1 2 3 4 5 6 7 8 9

მა მბ მგ მდ მე მვ მზ მთ მი მკ მლ მმ მნ მო მპ მრ მს მტ მუ მფ მქ მღ მყ მშ მჩ მც მძ მწ მჭ მხ მჯ
მო მო მო- მოა მობ მოგ მოდ მოე მოვ მოზ მოთ მოი მოკ მოლ მომ მონ მოპ მორ მოს მოტ მოუ მოფ მოღ მოყ მოშ მოც მოწ მოჭ მოხ მოჯ მოჰ

მომეხმარე

გამომადექი!
 
5. თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად

124

(ა) ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს, ეცვა ოდენ მართ პერანგი,
(ბ) იმღერდა და იხარებდა, წინა ედგა ერთი ჩანგი.
(გ) შემოვიდა მას წინაშე თინათინის მონა ზანგი,
(დ) მოახსენა: „გიბრძანებსო ტანი ალვა, პირი მანგი“.

125

(ა) ავთანდილს მიჰხვდა მოსმენა საქმისა სანატრელისა,
(ბ) ადგა და კაბა ჩაიცვა, მჯობი ყოვლისა ჭრელისა;
(გ) უხარის ნახვა ვარდისა, არ ერთგან შეუყრელისა.
(დ) ამოა ჭვრეტა ტურფისა, სიახლე საყვარელისა!

126

(ა) ავთანდილ ლაღი, უკადრი მივა, არვისგან ჰრცხვენოდა,
(ბ) მას ნახავს, ვისთა ვამთაგან ცრემლი მრავალჯერ სდენოდა;
(გ) იგი უებრო ქუშად ჯდა, ელვისა მსგავსად შვენოდა,
(დ) მთვარესა მისთა შუქთაგან უკუნი გარდაჰფენოდა.

127

(ა) გაძრცვილსა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი,
(ბ) ებურნეს მოშლით რიდენი, ფასისა თქმად საჭირონი,
(გ) ჰშვენოდეს შავნი წამწამნი, გულისა გასაგმირონი,
(დ) მას თეთრსა ყელსა ეკიდნეს გრძლად თმანი, არ უხშირონი.

128

(ა) დაღრეჯით იყო მჯდომარე ძოწეულითა რიდითა,
(ბ) ავთანდილს უთხრა დაჯდომა წყნარად, ცნობითა მშვიდითა.
(გ) მონამან სელნი დაუდგნა, დაჯდა კრძალვით და რიდითა.
(დ) პირის-პირ პირსა უჭვრეტდა, სავსე ლხინითა დიდითა.

129

(ა) ქალმან უბრძანა:ზარი მლევს მე ამისისა თხრობისა;
(ბ) მწადდა არა-თქმა, რომლისა ღონე არა მაქვს თმობისა,
(გ) მაგრა იცია მიზეზი შენისა აქა ხმობისა,
(დ) რად ვზი ქუშად და დაღრეჯით ასრე მიხდილი ცნობისა?
იხ. ტაეპის განმარტებანი

130

(ა) ყმამან ჰკადრა:საზაროსა ჩემგან თქმაღა ვით იქმნების?
(ბ) მზესა მთვარე შეეყაროს, დაილევის, და-ცა-ჭნების;
(გ) აზრად არად აღარა მცალს, თავი ჩემი მეგონების,
(დ) თქვენვე ბრძანეთ, რაცა გიმძიმს, ანუ რაცა გეკურნების“.
იხ. ტაეპის განმარტებანი

131

(ა) ქალმან უთხრა საუბარი კეკლუც-სიტყვად, არ დუხჭირად,
(ბ) იტყვის:თუცა აქანამდის ჩემგან შორს ხარ დანამჭირად,
(გ) მიკვირს, მოგხვდა წამის ყოფად საქმე შენგან საეჭვი რად,
(დ) მაგრა გითხრა პირველ ხვალმე, სენი მე მჭირს რაცა ჭირად.
იხ. ტაეპის განმარტებანი

132

(ა) გახსოვს, ოდეს შენ და როსტანს მინდორს მხეცი დაგეხოცა,
(ბ) ყმა გენახა უცხო ვინმე, რომე ცრემლი მოეხოცა?
(გ) მას უკანით გონებამან მისმან ასრე დამამხოცა,
(დ) შენ გენუკვი მონახვასა, კიდით კიდე მოჰლახო ცა.

