარშიყო წერილები მოგწერე, ნესტანმა მომაწერინა. ეს ჩემი სურვილი ნუ გეგონება! უკან

    388. (დ) რასაცაღა სამსახურსა, ვტყუი, თუღა ვერიდები. - საერთო აზრია: მტყუანი ვიყო, თუ რაიმე სამსახურს ავერიდო! უკან

    402. (ბ) ვთქვი: „საწუთროო, ვის წეღან გული დარმანთა მიარე, (გ) მაშინ მოგეცა იმედი, ლხინი რად გამიზიარე?“ - ბ და გ ტაეპების აზრია: საწუთროვ, წეღან რომ ხსნის იმედი მომეცი ნესტანის წერილის მიღებით, ახლა კვლავ მწუხარებაში რად ჩამაგდე? უკან

    411. (გ) „ბედი ჩემი უბედური, - ვთქვი, თუ, - ჯერთცა ვერ გამეფდა! - ტაეპის აზრია: ვაი, რომ ჩემმა ავმა ბედმა აქამდის თავისი ვერ გაიტანა, ვაი, რომ ცოცხალი ვარ. უკან

    411. (დ) ხელმან ვარდი რად იხელთა, რათგან ასრე ვერ მოჰკრეფდა?“ - საერთო აზრია: როგორც უგონოსთვის უსარგებლოა ვარდის პოვნა, რომელსაც მაინც ვერ მოკრეფს, ისე ჩემთვის — ნესტანის სიახლოვე, რომლის გახანგრძლივებაც ვერ შევძელი. უკან

    415. (დ) ჩემგან პირსა იფარვიდა, აიხედნის წამსა ჭვრეტად. - ტაეპის აზრია: თავდახრილი ნესტანი ხანდახან წამოიხედავდა ხოლმე, რომ ტარიელისთვის შეეხედა. უკან

    416. (ბ) მან ბალიში დამართებით დადვა მას მზედ საქებარსა. - ტაეპის აზრია: ასმათმა დასაჯდომი ბალიში ნესტანს გაუსწორა ისე, რომ ტარიელი მის პირდაპირ დამჯდარიყო. უკან

    419. (ა) „ერთმანერთისა, მას აქათ, რაცა ორთავე ვიცითა, (ბ) აწცა მიცოდი საშენოდ მითვე პირითა მტკიცითა! - ა და ბ ტაეპების აზრია: მას აქეთ, რაც მე და შენ ერთმანეთს სიყვარული გავუმხილეთ, შენად მიგულე. ეს გადაწყვეტილება ეხლაც ისეთი მტკიცეა, როგორიც ჩემს წერილში ამოიკითხე. უკან

    425. (გ) ჩემად ჩნდა იგი სინათლე ეთერით მზედ ნაჩინისა, - ტაეპის აზრია: ეთერიდან მზესავით გამოჩენილი ნესტანის შუქი მაშინ ჩემი მეგონა. უკან

    426. (ბ) სრულთა სპათასა ვერ გითხრობ არ შესასხდომლად მზობასა, - ტაეპის აზრია: ვერ გეტყვი, მთელი ჯარი ცხენზე შესაჯდომად, ე.ი. გასასვლელად მზად არ იყო-მეთქი. უკან

    431. (ა) ...წახვიდე კარგითა მართ მამაცითა, - იგულისხმება: კარგი მეომრებითურთ წადი, მთელს ჯარს ნუ წაიყვან. უკან

    431. (გ) გულ-მართლად იყვნენ, მიენდევ, აფიცე ღმრთითა და ცითა, (დ) არ დაგმორჩილდენ, შეჰრისხდი რისხვითა კვლა და კვლაცითა“. - საერთო აზრია: თუ გულმართლად იქნებიან, პირობას შეასრულებენ, ერთგულების ფიცი დაადებინე, თუ არ დაგმორჩილდებიან, შეებრძოლე. უკან

    433. (გ) ...„სადა მე მევლოს, ვლენით იგივე ველანი, - საერთო აზრია: ჩემ კვალზე იარეთ. უკან

    434. (გ) ებრძანა: „მწადსო სიახლე შენ ლაღისა და ჯანისა, - საერთო აზრია: მინდა შენ, ტარიელი, ახლოს მყავდეო. უკან

    436. (დ) „შენსა ნახვასა მეფენი, - თქვეს, - მართლად ინატრიდესა“. - საერთო აზრია: რამაზი მართალი იყო, რომ შენს ნახვას ნატრობდა; მართლაც, კარგი სანახავი ყოფილხარ! უკან

    437. (გ) მოციქულნი დავაყენენ, ხარგა დავდგი, არ მაზრები, - საერთო აზრია: მოციქულებს კარგი ბინა გავუმზადე. უკან

    441. (ბ) მალვით ჩაიცმენ აბჯარსა, მიენდო, მით გეთნევიან; - აზრია: აბჯარს მალულად, ტანსაცმლის ქვეშ იცვამენ. უკან

    442. (ბ) „რომე არ მოვკვდე, შემოგზღო, შენ ამას ინატრიდია! - ტაეპის აზრია: თუ არ მოვკვდები, ისე გადაგიხდი, რომ შენ ბედნიერებას შენვე შეჰნატრებ. ან: ინატრე, რომ არ მოვკვდე, წინ დიდი ბედი მოგელის ჩემი წყალობით (ალ. ჭინჭარაული). უკან

    444. (დ) განგებაა, დღესცა მომკლავს, ქვემცა სადა დავემალე?! - ტაეპის აზრია: თუ განგებას ჩემი სიკვდილი გადაუწყვეტია, სად წავუვალ? უკან

    446. (ბ) მკლავთა თქვენთა სიმაგრენი ამისთვისმცა რად დალბიან! - ტაეპის აზრია: ამის გამო ჩვენი მკლავები ნუ დადუნდებიან! უკან

    457. (ბ) ველნი, ჩვენგან ნაომარნი, ომითავე გარდავვლენით. - ამ ტაეპიდან ჩანს, რომ აქამდე ტარიელი და მისი მცირე რაზმი ბრძოლით უკან იხევდნენ, ახლა კი მტერს კვლავ შეუტიეს. უკან

    458. (გ) ძილისა მიჰხვდა ნაცვალი ძილ-მკრთალთა, ღამე-თეულთა, - ტაეპის აზრია: ლაშქარს ძილი არ დასცალდა, სამაგიეროდ ახლა ტყვეთა წაყვანისა და ალაფის აღების შესაძლებლობა მიეცა. უკან

    459. (გ) ჩემნი სპანი მოვიდიან საჭვრეტლად და ჩემად ქებად, (დ) ვერ იტყვიან ვერ მიმხვდარან ქებასაცა მოხსენებად. - ტაეპის აზრია: ჯარისკაცები ჩემს საქებრად სიტყვებს ვერ პოულობენ. უკან

    460. (დ) ჩემგან ხრმლითა განაკვეთნი... - იგულისხმება: ჩემი ხმლით გაჭრილი მებრძოლები და აბჯრები უკან

    462. (გ) სიმაგრეთა ნუ ამაგრებ, ყველა ხელთა მომათვალე, - იგულისხმება, რომ დატყვევებულ რამაზს მისი მეციხოვნე ჯარები ჯერ კიდევ ემორჩილებიან. უკან

    482. (ა) „აწ მითქვამს საქმე უშენოდ, შენცა ცან ესე მცნებული: - ტაეპის აზრია: მე უკვე უშენოდ გავეცი ბრძანება, ახლა შენც იცოდე, რა ვბრძანე. უკან

    485. (დ) შევხედენ, დავჰკრთი ელვასა ღაწვთა მათ მზებრ ნათელთასა. - ტაეპის აზრია: შევხედე (ნესტანს) და მისი მზეებრ ნათელი ღაწვების (ლოყების) სხივოსნობამ შემაკრთო, სული შემტაცა. უკან

    487. ...ღაწვი ვარდი დამილება, - საერთო აზრია: დედოფალმა ისე მაგრად გადამკოცნა, რომ ლოყა დამილურჯა უკან

    489. (დ) არვისი ბრძანა მეფემან არცა გაშვება მთრვალისა. - ტაეპის აზრია: მეფემ ბრძანა, თვით მთვრალებიც კი სუფრასთან დაეტოვებინათ, მათი მასპინძლობა განეგრძოთ. უკან

    490. (გ) კაცთა კრძალვასა ვაწვევდი გულსა შმაგსა და რეტასა. - ტაეპის აზრია: ჩემს შმაგსა და რეტდასხმულ გულს მოვუწოდებდი, გარშემო მყოფ ხალხს დაჰრიდებოდა, თავისი განცდა არ გაემჟღავნებინა. უკან

    491. (დ) მართალან შენნი მჭვრეტელნი, არ ცუდად იმკვეხარიან. - ტაეპის აზრია: შენი მნახველები მართალნი არიან, რომ შენს ნახვას კვეხულობენ, შენი ნახვა მართლაც რომ სასიხარულოა! უკან

    492. (ა) აწ თუცა გვმართებს შემოსა, ვის მორჭმით მოგივლენიან, (ბ) არ შეგმოსთ, მაგა კაბათა არ აგხდით: ტურფად გშვენიან; - ა და ბ ტაეპების აზრია: თუმცა შენი გამარჯვებით შემოსვა დაიმსახურე, როგორც ჩვენი განსაკუთრებული წყალობის ნიშანი, მაგრამ არ შეგმოსავთ, ტანსაცმელს არ გამოგაცვლევინებთ, რადგან ეგ შენი ახლანდელი სამოსი მეტად გშვენის. უკან

    494. (დ) ძილ-პირამდის სიხარულსა სიხარული ჰგვანდა ვერა. - ტაეპის აზრია: ვერავითარი მხიარულება ვერ შეედრებოდა ამ მხიარულებას. უკან

    497. (ა) ...მეამა ასმათის ნახვა მე მისად. - ტაეპის აზრია: ნესტანის გამო ასმათის ნახვა მეამა. უკან

    497. (ბ)აღარ მივუშვი, ვაკოცე, ქმნადღა თაყვანის-ცემისად; - ტაეპის აზრია: ვაკოცე, ჩემი თაყვანება, ჩემს წინაშე მოხრა არ ვაცალე. უკან

    497. (დ) ვჰკითხე, თუ: “ნეტარ, მისრულა მორჩი ალვისა ხე მისად? - საერთო აზრია: ნორჩი ალვა (ნესტანი) ნეტა მივიდა უკვე თავისთან? უკან

    499. (დ) არ-ავი მიმიჩს მიზეზი ჩემისა ცრემლთა დენისა. - ტაეპის აზრია: მგონი, არ შევმცდარვარ: შენ, ჩემი ცრემლთა დენის მიზეზი, კარგი და ღირსეული ვაჟკაცი ჩანხარ. უკან

    500. (ა) ღმერთმან თუ მცა ენა ჩემი ქებად შენდა უშენოსა, (ბ) შენთვის მკვდარი, აღარ ვიტყვი, მაშა მომკლავ უშენოსა, - ა და ბ ტაეპების აზრია: ღმერთმა თუ მე, შენგან შორს მყოფს, ენა მაინც მომცა შენი ქების სათქმელად, მაშინ მე, შენთვის მკვდარი, აღარ ვიტყვი, რომ უშენობით (ან: უნუგეშობით, უსიხარულობით) მკლავ. უკან

    500. (გ)მზემან ლომსა ვარდ-გიშერი ბაღჩას ბაღად უშენოსა, - ტაეპის აზრია: ჩემი ვარდივით პირისახე და გიშერივით თმა, დაე, ის ბაღი იყოს, რომელიც შენს ბაღჩას, შენს მშვენიერ პირისახეს გაახარებს.(?) უკან

    501. (გ) შენნი მჭვრეტნი ჩემთა მჭვრეტთა აგინებენ, არ იდენო; - ტაეპის აზრია: შენ იმდენად მჯობიხარ მე, რომ შენი შემხედველნი ჩემ შემხედველებს ახლოს არ გაიკარებენ. უკან

    502. (დ) ერთი ასეთი ცოცხალსა სხვა ღამე არ გაგთენოდეს. -ნესტანი უწინასწარმეტყველებს ტარიელს, რომ ასეთი ბედნიერი ღამე აღარ გაუთენდება, რადგან ასეთი დიდი ბედნიერების გამეორება შეუძლებელია. უკან

    507. (გ) ლხინად მიჩს შეყრა მოყვრისა მის, შენგან შეუყრელისა. - ტაეპის აზრია: ლხინად, ბედნიერებად მიმაჩნია, თუ ჩემი ამბის თხრობით შენ შენს აქამდე შეუყრელ სატრფოს შეგყრი. უკან

    511. (დ) სოფელს მყოფსა უშენოსა კაცსა ვისმცა შევეპოვე!“ - ტაეპის აზრია: ვის გავუწევ ანგარიშს და დავერიდები ამ ქვეყნად, თუ არ შენ? უკან

    513. (ა) ...დღე რა ქმნა მწუხრმან ჟამითა; - საერთო აზრია: ... საერთო აზრია: ... როცა, დანიშნულ დროზე, ღამე დღედ გათენდა. უკან

    515. (დ) არ ამოვწყდეთ, მტერთა ჩვენთა ხრმალი ჩვენთვის არ ვამახოთ” - ტაეპის აზრია: ჩვენზე მტრები არ გავახაროთ. უკან

    517. (ა) დავიწყეთ რჩევა საქმისა, გული მიც, თუცა მელია; - საერთო აზრია: გული მაინც მაქვს, თავს მაინც ვფლობ, თუმცა თავზარდამცემი ამბისაგან ძალა წამერთვა. უკან

    518. (გ) ჩემგან დაშლისა კადრება მართ ამბად არ ეგებოდა, - საერთო აზრია: მე მათ სიტყვას წინააღმდეგობას ვერ გავუწევდი, ვერ შევეკამათებოდი. უკან

    521. (ა) კაცი მოვიდა, აევსო ჯუბაჩითა და რიდითა, - ტაეპის აზრია: ხვარაზმშას მოციქული „შეემოსა”, ტანსაცმლით დაესაჩუქრებინა. უკან

    526. (ა) ჩემნი ერთნი გონებანი მეტად შორად გამიკიდნა - ტაეპის აზრია: ჩემი მოკრეფილი, ერთიანი ფიქრი დააბნია, თავისი პირქუში დახვედრით სამძიმო გამოცანა მომცა. უკან

    526. (დ) გულსა შუქი შემომადგა, მაგრა გული არ დამიდნა. - ტაეპის მეტაფორული აზრია: სიხარულმა გული გამინათა, მაგრამ ის, რაც მაწუხებდა, მაინც არ დამავიწყდა. უკან

    527. (დ) ... პირი, ელვათა მკრთომელი. - ამ პოეტურ სახეში გამოყენებულია „ელვის” ორივე მნიშვნელობა. პირდაპირი აზრით აქ ნათქვამია, რომ ნესტანის სახე შუქს ასხივებდა თავისი მშვენიერებით. ამავე დროს სიტყვა „ელვა” მიგვანიშნებს, რომ ნესტანი განრისხებულია. იგი მზადაა, თავისი რისხვა ტარიელს ელვად და მეხად მოუვლინოს. უკან

    533. (ა) ამას ვბრძანებ: ვინცა გინდა ეპატრონოს ინდოეთსა, (ბ) ეგრეც მე მაქვს პატრონობა, უგზოს ვლიდენ, თუნდა გზეთსა! - ტაეპების აზრია: ვინც უნდა გახდეს ჩემი ქმარი და ინდოეთის „პატრონობა”, მფლობელობა დაიწყოს, ქვეყნის ნამდვილი „პატრონი”, მეფე მაინც მე ვიქნები (და შენ საკადრის პასუხს გაგცემ). უკან

    534. (ა) ცოცხალ ვიყო, შენ ინდოეთს, ღმერთო, ხანი ვერა დაჰყო! (ბ) თუ ეცადო დაყოფასა, ხორცთა შენთა სული გაჰყო! - ტაეპთა აზრია: მე თუ ცოცხალი ვიქენ, შენ ინდოეთში არ დაგაყენებ. თუ ეცდები, ინდოეთში დარჩე, სიცოცხლეს გამოგასალმებ. უკან

    535. (ბ) კვლა მიეცა თვალთა ძალი მის ნათლისა ეგრე ჭვრეტად. - საერთო აზრია: ამ სიტყვებით დაიმედებულმა, კვლავ შევძელი ნესტანისათვის თვალი გამესწორებინა, მისთვის შემეხედა. უკან

