1 2 3 4 5 6 7 8 9

2 20 21 22 23 24 25 26 27 28 29
2 20 21 22 23 24 25 26 27 28 29

2

ამბავი როსტევან არაბთა მეფისა
 
33

(ა) იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი,
(ბ) მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი, ყმიანი,
(გ) მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი,
(დ) თვით მეომარი უებრო, კვლა მოუბარი წყლიანი.

34

(ა) სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტო ასული,
(ბ) სოფლისა მნათი მნათობი, მზისაცა დასთა დასული;
(გ) მან მისთა მჭვრეტთა წაუღის გული, გონება და სული,
(დ) ბრძენი ხამს მისად მაქებრად და ენა ბევრად ასული.

35

(ა) მისი სახელი - თინათინ, არს ესე საცოდნარია!
(ბ) რა გაიზარდა, გაივსო, მზე მისგან საწუნარია.
(გ) მეფემან იხმნა ვაზირნი, თვით ზის ლაღი და წყნარია,
(დ) გვერდსა დაისხნა, დაუწყო მათ ამო საუბნარია.

36

(ა) უბრძანა: „გკითხავ საქმესა, ერთგან სასაუბნაროსა:
(ბ) რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა,
(გ) იგი წახდების, სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა;
(დ) მზე ჩაგვისვენდა, ბნელსა ვჭვრეტთ ღამესა ჩვენ უმთენაროსა.

37

(ა) მე გარდასრულვარ, სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია,
(ბ) დღეს არა, ხვალე მოვკვდები, სოფელი ასრე მქმნელია;
(გ) რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?!
(დ) ჩემი ძე დავსვათ ხელმწიფედ, ვისგან მზე საწუნელია.

38

(ა) ვაზირთა ჰკადრეს: „მეფეო, რად ჰბრძანეთ თქვენი ბერობა?
(ბ) ვარდი თუ გახმეს, ეგრეცა გვმართებს მისივე ჯერობა,
(გ) მისივე ჰმეტობს ყოველსა სული და ტურფა ფერობა.
(დ) მთვარესა მცხრალსა ვარსკვლავმან ვითამცა ჰკადრა მტერობა?!

39

(ა) „მაგას ნუ ჰბრძანებთ, მეფეო, ჯერთ ვარდი არ დაგჭნობია,
(ბ) თქვენი თათბირი ავიცა სხვისა კარგისა მჯობია;
(გ) ხმდა განაღამცა საქმნელად, რაცა თქვენ გულსა გლმობია:
(დ) სჯობს და მას მიეც მეფობა, ვისგან მზე შენაფლობია.

40

(ა) თუცა ქალია, ხელმწიფედ მართ ღმრთისა დანაბადია;
(ბ) არ გათნევთ, იცის მეფობა, უთქვენოდ გვითქვამს კვლა დია;
(გ) შუქთა მისთაებრ საქმეცა მისი მზებრ განაცხადია.
(დ) ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია“.

41

(ა) ავთანდილ იყო სპასპეტი, ძე ამირ-სპასალარისა,
(ბ) საროსა მჯობი ნაზარდი, მსგავსი მზისა და მთვარისა,
(გ) ჯერთ უწვერული, სადარო ბროლ-მინა საცნობარისა;
(დ) მას თინათინის შვენება ჰკლვიდის წამწამთა ჯარისა.

42

(ა) გულსა მისსა მიჯნურობა მისი ჰქონდა დამალულად;
(ბ) რა მოჰშორდის, ვერ-მჭვრეტელმან ვარდი შექმნის ფერ-ნაკლულად;
(გ) ნახის, ცეცხლი გაუახლდის, წყლული გახდის უფრო წყლულად.
(დ) საბრალოა სიყვარული, კაცსა შეიქმს გულ-მოკლულად!

43

(ა) რა მეფედ დასმა მეფემან ბრძანა მისისა ქალისა,
(ბ) ავთანდილს მიჰხვდა სიამე, ვსება სჭირს მის სოქ-ალისა;
(გ) თქვა: „ზედა-ზედა მომხვდების ნახვა მის ბროლ-ფიქალისა,
(დ) ნუთუ მით ვპოვო წამალი მე ჩემი, ფერ-გამქრქალისა“.

