ვისზე ოხვრისგანაც, ვისთვის „ვაჰმე”-ს თქმისგანაც
- 5. თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად
- 124
- (ა) ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს, ეცვა ოდენ მართ პერანგი,
- (ბ) იმღერდა და იხარებდა, წინა ედგა ერთი ჩანგი.
- (გ) შემოვიდა მას წინაშე თინათინის მონა ზანგი,
- (დ) მოახსენა: „გიბრძანებსო ტანი ალვა, პირი მანგი“.
- 125
- (ა) ავთანდილს მიჰხვდა მოსმენა საქმისა სანატრელისა,
- (ბ) ადგა და კაბა ჩაიცვა, მჯობი ყოვლისა ჭრელისა;
- (გ) უხარის ნახვა ვარდისა, არ ერთგან შეუყრელისა.
- (დ) ამოა ჭვრეტა ტურფისა, სიახლე საყვარელისა!
- 126
- (ა) ავთანდილ ლაღი, უკადრი მივა, არვისგან ჰრცხვენოდა,
- (ბ) მას ნახავს, ვისთა ვამთაგან ცრემლი მრავალჯერ სდენოდა;
- (გ) იგი უებრო ქუშად ჯდა, ელვისა მსგავსად შვენოდა,
- (დ) მთვარესა მისთა შუქთაგან უკუნი გარდაჰფენოდა.
- 127
- (ა) გაძრცვილსა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი,
- (ბ) ებურნეს მოშლით რიდენი, ფასისა თქმად საჭირონი,
- (გ) ჰშვენოდეს შავნი წამწამნი, გულისა გასაგმირონი,
- (დ) მას თეთრსა ყელსა ეკიდნეს გრძლად თმანი, არ უხშირონი.
- 128
- (ა) დაღრეჯით იყო მჯდომარე ძოწეულითა რიდითა,
- (ბ) ავთანდილს უთხრა დაჯდომა წყნარად, ცნობითა მშვიდითა.
- (გ) მონამან სელნი დაუდგნა, დაჯდა კრძალვით და რიდითა.
- (დ) პირის-პირ პირსა უჭვრეტდა, სავსე ლხინითა დიდითა.
- 129
- (ა) ქალმან უბრძანა: „ზარი მლევს მე ამისისა თხრობისა;
- (ბ) მწადდა არა-თქმა, რომლისა ღონე არა მაქვს თმობისა,
- (გ) მაგრა იცია მიზეზი შენისა აქა ხმობისა,
- (დ) რად ვზი ქუშად და დაღრეჯით ასრე მიხდილი ცნობისა?“
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 130
- (ა) ყმამან ჰკადრა: „საზაროსა ჩემგან თქმაღა ვით იქმნების?
- (ბ) მზესა მთვარე შეეყაროს, დაილევის, და-ცა-ჭნების;
- (გ) აზრად არად აღარა მცალს, თავი ჩემი მეგონების,
- (დ) თქვენვე ბრძანეთ, რაცა გიმძიმს, ანუ რაცა გეკურნების“.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 131
- (ა) ქალმან უთხრა საუბარი კეკლუც-სიტყვად, არ დუხჭირად,
- (ბ) იტყვის: „თუცა აქანამდის ჩემგან შორს ხარ დანამჭირად,
- (გ) მიკვირს, მოგხვდა წამის ყოფად საქმე შენგან საეჭვი რად,
- (დ) მაგრა გითხრა პირველ ხვალმე, სენი მე მჭირს რაცა ჭირად.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 132
- (ა) გახსოვს, ოდეს შენ და როსტანს მინდორს მხეცი დაგეხოცა,
- (ბ) ყმა გენახა უცხო ვინმე, რომე ცრემლი მოეხოცა?
- (გ) მას უკანით გონებამან მისმან ასრე დამამხოცა,
- (დ) შენ გენუკვი მონახვასა, კიდით კიდე მოჰლახო ცა.