    537. (ბ) ...მზისა შუქნი ყოლა ჩემთვის ნუ შუქნია! - საერთო აზრია: ჩემთვის მზის შუქიც ნუ შუქობს (თუ ვტყუოდე) უკან

    538. (გ) ვისი გინდა უშენოსა პირი მემზოს, ტანი მეხოს? (დ) მაშა მაშინ რაგვარ დავრჩე, რა ლახვარი გულსა მეხოს? - ტაეპების აზრია: მაშინ როგორღა ვიცოცხლო, თუ რისხვა ლახვარივით მომხვდება გულზე? უკან

    540. (ა) მიღმა დაშლა რამცა ვჰკადრე, რათგან იგი ვერ მიმხვდარა? - ტაეპის აზრია: მე როგორ დავუშლიდი, როცა თვითონ ვერ მიმხვდარა (რომ ინდოეთს მემკვიდრე ჰყავს ჩემი სახით)! უკან

    541. (გ) მედვა გული მხეცისაებრ, ათასჯერცა მინდორს ვარო. - ტაეპის აზრია: გული მხეცივით მქონდა და, როგორც მხეცი, მინდვრად გაჭრას ვისწრაფოდი. უკან

    541. (დ) ვისმცა მივეც თავი შენი, შენვე რადმე არ წამგვარო?! - ტაეპის აზრია: ვის მივცემ შენს თავს, თუ შენ თვითონ არ წამართმევ? უკან

    542. (ბ) იგი წვიმა და-რე-ნელდა, რომე პირველ ვარდი აზრა; - ტაეპის მეტაფორული აზრია: ცრემლის დენა (წვიმა), რომელიც აქამდე ნესტანის ლოყებს (ვარდს) აფერმკრთალებდა და აუხეშებდა (აზრობდა), შენელდა. უკან

    542. (გ) ...ძოწსა მარგალიტი გარე ტურფად მოემაზრა. - ნესტანმა გაიღიმა. უკან

    543. (გ) იაჯდი თავსა ჩემსა და მორჭმით ინდოეთს ფლობასა! - ტაეპის აზრია: ითხოვე, რომ ჩემი თავი შენ შეგხვდეს და ინდოეთის მეფედ შენ დაჯდე! უკან

    547. (ა) ღმერთმან აშოროს მის ყმისა შენი ქმარობა! - ტაეპის აზრია: ღმერთმა ნუ ქნას იმ მოყმის (ხვარაზმშას ძის) შენზე დაქორწინება. უკან

    548. (ა) ...ხამს დიაცი დიაცურად, საქმე-დედლად, - ტაეპის აზრია: ქალი ქალურად უნდა ირჯებოდეს, ქალურად უნდა მსჯელობდეს. უკან

    550. (დ) არ დამეხსნები, გაგიხდი ქალაქსა ვითა ტრამასა! - ტაეპის აზრია: თუ სამკვიდროს წართმევას მომინდომებ, შეგებრძოლები და დედაქალაქს ტრამალად გიქცევ. უკან

    551. (ა) ჩემი ყოლა ნურა გინდა სიყვარული, ნუცა ნდომა, (ბ) ამით უფრო მოგეცემის სამართლისა შენ მიხვდომა; - აეპების აზრია: ნუ გაამხელ, რომ მე გინდივარ. ამით შენი პრეტენზია ინდოეთის ტახტზე უფრო ობიექტური, უფრო სამართლიანი გამოჩნდება. უკან

    551. (გ) ქმნას მეფემან ყელ-მოტეხით შემოხვეწა, შემოკვდომა, - საერთო აზრია: რაკიღა შენ ტახტს მოითხოვ, მეფე, სახელმწიფო არეულობის შიშით, თვითონ შემოგეხვეწება, რომ მე შემირთო. უკან

    552. (ბ) ჩემთა მტერთა დავაცადე დასახოცლად ხრმლისა ქნევა - ტაეპის აზრია: მტრებთან ღიად ომი, ხმლის ქნევა გადავდე, გადავიფიქრე. უკან

    553. (გ) ჭირი ბევრჯერ ვაათასი, ლხინი ჩემი ვაერთხელი, - ტაეპის აზრია: ჭირი თუ ათასჯერ ათიათასი მქონდა, ლხინი ერთი მქონდა, ჩემი ჭირი ჩემს ლხინს ბევრად აღემატებოდა. უკან

    555. (ბ) გარდავიხადოთ ქორწილი, ჰხამს ვითა დასა, სრულია; - ტაეპის აზრია: ნესტანს ქორწილი გადავუხადოთ ისეთი სრულყოფილი, როგორიც დას ეკუთვნის ძმისგან. უკან

    556. (ბ)...იყვნეს ხანსა არ-დამზმელნი; - ტაეპის აზრია: ხვარაზმელებმა მოსვლა არ გადასდეს, მაშინვე წამოვიდნენ. უკან

    557. (გ) მუნ მისად ნახვად გავიდენ უშენოდ სპანი სხვანია, (დ) შენ აქა ნახე, კმარიან იქა ნახვისად ყმანია. - ტაეპის აზრია: შენ, ტარიელ, ქალაქგარეთ ნუ მიეგებები. ეს ხვარაზმელებისთვის მეტისმეტი პატივისცემა იქნება. ყმები, ვასალები უშენოდაც საკმარისი გვყავს, ქალაქგარეთ ისინი გაეგებებიან. უკან

    558. (დ) დაიწყეს დგომა ლაშქართა თემ-თემად, დას-დასებისა - ტაეპის აზრია: ინდოთ მეფის დიდებულებმა დაიწყეს ჯარის მოწყობა გუნდ-გუნდად, თემების მიხედვით. უკან

    562. (ბ) უკუვჰყივლე: აწ გამოჩნდეს, არ მინდოდეს, ვისცა ვუნდი! - საერთო აზრია: ახლა გამოჩნდება, მინდა თუ არა, მიღირს თუ არა ის, ვისაც მე ვუნდივარ (ნესტანი). უკან

    562, (გ) ქალი ომსა რაგვარ მაწვევ, აგრე ვითა დავძაბუნდი? - საერთო აზრია: ქალი როგორ მომიწოდებს ბრძოლისკენ, როგორ მეუბნება „იომეო”? უკან

    563. (გ) კარავსა შევე, იგი ყმა ვითა წვა, ზარ-მაც თქმად ენით, - ტაეპის აზრია: ეხლაც მზარავს იმის გახსენება, ის მოყმე, მოსაკლავად განწირული, როგორ იწვა უკან

    563. (დ) უსისხლოდ მოვკალ იგი გლახ, თუცა ხმდა სისხლთა დადენით. - ტაეპის აზრი შეიძლება ორგვარად გავიგოთ: 1. ხვარაზმელს ჩემგან უარესი ეკუთვნოდა (იგულისხმება, რომ სისხლის დადენით მოკვლა უსისხლოდ მოკვლაზე უფრო დიდი სასჯელია) 2. ჯობდა, ღია ბრძოლაში, სისხლის დადენით მომეკლა უკან

    565. (დ) მუნ შიგან შევე მშვიდობით, ამოდ იგივე მე ვარი! - ტაეპის აზრია: ისევე უშიშრად და ჩემ თავში დარწმუნებულად ვიყავ, როგორც საერთოდ მჩვეოდა. უკან

    566. (დ) ჩემი რა ცნიან, სცვიდიან თავებსა მათსა მრთელასა. - ტაეპის აზრია: რომ გაიგებდნენ ხოლმე, რომ ბრძოლა მქონდა გადაწყვეტილი, თავს ცოცხლად ინახავდნენ, მერიდებოდნენ უკან

    568. (ა) „ხვარაზმშას სისხლი უბრალო სახლად რად დამადებინე? - ტაეპის აზრია: ჩემს ოჯახს, ჩემს გვარს რატომ დააკისრე პასუხისმგებლობა უდანაშაულო ხვარაზმშას მოკვლისათვის? უკან

    568. (დ) დღედ სიკვდილამდის შენიცა თავი არ მაახლებინე!” - ტაეპის აზრია: მომისპე საშუალება, სიკვდილამდე ახლოს მყოლოდი. უკან

  2. 569. (ა) „მე შევუთვალე: „მეფეო, ვარ უმაგრესი რვალისა, (ბ) თვარა რად მიშლის სიკვდილსა ცეცხლი სირცხვილთა ალისა? - ტაეპების აზრია: მე რომ სულით ასე მაგარი არ ვყოფილიყავი, ახლა შენი წყენისათვის სირცხვილი მომკლავდა. უკან

    570. (ა) „იცით, ინდოთა სამეფო რაზომი სრა-საჯდომია! - ტაეპის აზრია: იცით, ინდოეთში რამდენი ტახტია, ინდოეთი რამდენი სამეფოსაგან შედგება. უკან

    570. (გ) ამოწყდა მათი ყველაი, მამული თქვენ დაგრჩომია; (დ) სამართლად ტახტი უჩემოდ არვისად მისახვდომია! - სტროფის აზრია: ინდოეთის ყველა დანარჩენი ნაწილების ტახტთა მემკვიდრეები ამოწყდნენ, ამიტომ გაერთიანებული ინდოეთის ტახტი მხოლოდ მე მეკუთვნის თქვენს შემდეგ. უკან

    571. (დ) სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს, მე მერტყას ჩემი ხრმალია?! - ტაეპის აზრია: სანამ ხმალი მარტყია, ინდოეთში სხვა მეფე როგორ უნდა დაჯდეს! უკან

    572. (გ) ვინცა ჩემსა დამეცილოს, მისით მასცა ამოვფხვრიდე, - ტაეპის აზრია: ვინც ჩემს კუთვნილს შემეცილება, იმას ამოვაგდებ და ეს მისითვე, ე.ი. მისი ბრალის შედეგადვე მოხდება. შესაძლოა მეორე გაგებაც: ვინც ჩემსას შემეცილება, იმას მისი მამულიდანაც ამოვაგდებ, აღმოვფხვრი. უკან

    572. (დ) სხვას მეშველსა გარეგანსა, მომკალ, ვისცა ვინატრიდე! - ტაეპის აზრია: მომკალ, თუ ამ საქმეში ვინმე გარეშე კაცის შველა მჭირდებოდეს, თუ ჩემ ინტერესებს მე თვითონ ვერ დავიცავ! უკან

    579. (დ) რა ნახიან ერთმანერთი, არ-შეხედვა ვერ დათმიან. - ერთმანეთს რომ დაინახავდნენ ტარიელი და ნესტანი, ერთიმეორეს თვალს ვეღარ სწყვეტდნენ. უკან

    580. (ბ) მე ღმრთისა ვუთხარ, დაუბამს მას ეშმაკისა ბადესა! - ტაეპის აზრია: მე ვუთხარი დავარს, ნესტანის გონება ღვთისაკენ წაემართა, იგი პირიქით მოიქცა. უკან

    582. (დ) ვისგან მოვკვდე, ვისთვის მოვკვდე, მიიხვედროს იგი ვერ მან”. - ტაეპის აზრია: მე ნესტანის გამო მოვკვდები, მის ტარიელისადმი სიყვარულს შევეწირები, მაგრამ ვერც ნესტანი ირგუნებს იმას, ვისაც მამსხვერპლა (ტარიელს). უკან

    583. (ა) „პატრონი ჩემი აგრევე იყო, წამოხვე შენ ოდეს; - ტაეპის აზრია: ნესტანი ასევე იჯდა, როგორც მაშინ, შენ რომ წამოხვედი. უკან

    584. (ბ) ანუ სისხლისად მისისა ჩემი რად მოაზღვევინე? - იგულისხმება: მეფეს ხვარაზმელის სისხლის ფასი ჩემი სისხლით რად გადაახდევინე? შესაძლოა სხვა გაგებაც: (მისი სისხლის სანაცვლოდ), ჩემი სისხლი რად დააყენებინე ზღვად! უკან

    584. (გ) არ ცუდად მომკლავს ძმა ჩემი. რა გიყავ, რა გაქმნევინე? - საერთო აზრია: ჩემი ძმა ტყუილად არ მკლავს (იგულისხმება: სიკვდილამდე ისეთ რამეს ვიზამ, რითაც ამ სასჯელს დავიმსახურებ). შესაძლოა მეორე გაგებაც: სიკვდილი მართლაც დავიმსახურე — როგორ დავუშვი, რომ შენ ასეთი რამ ჩაგედინა! (ალ.ჭინჭარაული). უკან

    587. (ბ) წმიდისა წყლისა ვერ ნახოს მყინვარე, ვერცა ლიპია”; - ტაეპის აზრია: გაყინული, ლიპად ქცეული წყალი ვერ ნახოს; სამხრეთში, უზამთრო და უყინულო ქვეყანაში იყოს. შესაძლოა ასეთი გაგებაც: ხმელეთზე არ გამოიყვანოთ, სულ ზღვაში გყავდეთ! (ალ. ჭინჭარაული). უკან

    589. (ა) „რად არ მიკვირვებ ცოცხალსა, მე ლახვარ-დაუსობელსა! - ტაეპის აზრია: რად არ გიკვირს, რომ ცოცხალი ვარ, რომ ლახვრით თავი არ გავიგმირე? (ალ. ჭინჭარაული). უკან

    590. (ბ) რამცა ვქმენ ნაცვლად, თვით რომე მისი ჩემზედა ვალია! - ტაეპის აზრია: მე რომ ნესტანის ვალი მადევს, რით გადავუხდი? მისი წყალობის სანაცვლოდ რა უნდა ვქნა? უკან

    590. (დ) სრულად გავქვავდი, შემექმნა გული მართ ვითა სალია. - ფიქრის უნარი დამეკარგა, კლდესავით უგრძნობი გავხდი. უკან

    591. (დ) აჰა ჟამი, ვისცა გინდა ჩემი თანა წამოყოლა!” - ტაეპის აზრია: ვისაც ჩემი ერთგულება, ჩემი წამოყოლა გინდათ, აი, ამის დროც დადგა! უკან

    593. (დ) რომე სრულად მომიძულვა, ღმერთსა თურე ასრე ვსძაგდი! - ტაეპის აზრია: ღმერთს ისე ვძაგებივარ, რომ სულ მომიძულა, სულ არ მომხედა. უკან

    594. (ა) „რომე დავყავ წელიწადი, თვე თორმეტი გამეოცა, - ტაეპის აზრია: ერთი წელი რომ ასე გავატარე, შემდეგ ეს თორმეტი თვე კიდევ ოც თვედ იქცა. უკან

    594. (დ) ვთქვი, თუ:„ღმერთსა ვერას ვჰკადრებ, რაცა სწადდეს, აგრე ვყოცა”.- ტაეპის აზრია: როგორც ღმერთს უნდა, ისე ვიზამ, ისე მოვიქცევი. უკან

    595. (დ) კაცსა ღმერთი არ გასწირავს ასრე, მისგან განაწირსა! - ტაეპის აზრია: ღვთისგან მიტოვებული, ჩემსავით განწირული ვინ იქნება. უკან

    602. (ა) გამიცადა, ღმერთსა ჰკადრა: „შენ ასეთნი ხენი ვით ჰხენ! - მეტაფორის აზრია: ასეთი ხესავით წერწეტი და მშვენიერი ადამიანი, როგორიც ტარიელია, როგორ შეჰქმენი? უკან

    605. (ბ) ანუ ეგრე რამ დაგლია, ანუ პირველ რამ გაგავსო? - ტაეპის აზრია: ან თავიდან ასეთი მშვენიერი რამ შეგქმნა, ან მერე ასეთ გასაჭირში რამ ჩაგაგდო, ასე რამ გაგტანჯა? უკან

    605. (გ) რამან შექმნა მოყვითანედ, ვარდ-გიშერი რომე ჰრგავსო? - ტაეპის აზრია: ეგ ვარდ-გიშერივით პირისახე რამ გაგიყვითლა? უკან

    609. (დ) ვნადირობდი და ვიზახდი, ხმა ჩემი არ უდიდოდ-ა. - იგულისხმება: ხმამაღლა, დაურიდებლად ვყვიროდი, ვუყიოდი ნადირს და მონადირეებს. უკან

