მისთვის რაღაცის მკადრებელი, შემბედავი
- 7. ავთანდილისაგან მის ყმისა ძებნად წასლვა
- 182
- (ა) ამ საქმესა მემოწმების დიანოსი ბრძენი, ეზროს:
- (ბ) საბრალოა, ოდეს ვარდი დაეთრთვილოს, და-ცა-ეზროს,
- (გ) ვის ბალახში არა ჰგვანდეს და ლერწამი ტანად ეზროს,
- (დ) იგი სადმე გაღარიბდეს, სამყოფთაგან იაბეზროს.
- 183
- (ა) ავთანდილ იგი მინდორი ოთხ-ახმით გარდაიარა,
- (ბ) დააგდო ზღვარი არაბთა, სხვათ ზღვართა არე იარა,
- (გ) მაგრა მის მზისა გაყრამან სიცოცხლე გაუზიარა;
- (დ) თქვა: „თუ მე მასმცა ვეახელ, აწ ცხელსა ცრემლსა ვღვრი არა“.
- 184
- (ა) ახალმან ფიფქმან დათოვა, ვარდი დათრთვილა, დანასა;
- (ბ) მოუნდის გულსა დაცემა, ზოგჯერ მიჰმართის დანასა;
- (გ) თქვის: „ჭირი ჩემი სოფელმან ოთხმოცდაათი ანასა,
- (დ) მოვშორდი ლხინსა ყველასა: ჩანგსა, ბარბითსა და ნასა!“
- 185
- (ა) ვარდი მის მზისა გაყრილი უფრო და უფრო ჭნებოდა,
- (ბ) გულსა უთხრის, თუ: „დათმეო“, ამად არ დია ბნდებოდა.
- (გ) უცხო უცხოთა ადგილთა საძებრად იარებოდა,
- (დ) მგზავრთა ჰკითხვიდის ამბავთა, მათ თანა-ემოყვრებოდა.
- 186
- (ა) მუნ ეძებს, ცრემლი მტირალსა სდის ზღვათა შესართავისად,
- (ბ) უჩნდის ქვეყანა ტახტად და მკლავი სადებლად თავისად.
- (გ) თქვის: „საყვარელო, მოგშორდი, გული შენ დაგრჩა, ვთქვა, ვისად?
- (დ) შენთვის სიკვდილი მეყოფის ლხინად ჩემისა თავისად“.
- 187
- (ა) ყოვლი პირი ქვეყანისა მოვლო, სრულად მოიარა,
- (ბ) ასრე რომე ცასა ქვეშე არ დაურჩა, არე არა,
- (გ) მაგრა იგი მის ამბისა მსმენელსაცა ვერ მიმხვდარა.
- (დ) ამას შიგან წელიწადი სამი სამ თვედ მიიყარა.
- 188
- (ა) მიჰხვდა რასმე ქვეყანასა უგემურსა, მეტად მქისსა,
- (ბ) თვე ერთ კაცსა ვერა ნახავს, ვერას შვილსა ადამისსა,
- (გ) იგი ჭირი არ უნახავს არ რამინს და არცა ვისსა,
- (დ) დღე და ღამე იგონებდის საყვარელსა მასვე მისსა.
- 189
- (ა) მას მიჰხვდა წვერი სადგურად მაღლისა მთისა დიდისა,
- (ბ) გამოჩნდა მუნით მინდორი, სავალი დღისა შვიდისა.
- (გ) მის მთისა ძირსა წყალი დის, არად სანდომი ხიდისა,
- (დ) ორგნითვე ტყესა შეეკრა ნაპირი წყლისა კიდისა.
- 190
- (ა) ზედა წადგა, შეექცევის, დროთა, დღეთა ანგარიშობს;
- (ბ) თვენი ესხნეს ორანიღა, ამად სულთქვამს, ამად იშობს;
- (გ) „ვა, თუ საქმე გამიმჟღავნდეს!“ - კვლა ამისათვის გულ-მოშიშობს, -
- (დ) „ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს“.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 191
- (ა) საგონებელი შეექმნა დადგა საქმისა მრჩეველად,
- (ბ) თქვა: „თუ დავბრუნდე, ეზომი ხანი რად დავყავ მე ველად?
- (გ) ჩემსა რა ვჰკადრო მნათობსა, ვიყავ რად დღეთა მლეველად,
- (დ) მისი ვერა ვცნა ჭორადცა, ვარ ვისთა გზათა მკვლეველად?