44

(ა) არაბეთს გასცა ბრძანება დიდმან არაბთა მფლობელმან:
(ბ) „თინათინ ჩემი ხელმწიფედ დავსვი მე, მისმან მშობელმან,
(გ) მან განანათლნეს ყოველნი, ვით მზემან მანათობელმან.
(გ) მოდით და ნახეთ ყოველმან, შემსხმელმან, შემამკობელმან!“

45

(ა) მოვიდეს სრულნი არაბნი, ჯარი განმრავლდა ხასისა:
(ბ) ავთანდილ პირ-მზე, სპასპეტი ლაშქრისა ბევრ-ათასისა,
(გ) ვაზირი სოგრატ, მოახლე მეფისა დასთა დასისა;
(დ) მათ რომე დადგეს საჯდომი, თქვეს: „ურქმელია ფასისა!“

46

(ა) თინათინ მიჰყავს მამასა პირითა მით ნათელითა,
(ბ) დასვა და თავსა გვირგვინი დასდგა თავისა ხელითა,
(გ) მისცა სკიპტრა და შემოსა მეფეთა სამოსელითა.
(დ) ქალი ბრძნად უჭვრეტს ყოველთა ცნობითა ზე-მხედველითა.

47

(ა) უკუდგეს და თაყვანის-სცეს მეფემან და მისთა სპათა,
(ბ) დალოცეს და მეფედ დასვეს, ქება უთხრეს სხვაგნით სხვათა,
(გ) ბუკსა ჰკრეს და წინწილანი დაატკბობდეს მათთა ხმათა.
(დ) ქალი ტირს და ცრემლთა აფრქვევს, ყრის ყორნისა ბოლო-ფრთათა.

48

(ა) მამისა ტახტსა საჯდომად თავი არ ეღირსებოდა,
(ბ) ამად ტირს, ბაღი ვარდისა ცრემლითა აივსებოდა;
(გ) მეფე სწვრთის: „მამა ყოველი ძისაგან ითავსებოდა,
(დ) ამისად ქმნამდის დამწველი ცეცხლი არ დამევსებოდა“.

49

(ა) უბრძანა: „ნუ სტირ, ასულო, ისმინე ჩემი თხრობილი:
(ბ) დღეს შენ ხარ მეფე არაბეთს, ჩემგან ხელმწიფედ ხმობილი,
(გ) აქათგან ესე სამეფო შენია მართ მონდობილი.
(დ) ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა, იყავ წყნარი და ცნობილი“.

50

(ა) ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების,
(ბ) დიდთა და წვრილთა წყალობა შენცა ნუ მოგეწყინების!
(გ) უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების.
(დ) უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების.
იხ. ტაეპის განმარტებანი

51

(ა) „მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა, რგულია;
(ბ) უხვსა ჰმორჩილობს ყოველი, იგიცა, ვინ ორგულია;
(გ) სმა-ჭამა - დიდად შესარგი, დება რა სავარგულია?!
(დ) რასაცა გასცემ, შენია, რასც არა, დაკარგულია!“

52

(ა) ამა მამისა სწავლასა ქალი ბრძნად მოისმინებდა,
(ბ) ყურსა უპყრობდა, ისმენდა, წვრთასა არ მოიწყინებდა;
(გ) მეფე სმასა და მღერასა იქმს, მეტად მოილხინებდა;
(დ) თინათინ მზესა სწუნობდა, მაგრა მზე თინათინებდა.

53

(ა) მოიხმო მისი გამზრდელი, ერთგული, ნაერთგულევი,
(ბ) უბრძანა: „ჩემი საჭურჭლე, შენგან დანაბეჭდულევი,
(გ) მომართვი ჩემი ყველაი, ჩემი ნაუფლისწულევი“.
(დ) მოართვეს, გასცა უზომო, უანგარიშო, ულევი.