    612. (გ) არ მომწურვოდეს წინანი, ზურგით მესროდეს მე ოდეს, - ტაეპის აზრია: ჯერ წინიდან მოსული ლაშქარი არ შემბრძოლებოდა, რომ უკვე ზურგის მხრიდანაც მესროდნენ. უკან

    614. (გ) ოხრად გავუხდი ყოფასა მათ საღამოსა და დილსა, - ტაეპის აზრი, როგორც ჩანს, შემდეგია: ოხრად გავუხდი დაღამებას და გათენებას, ვერცერთს ვეღარ მოესწრებიან. უკან

    615. (დ) ჩვენ ორთავე მეომარი განაღამცა შეგვიძრწუნდა!“ - ტაეპის აზრია: ჩვენ ორივეს მტერი დიაღაც რომ შეგვიშინდება, შეგვიძრწუნდება. უკან

    619. (გ) კაცი ხმდა, მისთა მჭვრეტთათვის ღონემცა ეაჯა რისა! - ტაეპის აზრია: კაცი უნდა ყოფილიყო იქ ვინმე, რომ ღვთისაგან ფრიდონის შემხედველთა შველა ეთხოვა, ისე იყვნენ გაოგნებულნი და რეტდასხმულნი მისი დიდებული და მშვენიერი სანახაობით. უკან

    621. (გ) სხვანი გამექცეს, მიჰმართეს მათ მათსა საქულბაგესა; - ტაეპის აზრია: მტრები თავ-თავიანთ ქუჩებში, თავიანთ ქალაქში დასამალავად გამექცნენ. უკან

    624. (გ) ქვითა დავჰლეწეთ წვივები, ჩვენ იგი გავანატენით. - საერთო აზრია: მტრებს წვივები ისე დავურბილეთ, რომ ნატებივით გავხადეთ; მტერი მასხრად ავიგდეთ, ხმლების მაგიერ ქვებით გავუსწორდით (ალ. ჭინჭარაული). უკან

    626. (ა) მივედით, მოქალაქეთა ზარი ჩნდა, რომე ზმიდიან, - ტაეპის აზრია: ჩანდა, მოქალაქეებს რომ ზეიმი მოეწყოთ, რომ ზეიმობდნენ. უკან

    626. (ბ) აჯაბთა მქმნელნი მჭვრეტელთა გულსა მუნ დააბმიდიან; - ტაეპის აზრია: მეფოკუსეებს მნახველთა ყურადღება დაეპყროთ. უკან

    627. (ა) ლაშქარნი ფრიდონს მეფედ და მიხმობდეს მეფეთ-მეფობით, (ბ) თვით თავსა მათსა — მონად და ჩემსა — ყველასა სეფობით; - ტაეპის აზრია: ლაშქარნი ფრიდონს მეფეს უწოდებდნენ, მე კი — მეფეთა მეფეს, თავის თავს — მონას და მე — ყველას ბატონს. უკან

    627. (გ) დაღრეჯით ვიყავ, ვერ მპოვეს ვეროდეს ვარდთა მკრეფობით, - ტაეპის აზრია: მხიარულად („ვარდის მკრეფავად“) ვერ მნახეს. უკან

    630. (დ) ვერად ვიცან, გონებასა გავეკვირვე ამად ორსა. - ტაეპის აზრია: ვერაფერს მივამსგავსე, ამიტომ შევყოყმანდი, ვერ გადავწყვიტე, რა იყო. უკან

    633. (ბ) ... რომე თოვლსა არ ეხეწა; - ქალის პირისახე უამინდობისგან ხელუხლებელი ვარდივით მშვენიერი იყო. უკან

    635. (დ) ვუთხარ: „მომკალ, უჩემოსა ენახამცა ვისცა ის ხე!“ - ტაეპის აზრია: მომკალი, თუ ეს ხესავით ტანწერწეტი და მშვენიერი ქალი ის არ იყოს, ვისი ამბავიც მხოლოდ მე ვიცი და არა სხვამ (ე.ი. ნესტანი). უკან

    639. (ა) „კვლაცა მითხრა: „ვისცა ღმერთი საროს მორჩსა ტანად უხებს, (ბ) მას ლახვარსა მოაშორვებს, თუცა პირველ გულსა უხებს, - ტაეპთა აზრია: ვისაც ღმერთი ტანად ალვის ხეს მისცემს, ე.ი. მშვენიერ ადამიანად შექმნის, იმას საბოლოოდ არ გაწირავს, ტანჯვას ლხინად შეუცვლის. უკან

    640. (ბ) ფრიდონს ვუთხარ: „ჩემი შემწე შენგან კიდე არავინ-ა; (გ) ვითა ღმერთმან შენი მსგავსი სოფლად არა მოავლინა, - ტაეპთა აზრია: ჩემი მშველელი რომ შენს გარდა არავინაა, ისევე ნამდვილია, როგორც ის, რომ ღმერთს შენებრი სხვა არ შეუქმნია. უკან

    643. (გ) აქა მოგესმას წამალი, შენ რომე დაუწვავ ალთა. - ტაეპის აზრია: აქ მოისმენ ამბავს, შენი დამწველი ალის წამლად რომ გამოგადგება უკან

    643. (დ) ნუთუ ქმნას ღმერთმან გარდასლვა მაგ შენთა ჭირთა და ვალთა! - ტაეპის აზრია: ეგებ ამდენი ჭირის გადახდისათვის ღმერთმა ბოლოს ლხინი მოგცეს, ამით თავისი ვალი გადაგიხადოს. უკან

    644. (გ) მუნამდისცა მოიჭირვე, — გონებამან არ დაგლია. - ტაეპის აზრია: მოითმინე მანამდე, თუ ფიქრმა არ დაგლია, ბოლო არ მოგიღო. (დ) ყოლა ჭირი არ ეგების, თუმცა ლხინმან არ დასძლია!“ - ტაეპის აზრია: ისეთი ჭირი არ არსებობს, რომელსაც ბოლოს ლხინი ვერ დაძლევს. უკან

    645. (გ) მოგვინახეთ, საყვარელსა მისსა მისთვის მოასურვეთ; - ტაეპის აზრია: მონახეთ ნესტანი, მის მიჯნურს საშუალება მიეცით, მისი პირისპირ ნახვით მისდამი სიყვარული და სურვილი გაიცხოველოს. (დ) თავთა ჭირი უათასეთ, რადმც უშვიდეთ ანუ ურვეთ!“ - ტაეპის აზრია: ათასი ჭირი უნდა აიტანოთ ნესტანის ძებნაში, განა შვიდი ან რვა! უკან

    646. (ა) „აჩინნა კაცნი, სადაცა სადგურნი ნავთა სჩენოდეს; - ტაეპის აზრია: ყველა ნავსადგურში, რაც კი იცოდა, კაცი გაგზავნა. უკან

    646. (დ) უმისოდ ლხინი მინახავს, ამა დღისათვის მრცხვენოდეს! - ტაეპის აზრია: თუ უმისოდ (უნესტანოდ) ლხინი მინახავს, შერცხვენილი ვიყო! უკან

    658. (დ) თურე ბედი მოაღაფლებს კაცსა ეგზომ არ-ღაფალსა. - ტარიელის აზრია: მე, ასეთი მხნე კაცი, ბედმა როგორ დამაძაბუნა! უკან

    665. (ბ) „შენ ყველაკაი გაამე მე ვერას ვერ ამებულმან; - ტაეპის აზრია: შენ გასიამოვნე ჩემი ამბის თხრობით, მე, პირიქით, გავიტანჯე. უკან

    669. (ბ) მოვახსენო, რაცა მეცნას, მეტი საქმე არა მიცო; - აზრია: გარწმუნებ, გეუბნები, მეტი საქმე არ მაქვს-მეთქი. უკან

    (გ) შენ გენუკვი, შემაჯერო, ღმერთი იღმრთო, ცაცა იცო, - იგულისხმება: ჩემ წასვლამდე დამარწმუნო იმაში, რომ, რასაც ახლა გეტყვი, შემისრულებ. ღმერთი იღმრთო, ცაცა იცო — ღმერთი და ცა იწამო. უკან

    670. (ბ) მეცა ფიცით შეგაჯერო, არასათვის არ გაგწირო, - ტაეპის აზრია: მეც შემოგფიცავ, რომ არ მიგატოვებ ბედის ანაბარას. უკან

    672. (ა) „პირი შენი ნახვად ჩემად თუ მობრუნდეს, ტანი იხოს, - ტაეპის აზრია: თუ შენს პირსა და შენს ხესავით წერწეტ ტანს აქ, ჩემ სანახავად მობრუნებულს, ვნახავ, მაშინ... უკან

    673. (ბ) იაგუნდნი ქარვის-ფერნი, სიტყვა-ბრძენნი, ცნობა-შმაგნი; - მეტაფორის აზრია: დარდისგან იაგუნდივით გალურჯებულნი და ქარვასავით გაყვითლებულნი. უკან

    676. (დ) შეიგენით, მიცემულვარ ჭირსა რასმე თანისთანსა“. - თუ არ მოვედი, მაშ, დავღუპულვარ. უკან

    677. (გ) სისხლსა მისგან დადენილსა მხეცი ყოვლი გაამლოკლა; - ტაეპის აზრია: ავთანდილმა ყველა მხეცი თავისი სისხლის მლოკველი გახადა. უკან

    685. (გ) მის ყმისა ვერას ვერ მცნობი ვუხმობდი თავსა ფლიდობით - ტაეპის აზრია: სანამ მოყმის ამბავს არ გავიგებდი, ჩემ თავს ფლიდს, უღირს კაცს ვეძახდი. უკან

    687. (გ) იგი მით აკრთობს ელვასა, მზისაცა უთამამოსა, - ტაეპის აზრია: ამ ამბით გახარებული თინათინის პირისახე მზის შუქზე უფრო ძლიერ შუქს ასხივებს. უკან

    688. (ბ) ამას პირ-მზე მეფისაგან ივალებდა ვითა ვალსა - ტაეპის აზრია: ავთანდილმა დაუმადლა მეფეს ეს პატივისცემა, თავი დავალებულად ჩათვალა. უკან

    693. (ბ) მზე თუ ვთქვა მსგავსი მისი და ანუ მისისა სახისა - ტაეპის აზრია: მზეზე თუ ვიტყვი, მისი მსგავსია ან მისი მსგავსის მსგავსია-მეთქი. (გ) ვინ უნახავ-ქმნის გონება ყოველთა კაცთა მნახისა; - ტაეპის აზრია: (იგი) ყველა ადამიანთა მნახველის გონებასაც უნახავს ხდის, განაცვიფრებს. უკან

    694. (ა) რა ჭირი კაცსა სოფელმან მოუთმოს მოუთმინამან,
    (ბ) ქაცვი ლერწამმან, ზაფრანა იმსგავსოს ფერად მინამან;
    - ა და ბ ტაეპების აზრია: მუხთალი წუთისოფელი რომ ზოგჯერ კაცს ჭირს შეარჩენს, არ გატანჯავს, გაახარებს, მისი ქაცვივით გამხდარი ტანი ისევ ლერწამს დაემსგავსება სიწერწეტით, ხოლო ზაფრანისფრად გამხდარი ღაწვები — მინანქარს (ალ. ჭინჭარაული). უკან

    696. (გ) ეამა ქება ვადისა, ხელით მძლედ დანამჭირისა, - აზრია: ეამა (ავთანდილს), რომ ხელში მძლავრად დაჭერილი ხმლის ვადა უქეს, ვაჟკაცობა უქეს. უკან

    696. (დ) „ეგე კმა სიმხნე სიმხნისად, რადღა ხარ მომხვეჭი რისა!“ - ტაეპის აზრია: ეგ სიმხნე სიმხნედ გეყოფა, ვაჟკაცობა ვაჟკაცობად გეყოფა, მეტი სახელი რაღა უნდა მოიხვეჭო? უკან

    699. (ბ) წყლად ევფრატსა უხვად ერწყო ედემს რგული ალვა მჭევრი, - ტაეპის აზრია: თინათინის ტანი ისეთი მშვენიერი იყო, როგორც უხვად მორწყული წერწეტი ალვა. უკან

    701. (გ) ვპოვე ხე, ტანი ალვისა, სოფლისა წყალთა რწყულისა, - ტაეპის აზრია: უხვად მორწყული ხესავით მშვენიერი უცხო მოყმე ვიპოვე. უკან

  3. 702. (ბ) იტყვის: „დავკარგე ბროლი და სადა ჰრთავს ბროლსა მინები!“ - ტაეპის აზრია: უცხო მოყმე ამბობს, დავკარგე მინანქართან შეერთებული ბროლიო (პირთეთრი და ნაზკანიანი ნესტანი). უკან

    703. (გ) „საწუთრო და სოფელს ყოფა, კაცი უჩსო, ვით ნადირსა, - ტაეპის აზრია: ადამიანებთან ყოფნა მისთვის ისევე აუტანელია, როგორც ნადირისათვის. უკან

    704. (გ) თვალი მჭვრეტელი, ვით მზისა ციაგსა, დაეღონების, - ტაეპის აზრია: იგი (უცხო მოყმე) თავის შემხედველს თვალს სჭრის, როგორც მზის ბრწყინვალება.უკან

    705. (ა) წვრილად ჰკადრა, რა იცოდა, - რა ნახულად, რა ნასმენად: - ტაეპი შეძლება ასეც გავიგოთ: დაწვრილებით უამბო, თუ რა ნახა თვითონ და რა მოისმინა. უკან

    706. (გ) იტყვის: „რა ვუთხრა პასუხი მის სათნებლისა თნებისა? - თინათინის სიტყვების აზრია: რა პასუხი გავცე უცხო მოყმეს იმისთვის, რომ ჩვენი სასიამოვნი (სათნებელი) საქმე გააკეთა, რომ თავისი ამბავი გვიამბო? უკან

    707. (დ) მზე შემიფიცავს თავისა, ჩემგან მზედ სახედავისა. - ტაეპის აზრია: ჩემგან მზედ მისაჩნევი თინათინის თავი დამიფიცავს. უკან

    708.(გ) კვლა მიჯნურსა მიჯნურისა ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად; - ტაეპის აზრია: გამიჯნურებულმა კაცმა გამიჯნურებულ კაცს უნდა გაუგოს, მისი ტანჯვა დიდ ტანჯვად უნდა მიიჩნიოს.
    (დ) აჰა, მაქვსცა უმისოსა ლხინი არმად, თავი - ფლიდად!“ - ტაეპის აზრია: უმისოს, მასთან არმყოფს სიხარული არმად მიმაჩნია და ჩემი თავი – ფლიდად. უკან

    709. (გ) მერმე, ზრდა სიყვარულისა გაქვს, ჩემგან დანერგულისა, - ტაეპის აზრია: ვხედავ, რომ ჩემი სიყვარული არ გაგნელებია. უკან

    713. (ა) „ვა თუ გავიჭრა, გაჭრილსა სადათ, გლახ, დამწვავს სამ ალი! ტაეპის აზრია: - თუ გავიჭრები, საიდან სად დამწვავს შენი სიყვარულის ალი. უკან

    719. (ბ) იტყვის: „მზე ჩემგან თავისად კმა დასადებლად აღარად! - ტაეპის აზრია: რადგან ასე გავუბედურდი, მზეს ჩემად ვეღარ მივიჩნევ, მზე ჩემთვის აღარ ნათობს, მზეში (იგულისხმება: სიცოცხლეში, სიხარულში) წილი აღარ მიდევს. უკან

    723. (ბ) გული - ჟამ-ჟამად ყოველთა ჭირთა მთმო, ლხინთა მნდომელი, - ტაეპის აზრია: კაცის გული ცვალებადია, იგი ყოველ ჭირს ითმენს და ლხინს, სიხარულს ეძებს. უკან

    724. (ა) რა გულსა უთხრნა გულისა სიტყვანი საგულისონი, - ტაეპის აზრია: გულს რომ სამდურავი უთხრა, თავისი ჯავრი და წყრომა რომ გაუმხილა. უკან

    726. (გ) მზესა ქორნი აბნელებდეს, ძაღლთა რბოლა მიდამოდ-ა; - აზრი შემდეგია: მთელ მიდამოზე ძაღლთა სირბილია, ძაღლები მრავლად ჰყავთ. უკან

    728. (დ) უტარიელოდ ხსენება არვისგან იკადრებოდა. - ტაეპის აზრია: ვერვინ ბედავდა რაიმეს თქმას ისე, რომ ტარიელი არ ეხსენებინა. უკან