- 192
- (ა) „თუ არ დავბრუნდე, საძებრად დავყვნე სხვანიცა ხანანი,
- (ბ) რომელსა ვეძებ, ვერა ვცნნე ამბავნი მე მის თანანი,
- (გ) დრო გარდაუწყდეს შერმადინს, მიჰხვდენ ღაწვისა ბანანი,
- (დ) მივიდეს, ჰკადრნეს მეფესა საქმენი დასაგვანანი!
- 193
- (ა) „უამბოს ჩემი სიკვდილი, თვით ჩემგან დავედრებული,
- (ბ) მათ შექმნან გლოვა-ტირილი, ქმნან საქმე გამწარებული,
- (გ) მერმე მივიდე ცოცხალი მე, სხვაგან სადმე რებული!“
- (დ) ამას იგონებს ტირილით გონება-შეიწრებული.
- 194
- (ა) იტყვის: „ღმერთო, სამართალნი შენნი ჩემთვის რად ამრუდენ?
- (ბ) მე ეზომნი სიარულნი კიდე რად, გლახ, გამიცუდენ?
- (გ) გულით ჩემით სიხარულნი აჰფხვრენ, ჭირნი დააბუდენ,
- (დ) დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი ვერათ ოდეს დავიყუდენ“.
- 195
- (ა) თავს უთხრა: „მოკვე, გიჯობსო სიცოცხლეს აუგიანსა!
- (ბ) მიხვალ, დაგხვდების თინათინ, ანათებს დღესა მზიანსა.
- (გ) გკითხოს მის ყმისა ამბავი, რა გმართებს ვაგლახიანსა?“
- (დ) იგონებს წამ-წამ, მიჰყვების ტყის პირსა, შამბნარ-წყლიანსა.
- 196
- (ა) კვლაცა იტყვის: „დათმობა სჯობს“, და თავსავე ეუბნების:
- (ბ) „დღეთა მეტად ნუ მოჰკვდები, გული ჩემი ნუ დადნების,
- (გ) უღმრთოდ ვერას ვერ მოვაწევ, ცრემლი ცუდად მედინების,
- (დ) განგებასა ვერვინ შესცვლის, არ-საქმნელი არ იქმნების.
- 197
- (ა) „ყოვლნი არსნი ცათ ქვეშეთნი ერთობ სრულად მომივლიან,
- (ბ) მაგრა საქმე მის კაცისა ვერასადა შემიგიან;
- (გ) უღონიოდ მართალ იყვნეს, რომელთაცა ქაჯად თქვიან.
- (დ) აწ ტირილი არას მარგებს, ცუდად ცრემლნი რასა მდიან!“
- 198
- (ა) მთით ჩამოვიდა ავთანდილ, გავლნა წყალი და ტყენია,
- (ბ) მინდორს აცორვებს ტაიჭსა, შეჟღრენით მონაწყენია.
- (გ) გასცუდებოდეს მკლავნი და მისნი სიამაყენია,
- (დ) ბროლისა ველსა სტურფობდეს გიშრისა მუნ საყენია.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 199
- (ა) მობრუნება დააპირა, სულთქვნა, მერმე ივაგლახა,
- (ბ) მას მინდორსა დაემართა, გზა თვალითა გამოსახა;
- (გ) თვესა ერთსა სულიერი კაცი არსად არ ენახა,
- (დ) მხეცნი იყვნეს საშინელნი, მაგრა არა შეუზახა.
- 200
- (ა) თუცა მხეც-ქმნილი ავთანდილ გულ-ამოსკვნით და კვნესით-ა,
- (ბ) ეგრეცა ჭამა მოუნდის ადამის ტომთა წესითა,
- (გ) ისრითა მოკლის ნადირი, როსტომის მკლავ-უგრძესითა,
- (დ) შამბისა პირსა გარდახდა, ცეცხლი დააგზო კვესითა.
- 201
- (ა) ცხენსა მისცა საძოვარი, ვირე წვადი შეიწოდეს;
- (ბ) ექვსნი რამე ცხენოსანნი, ნახა, მისკენ მოვიდოდეს;
- (გ) თქვა, თუ: „ჰგვანან მეკობრეთა, თვარა კარგი რამც იცოდეს!
- (დ) აქა კაცი ხორციელი კვლა ყოფილა არაოდეს“.
- 202
- (ა) ხელთა ჰქონდა ისარ-მშვილდი, მათკე მივა მხიარული.
- (ბ) ორთა კაცთა წვეროსანთა ყმა მოჰყვანდა უწვერული,
- (გ) თავსა იყო დაკოდილი, შეებნიდა სისხლსა გული,
- (დ) ტიროდეს და იჭირვოდეს, ცოტა ედგა მას, გლახ, სული.
