1 2 3 4 5 6 7 8 9

კა კბ კე კვ კი კლ კმ კო კრ კუ
კაბ კად კაე კავ კან კაპ კარ კატ კაც

კანჯარი

გარეული ვირი (ძნელ და სახიფათო სანადიროდ ითვლებოდა)
 
3. როსტევან მეფისაგან და ავთანდილისაგან ნადირობა

74

(ა) დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი,
(ბ) ძოწეულითა მოსილი, პირად ბროლ-ბადახშოსანი,
(გ) პირ-ოქრო რიდე ეხვია, შვენოდა ქარქაშოსანი,
(დ) მეფესა გასლვად აწვევდა, მოდგა თეთრ-ტაიჭოსანი.

75

(ა) შეეკაზმა მეფე, შეჯდა, ნადირობას გამოვიდეს;
(ბ) მგრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს, ალყად გარე შემოჰკრვიდეს;
(გ) ზეიმი და ზარი იყო, სპანი ველთა დაჰფარვიდეს,
(დ) ნაძლევისა მათისათვის ისროდეს და ერთგან სრვიდეს.

76

(ა) უბრძანა: მონა თორმეტი მოდით, ჩვენთანა ვლიდითა,
(ბ) მშვილდსა ფიცხელსა მოგვცემდით, ისარსა მოგვართმიდითა,
(გ) ნაკრავსა შეადარებდით, ნასროლსა დასთვალვიდითა!
(დ) დაიწყო მოსლვა ნადირმან ყოვლგნით მინდორთა კიდითა.

77

(ა) მოვიდა ჯოგი ნადირთა ანგარიშ-მიუწვდომელი:
(ბ) ირემი, თხა და კანჯარი ქურციკი მაღლად მხლტომელი.
(გ) მას პატრონ-ყმანი გაუხდეს, ჭვრეტადმცა სჯობდა რომელი!
(დ) აჰა მშვილდი და ისარი და მკლავი დაუშვრომელი!
იხ. ტაეპის განმარტებანი

78

(ა) ცხენთა მათთა ნატერფალნი მზესა შუქთა წაუხმიდეს,
(ბ) მიჰხოცდეს და მიისროდეს, მინდორს სისხლთა მიასხმიდეს,
(გ) რა ისარი დაელივის, მონანი-ყე მოართმიდეს.
(დ) მხეცნი, მათგან დაკოდილნი, წაღმა ბიჯსა ვერ წადგმიდეს.

79

(ა) იგი ველი გაირბინეს, ჯოგი წინა შემოისხეს,
(ბ) დახოცეს და ამოწყვიდეს, ცათა ღმერთი შეარისხეს,
(გ) ველნი წითლად შეეღებნეს, ნადირთაგან სისხლი ისხეს.
(დ) ავთანდილის შემხედველთა: „ჰგავსო ალვას, ედემის ხეს“.
იხ. ტაეპის განმარტებანი

80

(ა) იგი მინდორი დალიეს, მართ მათგან განარბენია,
(ბ) მინდორსა იქით წყალი დის და წყლისა პირსა კლდენია.
(გ) ნადირნი ტყესა შეესწრნეს, სადა ვერა რბის ცხენია.
(დ) იგი მაშვრალნი ორნივე მოსწყდეს, რაზომცა მხნენია.

81

(ა) ერთმანერთსა, თუ: „მე გჯობო“, სიცილით ეუბნებოდეს,
(ბ) ამხანაგობდეს, ლაღობდეს, იქით და აქათ დგებოდეს.
(გ) მერმე მოვიდეს მონანი, რომე უკანა ჰყვებოდეს,
(დ) უბრძანა: „თქვითო მართალი, ჩვენ თქვენგან არ გვეთნებოდეს“.

82

(ა) მონათა ჰკადრეს: „მართალსა გკადრებთ და ნუ გემცთარებით;
(ბ) მეფეო, ყოლა ვერ ვიტყვით შენსა მაგისად დარებით,
(გ) აწვეცა დაგვხოც, ვერა ჰგავ, - ვერათ ვერ მოგეხმარებით, -
(დ) ვისგან ნაკრავნი გვინახვან მხეცნი ვერ წაღმა წარებით.
იხ. ტაეპის განმარტებანი

83

(ა) ორთავე ერთგან მოკლული ყველაი ათჯერ ოცია,
(ბ) მაგრა ავთანდილს ოცითა უფროსი დაუხოცია:
(გ) არ დასცთომია ერთიცა, რაც ოდენ შეუტყოცია,
(დ) თქვენი მრავალი მიწითა დასვრილი გაგვიხოცია“.
იხ. ტაეპის განმარტებანი

84

(ა) მეფესა ესე ამბავი უჩს, ვითა მღერა ნარდისა,
(ბ) უხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა,
(გ) აქვს მიჯნურობა ამისი, ვითა ბულბულსა ვარდისა,
(დ) სიცილით ლაღობს, მიეცა გულით ამოსლვა დარდისა.

85

(ა) იგი ორნივე საგრილად გარდახდეს ძირსა ხეთასა.
(ბ) ლაშქართა შექმნეს მოდენა, მოდგეს უფროსნი ბზეთასა.
(გ) ახლოს უთქს მონა თორმეტი, უმხნესი სხვათა მხნეთასა.
(გ) თამაშობდეს და უჭვრეტდეს წყალსა და პირსა ტყეთასა.


თავი მეორე თავი მეოთხე

ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9