    730. (დ) რაცა აჯა დათმობისა გულმან ვისმცა მოუსმინა! - ტაეპის აზრია: გული მოთმინების თხოვნას არ ისმენს. უკან

    737. (ა) დაჯდა, მისთა შემხედველთა გული მათი მართლად ხელეს, - ტაეპის აზრია: ავთანდილი მართლაც იმსახურებდა იმას, რომ მის შემხედველთა გულები აღტაცებისაგან გახელებულიყო. უკან

    739. (გ) მას ჩემთვის სულნი არ ჰშურდეს, შეზღვა ხამს შეუზღველისა; - ტაეპის აზრია: ტარიელმა ჩემთვის სული არ დაიშურა, მან თავისი ამბავი მიამბო, თუმცა ეგონა, რომ თხრობისგან გაცხოველებული გულისტკივილი მოკლავდა. მისი ვალი ჩემზე გადაუხდელია, მაგრამ მაინც უნდა გადავუხადო. უკან

    740. (დ) მერმე, ასმათ ჩემთვის დისა მართ დად უფრო დაებად-ა. - ტაეპის აზრია: ასმათი დაზე უფრო დად მომევლინა. უკან

    744. (ა) „ჰკადრე: „ვინ გაქოს ყოველმან პირმან არ-მეუზრახემან,
    (ბ) ვითა ვიშიშვი, გაცნობოს ღმერთმან, ნათელთა მსახემან! - ტაეპის აზრია: უთხარი მეფეს: შენ, ვისაც ყოველი პირი შეგაქებს, ვისაც კი ლაპარაკი ძალუძს, ღმერთმა გაგაგებინოს, როგორ ვშიშობ (თქვენთან ჩემი სათხოვრის გამხელას)! უკან

    745. (ბ) გული მას აქვს, უგულოსა აქა ხელი რა მეხდების? - ტაეპის აზრი დამყარებულია სიტყვის თამაშზე. ტარიელმა ავთანდილს გული წაართვა. მაგრამ “უგულო” ნიშნავს უგუნებოს, დარდისაგან ცხოვრების ნირწამხდარს. ასე დაძაბუნებული ავთანდილი მეფეს ვეღარ გამოადგება. უკან

    745. (გ) თუ რას ვარგებ, პირველ ხვალმე თვით სახელი თქვენ მოგხვდების; - ტაეპის აზრია: თუ ტარიელს რამეს ვარგებ, ეს ისევ თქვენთვის იქნება სასახელო, რადგან მე თქვენი ყმა ვარ. უკან

    751. (ბ) რად გაგიშვან, რად დაღონდენ, ანუ მზესა რად მოჰშორდენ? - ტაეპის აზრია: როგორ გაგიშვებენ? როგორ დაიღონებენ თავს? ან მზეს როგორ მოგშორდებიან? უკან

    754. (დ) ჭირნი, მისგან უნახავნი, დია, ვისმცა გარდუხდიან?! - აზრია: მას რომ არ უნახავს, ნეტა ისეთი ჭირი თუ ვინმეს გამოუვლია? ან: ისეთ ჭირს ვინ ნახავდა! უკან

    755. (ბ) რკინა, ჩემი მონაცვალე, ხამს გაცვილდეს, არ გატინდეს; - ტაეპის აზრია: ჩემებრ ტანჯული, რკინაც კი დარბილდება. უკან

    756. (ბ) ვითა მნუკევს, ეგრე დავჰრთო გული ცეცხლთა მოსადებლად. - ტაეპია აზრია: როგორც გული მთხოვს, ისე გავიზიარებ ტარიელის ტანჯვას, ჩემს გულსაც ტარიელის ტანჯვის ცეცხლზე დავწვავ (ალ. ჭინჭარაული). უკან

    766. (ბ) დააცთუნნა, მაგრა მისთვის აალმასნა, არ აძეწნა: - ტაეპის აზრია: ააცდინა, მაგრამ, როცა ესროლა, უნდოდა, ალმასივით მაგრად მოხვედროდა და არა ძეწნასავით რბილად. უკან

    773. (გ) „შენ ადიმი გაგიმეშდა, არ თუ მეში გიადიმდა. - ტაეპის აზრია: მეფის თვალში რეპუტაცია გაგიფუჭდა (ნ. წაქაძე).
    (დ) რა აქიმი დასნეულდეს, მისთვის ვინმცა გააქიმდა!“ - ტაეპის აზრია: შენ, ჩემ მშველელად მოხმობილი, ახლა თვით ჩავარდი გასაჭირში. უკან

    774. (გ) შენ რასა იქმ, ესე მითხარ, ჩემი ჭმუნვა არ იდიდოს!
    (დ) ხამსცა, კაცმან სასიკვდილოდ თავი ჭირსა არ დაჰრიდოს?“ - ტაეპთა აზრია: მითხარი, შენ რას აპირებ? განა სწორია შენი გადაწყვეტილება, რომ ტარიელის საშველად თავი გაწირო? უკან

    775. (ბ) იადონი მაშინ მოკვდეს, ოდეს ვარდმან იდამჭნაროს.
    (გ) ხამს, უძებნოს ცვარი წყლისა, მისთვის თავი ყოვლგან აროს,
    (დ) ვერ უპოვოს, რა ქმნას ანუ გული რათა დაიწყნაროს! - ტაეპის აზრია: იადონი მოკვდება, თუ ვარდი დაჭკნა. ამიტომ უნდა მას ცვარი უძებნოს. ასევე, მეც ტარიელს უნდა დავეხმარო. უკან

    776. (დ) სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა. - ტაეპის აზრია: არ ურჩევნია (მეფეს), სულ არ ვყავდე გვერდით, ვიდრე მომდურავი ვყავდე? უკან

    777. (დ) მე თუ მოვკვდე, ჩემი კერძი სოფელიმცა გარდიფხვრების!“ - ტაეპის აზრია: თუ მოვკვდები, მოვკვდე! ჩემი წუთისოფელი, ჩემი სიცოცხლე ამით დასრულდეს. უკან

    780. (დ) სიყვარული სიყვარულსა შეგიცალო, შეგიწონო“. - ტაეპის აზრია: შენი სიყვარულის სანაცვლოდ ჩემს სიყვარულს გაჩვენებ. რა ერთგულებაც შენ გამიწიე, იმის ტოლ ერთგულებას მეც გაგიწევ. უკან

    782. (გ) შენგან თავისა შენისა საჩემოდ გამომჩენელი“. - ტაეპის აზრია: (ეს დღე) გამოგაჩენინებს თავს ჩემს სამსახურში, გვიჩვენებს, რამდენად ერთგული ხარ ჩემი. უკან

    783. (ბ) მან არ იცის, რათა, ვინა და სულ-დგმული ვისგან ვინ-ა; - ტაეპის აზრია: როსტევანმა არ იცის, ვინ, რით, ვისგან და ვისით ვცოცხლობ. იგულისხმება: არ იცის, რომ მე ტარიელის შველის ფიქრით ვცოცხლობ. უკან

    786. (დ) შენ გაამაგრე დაჭირვა ჩემისა ნასწავლებისა! - ტაეპის აზრია: ჩემი დანაბარები მტკიცედ აასრულე, ჩემი სიტყვა მტკიცედ დაიცავი! უკან

    790. (ბ) ვის ასმია პატრონისა ჭირსა შიგან ყმისა რიდი?! - ტაეპის აზრია: ვის გაუგონია, პატრონი ჭირში ყმას ერიდებოდეს? უკან

    792. (ბ) არ მარტო უნდა გაჭრილი ცრემლისა სისხლსა ფერებად? - ტაეპის აზრია: განა გაჭრილი მარტო არ უნდა ამსგავსებდეს თავის ცრემლს სისხლს, განა მარტოობაში არ უნდა ტიროდეს? უკან

    793. (დ) მძულს, რა კაცსა სააუგო საქმე არად არ შესწონდეს! - ტაეპის აზრია: მძულს, როცა კაცს არაფრად მიაჩნია, ეადვილება სამარცხვინო საქმე. უკან

    794. (ბ) ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად; - ტაეპის აზრია: მე ქვეყნად სიცოცხლე ბებერი კიტრის ფასადაც არ მიღირს; მეგობრისთვის სიკვდილი ჩემთვის ლხინია. უკან

    794. (დ) მას თუ დავსთმობ, სახლსა ჩემსა, ვეღარ დავსთმობ ვისსა ვერად? - ტაეპის აზრი ბუნდოვანია. იგი შეიძლება ასე გავიგოთ: რაკიღა თინათინი დავთმე, მაშინ ქვეყნად რაღას ვერ დავთმობ? უკან

    796. (ა) „დაჯდა წერად ანდერძისად, საბრალოსა საუბრისად: - ტაეპის აზრია: დაიწყო ისეთი ანდერძის წერა, რომლის ხსენებაც კი სიბრალულის აღმძვრელია.უკან

    798. (დ) მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა. - ტაეპის აზრია: იმისთვის ვსწავლობთ, სიბრძნეს იმისთვის ვიძენთ, რომ ჩვენი მორალური ქცევით სამყაროს უზენაეს წესრიგს შევერწყათ (იხ. კომენტარი). უკან

    801. (ა) „რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების,
    (ბ) მზისა შუქთა ვერ-მჭვრეტელი ია ხმების, ვარდი ჭნების;
    (გ) თვალთა ტურფა საჭვრეტელი უცხოდ რადმე ეშვენების;
    (დ) მე ვით გავძლო უმისობა, ან სიცოცხლე ვით მეთნების! - სტროფის აზრია: ყოველივე ღვთის ნებაა: ვარდი უმზეოდ ჭკნება, მშვენიერი სანახავი თვალს ატყვევებს. რაკი ასეა – რაკი ჩემმა თვალმა ტარიელი ნახა და ისიც ვიცი, რომ მას დაღუპვა, უმზეოდ დაჭკნობა ემუქრება – ახლა როგორ გავძლებ, რომ მის საშველად არ ვისწრაფო? უკან

    802. (ბ) ძალი არ მქონდა ტყვე-ქმნილსა მე მაგისისა თნებისა; - ტაეპის აზრია: მე, ტარიელზე ფიქრისგან დატყვევებულს, არ შემეძლო თქვენთვის ეს მეამებინა – მასთან არ წავსულიყავ და თქვენთან დავრჩენილიყავ. უკან

    802. (გ) აწ წასლვა იყო წამალი ჩემთა სახმილთა გზნებისა;
    (დ) სადა გინდ ვიყო, რა მგამა, ყოფამცა მქონდა ნებისა! - გ და დ ტაეპების აზრია: წასვლა ჩემი ტანჯვის წამალია. თუ ჩემი ნება ავისრულე – თავი მის საშველად გადავდე – მაშინ აღარ დავეძებ, რა დამემართება. უკან

    803. (ა) „არას გარგებს სიმძიმილი, უსარგებლო ცრემლთა დენა,
    (ბ) არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა;
    (გ) წესი არის მამაცისა მოჭირვება, ჭირთა თმენა;
    (დ) არვის ძალ-უც ხორციელსა განგებისა გარდავლენა. - სტროფის აზრია: ცრემლის ღვრა და მწუხარება უსარგებლოა. რაც განგებისგან გადაწყვეტილია, ის მოხდება. კაცმა უნდა გაიჭირვოს და მის თავს მოსულ უბედურებას ვაჟკაცურად შეჰხვდეს. უკან

    804. (ა) „რაცა ღმერთსა გაუგია თავსა ჩემსა გარდასავლად,
    (ბ) გარდამხდეს და შემოვიქცე, აღარ დამრჩეს გული ავლად;
    (გ) თქვენვე გნახნე მხიარულნი, დიდებით და დავლა-მრავლად!
    (დ) მას რა ვარგო, დიდებად და კმარის ესე ჩემად დავლად. - სტროფის აზრია: რაც ჩემთვის ღვთის განგებას დაუწესებია, დაე, ის გადამხდეს და თქვენთან დავბრუნდე; გული ისე დამეწვას, რომ ფერფლიც აღარ დარჩეს; ნეტავ თქვენ გნახოთ მხიარულნი, დიდებითა და ძლევით შემოსილნი, მე კი ისიც მეყოფა სახელად, თუ ტარიელს რამე ვარგე. უკან

    809. (გ) მოვა შემყრელი ყოველთა ერთგან დღისა და ღამისად; - ტაეპის აზრია: მოვა სიკვდილი, ყველასათვის დღისა და ღამის გამაერთიანებელი, დღის ღამედ მქცეველი. უკან

    813. (გ) ჩემი არ ჰქონდეს შეძლება სოფლისა მღილთა კბენისა, - ტაეპის აზრია: მარადიულ ნათელში დამამკვიდროს, რათა წუთისოფლის წვრილმანი ზრუნვა ვერ შემეხოს. უკან

    815. (ბ) ამად გვედრებ სულსა ჩემსა, წიგნი გკადრებს, არ გეთნევის,
    (გ) არას არგებს, ეშმაკისა საქმეთაგან დაეძლევის, - ბ და გ ტაეპების აზრია: ამიტომ გავედრებ ჩემ სულს. ეს წერილი პირდაპირ გაგაგებინებს ჩემს ზრახვას. პირფერობა და მაამებლობა აქ უადგილოა, იგი არაფერს არგებს ჩემს სულს, რომელიც ამით ეშმაკისაგან ძლეული აღმოჩნდებოდა.უკან

    819. (ა) „ილოცავს, იტყვის: მაღალო, ღმერთო ხმელთა და ცათაო,
    (ბ) ზოგჯერ მომცემო პატიჟთა, ზოგჯერ კეთილთა მზათაო, - აზრი, როგორც ჩანს, შემდეგია: ღმერთი ადამიანს აძლევს ზოგჯერ მზამზარეულ, დაუმსახურებელ ბედნიერებასაც კი, რომელსაც მოხმარებაღა სჭირდება, და არა მხოლოდ ტანჯვას. უკან

    825. (გ) ესეგვარსა ნუოდეს იქმ, საქმე ხოლე გაიცადე, - ტაეპის აზრია: საქმე წინასწარ შეაფასე ხოლმე, ასეთ დაუფიქრებელ სიტყვას ნუღა მეტყვი. უკან

    828. (გ) როსტანს ეჭვი შეუვიდა, ჭმუნვა ამით გაათავნის; - აზრი შემდეგია: ჭმუნვა აქამდის რაც ჰქონდა, აქცია თავნად, რომელსაც ვახშად კიდევ და კიდევ ახალი ჭმუნვა დაერთო. შესაძლოა სხვა გაგებაც: შეასრულა, შეავსო, უკანასკნელ ზომამდე გაამძაფრა (ალ. ჭინჭარაული). უკან

    832. (ა) „თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები, - ტაეპის აზრია: შენ, ავთანდილი, იმდენად სრულყოფილი და კარგი ხარ, რომ მარტო შენი თავის ყოლითაც მდიდრად ჩაითვლები. უკან

    834. (გ) ნუთუ კვლა ღმერთმან წყალობით გაგიადვილოს ჭირები! - ტაეპის აზრია: ეგებ მერე ღმერთმა გადმოგვხედოს, შენს მიზანს ეწიო. უკან

    841. (გ) წამ-წამ მობრუნდის, იაჯდის მისთვის მზისავე მზობასა, - ტაეპის აზრია: ევედრებოდა ღმერთს, რომ მზე მისთვის მზედვე ყოფილიყო. უკან

    843. (ა) თქვა: „ჩემო, შენი შორს მყოფი კრულია, ვინცა დაყმუნდეს! - ტაეპის აზრია: ის რა კაცია, ვინც შენს სიშორეს შეურიგდება! უკან

    843. (ბ) რათგან შენ დაგრჩა გონება, გული შენკენვე დაბრუნდეს; - ტაეპის აზრია: რადგან ფიქრის საგანი შენ ხარ, გრძნობაც სულ შენკენ იქნება მიმართული, გულს სულ შენ ეხსომები. უკან

    846. (გ) ბროლ-ბალახშისა მძებნელმან სათნი დავკარგენ, მინანი; - ტაეპის აზრია: ტარიელის მძებნელმა თინათინი დავკარგე. უკან

    848. (გ) შენ გაქვს წამალი მისისა მოთმინებისა თმენისა, - ტაეპის აზრია: მთვარეს აქვს წამალი, რომელიც სიყვარულის ჭირთა თმენის უნარს გვაძლევს. უკან