54

(ა) მას დღე გასცემს ყველაკასა სივაჟისა მოგებულსა,
(ბ) რომე სრულად ამოაგებს მცირესა და დიდებულსა.
(გ) მერმე ბრძანა: „ვიქმ საქმესა, მამისაგან სწავლებულსა,
(დ) ჩემსა ნუვინ ნუ დაჰმალავთ საჭურჭლესა დადებულსა“.

55

(ა) უბრძანა: „წადით, გახსენით, რაცა სად საჭურჭლენია!
(ბ) ამილახორო, მოასხი რემა, ჯოგი და ცხენია!
(გ) მოიღეს, გასცა უზომო, სიუხვე არ მოსწყენია.
(დ) ლარსა ხვეტდიან ლაშქარნი, მართ ვითა მეკობრენია.

56

(ა) ალაფობდეს საჭურჭლესა მისსა, ვითა ნათურქალსა,
(ბ) მას ტაიჭსა არაბულსა, ქვე-ნაბამსა, ნასუქალსა;
(გ) რომე ჰგვანდა სიუხვითა ბუქსა, ზეცით ნაბუქალსა,
(დ) არ დაარჩენს ცალიერსა არ ყმასა და არცა ქალსა.

57

(ა) დღე ერთ გარდახდა პურობა, სმა-ჭამა იყო, ხილობა,
(ბ) ნადიმად მსხდომთა ლაშქართა მუნ დიდი შემოყრილობა.
(გ) მეფემან თავი დაჰკიდა და ჰქონდა დაღრეჯილობა.
(დ) „ნეტარ, რა უმძიმს, რა სჭირსო?“ - შექმნეს ამისი ცილობა.

58

(ა) თავსა ზის პირ-მზე ავთანდილ, მჭვრეტთაგან მოსანდომია,
(ბ) სპათა სპასპეტი, ჩაუქი, ვითა ვეფხი და ლომია;
(გ) ვაზირი ბერი სოგრატი თვით მასთანავე მჯდომია.
(დ) თქვეს, თუ: „რა უმძიმს მეფესა, ანუ რად ფერი ჰკრთომია?“

59

(ა) თქვეს, თუ: „მეფე ცუდსა რასმე გონებასა ჩავარდნილა,
(ბ) თვარა აქა სამძიმარი მათი ყოლა არა ქმნილა“.
(გ) ავთანდილ თქვა: „სოგრატ, ვჰკითხოთ, გვითხრას, რადმცა შეგვეცილა?
(დ) ვჰკადროთ რამე სალაღობო, რასათვისმცა გაგვაწბილა?

60

(ა) ადგეს სოგრატ და ავთანდილ ტანითა მით კენარითა,
(ბ) თვითო აივსეს ჭიქები, მივლენ ქცევითა წყნარითა,
(გ) წინა მიუსხდეს მუხლ-მოყრით, პირითა მოცინარითა.
(დ) ვაზირი ლაღობს ენითა, წყლიანად მოუბნარითა:

61

(ა) „დაგიღრეჯია, მეფეო, აღარ გიცინის პირიო.
(ბ) მართალ ხარ: წახდა საჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო,
(გ) ყველასა გასცემს ასული თქვენი საბოძვარ-ხშირიო;
(დ) ყოლამცა მეფედ ნუ დასვი! თავსა რად უგდე ჭირიო?“

62

(ა) რა მეფემან მოისმინა, გაცინებით შემოჰხედნა,
(ბ) გაუკვირდა: „ვით მკადრაო, ან სიტყვანი ვით გაბედნა“.
(გ) „კარგი ჰქმენო“, - დაუმადლა, ბრძანებანი უიმედნა, -
(დ) „ჩემი ზრახვა სიძუნწისა, ტყუის, ვინცა დაიყბედნა“.

63

(ა) ეგე არ მიმძიმს, ვაზირო, ესეა, რომე მწყენია:
(ბ) სიბერე მახლავს, დავლიენ სიყმაწვილისა დღენია,
(გ) კაცი არ არის, სითგანცა საბრძანებელი ჩვენია,
(გ) რომე მას ჩემგან ესწავლნენ სამამაცონი ზნენია.