- 203
- (ა) უყივლა, თუ: „ძმანო, ვინ ხართ? მეკობრეთა დაგამსგავსენ!“
- (ბ) მათ მიუგეს: „დაგვიწყნარდი, გვიშველე რა, ცეცხლნი ავსენ,
- (გ) ვერა გვარგო, მოგვიმტკივნე, ჭირნი ჭირთა მოგვისავსენ,
- (დ) სატირელნი მოგვიტირენ, ღაწვნი შენცა დაიმხავსენ“.
- 204
- (ა) ავთანდილ მიდგა, ეუბნა მათ კაცთა გულ-მდუღარეთა,
- (ბ) მათ უთხრეს მათი ამბავი, ტირილით მოუბარეთა:
- (გ) „ჩვენ ვართო ძმანი სამნივე, მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა,
- (დ) დია გვაქვს ციხე-ქალაქი ხატაეთს არე-მარეთა.
- 205
- (ა) „კარგი გვესმა სანადირო, ნადირობას წამოვედით,
- (ბ) გვყვეს ლაშქარნი უთვალავნი, წყლისა პირსა გარდავხედით,
- (გ) სანადირო მოგვეწონა, თვესა ერთსა არ წავედით,
- (დ) ვხოცდით მხეცსა უზომოსა მინდორით და მთით და ქედით.
- 206
- (ა) „ჩვენ სამთა ძმათა ჩვენთანა მესროლნი დავაწბილენით,
- (ბ) მით ერთმანერთსა სამნივე ჩვენ კიდე დავეცილენით:
- (გ) „მე უკეთ მოვკალ, მე გჯობო“, - სიტყვანი ვავაქილენით,
- (დ) ვერ გავაჩინეთ მართალი, ვისარჩლეთ, ვითაკილენით.
207
- (ა) „დღეს ავყარენით ლაშქარნი, სავსენი ირმის ტყავითა,
- (ბ) ვთქვით: „გავაჩინოთ მართალი, ვინ ვსჯობთ თავისა მკლავითა,
- (გ) თავსა ვეახლნეთ მარტონი, დავდგეთ მართ ოდენ თავითა,
- (დ) თვით დანახულსა მოვჰკლვიდეთ, ნუ ვესრვით დამნახავითა“.
- 208
- (ა) „ჩვენ ვიახლენით სამთავე სამნივე მეაბჯარენია,
- (ბ) ლაშქართა წასლვა ვუბრძანეთ, მით არას მოაზრენია,
- (გ) მოვინადირეთ მინდორი, ისი ტყენი და ღრენია,
- (დ) დავხოცეთ მხეცი, მფრინველი, არცა ზე გარდაგვფრენია.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 209
- (ა) „ანაზდად მოყმე გამოჩნდა კუშტი, პირ-გამქუშავია,
- (ბ) ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა, - მერანი რამე, შავია, -
- (გ) თავსა და ტანსა ემოსა გარე-თმა ვეფხის ტყავია,
- (დ) ჯერთ მისი მსგავსი შვენება კაცთაგან უნახავია.
- 210
- (ა) „ვუჭვრიტეთ, მისთა ელვათა შუქნი ძლივ გავიცადენით.
- (ბ) ვთქვით, თუ: „მზეაო ქვეყანად, ნუ ვეუბნებით ცად ენით!“
- (გ) მისი მოგვინდა შეპყრობა, ვჰკადრეთ და შევეცადენით,
- (დ) ასრე სულთქმით და ვაებით მით ვართ, ცრემლისა დადენით.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 211
- (ა) „მე უხუცესმან უმცროსთა კაცი დავსთხოვე ქენებით,
- (ბ) ჩემმან შედეგმან ტაიჭი მისი მით აქო ხსენებით,
- (გ) ამან მართ ოდენ მორევნა გვითხრა, ვუალლეთ ჩვენ ნებით,
- (დ) მივჰმართეთ, იგი აგრევე წყნარად მივა და შვენებით.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 212
- (ა) „ბროლმან, ლალსა გარეულმან, ვარდნი თხელნი ანატიფნა,
- (ბ) იგი ტკბილნი გონებანი ჩვენთვის მეტად გაამყიფნა:
- (გ) არ აგვიხვნა, არცა დაგვსხნა, ყოლა არად ამოგვკრიფნა,
- (დ) მისნი მკვახედ მოუბარნი მათრახითა შეგვამწიფნა!
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 213
- (ა) „უმცროსსა ძმასა მივეცით, უფროსნი დავეზიდენით;
- (ბ) ხელი მოჰკიდა, „დადეგო!“, ესეცა ჰკადრა კიდ ენით;
- (გ) მან ხრმალსა ხელი არ მიჰყო, ჩვენ ამად დავერიდენით,
- (დ) თავსა გარდაჰკრა მათრახი, ვნახეთ სისხლისა კი დენით.