- 133
- (ა) „აქანამდის ნაუბარსა თუცა ვერას ვერ გეტყვია,
- (ბ) მაგრა შორით სიყვარული შენგან ჩემი შემიტყვია,
- (გ) ვიცი, რომე გაუწყვედლად თვალთათ ცრემლი გისეტყვია,
- (დ) შეუპყრიხარ სიყვარულსა, გული შენი დაუტყვია.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 134
- (ა) „ასრე გითხრა, სამსახური ჩემი გმართებს ამად ორად:
- (ბ) პირველ, ყმა ხარ, ხორციელი არავინ გვყავს შენად სწორად,
- (გ) მერმე, ჩემი მიჯნური ხარ, დასტურია, არ ნაჭორად;
- (დ) წადი, იგი მოყმე ძებნე, ახლოს იყოს, თუნდა შორად.
- 135
- (ა) „შენგან ჩემი სიყვარული ამით უფრო გაამყარე,
- (ბ) რომე დამსხნა შეჭირვება, ეშმა ბილწი ასაპყარე,
- (გ) გულსა გარე საიმედო ია მორგე, ვარდი ყარე,
- (დ) მერმე მოდი, ლომო, მზესა შეგეყრები, შემეყარე.
- 136
- (ა) „სამსა ძებნე წელიწადსა იგი შენი საძებნარი;
- (ბ) ჰპოვო, მოდი გამარჯვებით, მხიარულად მოუბნარი;
- (გ) ვერა ჰპოვო - დავიჯერებ, იყო თუ-რე უჩინარი;
- (დ) კოკობი და უფურჭვნელი, ვარდი დაგხვდე დაუმჭნარი.
- 137
- (ა) „ფიცით გითხრობ: შენგან კიდე თუ შევირთო რაცა ქმარი,
- (ბ) მზეცა მომხვდეს ხორციელი, ჩემთვის კაცად შენაქმარი,
- (გ) სრულად მოვსწყდე სამოთხესა, ქვესკნელს ვიყო დასანთქმარი,
- (დ) შენი მკლვიდეს სიყვარული, გულსა დანა ასაქმარი“.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 138
- (ა) მოახსენა ყმამან: „მზეო, ვინ გიშერი აწამწამე,
- (ბ) სხვა პასუხი რამცა გკადრე, ანუ რამცა შევიწამე?
- (გ) მე სიკვდილსა მოველოდი, შენ სიცოცხლე გამიწამე,
- (დ) ვითა მონა, სამსახურად განაღამცა წავე, წა-, მე!“
- 139
- (ა) კვლაცა ჰკადრა: „აჰა, მზეო, რათგან ღმერთმან მზედ დაგბადა,
- (ბ) მით გმორჩილობს, ზეციერი მნათობია რაცა სადა;
- (გ) მე რომ თქვენგან მოვისმინენ წყალობანი, მედიადა.
- (დ) ვარდი ჩემი არ დაჭნების, შუქი შენი იეფად-ა.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 140
- (ა) „თავი ჩემი სამსახურად შენად რადმცა შევიწყალე!
- (ბ) არასათვის არ დავდგები, უსაცილოდ წავალ ხვალე;
- (გ) გული ფერი ლაჟვარდისა გავაწითლე, გავალალე,
- (დ) სიცოცხლისა უკეთესი რამც მიბოძე, რამც ვივალე?!“
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 141
- (ა) კვლა შეჰფიცეს ერთმანერთსა, დააპირეს ესე პირი,
- (ბ) გასალდეს და გაამრავლეს საუბარი სიტყვა-ხშირი.
- (გ) გაადვილდა, აქანამდის გარდეხადა რაცა ჭირი;
- (დ) თეთრთა კბილთათ გამოჰკრთების თეთრი ელვა, ვითა ჭვირი.
