ვის დანერგავს მშვენიერ ხესავით, ვის გააჩენს?
6. წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა
- 170
- (ა) დაწერა, თუ: „ჩემნო ყმანო, გამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო,
- (ბ) ერთგულნო და მისანდონო, ამას ზედა გამოცდილნო,
- (გ) თქვენ ჩემისა საწადლისა მიდგომილნო, ვითა ჩრდილნო,
- (დ) წიგნი ჩემი მოისმინეთ, ყოვლნო ერთგან შემოხდილნო!
- 171
- (ა) „მიწაცა თქვენი ავთანდილ, ისმინეთ, გიწერ მე რასა:
- (ბ) თვით ვიქმ ხელითა ჩემითა ამა წიგნისა წერასა,
- (გ) ცოტასა ხანსა ვარჩივე გაჭრა სმასა და მღერასა,
- (დ) პურად და საჭმლად მივენდევ ჩემსა მშვილდსა და ცერასა.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 172
- (ა) „საქმე რამე მიც თავისა ზე, სადმე გარდსახვეწელი,
- (ბ) დავყო მარტოდ და ღარიბად ესე წლეული მე წელი,
- (გ) გემუდარები ამისთვის, ვარ თქვენი შემომხვეწელი,
- (დ) მე დამახვედროთ სამეფო მტერთაგან დაულეწელი.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 173
- (ა) „მე შერმადინ დამიგდია, ჩემად კერძად პატრონობდეს,
- (ბ) სიკვდილსა და სიცოცხლესა სადამდისცა ჩემსა სცნობდეს,
- (გ) ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს, ვარდს არ ზრვიდეს, არ აჭნობდეს,
- (დ) შემცოდესა ყველაკასა ვითა ცვილსა დაადნობდეს.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 174
- (ა) „თქვენცა იცით, გამიზრდია, ვითა ძმა და ვითა შვილი.
- (ბ) ამას ასრე ჰმორჩილობდით, არის ვითამც ავთანდილი,
- (გ) ბუკსა იკრას, აქმნევინეთ ყოვლი საქმე, ჩემგან ქმნილი;
- (დ) მე თუ დრომდის არ მოვიდე, გლოვა გმართებს, არ სიცილი“.
- 175
- (ა) ესე წიგნი გაასრულა წყლიანმან და სიტყვა-ნაზმა,
- (ბ) წელთა ოქრო შემოირტყა, საღარიბოდ შეეკაზმა,
- (გ) ბრძანა: „მინდორს შევჯდებიო“, ლაშქარიცა დაერაზმა,
- (დ) მასვე წამსა წამოვიდა, შინა ხანი არა დაზმა.
- 176
- (ა) ბრძანა: „წადით ყველაკაი, აქა მომხრედ არვინ მინა“.
- (ბ) მონებიცა მოიშორვა, თავი გაითავისწინა,
- (გ) მარტო გარე შემობრუნდა შამბი შიგან გაირბინა,
- (დ) მიწყივ მისად საგონებლად მისი მკლველი თინათინ-ა.
- 177
- (ა) იგი ველი გაირბინა, ლაშქართაგან გაეკიდა.
- (ბ) ვინმცა ნახა სულიერმან, ანუ ვინმცა გაეკიდა?
- (გ) ვის მახვილი ვერას ავნებს, იმას ვინმცა წაეკიდა?
- (დ) მისგან ტვირთი კაეშნისა ტვირთად ვარგად აეკიდა.
- 178
- (ა) რა ლაშქართა ინადირეს და პატრონი მოითვალეს,
- (ბ) იგი პირ-მზე ვეღარ პოვეს, პირი მათი იფერმკრთალეს,
- (გ) მათსა დიდსა სიხარულსა სიმძიმილი ანაცვალეს,
- (დ) ყოვლგან რბოდეს საძებარად, ვინცა იყო უცხენმალეს.
- 179
- (ა) „ღმერთი, ლომო, შენად ნაცვლად სხვასა ვისმცა დანერგვიდეს!“
- (ბ) დარბოდეს და სხვაგნით სხვათა მოამბეთა მოასხმიდეს;
- (გ) ვეღარა ცნეს მისი საქმე, გაიარა აქათ კიდეს,
- (დ) მისნი სპანი გულ-მოკლულნი ცრემლსა ცხელსა გარდმოჰყრიდეს.
- 180
- (ა) შერმადინ ერთგან შეყარნა ხასნი და დიდებულები,
- (ბ) უჩვენა იგი უსტარი, ამბავი მისი თქმულები.
- (გ) რა მოისმინეს, ყველაი დარჩა გულ-დანაწყლულები,
- (დ) თავსა იცემდეს, არ იყო გული უცრემლო, ულები.
- 181
- (ა) ყოვლთა ჰკადრეს: „თუცა ყოფა ჩვენ უმისოდ გვეარმისცა,
- (ბ) უშენოსა საჯდომი და ტახტი მისი ვისმცა მისცა?
- (გ) განაღამცა გმორჩილობდით, თუ გვიბრძანო რაცა ვისცა!“
- (დ) იგი მონა აპატრონეს, ყველაკამან თაყვანის-სცა.
- თავი მეხუთე თავი მეშვიდე