ჩემ ლაშქართან მყოფად, ჩემი ლაშქრის კუთვნილად
- 4. ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა
- 86
- (ა) ნახეს, უცხო მოყმე ვინმე ჯდა მტირალი წყლისა პირსა,
- (ბ) შავი ცხენი სადავითა ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა,
- (გ) ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ-აბჯარ-უნაგირსა.
- (დ) ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა, გულსა მდუღრად ანატირსა.
- 87
- (ა) მას ტანსა კაბა ემოსა, გარე-თმა ვეფხის ტყავისა,
- (ბ) ვეფხის ტყავისა ქუდივე იყო სარქმელი თავისა,
- (გ) ხელთა ნაჭედი მათრახი ჰქონდა უსხოსი მკლავისა;
- (დ) ნახეს და ნახვა მოუნდა უცხოსა სანახავისა.
- 88
- (ა) მეფემან ბრძანა: „ვინ არის უცხო პირად და ტანადო?“
- (ბ) უბრძანა ერთსა მონასა: „წადი ფიცხლად და ჯანადო!
- (გ) „გიბრძანებს“ უთხარ, ვერ გიცნობ ჩემთა ლაშქართა თანადო!
- (დ) ვინცა ხარ, მოდი წინაშე შენ ჩვენგან მონაყვანადო!“
- 89
- (ა) წავიდა მონა საუბრად მის ყმისა გულ-მდუღარისად,
- (ბ) თავ-ჩამოგდებით მტირლისა, არ ჭვრეტით მოლიზღარისად.
- (გ) მუნვე წვიმს წვიმა ბროლისა, ჰგია გიშრისა ღარი სად,
- (დ) ახლოს მივიდა, მოსცალდა სიტყვისა თქმად აღარისად.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 90
- (ა) ვერა ჰკადრა საუბარი, მონა მეტად შეუზარდა,
- (ბ) დიდხან უჭვრეტს გაკვირვებით, თუცა გული უმაგარდა;
- (გ) მოახსენა: „გიბრძანებსო“, ახლოს მიდგა, დაუწყნარდა.
- (დ) იგი ტირს და არა ესმის მისგან, გაუუმეცარდა.
- 91
- (ა) მის მონისა არა ესმა სიტყვა, არცა ნაუბარი,
- (ბ) მათ ლაშქართა ზახილისა იყო ერთობ უგრძნობარი,
- (გ) უცხოდ რადმე ამოჰსკვნოდა გული ცეცხლთა ნადებარი,
- (დ) ცრემლსა სისხლი ერეოდა, გასდის, ვითა ნაგუბარი.
- 92
- (ა) სხვაგან ქრის მისი გონება, მისმან თავისა წონამან!
- (ბ) ესე მეფისა ბრძანება ერთხელ კვლა ჰკადრა მონამან.
- (გ) არცა დააგდო ტირილი, არცა რა გაიგონა მან,
- (დ) არცა გახლიჩა ბაგეთათ თავი ვარდისა კონამან.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
93
- (ა) რა პასუხი არა გასცა, მონა გარე შემობრუნდა,
- (ბ) როსტანს ჰკადრა: „შემიტყვია, იმას თქვენი არა უნდა;
- (გ) თვალნი მზეებრ გამირეტდეს, გული მეტად შემიძრწუნდა,
- (დ) ვერ ვასმინე საუბარი, მით დავყოვნე ხანი მუნ, და-“.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 94
- (ა) მეფე გაჰკვირდა, გა-ცა-წყრა, გული უც მისთვის მწყრომარე;
- (ბ) გაგზავნა მონა თორმეტი მისი წინაშე მდგომარე,
- (გ) უბრძანა: „ხელთა აიღეთ აბჯარი თქვენ საომარე,
- (დ) მიდით და აქა მომგვარეთ, ვინ არის იქი მჯდომარე“.
- 95
- (ა) მონანი მიდგეს, მივიდეს, გახდა აბჯრისა ჩხარია;
- (ბ) მაშინღა შეკრთა იგი ყმა, ტირს, მეტად გულ-მდუღარია,
- (გ) თვალნი მოარნა; ნახა ლაშქართა ჯარია,
- (დ) ერთხელ ესე თქვა: „ვა მეო“, სხვად არას მოუბარია.