- 142
- (ა) ერთგან დასხდეს, ილაღობეს, საუბარი ასად აგეს,
- (ბ) ბროლ-ბალახში შეხვეული და გიშერი ასადაგეს;
- (გ) ყმა ეტყვის, თუ: „შენთა მჭვრეტთა თავი ხელი, ა-, სად აგეს!
- (დ) ცეცხლთა, შენგან მოდებულთა, გული ჩემი ასადაგეს“.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 143
- (ა) ყმა წავიდა, სიშორესა თუცა მისსა ვერ გაძლებდა,
- (ბ) უკუღმავე იხედვიდა, თვალთა რეტად აყოლებდა,
- (გ) ბროლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს, ტანსა მჭევრსა ათრთოლებდა,
- (დ) გული ჰქონდა გულისათვის, სიყვარულსა ავალებდა.
- 144
- (ა) თქვა: „მზეო, ვარდსა სიშორე შენი დამაჩნდეს ეს ადრე,
- (ბ) ბროლი და ლალიგასრულვარ ქარვისა უყვითესად-რე.
- (გ) მაშინ რაღა ვქმნა, ვერ-ჭვრეტა რა მომხვდეს კვლა უგრძესად-რე!
- (დ) ხამს მოყვრისათვის სიკვდილი, ესე მე დამიც წესად-რე“.
- 145
- (ა) საწოლს დაწვა, ტირს, მტირალსა ცრემლი ძნელად ეხოცების,
- (ბ) ვითა ვერხვი ქარისაგან, ირხევის და იკეცების;
- (გ) რა მიჰლულნის, სიახლევე საყვარლისა ეოცების,
- (დ) შეკრთის, დიდი დაიზახის, მით პატიჟი ეოცების.
- 146
- (ა) მოშორვება საყვარლისა მას შეჰქმნოდა მისად ღაზოდ,
- (ბ) ცრემლსა, ვითა მარგალიტსა, სწვიმს ვარდისა დასანაზოდ.
- (გ) რა გათენდა, შეეკაზმა მისთა მჭვრეტთა სალამაზოდ,
- (დ) ცხენსა შეჯდა, გაემართა, დარბაზს მივა სადარბაზოდ.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 147
- (ა) დარბაზს ეჯიბი შეგზავნა, მართ მისგან შენარონია,
- (ბ) შესთვალა: „გკადრებ, მეფეო, მე ესე გამიგონია:
- (გ) ყოველი პირი მიწისა თქვენ ხრმლითა დაგიმონია,
- (დ) აწ თუ სჯობს, ესე ამბავი ცნან, რაცა გარემონია!
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 148
- (ა) „მე წავიდე, მოვიარო, ვილაშქრო და ვინაპირო,
- (ბ) თინათინის ხელმწიფობა მტერთა თქვენთა გულსა ვჰგმირო,
- (გ) მორჩილ-ქმნილთა გავახარო, ურჩი ყოვლი ავატირო,
- (დ) ძღვენნი გკადრნე ზედა-ზედა, არ სალამი დავაძვირო“.
- 149
- (ა) მეფესა ეთქვა ამისი დიადი მადრიელობა,
- (ბ) ებრძანა: „ლომო, არა გჭირს შენ ომთა გარდუხდელობა,
- (გ) აწ მაგა შენსა თათბირსაჰგავსო შენივე ქველობა.
- (დ) წა, მაგრა მომხვდეს, რაღა ვქმნა, თუ სიშორისა გრძელობა!“
- 150
- (ა) ყმა შევიდა, თაყვანის-სცა, მადლი რამე მოახსენა:
- (ბ) „ხელმწიფეო, ქება ჩემი რად იკადრეთ, მიკვირს, თქვენა!
- (გ) აწ ნუთუმცა სიშორისა ღმერთმან ბნელი გამითენა,
- (დ) პირი თქვენი მხიარული მხიარულსა კვლა მიჩვენა!“
- 151
- (ა) მეფე ყელსა მოეკიდა, გარდაკოცნა ვითა შვილი.
- (ბ) სხვა მათებრი არ ყოფილა არ გამზრდელი, არ გაზრდილი!