    850. (დ) იტყვის: „დავყარენ ვარდნი და, აჰა,მე, ვაგლახ, იანი!“ - ტაეპის აზრია: ყოველი ლხინი და ბედნიერება მივატოვე. ვაგლახ – ვაი (მწუხარების გამომხატველი შორისდებული). უკან

    852. (ბ) ვით ეამა, სიხარულსა მართ ვეღარას ვერ მიჰხვდების, - ტაეპის აზრია: როგორც ასმათს ეს ეამა, ასეთ სიხარულს სხვას ვეღარ ეღირსება. უკან

    855. (ა) „მე უმისოდ სოფელს ყოფა რათგან ჩირად არ მიღირდა,
    (ბ) რად დავვიწყდი? რად მივსცილდი? რათ ვერ გასძლო? რა მისჭირდა? - ა და ბ ტაეპთა აზრია: მე რომ უმისოდ სიცოცხლე არ მინდოდა, იმან რად დამაღალატა? უკან

    855. (დ) მაგრა ავი ბედისაგან ჩემი რამცა გამიკვირდა!“ - ტაეპის აზრია: ჩემი ბედისგან ცუდი რა გამიკვირდება? უკან

    857. (ა) „გული, ცნობა და გონება ერთმანერთზედა ჰკიდიან:
    (ბ) რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკე მიდიან;
    (გ) უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან. - ა, ბ, გ ტაეპების აზრია: კაცს რომ გული, ე. ი. გუნება–განწყობილება, ხალისი წაუხდება, მისი გონებაც დუნდება და ფიქრიც მწუხარე აზრების მიმართულებით მიუდის. უგულო, ე.ი. სულიერად გატეხილ, მოდუნებულ კაცს სრულფასოვანი ცხოვრება ადამიანთა შორის აღარ შეუძლია („ვერ კაცობს”). იგი ადამიანთაგან გარიყულია. შესაძლოა სხვა გაგებაც: განაკიდიან – გარიყავენ, გარეშედ მიიჩნევენ ხოლმე. უკან

    858. (დ) ამას მით ვაზრობ, მინახავს მე, უბედურსა შობილსა. - ტაეპის აზრია: ამას იმიტომ ვფიქრობ, რომ მინახავს, ტარიელი რა დღეშია. უკან

    859. (დ) თვით რაცა ჰბრძანოთ, მართალ ხართ: სხვა სხვისა ომსა ბრძენია! - ანდაზის აზრია: სხვისი ბრძოლის შემყურე ადვილად განსაზღვრავს, მებრძოლისთვის რომელი მოქმედება ჯობს. უკან

    862. (ა) ჩემთვის გარდახდა მას აქათ გაყრა მზისა და ქედისა; - ტაეპის აზრი, როგორც ჩანს, შემდეგია: მას აქეთ ჩემთვის დღე აღარ დგება, მზე აღარ ამოდის, ქედს ზემოთ ცაში აღარ იწევს. უკან

    870. (დ) მოვკვდე, თავი არ მეწყალვის, სისხლნი ჩემნი ჩემსა ქედსა! - აზრია: ჩემი სისხლი ჩემს კისერზე იყოს, ჩემ სინდისზე იყოს. უკან

    875.(გ) ვარდმან ფერი განანათლა, ბროლი ბროლდა, სათი სათდა, - ტაეპის აზრია: ავთანდილი სიხარულისაგან ფერზე მოვიდა: ბაგე და ლოყები წითლად გამოუჩნდა, ხოლო დანარჩენი პირისახე – თეთრად. უკან

    884. (ბ) ხამს მამაცი მამაცური, სჯობს, რაზომცა ნელად ტირსა. - აზრია: უკეთესია, რომ თავისი ტანჯვა სხვების დასანახი არ გახადოს. ნელად შეიძლება გავიგოთ აგრეთვე როგორც „იშვიათად”, „გვიან-გვიან” (ალ. ჭინჭარაული).უკან

    884. (დ) თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა. - ტაეპის აზრია: კაცი ჭირში ვარდება თავისივე გონების შეცდომისაგან. ჭირი აქ გულისხმობს დაღუპვას, საბოლოო მარცხს წუთისოფელთან ბრძოლაში, რომელიც სასოწარკვეთილ ტარიელს ემუქრება, და არა იმ ჭირს, რომელშიც ტარიელი უკვე ჩავარდნილია. უკან

    885. (დ) თავსა მრთელსა რად შეიკრავ? წყლულსა ახლად რად იწყლულებ? - ტაეპის აზრია: ჯანსაღი ხარ და თავს რად ისნეულებ? შესაძლოა ასეთი გაგებაც: ჯანსაღ თავს რად იკრავ ტკივილის გასაყუჩებლად?უკან

    891. (ა) „ამას მოკვდავივილოცავ, აროდეს ვითხოვ, არ, ენით: - ტაეპის აზრია: ამას ვთხოვ ღმერთს გულით (იგულისხმება, რომ მომაკვდავი კაცის ლოცვა განსაკუთრებით გულწრფელია) და არა მხოლოდ ენით. უკან

    894. (დ) მუნ მეცა მივალ, ცრემლისა მიწად სად გამდის ლამი, სად. - ტაეპის აზრია: მეც იმ მიწაში მივდივარ, რომელსაც ახლა ჩემი ცრემლი ასველებს. უკან

    895. (გ) ვარდი ვერ არის უმზეოდ; იყოს, დაიწყებს ჭნობასა; - ტაეპის აზრია: ჩემი სიცოცხლისკენ მობრუნება ისევე შეუძლებელია, როგორც უმზეოდ ვარდის გახარება. უკან

    896. (დ) ვერ წაიყვანა, ვერა ქმნა სიტყვითა ვერა ვერითა. - ტაეპის აზრია: ვერაფერს გახდა ვერავითარი სიტყვით. უკან

    900. (გ) ლერწმისა სარსა დასდრეკდა, გიშერსა დააკარვებდა. - ტაეპის აზრია: ავთანდილი დახრილი დაჰყურებდა მიწაზე მდებარე ტარიელს. შესაძლოა სხვა გაგებაც: ლერწმის სარი წამწამებია, გიშერი – თვალები. ავთანდილი წამწამებს ხრიდა და თავის თვალებს კარვად აფარებდა (ალ. ჭინჭარაული). უკან

    903. (გ) ცნობიერთა დასტაქარმან, უცნობოთა ოხრვა-ახმან, - ტაეპი შეიცავს ავთანდილის დახასიათებას და აგებულია სიტყვებისა და ცნებების თამაშზე. ავთანდილი, ერთი მხრივ, გონიერთა მკურნალია. მისი ბრძნული სიტყვა ჰკურნავს იმას, ვისაც გაგების უნარი აქვს. მეორე მხრივ, იგი მისი სრულყოფისაგან გონდაკარგულთა, განცვიფრებულთა ოხვრა და „ახი“–ა.უკან

    903. (დ) ცნობიერი სიტყვა უთხრა უცნობოსა რასმე მზრახმან. - სტროფის აზრია: ავთანდილმა რომ ტარიელს მოჯობება შეატყო, გაუხარდა. ტარიელმა, აქამდე რომ უგონოდ ლაპარაკობდა, ახლა გონივრული სიტყვა უთხრა. უკან

    905. (ა) მან უთხრა: „სახე რა გითხრა მის უსახოსა სახისა! - ტაეპის აზრია: რა შედარება გითხრა იმ შეუდარებლის შესადარი ნივთის დასახასიათებლად? უკან

    906. (ა) ავთანდილ უთხრა: „ვლამოდი მართ მაგისსავე თქმევასა; - ტაეპის აზრია: პირდაპირ, დაუფარავად გეტყვი. უკან

    914. (ა) „ცვილსა ცეცხლის სიმხურვალე უგავს, ამად აენთების, - ტაეპის აზრია: ცვილს, ცეცხლივით, სიმხურვალე ახასიათებს, ამიტომაც ინთება. უკან

    914. (ბ) მაგრა წყალსა არსით ახლავს, თუ ჩავარდეს, და-ცა-შრტების; - ტაეპის აზრია: წყალს არა აქვს სიმხურვალე, რომელიც ყველაზე მსუბუქი ელემენტის - ცეცხლის დამახასიათებელია. ამიტომ მასში ჩავარდნილი ცეცხლი ქრება. უკან

    926. (ბ) შენ ხარ სავსება ყოველთა, აღგვავსებ მზეებრ ფენითა; - ტაეპი შეიცავს სიტყვებისა და ცნებების თამაშს. სავსება ყოველთა ნიშნავს: „ყოველივეს სისრულე“, ან: „ყოველივე”. აზრია: შენ, ღმერთი, ხარ ყველაფერი. „აგვავსებ” ნიშნავს: „სრულყოფას, სისრულეს გვანიჭებ“. ფენითა – მოფენით. ფილოსოფიური და თეოლოგიური ცნებების თავისებური თამაშია. ღმერთი, ბიბლიური და ქრისტიანული თვალსაზრისით, ავსებს სამყაროს: იგი ყველგანაა და ყველაფერშია. მეორე მხრივ, ფილოსოფიურსა და თეოლოგიურ ლიტერატურაში „ავსება“ იხმარება „სრულქმნის”, „სრულყოფის მინიჭების” აზრით. ამ უკანასკნელი აზრიდან გამომდინარეობს თეოლოგიაში „სავსების” ხმარება ღმერთის (ღვთიურობის, ღვთაებრიობის) მნიშვნელობით და გამოთქმა „სავსება ყოველთა”, ამგვარად, აღნიშნავს ღმერთს, როგორც ყოველივე არსებულის სრულყოფილების წყაროს (სრულყოფილების ის ხარისხი, რომელიც ამა თუ იმ საგანს აქვს, მას ღვთისგან აქვს). სიტყვა „აგვავსებ” ამ ტაეპში ფილოსოფიურ-თეოლოგიური აზრით იხმარება და ნიშნავს „სრულგვყოფ”, „სრულყოფილებას გვანიჭებ”, „ფორმასა და სახეს გვაძლევ”, „გვხდი იმად, რაც ვართ, განსაზღვრულ არსებებად” („აგვავსებ” აქ აწმყო დროის ზმნაა და არა მყოფადისა, როგორც დღევანდელ ქართულში). მზესავით „ფენით” ანუ მიფენით ავსება იმას ნიშნავს, რომ ღმერთი სამყაროსა და მასში მყოფ არსებებს ზემოხსენებულ „სრულყოფას” (ყოველ საგანს — სხვადასხვა ზომით) ანიჭებს თავისებური ემანაციის გზით — ანიჭებს ისე, რომ თვითონ არაფერი აკლდება, როგორც მზეს (ძველთა წარმოდგენის თანახმად). უკან

    927. (ა) ტარიელ ეტყვის: „ჰე, დაო, მით ცრემლი აქამდინია, - ტაეპის აზრია: აქამდე ასე უხვად მდის ცრემლი იმიტომ, რომ... უკან

    928. (ა) „სწყუროდეს, წყალსა ვინ დაღვრის კაცი უშმაგო, ცნობილი?
    (ბ) მე თვალთა ჩემთა მით მიკვირს, რად ვარ ცრემლითა ლტობილი!
    (გ) უწყლოობა ჰკლავს, წყალი სდის, აროდეს არ გახმობილი! - ა, ბ, გ ტაეპთა აზრია: მიკვირს, მე, მწყურვალი, ამდენ ცრემლს როგორ ვღვრი? („წყურვილში“ იგულისხმება სულიერი წყურვილი, ნესტანის ნახვის წადილი). უკან

    935. (ბ) რაცა შენ ჩემთვის გიქმნია, ღმერთი მზღველია ვალისა; - ტაეპის აზრია: ჩემზე გაწეულ ამაგს ღმერთი გადაგიხდის. უკან

    935. (გ) კმა ზენაარი ზენარად, არ ნაქმარია მთრვალისა,
    (დ) არ-დავიწყება, მოყვრობა მოყვრისა წარმავალისა. - გ და დ ტაეპების აზრია: შენ დაამტკიცე, რომ ფიცი ფიცად კმარა, ის, რაც შენ ჰქენი – გაწირული მეგობარი რომ არ დაივიწყე – მთვრალის, უპასუხისმგებლო კაცის შესაფერი საქმე როდია! შენ შეგნებულად გაისარჯე ჩემთვის. უკან

    938. (დ) იგია მზრდელი ყოვლისა დანერგულ-დათესულისა! - ტაეპის აზრია: ყოველივე ცოცხლის შემნახველი ღმერთია. უკან

    939.(ა) „ღმერთსამცა ესე რად ექმნა, ეგეთნი დაებადენით,
    (ბ) აღარ შეგყარნა, გაგყარნა, ხელი გქმნნა ცრემლთა დადენით! - ტაეპთა აზრია: ღმერთი ამას როგორ იზამდა, რომ შენ და ნესტანი ეგეთნი (ასე კარგები, სრულყოფილები) გაეჩინეთ და ერთმანეთისაგან საბოლოოდ გაეყარეთ?! უკან

    943. (ბ) მქმნელი საქმისა ძნელისა კაციმცა იყო ცნობილი;
    (გ) ვერას ვერა იქმს ნაყოფსა ვარდი უმზეოდ ჭნობილი. - ტაეპთა აზრია: ძნელ საქმეს შენ, უგონო, ვერ გაუძღვები. უკან

    945. (ა) „ამის მეტსა არას გნუკევ: წელიწადსა ერთსა მსგეფსსა - აზრია: გაისად ამ დრომდე. უკან

    947. (ბ) მოგშორდები და არ ვიცი, თუ ცხენი დამცემს, თუ ნავი; - ტაეპის აზრია: არ ვიცი, სად მოვკვდები, ხმელზე თუ ზღვაზე, ცხენზე მჯდომი თუ ნავით (ხომალდით) მიმავალი. უკან

    948. (გ) თუ არ მოგყვეს საყვარელი, შენ მას მიჰყევ, რაცა სწადდეს, - ტაეპის აზრია: რაკიღა შენ ვერ დაგიყოლიე,ვერ დაგარწმუნე, რომ ჩემი სიცოცხლე აღარ ღირს, ახლა მე შენი ნება უნდა შევასრულო, ერთ წელიწადს უნდა მოგიცადო. უკან

    949. (ა) „რა დაიჯერო, მაშინ სცნა ჩემთა საქმეთა ძნელობა, - ტაეპის აზრი, როგორც ჩანს, შემდეგია: თუ დამიჯერებ, რა ტანჯვაში ვარ, მაშინ მიხვდები, როგორ მიჭირს გაძლება. უკან

    949. (დ) უშენოდ მომხვდეს, რაღა ვქმნა, არ დია დღეთა გრძელობა!“ - ტაეპის აზრია: რა ვქნა, თუ ცოცხალს ვეღარ მომისწრებ. უკან

    951. (ბ) გულმან, გლახ, რა ქმნას უგულოდ, თუ გული გულსა ელია?! - ტაეპის აზრია: გუნებაწამხდარმა, ნატკენმა გულმა რა ქნას, როცა ერთი მეგობრის გული მეორისას შეელევა, როცა მეგობრებს განშორება მოუწევთ. უკან

    952. (გ) სამთავე ღაწვთა ალამნი არღავნის ფერად ალამნეს, - ტაეპის აზრია: სამივეს ღაწვები, აქამდისაც რომ ალამივით გამოირჩეოდა თავისი ფერით, ახლა სისხლის ცრემლთა დენისგან მუქწითელი გახდა. უკან

    961. (გ) აწ აგრე გაყრა ძნელია, ვით მაშინ შეყრა და-ც-ამდის. - ტაეპის აზრია: ახლა ტარიელთან განშორება ჩემთვის იმდენადვე ძნელია, რამდენადაც მაშინ (გამოქვაბულში რომ ვიყავით) სასიამოვნო იყო მასთან ერთად ყოფნა. უკან

    982.(დ) ვა, რად დაგვწვენ, უცხომ უცხო რად მოგვიდევ ცეცხლებრ ალი!“ - სიტყვის თამაშია: უცხომ – არა აქაურმა. უცხო – იშვიათი, განსაკუთრებული. შეიძლება „უცხო“ გავიგოთ როგორც პოეტური ლიცენცია, რომელიც ნიშნავს „უცხონი“. მაშინ მძიმე დაისმის „უცხო“–ს შემდეგ (ალ. ჭინჭარაული). ალი. ლაპარაკია „ალზე“, რომელიც მეტაფორულად აღნიშნავს ავთანდილის სრულყოფილებისაგან გამოწვეულ ბნედა-აღტაცებას. უკან