133

(ა) „აქანამდის ნაუბარსა თუცა ვერას ვერ გეტყვია,
(ბ) მაგრა შორით სიყვარული შენგან ჩემი შემიტყვია,
(გ) ვიცი, რომე გაუწყვედლად თვალთათ ცრემლი გისეტყვია,
(დ) შეუპყრიხარ სიყვარულსა, გული შენი დაუტყვია.
იხ. ტაეპის განმარტებანი

134

(ა) „ასრე გითხრა, სამსახური ჩემი გმართებს ამად ორად:
(ბ) პირველ, ყმა ხარ, ხორციელი არავინ გვყავს შენად სწორად,
(გ) მერმე, ჩემი მიჯნური ხარ, დასტურია, არ ნაჭორად;
(დ) წადი, იგი მოყმე ძებნე, ახლოს იყოს, თუნდა შორად.

135

(ა) „შენგან ჩემი სიყვარული ამით უფრო გაამყარე,
(ბ) რომე დამსხნა შეჭირვება, ეშმა ბილწი ასაპყარე,
(გ) გულსა გარე საიმედო ია მორგე, ვარდი ყარე,
(დ) მერმე მოდი, ლომო, მზესა შეგეყრები, შემეყარე.

136

(ა) „სამსა ძებნე წელიწადსა იგი შენი საძებნარი;
(ბ) ჰპოვო, მოდი გამარჯვებით, მხიარულად მოუბნარი;
(გ) ვერა ჰპოვო - დავიჯერებ, იყო თუ-რე უჩინარი;
(დ) კოკობი და უფურჭვნელი, ვარდი დაგხვდე დაუმჭნარი.

137

(ა) „ფიცით გითხრობ: შენგან კიდე თუ შევირთო რაცა ქმარი,
(ბ) მზეცა მომხვდეს ხორციელი, ჩემთვის კაცად შენაქმარი,
(გ) სრულად მოვსწყდე სამოთხესა, ქვესკნელს ვიყო დასანთქმარი,
(დ) შენი მკლვიდეს სიყვარული, გულსა დანა ასაქმარი“.
იხ. ტაეპის განმარტებანი

138

(ა) მოახსენა ყმამან: „მზეო, ვინ გიშერი აწამწამე,
(ბ) სხვა პასუხი რამცა გკადრე, ანუ რამცა შევიწამე?
(გ) მე სიკვდილსა მოველოდი, შენ სიცოცხლე გამიწამე,
(დ) ვითა მონა, სამსახურად განაღამცა წავე, წა-, მე!“

139

(ა) კვლაცა ჰკადრა: „აჰა, მზეო, რათგან ღმერთმან მზედ დაგბადა,
(ბ) მით გმორჩილობს, ზეციერი მნათობია რაცა სადა;
(გ) მე რომ თქვენგან მოვისმინენ წყალობანი, მედიადა.
(დ) ვარდი ჩემი არ დაჭნების, შუქი შენი იეფად-ა.
იხ. ტაეპის განმარტებანი

140

(ა) „თავი ჩემი სამსახურად შენად რადმცა შევიწყალე!
(ბ) არასათვის არ დავდგები, უსაცილოდ წავალ ხვალე;
(გ) გული ფერი ლაჟვარდისა გავაწითლე, გავალალე,
(დ) სიცოცხლისა უკეთესი რამც მიბოძე, რამც ვივალე?!
იხ. ტაეპის განმარტებანი

141

(ა) კვლა შეჰფიცეს ერთმანერთსა, დააპირეს ესე პირი,
(ბ) გასალდეს და გაამრავლეს საუბარი სიტყვა-ხშირი.
(გ) გაადვილდა, აქანამდის გარდეხადა რაცა ჭირი;
(დ) თეთრთა კბილთათ გამოჰკრთების თეთრი ელვა, ვითა ჭვირი.