- 214
- (ა) „მით ერთითა მათრახითა თავი ასრე გარდაჰფრიწა,
- (ბ) ვითა მკვდარი უსულო ქმნა, ვითა მიწა დაამიწა,
- (გ) მისი რასმე მკადრებელი მოამდაბლა, მოაწიწა,
- (დ) თვალთა წინა წაგვივიდა ლაღი, კუშტი, ამაყი, წა-!
- 215
- (ა) „აღარ დაბრუნდა, წავიდა წყნარად და აუჩქარებლად,
- (ბ) აგერა მივა, ნახეო, იგი მზეებრ და მთვარებლად“.
- (გ) შორს უჩვენებდეს ავთანდილს მტირალნი გაუხარებლად,
- (დ) ოდენ ჩნდა შავი ტაიჭი მისი მის მზისა მარებლად.
- 216
- (ა) აჰა მიჰხვდა ავთანდილსა ღაწვთა ცრემლით არ-დათოვნა,
- (ბ) რათგან ცუდად არ წაუხდა მას ეზომი გარეთ ყოვნა.
- (გ) კაცსა მიჰხვდეს საწადელი, რას ეძებდეს, მისი პოვნა,
- (დ) მაშინ მისგან აღარა ხამს გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა.
- 217
- (ა) უთხრა, თუ: „ძმანო, ვარ ვინმე ღარიბი უადგილოსა,
- (ბ) მე იმა ყმისა საძებრად მოვჰშორდი საგაზრდილოსა,
- (გ) აწ თქვენგან მივჰხვდი საქმესა ყოლა არ-საადვილოსა,
- (დ) ღმერთიმცა ნურას ნუღარ იქმს თქვენსა დასაღრეჯილოსა!
- 218
- (ა) „ვითა მე მივჰხვდი წადილსა, ჩემის გულისა ნებასა,
- (ბ) აგრემცა ღმერთი ნურას იქმს ძმისა თქვენისა ვნებასა!“
- (გ) უჩვენა მისი სადგომი: „მიდითო ნება-ნებასა,
- (დ) ჩრდილსა გარდასვით მაშვრალნი, მიეცით მოსვენებასა“.
- 219
- (ა) ესე უთხრა და წავიდა, ცხენი გაქუსლა დეზითა,
- (ბ) ვითა გავაზი გაფრინდა, არ-გაშვებული ხეზითა,
- (გ) ან მთვარე, მზისა შემყრელი, მზე სინათლითა ზეზითა.
- (დ) დაივსო ცეცხლი შემწველი მისითა მან მიზეზითა.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 220
- (ა) მიეწურა, იგონებდა, ახლოს შეყრა ვითა აგოს:
- (ბ) „საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს!
- (გ) ხამს, თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს,
- (დ) არ სიწყნარე გონებისა მოიძულოს, მოიძაგოს.
- 221
- (ა) „რათგან ისი არის რადმე უცნობოდ და ისრე რეტად,
- (ბ) რომე კაცსა არ მიუშვებს საუბრად და მისად ჭვრეტად,
- (გ) მივეწევი, შევიყრებით ერთმანერთის ცემა-ჟლეტად,
- (დ) ანუ მოვჰკლავ, ანუ მომკლავს, დაიმალვის მეტის-მეტად“.
- 222
- (ა) ავთანდილ იტყვის: ეზომნი ჭირნიმცა რად ვაცუდენი?
- (ბ) რაცაღა არის, არ არის, თუმცა არ ედგნეს ბუდენი;
- (გ) სადაცა მივა, მივიდეს, რაზომც მოჰვლოდეს ზღუდენი,
- (დ) მუნაღა ვძებნნე ღონენი ჩემნი არ-დასამრუდენი“.
- 223
- (ა) წინა-უკანა იარნეს ორნი დღენი და ღამენი,
- (ბ) დღისით და ღამით მაშვრალნი, არ შეჭამადთა მჭამენი,
- (გ) არსადა ხანნი არ დაყვნეს, ერთნი თვალისა წამენი.
- (დ) მათ თვალთა ცრემლნი სდიოდეს, მინდორთა მოსალამენი.
- 224
- (ა) დღისით ვლეს და საღამო-ჟამ გამოუჩნდეს დიდნი კლდენი,
- (ბ) კლდეთა შიგან ქვაბნი იყვნეს, ძირსა წყალი ჩანადენი,
- (გ) წყლისა პირსა, არ ითქმოდა, შამბი იყო თუ რასდენი,
- (დ) ხე დიდრონი, თვალ-უწვდომი, მაღლა კლდემდის ანაყრდენი.