    984. (დ) ნარგისნი ქუხან, ცრემლსა წვიმს, ჩარცხის ბროლსა და მინასა. - ტაეპის აზრია: მტირალი ავთანდილი თვალებს ახამხამებს, ცრემლი რეცხავს მის ბროლისა და მინანქრის მსგავს პირისახეს. უკან

    986.(ბ) მინდორს ნახა სპა, ლაშქართა და ნადირთა ჰგვანდეს მსრველსა, - ტაეპის აზრია: დაინახა ჯარისკაცები. შეიტყო, რომ ბევრნი იყვნენ და სანადიროდ იყვნენ გამოსულნი. უკან

    988. (გ) მისთა გამყრელთა დააზრობს, შემყრელთა დასწვავს მზე ვითა, - ტაეპის აზრია: ავთანდილისაგან შორს მყოფებს (გამყრელთ) მისი ვერნახვის სინანული აწუხებთ, ახლოს მყოფებს (შემყრელთ) მისი მშვენიერებისაგან აღტაცება ცეცხლივით წვავს.უკან

    995. (გ) მონაქროლმან ვარდი დაზრა, წამწამთაგან ბუქი ბუქდა; - ტაეპის აზრი, როგორც ჩანს, შემდეგია: ფრიდონმა ცხენი გამოაქროლა. სახეზე (მეტაფორით: ვარდზე) ქარი ეცა. თვალები მოჭარბებული გრძნობისაგან ისე დააფახუნა, რომ ბუქი ააყენა.უკან

    998. (ა) ფრიდონისებრნი მოყმენი ვინცა ვინ ვით ეგებიან! - ტაეპის აზრია: ფრიდონისთანა მოყმე სხვა ვინმე როგორ იქნება? უკან

    998. (დ) დღისით ვერ ნათობს სანთელი და ღამით შუქნი ჰკრთებიან. - სტროფის აზრია: ფრიდონი კარგი მოყმეა. მას თავისი სარგო ქება უკვე მიღებული აქვს. მეტი ქება მას ახლა აღარ ერგება, რადგან ავთანდილთან იგი ვერ ჩანს, როგორც მზესთან – მნათობნი და დღის შუქთან – სანთელი. უკან

    1003. (დ) მუნღა ცნეს, მთვარე ეტლისა რომე არ დაბრუნდებოდა. - ტაეპის აზრია: მიხვდნენ, რომ მთვარე იმავე ეტლს, იმავე ადგილს, სადაც იყო, აღარ მიუბრუნდებოდა, გზას განაგრძობდა, რომ ტარიელს ვერ შეაჩერებდნენ უკან

    1005. (ა) „ვძებნეთ და კვალი ვერ ვპოვეთ, დავსწამეთ ეშმაურობა. - აზრია: ბოროტი სული გვეგონა. უკან

    1019.(ბ) სახელმწიფოთა ყოვლითა გასაგებლითა სრულითა; - ტაეპის აზრია: სასახლის მორთვა-მოკაზმვის საქმე შესრულებული იყო სამეფო კარის შესაფერისი წესრიგის სრული ცოდნით. უკან

    1021. (ა) დასხდეს, შეიქმნა პურობა, გაამრავლებდეს მახალსა, - აზრია: უხვი სმა-ჭამა ჰქონდათ. უკან

    1029. (დ) მოსთქვამს: „თუმცა მზე გვეახლა, ჩვენ ზამთარი ვერ დაგვზრვიდა“. - ტაეპის აზრია: ჩვენთან რომ რჩებოდე, არ ვიდარდებდით. შესაძლოა სხვა გაგებაც: ტარიელი რომ ახლა ჩვენთან იყოს, ასე დარდიანები არ ვიქნებოდით. უკან

    1035. (ა) „რად სიცხე გულსა ნიადაგ მწვავს, გმირსა, სამს ალებისა? - ტაეპის აზრია: რატომ მწვავს გულს სამმაგი ალი (ჭმუნვისა), ე.ი. ძლიერი ალი? უკან

    1035. (ბ) რად გული კლდისა ტინისა შემქმნია სამ სალებისა? - ტაეპის აზრია: ტინივით მაგარი გული კიდევ უფრო რად გამაგრდა, სალ კლდედ რად მექცა? უკან

    1035. (გ) არ შეუძლია ლახვარსა დაჩენა სამსა ლებისა, - ტაეპის აზრია: სამი ლახვარიც კი ვერ დააზიანებს, ლებს ვერ დააჩენს ჩემს გულს, რაკიღა მას ამდენი ტანჯვის ატანა შესძლებია. უკან

    1039. (გ) ჰკადრეს: „მზეო, სიცოცხლე და შენ ამოჰხე ჩვენი მლხენი, - ტაეპის აზრია: მზეო, შენ ამოხვედი ჩვენ სიცოცხლედ და მშველელად. უკან

    1040. (დ) საქონელ-სრულნი, მდიდარნი, არ ლარნი გვქონან ნაჭარნი. - აზრია: ჩვენი შეფუთული ლარი ჯერ არც კი გაგვიხსნია. უკან

    1042. (გ) მუნ მეკობრეთა დაგვხოცნეს ძელით სახნისისწვერითა; - საერთო აზრია: სახნისისწვერა ძელით, წვერზე სახნისწამოგებული ძელით დაგვხოცეს. უკან

    1044. (გ) მე მივინდობ სისხლითა თქვენთა, შემოვისხამ, და-ცა-მწვთების! - აზრი შემდეგია: თქვენ სისხლს შემოვისხამ კიდეც ტანზე და ჩამომეწვეთება კიდეც. ავთანდილს ამით იმის თქმა უნდა, რომ ვაჭართა სიკვდილ–სიცოცხლისათვის პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს. უკან

    1045. (ბ) თქვეს: „ყმა ვინმეა, ჭაბუკი, არა ჩვენებრვე რიდით-ა, - ამ ტაეპში „ყმა“ ნიშნავს, როგორც ჩანს, ფეოდალური კლასის წარმომადგენელს, ხოლო „ჭაბუკი“ საკუთრივ რაინდს, მეომარს. ჩვენებრვე რიდით-ა – ჩვენსავით შიშითაა, ჩვენსავით მშიშარაა. უკან

    1077. დ) პირველ მას ჰმართებს ჩვენება ყოვლისა უტურფესისა. - ტაეპის აზრია: მოსულმა ვაჭრებმა საუკეთესო (უტურფესი) საქონელი ჯერ უსენს უნდა უჩვენონ და მერე გაყიდონ. უკან

    1081. (გ) ხათუნსა უთხრა ამბავი: „მე ესე დამიქადიან, - იგულისხმება: იმ დიდებული მოყმის დანახვა მესახელება. შესაძლოა ასეთი გაგებაც: ვაცხადებ, საქვეყნოდ ვამბობ (ალ. ჭინჭარაული). უკან

    1090. (გ) მართ ანაზდად გიღალატებს, გაჰკვეთს, რაცა დაესობის. - აზრი, როგორც ჩანს, შემდეგია: ქალი უცბადვე მოიკვეთს ყველა ძაფს – თუკი ასეთი არსებობს, – რომლითაც მისი გული შენს გულს მიება. მას დიდი ხნით გულში არაფერი დაესობა – შენდამი გრძნობა დიდი ხნით არ შერჩება. უკან

    1094. (ბ) მით შეგქმნა მოშორვებულთა ჭირთა, არ ლხინთა მწადებლად, - ტაეპის აზრია: რადგან ღმერთმა მზედ გაგაჩინა, შენგან შორს მყოფებს შენთან ახლოს ვერმისვლით ტანჯავ, თითქოს მათთვის ჭირი და უბედურება გინდოდეს. უკან

    1095. (დ) სრულად დამწვარვარ, თუ მზისა შუქნი არ მომესწრებიან. - ტაეპის მეტაფორულად გამოთქმული აზრია: ვიღუპები, თუ შენმა საპასუხო სიყვარულმა არ მომისწრო. უკან

    1097. (ბ) ვცნობდე, გინდოდე საკლავად, ან ჩემი რა გაგვიდოდეს, - ტაეპის აზრია: სანამ გავიგებდე, მკლავ შენი უყურადღებობით თუ ანგარიშს მიწევ...უკან

    1103. (ა) კვლა იტყვის: „ვერვინ ვერას იქმს, თუ ეტლი არ მოსთმინდების, - ტაეპის აზრია: ადამიანი ვერაფერს იზამს, თუ ამას მისი ეტლი – მისი წინასწარგანსაზღვრული ხვედრი – არ გულისხმობს. უკან

    1103. (ბ) მით, რაცა მინდა, არა მაქვს, რაცა მაქვს, არ მომინდების; - ტაეპის აზრია: ვისთან ყოფნაც მინდა, ის ჩემთან არაა, ვინც ჩემთანაა, იმასთან ყოფნა არ მინდა. უკან

    1105.(ა) ფატმანისსა ვერ გიამბობ, მოემატა რა სიამე! - ტაეპის აზრია: ვერ გეტყვით, ფატმანს როგორ ესიამოვნა. უკან

    1124.(გ) ვეღარ აესწრა, იდუმალ მოკლა თუ, ვერცა ვცანითა, - აზრია: ისე მალულად მოკლა, რომ ვერც კი გავიგეთ, მოკლა თუ არა. უკან

    1145. (დ) მე თუ დამწვავს, აჰა მზა ვარ, აღარ უნდა ამას მზობა! - ტაეპის აზრია: ამას საგანგებო მზადება აღარ უნდა, ისეც ყოველთვის მზად ვარ, მისი მშვენიერების წინაშე აღტაცებისაგან დავიწვა. უკან

    1149.(გ) ბროლ-ლალსა ღვარი ნარგისთათ მოსდის გიშრისა ღარითა; - ტაეპის აზრია: ქუთუთოებიდან (ნარგიზებიდან) ცრემლის ღვარი წამწამებით (გიშრის ღარით) მოედინება ბროლივით თეთრსა და ლალივით ფეროვან სახეზე. უკან

    1151.(ა) „ვთქვი: „უჟამოდ არ წესია მოყვანა და მზისა ხმობა:
    (ბ) მომყვანელი გაშმაგდების და წაუვა ერთობ ცნობა;
    (გ) ხმობა უნდა ჟამიერად, სააჯოსა ყოვლსა თხრობა. - ა, ბ და გ ტაეპებში, როგორც ჩანს, იგულისხმება რაღაც რიტუალი. უკან

    1152. (დ) ცრემლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს, წამწამთაგან მოქრის ბუქი. - ტაეპის აზრი იქნება: ნესტანი ტირის და თვალს ახამხამებს, ისე რომ მისი გრძელი წამწამები ქარს აყენებს. მაგრამ უფრო ახლოა ჭეშმარიტებასთან სხვა გაგება. ბუქი ძლიერი ქარია. მეტაფორა გამოხატავს იმ მძლავრსა და ზარდამცემ შთაბეჭდილებას, რასაც ნესტანის პირისახე მნახველზე ახდენს. უკან

    1155. (დ) შუა ძოწსა და აყიყსა სჭვირს მარგალიტი ტყუბები. - ტაეპის აზრია: წითელ ბაგეებს შორის შეტყუპებული მარგალიტივით თეთრი კბილები უბრწყინავს. უკან

    1156. (გ) მჩქეფრად სისხლისა ნაკადი მოსდის ალვისა ხისაგან, - აზრი, როგორც ჩანს, შემდეგია: მას, ალვის ხის მსგავსს, ცრემლი ჩქეფით მოსდის. უკან

    1167.(ბ) ვარდი ერთგან შეეწება, მარგალიტსა არ აჩენდა; - ტაეპის აზრია: ნესტანს პირი მოეკუმა – ტუჩი ტუჩზე მიეწებებინა, კბილებს არ აჩენდა. უკან

    1189. (ა) „ვით მზემან, მისნი მჭვრეტელნი შექმნნა თვალისა მფახველად; - ტაეპის აზრია: ნესტანმა მნახველებს თვალი მოსჭრა.უკან

    1191. (გ) ვარდი ერთგან შეეწება, მარგალიტსა არ აღებდა, - ტაეპის აზრია: ტუჩები მოეკუმა, კრიჭა შეეკრა. უკან

    1198. (ბ) ხელმწიფე დაჯდა ნადიმად, მსგავსად მათისა გვარისად, - ტაეპის აზრია: მეფე კვლავ ნადიმს შეუდგა, უკან

    1204. (დ) მე გამიშვით, ღმერთსა თქვენსა მიავალეთ თქვენი ვალი!“ - ტაეპის აზრია: ამ კეთილი საქმით ღმერთის წინაშე ვალი მოიხადეთ. უკან

    1205. (დ) ნახეთ, თუ ოქრო რასა იქმს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა! - ტაეპის აზრია: ოქრო ეშმაკის ძირიდან ამოზრდილი ხის კვერთხია. უკან

    1215. (დ) აწ ისრე მკვდარსა ვიგონებ, იშ, თავი ვიხსენ მე რულად! - საერთო აზრია: ახლა ვფიქრობ, მახსენდება, ისე (უსახელოდ, საზარლად) რომ მოკვდა! რულად – როგორ. უკან

    1218. (გ) მეფე მწყრალი გარდასწმედდა სახლსა ჩემსა გარდაგვითა, - ტაეპის აზრია: მეფე ჩემ ოჯახს მიწის პირიდან აღგვიდა. უკან

    1222. (ბ) შენი ვერავინ ვერა ცნას, შენი სიმუხთლე სადა-რე; - საერთო აზრია: შენს სიმუხთლეს, საწუთროვ, ვერაფრით, ვერცერთი მხრივ ვერ გავუგებთ რაიმეს.უკან

    1222. (დ) მით ვხედავ ბოლოდ სოფელსა, ოხრად ჩანს ყოვლი სად არე! - ტაეპის აზრია: ამიტომ, საბოლოოდ, წუთისოფელს ისეთად ვხედავ, სადაც ყოველივე (ყოველი არე) ოხერია, ადამიანისთვის უხმარია.უკან

    1224. (ბ) მას ვიგონებდი მღვიძარე, რა მიმეძინის ლულითა; - ტაეპის აზრია: ღვიძილშიც და ძილშიც ნესტანი მედგა თვალწინ. უკან

    1224. (დ) ვერ მიმიახლოს საახლოდ კრულმან პირითა კრულითა. - ტაეპის აზრია: უსენს ახლოს არ ვეკარები. უკან

    1230. (ბ) ვისცა არ დაჰკოდს, ყმა მისი ვერავის დაუკოდია; - ტაეპის აზრია: თვითონ თუ არ დაუშავა რამე თავის ქვეშევრდომს, სხვა ვერავინ დაუშავებს რასმე, ვერავინ მოერევა. უკან

    1231. (გ) ვითა ვჰკადროთო დავსება პირისა, ხმელთა მნათისა? - ტაეპის აზრია: დულარდუხტს როგორ ვუთხრათ მისი დის სიკვდილი? უკან

    1245. (გ) მენიშნა, ყოვლი ნიშანი ვიცან ჩემისა ღონისა, - ტაეპის აზრია: ყველაფრით მივხვდი, რომ მეშველა (იგულისხმება: ნესტანის ხსნის იმედი დავინახე). უკან

    1253. (დ) „ამბავი ჩემი სალხინო მითხრაო ვისმანღა დამან!“ - ტაეპის აზრია: ეს რა სალხინო ამბავი მითხრა ნესტანის დამ, ნესტანის დასავით მოსიყვარულემ (ფატმანმა)! უკან

    1255. (გ) ფატმან უთხრა: „მომისმინე, მართლად გხედავ მანდა მკრთალსა, - ტაეპის აზრია: მართალი ხარ, რომ ქაჯთა ხორციელობა გაგიკვირდა. უკან

    1256. (გ) ყოველთა კაცთა მავნენი, იგი ვერვისგან ვნებულნი; - ტაეპის აზრია: ქაჯნი ჩვეულებრივ ადამიანს ავნებენ, ჩვეულებრივი ადამიანი მათ – ვერა. უკან