142

(ა) ერთგან დასხდეს, ილაღობეს, საუბარი ასად აგეს,
(ბ) ბროლ-ბალახში შეხვეული და გიშერი ასადაგეს;
(გ) ყმა ეტყვის, თუ: „შენთა მჭვრეტთა თავი ხელი, ა-, სად აგეს!
(დ) ცეცხლთა, შენგან მოდებულთა, გული ჩემი ასადაგეს“.
იხ. ტაეპის განმარტებანი

143

(ა) ყმა წავიდა, სიშორესა თუცა მისსა ვერ გაძლებდა,
(ბ) უკუღმავე იხედვიდა, თვალთა რეტად აყოლებდა,
(გ) ბროლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს, ტანსა მჭევრსა ათრთოლებდა,
(დ) გული ჰქონდა გულისათვის, სიყვარულსა ავალებდა.

144

(ა) თქვა: „მზეო, ვარდსა სიშორე შენი დამაჩნდეს ეს ადრე,
(ბ) ბროლი და ლალი გასრულვარ ქარვისა უყვითესად-რე.
(გ) მაშინ რაღა ვქმნა, ვერ-ჭვრეტა რა მომხვდეს კვლა უგრძესად-რე!
(დ) ხამს მოყვრისათვის სიკვდილი, ესე მე დამიც წესად-რე“.

145

(ა) საწოლს დაწვა, ტირს, მტირალსა ცრემლი ძნელად ეხოცების,
(ბ) ვითა ვერხვი ქარისაგან, ირხევის და იკეცების;
(გ) რა მიჰლულნის, სიახლევე საყვარლისა ეოცების,
(დ) შეკრთის, დიდი დაიზახის, მით პატიჟი ეოცების.

146

(ა) მოშორვება საყვარლისა მას შეჰქმნოდა მისად ღაზოდ,
(ბ) ცრემლსა, ვითა მარგალიტსა, სწვიმს ვარდისა დასანაზოდ.
(გ) რა გათენდა, შეეკაზმა მისთა მჭვრეტთა სალამაზოდ,
(დ) ცხენსა შეჯდა, გაემართა, დარბაზს მივა სადარბაზოდ.
იხ. ტაეპის განმარტებანი

147

(ა) დარბაზს ეჯიბი შეგზავნა, მართ მისგან შენარონია,
(ბ) შესთვალა: „გკადრებ, მეფეო, მე ესე გამიგონია:
(გ) ყოველი პირი მიწისა თქვენ ხრმლითა დაგიმონია,
(დ) აწ თუ სჯობს, ესე ამბავი ცნან, რაცა გარემონია!
იხ. ტაეპის განმარტებანი

148

(ა) „მე წავიდე, მოვიარო, ვილაშქრო და ვინაპირო,
(ბ) თინათინის ხელმწიფობა მტერთა თქვენთა გულსა ვჰგმირო,
(გ) მორჩილ-ქმნილთა გავახარო, ურჩი ყოვლი ავატირო,
(დ) ძღვენნი გკადრნე ზედა-ზედა, არ სალამი დავაძვირო“.

149

(ა) მეფესა ეთქვა ამისი დიადი მადრიელობა,
(ბ) ებრძანა: „ლომო, არა გჭირს შენ ომთა გარდუხდელობა,
(გ) აწ მაგა შენსა თათბირსა ჰგავსო შენივე ქველობა.
(დ) წა, მაგრა მომხვდეს, რაღა ვქმნა, თუ სიშორისა გრძელობა!

150

(ა) ყმა შევიდა, თაყვანის-სცა, მადლი რამე მოახსენა:
(ბ) „ხელმწიფეო, ქება ჩემი რად იკადრეთ, მიკვირს, თქვენა!
(გ) აწ ნუთუმცა სიშორისა ღმერთმან ბნელი გამითენა,
(დ) პირი თქვენი მხიარული მხიარულსა კვლა მიჩვენა!