- (გ) ყმა ადგა და წამოვიდა, მას დღე მათი ჩანს გაყრილი;
- (დ) როსტან მისთვის აატირა გონიერი გული,ლბილი.
- 152
- (ა) გამოემართა ავთანდილ, მოყმე მხნე, ლაღად მავალი.
- (ბ) ოც დღე იარა, ღამეცა დღეს ზედა წაჰრთო მრავალი.
- (გ) იგია ლხინი სოფლისა, იგია ნივთი და ვალი,
- (დ) არ მისცილდების თინათინ მისი მას, ვისგან სწვავ ალი.
- 153
- (ა) რა მივიდა, სიხარული შიგან გახდა სამეფოსა.
- (ბ) მოეგებნეს დიდებულნი, ძღვენსა სძღვნიდეს იეფოსა.
- (გ) იგი პირ-მზე არ მოსცთების სიარულსა სასწრაფოსა.
- (დ) მიჰხვდეს მყოფნი მას წინაშე სიხარულსა სადაფოსა.
- 154
- (ა) ქალაქი ჰქონდა მაგარი საზაროდ სანაპიროსა,
- (ბ) გარე კლდე იყო, გიამბობ ზღუდესა უქვითკიროსა.
- (გ) ყმამან მუნ დაყო სამი დღე ამოსა სანადიროსა,
- (დ) გამზრდელი მისი შერმადინ დაისვა სავაზიროსა.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 155
- (ა) ესეა მონა შერმადინ, ზემოთცა სახელ-დებული,
- (ბ) თანა-შეზრდილი, ერთგული და მისთვის თავ-დადებული,
- (გ) მან არ იცოდა აქამდის მის ყმისა ცეცხლი დებული,
- (დ) აწ გაუცხადა სიტყვები მის მზისა იმედებული.
- 156
- (ა) უბრძანა: „აჰა, შერმადინ, ამად მე შენგან მრცხვენიან,
- (ბ) ჩემნი საქმენი ყოველნი გცოდნიან, გაგივლენიან,
- (გ) მაგრა არ იცი აქამდის, რანიცა ცრემლნი მდენიან!
- (დ) მე ვისგან მქონდეს პატიჟნი, აწ მასვე მოულხენიან.
- 157
- (ა) „მოვუკლავარ თინათინის სურვილსა და სიყვარულსა,
- (ბ) ცრემლი ცხელი ასოვლებდის ნარგისთაგან ვარდსა ზრულსა,
- (გ) ვერ ვაჩენდი აქანამდის ჭირსა ჩემგან დაფარულსა,
- (დ) აწ მიბრძანა საიმედო, ამად მხედავ მხიარულსა.
- 158
- (ა) „მიბრძანა: „მიცან ამბავი მის ყმისა დაკარგულისა,
- (ბ) მოხვიდე, სრულ-ვქმნა მაშინღა შენი წადილი გულისა,
- (გ) ქმარი არ მინდა უშენო, მომხვდეს ხისაცა რგულისა!“
- (დ) მომცა წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა.
- 159
- (ა) „პირველ, ყმა ვარ, წასლვა მინდა პატრონისა სამსახურად, -
- (ბ) ხამს მეფეთა ერთგულება, ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად, -
- (გ) მერმე, ცეცხლი დაუვსია, აღარა მწვავს გულსა მურად.
- (დ) ხამს, თუ კაცი არ შეუდრკეს, ჭირს მიუხდეს მამაცურად.
- 160
- (ა) ვართ უმოყვრესნი მე და შენ ყოველთა პატრონ-ყმათასა,
- (ბ) ამისთვის გნუკევ სმენასა შენ ამა ჩემთა ხმათასა:
- (გ) ჩემ წილ დაგაგდებ პატრონად, თავადად ჩემთა სპათასა,
- (დ) ამა საქმესა ვერა ვიქმ მე განდობასა სხვათასა.