64

(ა) ერთაი მივის ასული, ნაზარდი სათუთობითა;
(ბ) ღმერთმან არ მომცა ყმა-შვილი, - ვარ საწუთროსა თმობითა, -
(გ) ანუმცა მგვანდა მშვილდოსნად, ანუ კვლა ბურთაობითა;
(დ) ცოტასა შემწევს ავთანდილ ჩემგანვე ნაზარდობითა.“

65

(ა) ყმა მეფისა ბრძანებასა ლაღი წყნარად მოისმენდა,
(ბ) თავ-მოდრეკით გაიღიმნა, გაცინება დაუშვენდა,
(გ) თეთრთა კბილთათ გამომკრთალსა შუქსა ველთა მოაფენდა.
(დ) მეფე ჰკითხავს: „რას იცინი, ანუ ჩემგან რას შეგრცხვენდა?

66

(ა) კვლა უბრძანა: „თავსა ჩემსა, რას იცინი, რად დამგმეო?
(ბ) ყმამან ჰკადრა: „მოგახსენებ და ფარმანი მიბოძეო,
(გ) რაცა გკადრო, არ გეწყინოს, არ გაჰრისხდე, არ გასწყრეო,
(დ) არ გამხადო კადნიერად, არ ამიკლო ამაზეო.“

67

(ა) უბრძანა: „რადმცა ვიწყინე თქმა შენგან საწყინარისა!“
(ბ) ფიცა მზე თინათინისი, მის მზისა მოწუნარისა.
(გ) ავთანდილ იტყვის: „დავიწყო კადრება საუბნარისა:
(დ) ნუ მოჰკვეხ მშვილდოსნობასა, თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა.
იხ. ტაეპის განმარტებანი

68

(ა) „მიწაცა თქვენი ავთანდილ თქვენს წინა მშვილდოსანია;
(ბ) ნაძლევი დავდვათ, მოვასხნეთ მოწმად თქვენნივე ყმანია;
(გ) მოასპარეზედ ვინ მგავსო? - ცუდნიღა უკუთქმანია.
(დ) გარდამწყვედელი მისიცა ბურთი და მოედანია!“

69

(ა) მეფე ლაღი და წყლიანი გამხიარულდა მეტად-რე,
(ბ) სიცილით უთხრა ავთანდილს: „შვილად გზრდი, მით შე-ვე-მკადრე;
(გ) იცი, არ გიწყენ, გაზრდილო, მით შემომიხე ზედად-რე.
(დ) თუ არ გასწბილდე, მაჯობო, ბედი გეყოფის ბედად-რე.

70

(ა) „მე არ შეგარჩენ შენ ჩემსა მაგისა დაცილებასა.
(ბ) ბრძანე, ვისროლოთ, ნუ იქმო შედრეკილობა-კლებასა!
(გ) კარგთა კაცთასა ვიქმოდეთ მოწმად ჩვენ თანა ხლებასა,
(დ) მერმე გამოჩნდეს მოედანს, ვისძი უთხრობდენ ქებასა!“

71

(ა) ავთანდილცა დაჰმორჩილდა, საუბარი გარდასწყვიდეს,
(ბ) იცინოდეს, ყმაწვილობდეს, საყვარლად და კარგად ზმიდეს,
(გ) ნაძლევიცა გააჩინეს, ამა პირსა დაასკვნიდეს:
(დ) „ვინცა იყოს უარესი, თავ-შიშველი სამ დღე ვლიდეს!

72

(ა) კვლა ბრძანა: „მონა თორმეტი შევსხათ ჩვენ თანა მარებლად,
(ბ) თორმეტი ჩემდა ისრისა მომრთმევლად, მოსახმარებლად, -
(გ) ერთაი შენი შერმადინ არს მათად დასადარებლად, -
(დ) ნასროლ-ნაკრავსა სთვალვიდენ უტყუვრად, მიუმცდარებლად“.

73

(ა) მონადირეთა უბრძანა: „მინდორნი მოიარენით,
(ბ) დასცევით ჯოგი ნადირთა, თავნი ამისთვის არენით“.
(გ) ლაშქარნი სამზოდ აწვივნეს: „მოდით და მოიჯარენით".
(დ) გაყარეს სმა და ნადიმი, მუნ ამოდ გავიხარენით.

თავი პირველი თავი მესამე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9