    1261. (დ) გული მხეც-ქმნილი გასჭრია მხეცთავე თანა რბოლითა. - სირბილით. აზრია: ავთანდილის გული ტყე-ღრეში ხეტიალს და მხეცებთან ყოფნას ნატრობს.უკან

    1262. გ) იტყვის, თუ: „მნახეთ, მიჯნურნო, იგი ვინ, ვარდია ვისად,
    (დ) უმისოდ ნეხვთა ზედა ვზი ბულბული მსგავსად ყვავისად!“ - გ და დ ტაეპთა აზრია: შემომხედეთ, ის, ვისაც ვარდი მეკუთვნის, უმისოდ ნეხვზე ვზივარ! უკან

    1267. (დ) თუმცა რასმე იფერებდა, მეტი არა გაჰვიდოდა. - ტაეპის აზრია: ავთანდილს ფატმანის იმდენი ხათრი არ ჰქონდა, რომ თავისი როლის თამაში კიდევ განეგრძო. უკან

    1276. (ბ) ქალსა ვაცნობოთ ყველაი, ამბავი ჩვენგან ცნეული; - ტაეპის აზრია: ნესტანს ვაცნობოთ ყველაფერი, რაც ჩვენ ვიცით. უკან

    1276.(გ) მანცა გვაცნობოს მართალი, ვქმნათ მისი გამორჩეული, - ტაეპის აზრია: ნესტანმა მოგვწეროს, რაც იცის ციხის შესახებ, და ამის მიხედვით დავგეგმოთ ბრძოლა. უკან

    1279. (დ) ბროლო და ლალო, ოროვე კვლა ერთგან შენათხზენაო! - ტაეპის აზრია: აგრეთვე, ერთად შეზავებულო ბროლო და ლალო! უკან

    1287. (დ) შეცვალა ვარდი ზაფრანად, ლაჟვარდის ფერად – იანი. - აზრია: წითელი ლოყები გაუყვითლდა. უკან

    1298.(ბ) ვერ იტყოდა ენა ჩემი, თავი ჭირთა გავაკრძალე; - ტაეპის აზრია: ვერ გავუძლებდი გულისტკივილს, ჩემი ამბავი რომ მომეთხრო. უკან

  4. 1301. (ბ) მისმანვე ცრემლმან დაუვსის, ვის ედებოდის, ვის, ალი, - ტაეპის აზრია: ვისაც (ტანჯვის) ალი ედებოდა (იგულისხმება: ნესტანს), მას ამ ალს მისივე ცრემლი უქრობდა. იგულისხმება: ნესტანი ტანჯვას ცრემლით იოხებდა. უკან

    1301. (დ) ვარდი გააპის, გამოჩნდის მუნ ბროლი გამომჭვირალი. - ტაეპის აზრია: ნესტანს წერილის წერამ ღიმილი მოჰგვარა, მისი ვარდივით ბაგეები გაიპო და ბროლივით კბილებმა გამოანათა. უკან

    1303. (გ) ბრძენნი იცნობენ, სწუნობენ მით, მათგან საწუნელია; - ტაეპის აზრია: ბრძენნი იმიტომ გმობენ და უარყოფენ ამ საწუთროს, რომ ის მართლაც ასეთი დამოკიდებულების ღირსია. უკან

    1307. (დ) აწ კვლა ქმნა იგი სოფელმან, რაცა მას შეეფერების. - წუთისოფელმა მისებურად მიმუხთლა უკან

    1309. (გ) დღისით და ღამით მოყმენი ნობათსა არ დასცდებიან, - ტაეპის აზრია: საგუშაგოზე მუდამ მეომრები დგანან. უკან

    1310. (ა) „ნუ, თუ ესენი გეგონნენ სხვათა მებრძოლთა წესითა! - ტაეპის აზრია: არ გეგონოს, რომ ესენი სხვა მეომრებს ჰგვანან, ვინც შენ ადრე გინახავს! უკან

    1312. (ბ) შენმან მზემან, ვერვის მიჰხვდეს, მო-ცა-ვიდენ სამნი მზენი. - ტაეპის აზრია: მე არავისზე გაგცვლი, თუნდა მზეზე სამჯერ ულამაზესი კაციც მოვიდეს ჩემთან. უკან

    1312. (დ) სული ჩემი შეივედრე, ზეცით მომხვდენ ნუთუ ფრთენი! - ტაეპის აზრია: ევედრე ღმერთს, ეგებ ჩემს სულს ფრთები მისცეს! უკან

    1314. (ბ) განაღამცა მას ეახელ მისი ეტლი, არ თუ წბილი! - ტაეპის აზრია: შენ, მზის ბრწყინვალე ეტლი, მასთან უნდა იყო! (“ლომი” ერთ-ერთი ზოდიაკოს სახელია, ტარიელი კი ლომია). უკან

    1317. (ბ) ცან, სამართალი მართალი გულისა გულსა მივა რად! - ტაეპის აზრია: ნახე, ჩემი გულის სამართლიანი და ალალი სამდურავი ბედისადმი რა გასაგებია შენი გულისთვისაც! უკან

    1324. (გ) მან გაახაფოს ხმა ხაფი, კვლა უფრო გასახაფავი, - ტაეპის აზრია: ფრიდონი რიხიანად იყოს, ჩვენი საერთო საქმის წარმატებით გახარებული! ახლო მომავალში, ქაჯეთს რომ შევუტევთ, მას კიდევ უფრო მეტი რიხი დასჭირდება. უკან

    1332. (ა) „ამა მონათა ჩემზედა გარდაუხდელი გულია: - ტაეპის აზრია: ამ მონების მიერ გამოჩენილი გულისხმიერება მე ვალად მაწევს. უკან

    1333. (გ) შესთვალა ზეპირ, რაცა ხმდა, სრულად, მართ ვითა ჰგია, მან, - ტაეპის აზრია: მონებს ფრიდონთან ყოველგვარი მოკითხვა და ბოდიში დააბარა, რასაც წესი მოითხოვდა. უკან

    1333. (დ) მათ მარგალიტი უჩვენის ძოწისა კარმან ღიამან. - ტაეპის აზრია: ავთანდილმა გაიღიმა; მისი ძოწისფერი ბაგეები გაიხსნა და მარგალიტივით კბილები გამოაჩინა. უკან

    1345. (დ) „რათგან შენ გნახე, რა მგამა, პატიჟი მჭირდეს მევ რები!“ - ტაეპის აზრია: ცრემლმა ტარიელი თავიდან ფეხებამდე დაასველა. უკან

    1347. (ბ) ყოველი ჩემი სალხინო მინახავს, – ნახვა შენია; - ტაეპის აზრია: რაც კი დამრჩენია სალხინო — შენი ნახვა — ის დღეს უკვე ბედმა მარგუნა. უკან

    1347. (გ) სხვად ნუ ყოს ღმერთმან წამალი, არცა რა მოგისმენია: - ტაეპის აზრია: სხვამხრივ წამალი არც მინდა. შენ არაფერი გსმენია ნესტანისა, მხოლოდ გულს მიკეთებ, მაგრამ შენი მოსვლაც ჩემთვის ბედნიერებაა! უკან

    1347. (დ) კაცმანმცა სოფელს ვით პოვა, რაცა არ საქმე ზენია!“ - ტაეპის აზრია: კაცი ვერ ნახავს ქვეყნად არაამქვეყნიურს, ზეციურ რასმე (იგულისხმება, რომ ნესტანის პოვნა სწორედ ასეთი რამ იქნებოდა). (ალ. ჭინჭარაული). უკან

    1348. (გ) გამოიღო რიდე მისი, ვინ ბაგეთათ ვარდი ვარდა. - ნესტანი რომ დაილაპარაკებს ან გაიღიმებს, მისი ბაგეებიდან, თითქოს, ვარდები იფრქვევა. უკან

    1349. (გ) სულნი გაექცეს, მოდრიკნა თავნი გიშრისა ტალამან. - საერთო აზრია: ტარიელს თვალები დაეხუჭა. უკან

    1350. (დ) მისთა ნიშატთა სიცოცხლე მართ მისი მიიბარესა. - ტაეპის აზრია: მისმა სიხარულმა მისი სიცოცხლე შეიწირა. უკან

    1351. (ბ) ყორანსა გაჰგლეჯს ხშირ-ხშირად, აფრთხობს ბროლისა ჭერითა; - ავთანდილი წამწამებს აფახულებს და ამით ყორანს (წვერ-ულვაშს) აფრთხობს (ალ. ჭინჭარაული). შესაძლოა სხვა გაგებაც: ავთანდილი შავ წვერ-ულვაშს („ყორანს“) იგლეჯს და ტარიელისკენ დახრილი ბროლისებრი პირისახიდან ძირს ყრის. უკან

    1354. (დ) მკერდსა დაასხა, გა-ვე-ხდა ლაჟვარდი ფერად ლალისად. - ტაეპის აზრია: ტარიელს ფერი დაუბრუნდა. უკან

    1355.(დ) ლურჯად ჩანს შუქი მთვარისა, მზისაგან შუქ-ნაკრთომისა. - მთვარე ტარიელია, მზე — ნესტანი. პოეტურ სახეს საფუძვლად უდევს ასტრონომიული მოვლენა: მზესთან „მიახლოებით“ მთვარე შუქს კარგავს, ილევა. უკან

    1357. (გ) მიწყივ წყლულდების, საწუთრო მისი აროდეს მრთელია. - ტაეპის აზრია: ადამიანის გულისთვის, მისი გრძნობისათვის ეს საწუთრო მუდამ წყლულიანია, ჭრილობიანია, ტკივილიანია. იგი არასდროს უხინჯო, საღი არ არის. შესაძლოა ასეთი გაგებაც: კაცის გული მუდამ წყლულდება. (ალ. ჭინჭარაული). უკან

    1359. (ა) იტყვის, თუ: „ნაქმრად არ ვარგა კაცისა გასწავლილისად, - ტაეპის აზრია: შენ, ამდენი წვალების მნახველს, ასეთი უგუნურება (იგულისხმება: გულყრა რიდის დანახვაზე) აღარ შეგეფერება. უკან

    1361. (ბ) შეჰხედნის, თვალნი ამართნის, შავ-თეთრი ელვა ჰკრთებოდა, - ტაეპის აზრია: ტარიელის თეთრი პირისახე და შავი თვალები (სიხარულით) ელვარებდა. უკან

    1365. (დ) არ იცის სმენა ამბისა ჯერთ მისგან სასურვალისა. - აზრია: არ იცის, რომ მოსმენა ელის. უკან

    1366. (დ) აწ გავხედით ბედისაგან ცეცხლთა შრეტით, ჭირთა ლხენით!“ - ტაეპის აზრია: ბედმა ტანჯვის ცეცხლი ჩაგვიქრო და მწუხარებისგან განგვკურნა. უკან

    1367.(ბ) მან მიჰყო ხელი ალვასა, შტო მოჰყვა მოსარხეველად, - ტაეპის აზრია: ასმათის ტანი, რომელსაც ავთანდილმა ხელი მოჰხვია, მას წვრილ შტოსავით დაემორჩილა, სიხარულისგან დასუსტებული. უკან

    1367. (ბ) მან მიჰყო ხელი ალვასა, შტო მოჰყვა მოსარხეველად,
    (გ) ყელსა და პირსა აკოცებს, არის ცრემლისა მფრქვეველად; - შესაძლებელია ბ-გ ტაეპთა სხვა გაგებაც: ასმათმა ხელი მოჰხვია ავთანდილს, ავთანდილი მზრუნველობით დაიხარა მისკენ, ასმათისადმი სინაზემ მისი მოძრაობა რტოსავით ელასტიური გახადა (ნ. წაქაძე).უკან

    1370. (დ) ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!“ - არსება დღეგრძელია, გამძლეა, ხოლო ბოროტისა — დღემოკლე, არამდგრადი (ეს აზრი გამოძახილია „ბოროტთა უარსობის” ანუ ეთიკური მონიზმის კონცეფციისა, რომელსაც ქადაგებდა ფსევდო-დიონისე არეოპაგელი ნეოპლატონურ წყაროებზე დაყრდნობით.) უკან

    1379. (ბ) ჯაჭვ-მუზარადსა აბჯარი მართ ვერა ვერ მოჰკიდიან; - ტაეპის აზრია: ვერც ერთ ხმალს და სხვა იარაღს ჯაჭვ-მუზარადი ვერ გააჭრევინეს, მასზე ფხა ვერ მოაკიდებინეს. უკან

    1380. (ბ) ღმერთმან მოგვხედნა თვალითა, ზეგარდმო მონახედითა“. - ტაეპის აზრი, როგორც ჩანს, შემდეგია: აბჯრები მოიზომეს და ვისაც რომელი კარგად მოადგა, ის აიღეს. უკან

    1381. (გ) ავთანდილ თქვა: „ამას იქით დავამაგრო ხრმალსა ნები, - ტაეპის აზრია: ამიერიდან მხოლოდ ბრძოლა მახსოვს. უკან

    1385. (ბ) მუნ მეჯოგეთა ფანოსი შეექმნა, ეკრა კვესებსა, - ტაეპის აზრი, როგორც ჩანს, შემდეგია: მეჯოგეებმა ცეცხლები დაანთეს ხიფათის ნიშნად. უკან

    1395.(ბ) სამასი კაცი გვეყოფის, წავიდეთ მართ მეოტანი; - ტაეპის აზრია: წავიდეთ ჩუმად, როგორც ლტოლვილები; ან: წავიდეთ სწრაფად (ალ. ჭინჭარაული). უკან

    1398. (დ) აქათგან ღამით ვლა გვინდა მით, არას გამჟღავნებულთა“. - აზრია: ისე უნდა ვიაროთ, რომ არაფერმა გაგვამჟღავნოს. უკან

    1402. (ა) „ჩემსა სიმცროსა გამზრდელნი სამუშაითოდ მზრდიდიან, - იგულისხმება: ისე მზრდიდნენ, რომ ჯამბაზის ხელოვნებაც მცოდნოდა. უკან

    1403. (დ) თქვენ ჭირად გიყო შიგანთა პოვნა კაცისა მრთელისა. - ტაეპის აზრია: ისე დავხოც მოწინააღმდეგეებს ქალაქის შიგნით, რომ მათში საღი კაცის პოვნა გაგიჭირდებათ. უკან

    1405. (ბ) ლომთა მკლავთაგან იმედი გაქვს, არა წყლულნი გტკივიან, - ტაეპის აზრია: ლომისებრი მკლავების იმედი გაქვს, განა დაწყლულებული და დასუსტებული ხარ! უკან

    1408.(ა) „სამთავე შესლვა არ ვარგა, თუ გვიგრძნან, არს სათუები; - ტაეპის აზრია: შესაძლოა, მიგვიხვდნენ განზრახვას, თუ სამივენი წავალთ. უკან

    1409.(გ) კლიტეთა დავლეწ, გავახვამ, დამიდგამს ვერ ქვითკირი სად; - აზრია: ვერსად ვერავითარი ქვითკირი ვერ გამიძლებს. უკან

    1410. (ა) ტარიელ უთხრა: „მე თქვენი ვცან, გმირთა, მეტი გმირობა, - ტაეპის აზრია: თქვენი – გმირთა და ლომგულთა – კიდევ უფრო მეტი გმირობა დავინახე. უკან

    1410. (დ) კაციმცა მაშინ თქვენ გახლავს, რა ომმან ქმნას გაჭირობა! - ტაეპის აზრია: თქვენისთანების ყოლა კაცს სწორედ გაჭირვებულ ბრძოლაში გამოადგება. უკან

    1411. (ა) „მაგრა იყვენით ჩემთვისცა საქმისა რასმე რჩევითა: - ტაეპის აზრია: ჩემი ინტერესებიც გაითვალისწინეთ! უკან

    1411. (დ) ესე მე დამსვრის, ნუ უბნობთ სიტყვითა თქვენ სათნევითა. - ტაეპის აზრია: ტყუილად ნუ მარწმუნებთ, შენი სახელი არ შეილახებაო, ნესტანის თვალში არ დაეცემიო. უკან

    1414. (ა) ფრიდონ უთხრა: „შემიგიან, გაგიგია, ვიცი მე, რა: - მივხვდი, ვიცი, შენ გულში რაც გაქვს!
    (ბ) მაგა ცხენსა ჩემეულსა მოასწრებენ კართა ვერა, - ჩემი ნაჩუქარი ცხენი ისე სწრაფია, რომ კარების დახურვას ვერ მოუსწრებენ. უკან