- 161
- (ა) „ლაშქართა და დიდებულთა ალაშქრებდი, ჰპატრონობდი;
- (ბ) დარბაზს კაცსა გაგზავნიდი და ამბავსა მათსა ცნობდი,
- (გ) წიგნსა სწერდი ჩემ მაგიერ, უფასოსა ძღვენსა სძღვნობდი,
- (დ) აქა სამე არ-ყოფასა ჩემსა მათმცა რად აგრძნობდი!
- 162
- (ა) „ლაშქრობა და ნადირობა შენი ჩემსა დაასახე,
- (ბ) აქათ სამ წელ მომიცადე, ხვაშიადი შემინახე,
- (გ) მე ნუთუმცა შემოვბრუნდი, ალვა ჩემი არ დაჭნა ხე,
- (დ) არ მოვბრუნდე, მომიგლოვე, მიტირე და მივაგლახე!
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 163
- (ა) „მაშინღა ჰკადრე მეფესა არ საქმე სასურვალია,
- (ბ) აცნობე ჩემი სიკვდილი, - იყავ მართ ვითა მთრვალია, -
- (გ) მიჰხვდა-თქო საქმე, რომელი ყოვლთათვის გარდუვალია.
- (დ) გლახაკთა მიეც საჭურჭლე, ოქრო, ვერცხლი და რვალია.
- 164
- (ა) „მაშინ უფრო მომეხმარე, ამისგანცა უფრო მხნედ-რე,
- (ბ) ნუ, თუ ადრე დამივიწყო! მახსენებდი ზედა-ზედ-რე!
- (გ) მეტად კარგად დამიურვე, სული ჩემი შეივედრე,
- (დ) ზრდანი ჩემნი მოიგონენ, გული შენი მოიმდედრე!“.
- 165
- (ა) რა მონამან მოისმინა, გაუკვირდა, შეეზარა,
- (ბ) თვალთათ, ვითა მარგალიტი ცრემლი ცხელი გარდმოყარა,
- (გ) მოახსენა: „უშენომან გულმან რამცა გაიხარა!
- (დ) ვიცი, რომე არ დასდგები, მაგრა გიშლი ამად არა.
- 166
- (ა) „ჩემად ნაცვლად დაგაგდებო“ - ესე სიტყვა ვით მიბრძანე?
- (ბ) რაგვარა ვქმნა პატრონობა? რამც გიფერე, რამც გიგვანე?
- (გ) შენ მარტოსა გიგონებდე, მემცა მიწა ვიაკვანე!
- (დ) სჯობს ორნივე გავიპარნეთ, წამოგყვები, წამიტანე!“
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 167
- (ა) ყმამან უთხრა: „მომისმინე, მართლად გითხრობ, არა ჭრელად:
- (ბ) რა მიჯნური ველთა რბოდეს, მარტო უნდა გასაჭრელად.
- (გ) მარგალიტი არვის მიჰხვდეს უსასყიდლო უვაჭრელად.
- (დ) კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 168
- (ა) „ვისმცა ვუთხარ ხვაშიადი? შენგან კიდე არვინ ვარგა.
- (ბ) უშენოსა პატრონობა ვის მივანდო, ვინ იქმს კარგა?
- (გ) სანაპირო გაამაგრე, მტერმან ახლოს ვერ იბარგა!
- (დ) კვლა ნუთუმცა შემოვიქეც, ღმერთმან სრულად არ დამკარგა!
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 169
- (ა) „ფათერაკი სწორად მოკლავს, ერთი იყოს, თუნდა ასი;
- (ბ) მარტოობა ვერას მიზამს, მცავს თუ ცისა ძალთა დასი;
- (გ) აქათ სამ წელ არ მოვიდე, მაშინ გმართებს გლოვა, ფლასი;
- (დ) წიგნსა მოგცემ, გმორჩილობდეს, ვინცა იყოს ჩემი ხასი“.
- თავი მეოთხე თავი მეექვსე