- 225
- (ა) მან ყმამან ქვაბსა მიჰმართა, გავლნა წყალნი და კლდენია;
- (ბ) ავთანდილ ცხენსა გარდახდა, მონახნა დიდნი ხენია,
- (გ) მას ზედა ჭვრეტად გავიდა, ძირსა დააბა ცხენია,
- (დ) მუნით უჭვრეტდა. იგი ყმა მივა ცრემლ-მინადენია.
- 226
- (ა) რა ტყენი გავლნა მან ყმამან, მოსილმან ვეფხის ტყავითა,
- (ბ) ქვაბისა კარსა გამოდგა ქალი ჯუბითა შავითა,
- (გ) ატირდა მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა,
- (დ) იგი ყმა ცხენსა გარდახდა, ყელსა მოეჭდო მკლავითა.
- 227
- (ა) ყმამან უთხრა: „დაო ასმათ, ხიდნი ზღვასა ჩაგვიცვივდეს:
- (ბ) ვეღარ მივჰხვდი ჟამიერად, ჩვენ ვისიცა ცეცხლი გვწვიდეს“.
- (გ) ესე თქვა და მკერდსა ხელნი იკრნა, ცრემლნი გარდმოსცვივდეს.
- (დ) ქალი შებნდა, მოეხვია, ერთმანერთსა სისხლით სწვიმდეს.
- 228
- (ა) იგი ტევრი გაეხშირა დანაგლეჯსა მათსა თმასა,
- (ბ) ერთმანერთსა ეხვეოდეს: ყმა ქალსა და ქალი ყმასა;
- (გ) იზახდიან, მოსთქმიდიან, მოსცემდიან კლდენი ხმასა.
- (დ) ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით მათსა ეგრე ქცევა-ზმასა.
- 229
- (ა) სული დაიღო მან ქალმან, დათმო გულისა წყლულობა,
- (ბ) ქვაბს შეიყვანა ტაიჭი, მოჰხადა აკაზმულობა,
- (გ) მას ყმასა შეჰხსნა, შეიღო აბჯრისა წელ-მორტყმულობა;
- (დ) შინა შევიდეს, მას დღესა გარდახდა გამოსრულობა.
- 230
- (ა) ავთანდილს უკვირს: „ამბავი ისი თუ ვცნაო მე რითა?!“
- (ბ) გათენდა, ქალი გამოდგა, მოსილი მითვე ფერითა,
- (გ) შავსა აუდვა ლაგამი, სწმედდა რიდისა წვერითა,
- (დ) შეკაზმა, მოაქვს აბჯარი წყნარად, არ რამე ჩხერითა.
- 231
- (ა) მის მოყმისა წესი იყო, მეტსა თურე არას ეჯდა.
- (ბ) ქალი ტირს და მკერდსა იცემს, თმისა ტევრსა გაიგლეჯდა;
- (გ) ერთმანერთსა მოეხვივნეს, აკოცა და ცხენსა შეჯდა;
- (დ) ასმათ, აგრე დაღრეჯილი, კვლა უფრო-რე დაიღრეჯდა.
- 232
- (ა) ავთანდილ ახლოს კვლა ნახა სახე მისავე კაცისა,
- (ბ) ულვაშ-აშლილი, წვერ-გამო, „ნუთუ მზეაო, - თქვა, - ცისა?“
- (გ) ეყნოსა სული ალვისა, ქართაგან მონატაცისა;
- (დ) ასრე უჩს მოკლვა ლომისა, მართ ვითა ლომსა - ვაცისა.
- 233
- (ა) მასვე გზასა წამოვიდა, რომე გუშინ შეეარა,
- (ბ) შამბი გავლო, გაეშორა, თავი მინდორს გააგარა;
- (გ) ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით, მალვით ხესა მოეფარა,
- (დ) თქვა, თუ: „ღმერთმან ესე საქმე მეტად კარგად მომიგვარა.
- 234
- (ა) „აწ ამას ჩემთვის ღმრთისაგან სხვა საქმე რა ვამჯობინო?
- (ბ) ქალი შევიპყრა, მის ყმისა ამბავი ვაამბობინო,
- (გ) ჩემიცა ვუთხრა ყველაი, მართალი გავაბრჭობინო,
- (დ) და მას ყმასა ხრმალი არა ვჰკრა, არც მისი დავისობინო“.
- თავი მეექვსე თავი მერვე