- 96
- (ა) თვალთა ხელი უკუივლო, ცრემლნი ცხელნი მოიწურნა,
- (ბ) ხრმალ-კაპარჭი მოიმაგრა, მკლავნი გაიმამაცურნა,
- (გ) ცხენსა შეჯდა, - მონათამცა საუბარნი რად იყურნა!-
- (დ) სხვასა მხარსა გაემართა, მათი ჭირი არ განკურნა.
- 97
- (ა) მონათა ხელი გამართეს მის ყმისა შესაპყრობელად.
- (ბ) მან, გლახ, იგინი დახადნა მტერთაცა საწყალობელად:
- (გ) ჰკრა ერთმანერთსა, დახოცნა თავსა ხელ-აუპყრობელად,
- (დ) ზოგსა გადაჰკრის მათრახი ქვე მკრდამდის გასაპობელად.
- 98
- (ა) მეფე გაწყრა, გაგულისდა, ლაშქარნიცა შეუზახნა;
- (ბ) მან მდევართა მიწევნამდის არ უჭვრიტნა, არცა ნახნა,
- (გ) რაზომნიცა მიეწივნეს, ყოვლნი მკვდართა დაასახნა,
- (დ) კაცი კაცსა შემოსტყორცა, როსტან ამად ივაგლახნა.
- 99
- (ა) შესხდეს მეფე და ავთანდილ მის ყმისა მისაწეველად.
- (ბ) იგი ლაღი და უკადრი მივა ტანისა მრხეველად,
- (გ) ტაიჭი მიუქს მერანსა, მიეფინების მზე ველად,
- (დ) შეიგნა მისლვა მეფისა მისად უკანა მდეველად.
- 100
- (ა) რა ცნა, მეფე მოვიდაო, ჰკრა მათრახი მისსა ცხენსა.
- (ბ) მასვე წამსა დაიკარგა, არ უნახავს თვალსა ჩვენსა,
- (გ) ჰგვანდა ქვესკნელს ჩაძრომილსა ანუ ზეცად ანაფრენსა;
- (დ) ეძებდეს და ვერ ჰპოვებდეს კვალსა მისგან წანარბენსა.
- 101
- (ა) კვალი ძებნეს და უკვირდა ვერ-პოვნა ნაკვალევისა,
- (ბ) აგრე კვალ-წმიდად წახდომა კაცისა, ვითა დევისა;
- (გ) ლაშქარნი მკვდართა სტიროდეს, სწრაფა აქვს წყლულთა ხვევისა.
- (დ) მეფემან ბრძანა: „ვნახეო მიზეზი ლხინთა ლევისა“.
- 102
- (ა) ბრძანა: „ღმერთსა მოეწყინა აქამდისი ჩემი შვება,
- (ბ) ამად მიყო სიმწარითა სიამისა დანავღლება,
- (გ) სიკვდილამდის დამაწყლულა, ვერვის ძალ-უც განკურნება.
- (დ) მასვე მადლი! ესე იყო წადილი და მისი ნება“.
- 103
- (ა) ესე თქვა და შემობრუნდა, დაღრეჯილი წამოვიდა,
- (ბ) არცა ჰკრაღა ასპარეზსა, ვამი ვამსა მოურთვიდა;
- (გ) ყველაკაი მოიშალა, სადაცა ვინ მხეცთა სრვიდა;
- (დ) ზოგთა თქვეს, თუ: „მართალია“, ზოგი: „ღმერთო!“, უზრახვიდა.
- 104
- (ა) მეფე საწოლს შემოვიდა სევდიანი, დაღრეჯილი;
- (ბ) მისგან კიდე არვინ შეჰყვა, ავთანდილ უჩს ვითა შვილი.
- (გ) ყველაკაი გაიყარა, ჯალაბი ჩანს არ-დაჯრილი.
- (დ) გაბედითდა სიხარული, ჩაღანა და ჩანგი ტკბილი.