151

(ა) მეფე ყელსა მოეკიდა, გარდაკოცნა ვითა შვილი.
(ბ) სხვა მათებრი არ ყოფილა არ გამზრდელი, არ გაზრდილი!
(გ) ყმა ადგა და წამოვიდა, მას დღე მათი ჩანს გაყრილი;
(დ) როსტან მისთვის აატირა გონიერი გული, ლბილი.

152

(ა) გამოემართა ავთანდილ, მოყმე მხნე, ლაღად მავალი.
(ბ) ოც დღე იარა, ღამეცა დღეს ზედა წაჰრთო მრავალი.
(გ) იგია ლხინი სოფლისა, იგია ნივთი და ვალი,
(დ) არ მისცილდების თინათინ მისი მას, ვისგან სწვავ ალი.

153

(ა) რა მივიდა, სიხარული შიგან გახდა სამეფოსა.
(ბ) მოეგებნეს დიდებულნი, ძღვენსა სძღვნიდეს იეფოსა.
(გ) იგი პირ-მზე არ მოსცთების სიარულსა სასწრაფოსა.
(დ) მიჰხვდეს მყოფნი მას წინაშე სიხარულსა სადაფოსა.

154

(ა) ქალაქი ჰქონდა მაგარი საზაროდ სანაპიროსა,
(ბ) გარე კლდე იყო, გიამბობ ზღუდესა უქვითკიროსა.
(გ) ყმამან მუნ დაყო სამი დღე ამოსა სანადიროსა,
(დ) გამზრდელი მისი შერმადინ დაისვა სავაზიროსა.
იხ. ტაეპის განმარტებანი

155

(ა) ესეა მონა შერმადინ, ზემოთცა სახელ-დებული,
(ბ) თანა-შეზრდილი, ერთგული და მისთვის თავ-დადებული,
(გ) მან არ იცოდა აქამდის მის ყმისა ცეცხლი დებული,
(დ) აწ გაუცხადა სიტყვები მის მზისა იმედებული.

156

(ა) უბრძანა: „აჰა, შერმადინ, ამად მე შენგან მრცხვენიან,
(ბ) ჩემნი საქმენი ყოველნი გცოდნიან, გაგივლენიან,
(გ) მაგრა არ იცი აქამდის, რანიცა ცრემლნი მდენიან!
(დ) მე ვისგან მქონდეს პატიჟნი, აწ მასვე მოულხენიან.

157

(ა) „მოვუკლავარ თინათინის სურვილსა და სიყვარულსა,
(ბ) ცრემლი ცხელი ასოვლებდის ნარგისთაგან ვარდსა ზრულსა,
(გ) ვერ ვაჩენდი აქანამდის ჭირსა ჩემგან დაფარულსა,
(დ) აწ მიბრძანა საიმედო, ამად მხედავ მხიარულსა.

158

(ა) „მიბრძანა:მიცან ამბავი მის ყმისა დაკარგულისა,
(ბ) მოხვიდე, სრულ-ვქმნა მაშინღა შენი წადილი გულისა,
(გ) ქმარი არ მინდა უშენო, მომხვდეს ხისაცა რგულისა!
(დ) მომცა წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა.

159

(ა) „პირველ, ყმა ვარ, წასლვა მინდა პატრონისა სამსახურად, -
(ბ) ხამს მეფეთა ერთგულება, ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად, -
(გ) მერმე, ცეცხლი დაუვსია, აღარა მწვავს გულსა მურად.
(დ) ხამს, თუ კაცი არ შეუდრკეს, ჭირს მიუხდეს მამაცურად.

160

(ა) ვართ უმოყვრესნი მე და შენ ყოველთა პატრონ-ყმათასა,
(ბ) ამისთვის გნუკევ სმენასა შენ ამა ჩემთა ხმათასა:
(გ) ჩემ წილ დაგაგდებ პატრონად, თავადად ჩემთა სპათასა,
(დ) ამა საქმესა ვერა ვიქმ მე განდობასა სხვათასა.