    1415. (გ) ერთმანერთსა ელაღობნეს ლაღობათა, მათთა მშვენთა, - ტაეპის აზრია: ერთმანეთს მათი შესაფერი ხუმრობით ეხუმრნენ. უკან

    1417. (ა) იგი ჭაბუკნი შუქითა ვნახენ მზისაცა მეტითა; - ტაეპის აზრია: სამ რაინდს გონების თვალით ვხედავ, მზეზე უფრო ბრწყინვალეებს. უკან

    1422. (გ) სამთავე სამგნით მიჰმართეს, თავის-თავ უყვეს რიალი, - ტაეპის აზრია: სამივემ ცალ-ცალკე დაუწყო მეციხოვნეებს ბრძოლა თავის უბანზე (ალ. ჭინჭარაული). უკან

    1423. (ბ) კრონოს, წყრომით შემხედველმან, მოიშორვა სიტკბო მზისა. - ასტროლოგიური წარმოდგენით, კრონოსი ანუ სატურნი უბედურების მომცემი პლანეტაა. მზეს, როგორც კეთილმოქმედ მნათობს, შეუძლია კრონოსის ავი მოქმედება შეასუსტოს ან გააბათილოს. კრონოსისგან მზის გავლენის „მოშორვება”, როგორც ამ სტროფშია ნახსენები, საშინელი უბედურების მომასწავებელია. უკან

    1428. (გ) მუზარადი მოეხადა, ჰშვენის აკრვა თმასა ლელსა, - ან: ნესტანს უხდება, ლელი თმა რომ საფეთქლებზე აჰკვრია; ან: კარგი სანახავია, ლერწამივით წერწეტ ტარიელს რომ ნესტანი თმის ღერივით აჰკვრია. უკან

    1429. (გ) მზე რა ვარდსა შემოადგეს, დაშვენდეს და შუქნი არნეს, - ტაეპის აზრია: ვარდს მზე რომ მიადგება, ბრწყინვალება მოემატება. უკან

    1430. (ბ) კვლა შეეწებნეს ხშირ-ხშირად ვარდნი ბაგეთათ პობილნი. - ტაეპის აზრია: ვარდივით წითელი ბაგეები ერთმანეთს შეეწებნენ. უკან

    1432. (გ) არა სჭირდა, არ ინანეს, რომ აბჯარი არ გაითხეს, - აზრია: არ ინანეს, რომ თხელი აბჯარი არ ჩაიცვეს. უკან

    1456. (ბ) კვლა ამტკიცებდეს სიტყვათა, მათ პირველ დანამტკიცართა; - ტაეპის აზრია: ძმობის ფიცი კვლავ განაახლეს. უკან

    1461. (ბ) ბოლოდ ასრე გააცხადნა გონებამან დაფარულნი. - დაფარულნი. აზრი შემდეგია: ღმერთმა ცხადი გახადა ქვეყნიურ მოვლენათა საფუძველი, რომელიც თვალთაგან დაფარულია — სიკეთე, ღვთის სახიერება. უკან

    1464.(გ) ესე თქვა, ნელად ატირდა და წვიმა თოვლსა არია,
    (დ) ნარგისთათ იძრვის ბორიო, ვარდსა ზრავს იანვარია. - ტაეპთა აზრია: ტარიელი ტირის, მის სახეს გლოვა ისე ამწუხრებს, როგორც ბუნებას – ზამთარი. უკან

    1477. (ბ) „არს გული თქვენი საჩემოდ უფროსი ძმისა სრულისა, - ტაეპის აზრია: თქვენმა გულმა მე ღვიძლ ძმაზე უკეთესად მიმიღო. უკან

    1478. (ბ) აწ მე მაქვს ნაცვლად მისისა მოხმარებისა წადება: - ტაეპის აზრია: ჩემი ცეცხლივით მისი ცეცხლიც უნდა ჩაქრეს, ახლა მე მას უნდა მივეხმარო. უკან

    1483. (ა) „რა მოვა ჩემთვის განგება, ზეცით მოსრულნი ზენანი,
    (ბ) ღმერთი იწადებს, მომივლენ გულსა სახმილთა ლხენანი; - ტაეპთა აზრია: თინათინს მაშინ შევუერთდები, როცა ღვთიური განგების ნება იქნება. უკან

    1484.(ბ) „მადლი რად უნდა, მეფეო, ხარ რაზომ გინდა ლმობილი? - ტაეპის აზრია: ჩემს გარდახდილ ღვაწლს რა მადლობა უნდა? უკან

    1484. (დ) ღმერთმან მუნამდის მიწა მყოს, ვირ მეფე იყო ცნობილი! - ტაეპის აზრია: მანამდე ღმერთმა დამამიწოს! ეს იცოდე, სანამ გონიერ მეფედ ხარ, ე.ი. მუდამ. შესაძლოა ტაეპი ასეც გავიგოთ: სანამ შენ მეფე ხარ, მე შენი მიწა და მტვერი ვიყო (ალ. ჭინჭარაული). უკან

    1497. (ა) „მე ვიცი გული საშენოდ შენისა საყვარელისა, - ტაეპის აზრია: ვიცი, რომ თინათინის გული შენ გეკუთვნის. უკან

    1498. (ბ) რომე მოგცეს ქალი მისი მან მისითა მოგონებით. - ტაეპის აზრია: თვითონვე იფიქროს და ქალი ისე მოგცეს. უკან

    1501.(გ) ჰკიდავს ბროლსა ყორნის ბოლო დაწყობილი, დანათხზენი, - ტაეპის აზრია: ნესტანს თეთრ ყელზე შავი თმა სცემს. უკან

    1505. (გ) ამხანაგობდეს, ლაღობდეს წასლვასა მათ საქმეთასა, - აზრია: ლაღობდნენ უბედურების წასვლის გამო. უკან

    1507. (დ) მაგრა, ძეს რომე საჭურჭლე, ჰგვანდა, კაც-დაუკარები. - ტაეპის აზრია: მაგრამ ასე ჰგავს, რომ სიმდიდრე ისევ კაცის ხელდაუკარებია, მას, თითქოს, არაფერი დაჰკლებია. უკან

    1509. (გ) მტერი ყოვლი ჩალად გიჩანს, ვინმცა იყო ვითა კეტი? - ტაეპის აზრია: ასეთი ბრწყინვალე ვაჟკაცი ხარ. ვინ იქნება კეტივით უგრძნობი, რომ შენი ცქერა დასთმოს? ან: ყველა მტერი შენთან ჩალასავით რბილია, კეტივით მაგარი ვერცერთი ვერაა (ალ. ჭინჭარაული). უკან

    1510. (დ) ავთანდილ-ა გალეული შესაყრელად მთვარე მზისად. - ტაეპის აზრია: ავთანდილი გალეულია, როგორც მზის შესაყრელად მოსწრაფე მთვარე. უკან

    1523. (გ) გაკვირვებით ეუბნების, არის მისგან სათამამოდ: - ტაეპის აზრია: მეფეს თავის სათამამოდ, თავის სასახელოდ მიაჩნია, რომ ასეთ სრულყოფილ გმირს ხედავს. უკან

    1525. (გ) მიკვირს, თუ ეგრე სიკეთე თქვენ ჩემი რად გეგონების! - ტაეპის აზრია: მიკვირს, ასეთი კარგი რად გეჩვენებით?! უკან

    1534. (დ) რადმცა ვჰკადრე შეცილება, რასცა ოდენ იგი ჯერ-ა! - ტაეპის აზრია: როგორ დავუშლი თინათინს იმას, რისიც იგი თვით თანახმაა?! უკან

    1538. (გ) მზე ღრუბელსა მოჰფარვოდა, ქუშდებოდა, ვარდსა ზრვიდა, - ტაეპის აზრია: ავთანდილი სირცხვილისგან მოღუშულიყო. უკან

    1545. (ბ) შენთვის ხელნი გონებანი არა ცუდად არიანო, - ტაეპის აზრია: ფიქრი შენთვის ტყუილად არ ხელდება, შენ ამას იმსახურებ.
    (გ) მზიანო და მთვარიანო, ეტლად რაო და რიანო, - რა ეტლის (იგულისხმება: რა ბედნიერი ზოდიაკოს) მქონე ხარ! უკან

    1546. (ბ) ვით მზემან, დაყვნა მჭვრეტელთა თვალნი ნათლისა ჩენასა; - ტაეპის აზრია: დღისით, მზისით მნახველებს თვალი მოსჭრა.
    (გ) მისგან დამწვარნი მისცნიან გულნი ჭვრეტითა ლხენასა, - ტაეპის აზრია: მისგან დამწვარი გულები მისივე ცქერით დააამეს, გაახარეს. უკან

    1551. (დ) ნუ ეჭვ მიჯნურთა მათებრთა ნუცა თუ რამინს და ვისსა! - ტაეპის აზრია: ნუ გგონია, რომ ვისიც და რამინიც კი მათებრი მიჯნურნი არიან! უკან

    1554. (ა) მართ მეფემან სპათა ბრძანა ავთანდილის თაყვანება: - ტაეპის აზრია: მეფემ ბრძანა, სპანი (ჯარები) ავთანდილს ეთაყვანონო მისი უმაღლესი ხელისუფლების აღიარების ნიშნად. უკან

    1555. (ბ) მოახსენეს: „მიწა ვექმნნეთ, ვინცა მიწად მიგვიყვანნეს, - ტაეპის აზრია: მიწა და მტვერი ვიქნებით ჩვენი „მიწად მიმყვანის“, ჩვენი დამმარხველის (საალერსო სიტყვაა. გულისხმობს ავთანდილს) წინაშე (ალ. ჭინჭარაული). უკან

    1559. (ბ) კვლა უცხო-ფერთა ჭურჭელთა ჰსხდის უცხო-უცხო სიქები; - აზრია: ნაირ-ნაირი წარმოშობისა და ნაკეთობის ჭურჭელი იყო. უკან

    1561.(გ) გაბედითდა წასაღებად ატლასი და ოქრო მყარი. - ტაეპის აზრია: ოქროსა და ატლასის წაღებაც არავის უნდოდა. უკან

    1562. (დ) ხამს, ყურსა გვეგდოს საყურად ჩვენ თქვენი ნატერფალია. - ტაეპის აზრია: ისეთი სრულყოფილნი ხართ, რომ თქვენი (ან: თქვენ ცხენთა) ფეხდანადგამი მიწა ჩვენ, დანარჩენებს, ყურთბალიშად უნდა გვქონდეს. შესაძლოა სხვა გაგებაც: თქვენი ცხენის ნალები საყურეებად გვქონდეს, რაც ნიშნავს: „თქვენი მორჩილი ვიყოთ“ (ალ.ჭინჭარაული). უკან

    1564. (ა) არაბთა მეფე მასპინძლობს, იქმს ოდენ არიფობასა,
    (ბ) ზოგჯერ მათ ახლავს, ზოგჯერ – მათ, არ იხმობს ხელმწიფობასა, - ტაეპთა აზრია: როსტევანი არ იმჩნევს, რომ მეფეა, თავი ისე უჭირავს, თითქის მხოლოდ მონადიმეა. უკან

    1565. (ა) მეფესა ქმრითურთ პატივი ჰქონდა ინდოთა ქალისა, - ტაეპის აზრია: მეფე (როსტევანი) პატივს სცემს ნესტანს მისი ქმრითურთ (ტარიელითურთ). უკან

    1568. (დ) მათ ყოვლთა მათნი ელვანი ჰფარვენ, მართ ვითა მზისანი. - ტაეპის აზრია: ყველა ეს გმირები და მზეთუნახავები საკუთარ სხივთა ელვარებით არიან შემოსილნი. უკან

    1569. (ა) ტარიელ ჰგვანდის ვარდსა და იყვის ფიფქისა მთოველად, - ტაეპის აზრია: ტარიელი დამწუხრებული იყო. უკან

    1570. (ა) „უცებნი მოსრნის მცოდნელთა ცოდნამან, ხელოვნებამან. - შენ ხომ მცოდნე ხარ, ჩემს გულის ნადებს გაიგებ. უკან

    1572. (ბ) მან უთხრა: „გაე, ნუ უბნობ, შეცევ ბროლისა ყორები, - აზრია: კბილებს ნუ აჩენ, პირი მოკუმე! უკან

    1577.(გ) არა თუ იგი მოჰშორდეს, მართ ცამან მოაშოროსა - ტაეპის აზრია: ცისკრის ვარსკვლავი თავისი ნებით კი არ მოჰშორდება ნალევ მთვარეს, რომელიც მის ბადლადღა ანათებს, არამედ მას ცის ბრუნვა მოაშორებს. პოეტური სახის აზრი აგებულია „ცის ბრუნვის“ ცნების ორმნიშვნელოვნებაზე: ასტრონომიული თვალსაზრისით, ცათა ბრუნვა ციურ სხეულთა გადაადგილების მიზეზია. მეორე მხრივ, მოარული ფატალისტური წარმოდგენის თანახმად, ცის ბრუნვა ყოველივე მოსახდენის წარმმართველი და განმაპირობებელია. უკან

    1578. (დ) მათთა გამყრელთა ყოველთა სიცოცხლე არ იქადიან. - ტაეპის აზრია: ისეთი მშვენიერნი არიან, რომ მათგან შორს მყოფებს თავისი სიცოცხლეც ეეჭვებათ (ან: აღარ უღირთ).უკან

    1580. (დ) აგრემცა მივი, რაზომსა მე ცრემლსა დავიდინებო!“ - აზრია: ისე შენ იცოცხლე, როგორც მე ცრემლით მომენატრები! უკან

    1581. (დ) რომე მწადდეს, ვერ დავწერე მე სიტყვანი ნაათალნი! - ტაეპის აზრია: რაც მინდოდა, იმის მეათედი ვერ დავწერე. უკან

    1584. (დ) უბრძანა: „თქვენთვის მტირალსა ყოლ არად მიჩნდეს სალა მე!“ - ტაეპის აზრია: თქვენთან განშორებამ ისე დამამწუხრა, რომ სალაც კი აღარაფრად მიმაჩნია. უკან

    1605.(გ) ერთმანერთსა აჯობინეს, მჭვრეტელთაგან არ გაუქდეს, - ტაეპის აზრია: შემხედველებმა სამივე აქეს, ერთი მეორეს ამჯობინეს. უკან

    1618. (დ) წაღმავე წაგრეხს სოფელი კვლა მისგან უკუ ნაცარსა. - ტაეპის აზრია: წუთისოფელი, ცხოვრება თავის მოვლენილ უბედურებას და უსამართლობას ისევ გაასწორებს. უკან

    1627. (დ) გიშრისა ტევრსა მოჰფოცხდა ბროლისა საფოცხელია. - ტაეპის აზრია: ტარიელი დარდისგან თმას ან წვერ-ულვაშს იგლეჯს. უკან

    1628. (გ) ვარდსა რტონი ჩამოსცვივდეს, ზე ვერავინ წამომართა, - ტაეპის აზრია: ნესტანმა დარდით თავი ჩაქინდრა, მწუხარებას მიეცა. უკან

    1649. (ბ) ზედა-ზედა დავსტკებნიდე დარბაზსა და ამა თემსა; - ტაეპის აზრია: აქ, თქვენთან, ხშირ-ხშირად მოვალ. უკან

    1658. (დ) ვწერ ვინმე მესხი მელექსე, მე, რუსთველისად ამისა. - აზრი შემდეგია: მე, ვინმე მესხი მელექსე, ამ შემაჯამებელ სტროფსაც, რომელიც ყოველივეს წარმავლობაზე მეტყველებს, ამავე რუსთველის სახელით (ფსევდონიმით) ვწერ, ვისი სახელითაც (ფსევდონიმითაც) დანარჩენი ტექსტი დავწერე უკან

    1659. (ა) ქართველთა ღმრთისა, დავითის ვის მზე ჰმსახურებს სარებლად, - ტაეპის აზრია: დავითის (სოსლანის) სიცოცხლე და მისი ბედი, მისი იღბალი ბრძოლა-ლაშქრობაში თამარს ემსახურება. უკან

    1661. (დ) ვის არ შეუცვლის, კარგია, ორისავ იყოს მხლებელი. - ტაეპის აზრია: კარგია, თუ ბედმა კაცს საიქიო ცხოვრებაც არ დააკარგვინა, წაწყმედამდე არ მიიყვანა. უკან

ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9