- 105
- (ა) თინათინს ესმა მამისა ეგეთი დაღრეჯილობა,
- (ბ) ადგა და კარსა მივიდა, ჰქონდა მზისაცა ცილობა,;
- (გ) მოლარე იხმო, უბრძანა: „ძილია თუ ღვიძილობა?“
- (დ) მან მოახსენა: „დაღრეჯით ზის, სჭირსო ფერ-შეცვლილობა
- 106
- (ა) „ერთიღა ახლავს ავთანდილ, წინაშე უზის სკამითა;
- (ბ) უცხო ყმა ვინმე უნახავს, ასრე დაღრეჯით ამით-ა“.
- (გ) თინათინ ბრძანა: „აწ წავალ, შესლვა არ ჩემგან ჟამით-ა,
- (დ) მიკითხოს, ჰკადრე: იყო-თქო აქა ერთითა წამითა“.
- 107
- (ა) ხანი გამოხდა, იკითხა: „ნეტარ, რასა იქმს ქალიო,
- (ბ) ჩემი ლხინი და ჯავარი, ჩემი სოფლისა წყალიო?“
- (გ) მოლარე ჰკადრებს: „მოვიდა აწეღა ფერ-ნამკრთალიო,
- (დ) დაღრეჯით გცნა და მიბრუნდა წინაშე მომავალიო“.
- 108
- (ა) უბრძანა, თუ: „წადი, უხმე! უმისობა ვით გავსძლეო?
- (ბ) მოახსენე: „რად დაჰბრუნდი შენ, მამისა სიცოცხლეო?
- (გ) მოდი, ჭმუნვა გამიქარვე, გულსა წყლულსა მეწამლეო,
- (დ) გითხრა ჩემი სამიზეზო, მე თუ ლხინთა რათ დავლეო.“
- 109
- (ა) თინათინ ადგა, მივიდა, მიჰყვა მამისა ნებასა,
- (ბ) უგავს პირისა სინათლე მთვარისა მოვანებასა.
- (გ) მამამან გვერდსა დაისვა, აკოცებს ნება-ნებასა,
- (დ) უბრძანა: „მახლავ რად არა, რად მელი მოყვანებასა?“
- 110
- (ა) ქალმან ჰკადრა: „ხელმწიფეო, დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს,
- (ბ) ვინმცა გნახა კადნიერად, რაზომ გინდა ამაყობდეს!
- (გ) თქვენნი აგრე დაღრეჯანი მნათობთაცა დაამხობდეს!
- (დ) კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს“.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 111
- (ა) უბრძანა: „შვილო, რაზომცა მჭირს საქმე სავაგლახია,
- (ბ) შენი ჭვრეტა და სიახლე ლხინადვე დამისახია,
- (გ) მომაქარვები სევდისა, მართ ვითა მუფარახია.
- (დ) ვეჭვ, რა სცნა, შენცა მამართლო, ჩემი სულთქმა და ახია“.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
112
- (ა) „უცხოსა და საკვირველსა ყმასა რასმე გარდვეკიდე,
- (ბ) მისმან შუქმან გაანათლა სამყარო და ხმელთა კიდე.
- (გ) რა უმძიმდა, არ ვიცოდი, ან ტიროდა ვისთვის კიდე;
- (დ) ჩემად ნახვად არ მოვიდა, გავგულისდი, წავეკიდე“.
- 113
- (ა) „მე რა მნახა, ცხენსა შეჯდა, თვალთა ცრემლნი მოიხოცნა.
- (ბ) შესაპყრობლად შევუზახენ, სპანი სრულად დამიხოცნა,
- (გ) ვითა ეშმა დამეკარგა, არ კაცურად გარდამკოცნა,
- (დ) ჯერთცა ესე არა ვიცი, ცხადი იყო, თუ მეოცნა.
- 114
- (ა) „აწ ესე მიკვირს, რა იყო, ანუ რა ვნახე და რული!
- (ბ) მან დამიხოცა ლაშქარი, სისხლი ადინა ღვარული.