161

(ა) „ლაშქართა და დიდებულთა ალაშქრებდი, ჰპატრონობდი;
(ბ) დარბაზს კაცსა გაგზავნიდი და ამბავსა მათსა ცნობდი,
(გ) წიგნსა სწერდი ჩემ მაგიერ, უფასოსა ძღვენსა სძღვნობდი,
(დ) აქა სამე არ-ყოფასა ჩემსა მათმცა რად აგრძნობდი!

162

(ა) „ლაშქრობა და ნადირობა შენი ჩემსა დაასახე,
(ბ) აქათ სამ წელ მომიცადე, ხვაშიადი შემინახე,
(გ) მე ნუთუმცა შემოვბრუნდი, ალვა ჩემი არ დაჭნა ხე,
(დ) არ მოვბრუნდე, მომიგლოვე, მიტირე და მივაგლახე!
იხ. ტაეპის განმარტებანი

163

(ა) „მაშინღა ჰკადრე მეფესა არ საქმე სასურვალია,
(ბ) აცნობე ჩემი სიკვდილი, - იყავ მართ ვითა მთრვალია, -
(გ) მიჰხვდა-თქო საქმე, რომელი ყოვლთათვის გარდუვალია.
(დ) გლახაკთა მიეც საჭურჭლე, ოქრო, ვერცხლი და რვალია.

164

(ა) „მაშინ უფრო მომეხმარე, ამისგანცა უფრო მხნედ-რე,
(ბ) ნუ, თუ ადრე დამივიწყო! მახსენებდი ზედა-ზედ-რე!
(გ) მეტად კარგად დამიურვე, სული ჩემი შეივედრე,
(დ) ზრდანი ჩემნი მოიგონენ, გული შენი მოიმდედრე!“.

165

(ა) რა მონამან მოისმინა, გაუკვირდა, შეეზარა,
(ბ) თვალთათ, ვითა მარგალიტი ცრემლი ცხელი გარდმოყარა,
(გ) მოახსენა: „უშენომან გულმან რამცა გაიხარა!
(დ) ვიცი, რომე არ დასდგები, მაგრა გიშლი ამად არა.

166

(ა) „ჩემად ნაცვლად დაგაგდებო“ - ესე სიტყვა ვით მიბრძანე?
(ბ) რაგვარა ვქმნა პატრონობა? რამც გიფერე, რამც გიგვანე?
(გ) შენ მარტოსა გიგონებდე, მემცა მიწა ვიაკვანე!
(დ) სჯობს ორნივე გავიპარნეთ, წამოგყვები, წამიტანე!
იხ. ტაეპის განმარტებანი

167

(ა) ყმამან უთხრა: „მომისმინე, მართლად გითხრობ, არა ჭრელად:
(ბ) რა მიჯნური ველთა რბოდეს, მარტო უნდა გასაჭრელად.
(გ) მარგალიტი არვის მიჰხვდეს უსასყიდლო უვაჭრელად.
(დ) კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად.
იხ. ტაეპის განმარტებანი

168

(ა) „ვისმცა ვუთხარ ხვაშიადი? შენგან კიდე არვინ ვარგა.
(ბ) უშენოსა პატრონობა ვის მივანდო, ვინ იქმს კარგა?
(გ) სანაპირო გაამაგრე, მტერმან ახლოს ვერ იბარგა!
(დ) კვლა ნუთუმცა შემოვიქეც, ღმერთმან სრულად არ დამკარგა!
იხ. ტაეპის განმარტებანი

169

(ა) „ფათერაკი სწორად მოკლავს, ერთი იყოს, თუნდა ასი;
(ბ) მარტოობა ვერას მიზამს, მცავს თუ ცისა ძალთა დასი;
(გ) აქათ სამ წელ არ მოვიდე, მაშინ გმართებს გლოვა, ფლასი;
(დ) წიგნსა მოგცემ, გმორჩილობდეს, ვინცა იყოს ჩემი ხასი“.

თავი მეოთხე თავი მეექვსე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9