- (გ) კაცთა ხორცისად ვით ითქმის ისრე თვალთაგან ფარული?!
- (დ) უცილოდ ღმერთსა მოვსძულდი აქამდის მე მხიარული.
- 115
- (ა) „ტკბილნი მისნი წყალობანი ბოლოდ ასრე გამემწარნეს,
- (ბ) დამავიწყდეს, რაცა დღენი მხიარულსა წამეარნეს.
- (გ) ყოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს, ვეღარავინ მინეტარნეს,
- (დ) სადამდისცა დღენი მესხნენ, ვეღარამან გამახარნეს!“
- 116
- (ა) ქალმან ჰკადრა: „მოგახსენებ მე სიტყვასა დანაყბედსა:
- (ბ) ჰე მეფეო! რად ემდურვი ანუ ღმერთსა, ანუ ბედსა?
- (გ) რად დასწამებ სიმწარესა ყოველთათვის ტკბილად მხედსა?
- (დ) ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა!
- 117
- (ა) „მე ამას ვარჩევ: მეფე ხარ, მეფეთა ზედა მფლობელი,
- (ბ) შორს არის თქვენი საზღვარი, ბრძანება-მიუთხრობელი.
- (გ) გაგზავნე კაცი ყოველგნით მისთა ამბავთა მცნობელი,
- (დ) ადრე სცნობ, არის იგი ყმა შობილი თუ უშობელი“.
- 118
- (ა) როსტანს სიტყვა ასულისა მოეწონა, ეკეთაცა,
- (ბ) პირი ხელით დაუჭირა, გარდაჰკოცნა კვლა და კვლაცა;
- (გ) უბრძანა, თუ: „დაგმორჩილდე, რაცა მითხარ, აგრე ვქმნაცა.
- (დ) იგივეა ჩემი მხსნელი, ვინცა მიწა გამაკაცა“.
- 119
- (ა) მოასხნეს კაცნი, გაგზავნნეს ოთხთავე ცისა კიდეთა,
- (ბ) უბრძანეს: „წადით, პატიჟთა თავიმცა რად დაჰრიდეთა!
- (გ) მონახეთ, ძებნეთ იგი ყმა, სხვად ნურად მოიცლიდეთა,
- (დ) მისწერეთ წიგნი, სადაცა ვერ მისწვდეთ, ვერ მიხვიდეთა“.
- 120
- (ა) კაცნი წავიდეს, იარეს მართ ერთი წელიწადია,
- (ბ) მონახეს, ძებნეს იგი ყმა, იკითხეს კვლა და კვლა დია,
- (გ) ვერცა თუ ნახეს ნახული ღმრთისაგან დანაბადია,
- (დ) ცუდად მაშვრალნი მოვიდეს, მათსავე გულსა ზადია.
- 121
- (ა) მონათა ჰკადრეს: „მეფეო, ჩვენ ხმელნი მოვიარენით,
- (ბ) მაგრა ვერ ვპოვეთ იგი ყმა, მით ვერა გავიხარენით,
- (გ) მისსა მნახავსა სულ-დგმულსა კაცსა ვერ შევეყარენით,
- (დ) ჩვენ ვერა გარგეთ, საქმენი სხვანი რა მოიგვარენით“.
- 122
- (ა) მეფე ბრძანებს: „მართალ იყო ასული და ჩემი ძეო,
- (ბ) ვნახე რამე ეშმაკისა სიცუდე და სიბილწეო,
- (გ) ჩემად მტერად წამოსრული, გარდმოჭრილი ზეცით ზეო,
- (დ) გამიშვია შეჭირვება, არა მგამა ყოლა მეო“.
- 123
- (ა) ესე თქვა და სიხარულით თამაშობა ადიადა.
- (ბ) მგოსანი და მუშაითი უხმეს, პოვეს რაცა სადა.
- (გ) დია გასცა საბოძვარი, ყველა დარბაზს შემოხადა.
- (დ) მისი მსგავსი სიუხვითა ღმერთმან სხვამცა რა დაბადა!
- თავი მესამე თავი მეხუთე