1 2 3 4 5 6 7 8 9

მა მბ მგ მდ მე მვ მზ მთ მი მკ მლ მმ მნ მო მპ მრ მს მტ მუ მფ მქ მღ მყ მშ მჩ მც მძ მწ მჭ მხ მჯ
მაა მაგ მად მავ მაზ მათ მაკ მალ მამ მან მაპ მარ მას მატ მაფ მაქ მაღ მაყ მაშ მაც მაწ მახ მაჯ

მან ყმამან

იმ მოყმემ, რაინდმა
 
7. ავთანდილისაგან მის ყმისა ძებნად წასლვა

182

(ა) ამ საქმესა მემოწმების დიანოსი ბრძენი, ეზროს:
(ბ) საბრალოა, ოდეს ვარდი დაეთრთვილოს, და-ცა-ეზროს,
(გ) ვის ბალახში არა ჰგვანდეს და ლერწამი ტანად ეზროს,
(დ) იგი სადმე გაღარიბდეს, სამყოფთაგან იაბეზროს.

183

(ა) ავთანდილ იგი მინდორი ოთხ-ახმით გარდაიარა,
(ბ) დააგდო ზღვარი არაბთა, სხვათ ზღვართა არე იარა,
(გ) მაგრა მის მზისა გაყრამან სიცოცხლე გაუზიარა;
(დ) თქვა: „თუ მე მასმცა ვეახელ, აწ ცხელსა ცრემლსა ვღვრი არა“.

184

(ა) ახალმან ფიფქმან დათოვა, ვარდი დათრთვილა, დანასა;
(ბ) მოუნდის გულსა დაცემა, ზოგჯერ მიჰმართის დანასა;
(გ) თქვის: „ჭირი ჩემი სოფელმან ოთხმოცდაათი ანასა,
(დ) მოვშორდი ლხინსა ყველასა: ჩანგსა, ბარბითსა და ნასა!“

185

(ა) ვარდი მის მზისა გაყრილი უფრო და უფრო ჭნებოდა,
(ბ) გულსა უთხრის, თუ: „დათმეო“, ამად არ დია ბნდებოდა.
(გ) უცხო უცხოთა ადგილთა საძებრად იარებოდა,
(დ) მგზავრთა ჰკითხვიდის ამბავთა, მათ თანა-ემოყვრებოდა.

186

(ა) მუნ ეძებს, ცრემლი მტირალსა სდის ზღვათა შესართავისად,
(ბ) უჩნდის ქვეყანა ტახტად და მკლავი სადებლად თავისად.
(გ) თქვის: „საყვარელო, მოგშორდი, გული შენ დაგრჩა, ვთქვა, ვისად?
(დ) შენთვის სიკვდილი მეყოფის ლხინად ჩემისა თავისად“.

187

(ა) ყოვლი პირი ქვეყანისა მოვლო, სრულად მოიარა,
(ბ) ასრე რომე ცასა ქვეშე არ დაურჩა, არე არა,
(გ) მაგრა იგი მის ამბისა მსმენელსაცა ვერ მიმხვდარა.
(დ) ამას შიგან წელიწადი სამი სამ თვედ მიიყარა.

188

(ა) მიჰხვდა რასმე ქვეყანასა უგემურსა, მეტად მქისსა,
(ბ) თვე ერთ კაცსა ვერა ნახავს, ვერას შვილსა ადამისსა,
(გ) იგი ჭირი არ უნახავს არ რამინს და არცა ვისსა,
(დ) დღე და ღამე იგონებდის საყვარელსა მასვე მისსა.

189

(ა) მას მიჰხვდა წვერი სადგურად მაღლისა მთისა დიდისა,
(ბ) გამოჩნდა მუნით მინდორი, სავალი დღისა შვიდისა.
(გ) მის მთისა ძირსა წყალი დის, არად სანდომი ხიდისა,
(დ) ორგნითვე ტყესა შეეკრა ნაპირი წყლისა კიდისა.

190

(ა) ზედა წადგა, შეექცევის, დროთა, დღეთა ანგარიშობს;
(ბ) თვენი ესხნეს ორანიღა, ამად სულთქვამს, ამად იშობს;
(გ) „ვა, თუ საქმე გამიმჟღავნდეს!“ - კვლა ამისათვის გულ-მოშიშობს, -
(დ) „ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს“.
იხ. ტაეპის განმარტებანი

191

(ა) საგონებელი შეექმნა დადგა საქმისა მრჩეველად,
(ბ) თქვა: „თუ დავბრუნდე, ეზომი ხანი რად დავყავ მე ველად?
(გ) ჩემსა რა ვჰკადრო მნათობსა, ვიყავ რად დღეთა მლეველად,
(დ) მისი ვერა ვცნა ჭორადცა, ვარ ვისთა გზათა მკვლეველად?

192

(ა) „თუ არ დავბრუნდე, საძებრად დავყვნე სხვანიცა ხანანი,
(ბ) რომელსა ვეძებ, ვერა ვცნნე ამბავნი მე მის თანანი,
(გ) დრო გარდაუწყდეს შერმადინს, მიჰხვდენ ღაწვისა ბანანი,
(დ) მივიდეს, ჰკადრნეს მეფესა საქმენი დასაგვანანი!

193

(ა) „უამბოს ჩემი სიკვდილი, თვით ჩემგან დავედრებული,
(ბ) მათ შექმნან გლოვა-ტირილი, ქმნან საქმე გამწარებული,
(გ) მერმე მივიდე ცოცხალი მე, სხვაგან სადმე რებული!
(დ) ამას იგონებს ტირილით გონება-შეიწრებული.

194

(ა) იტყვის: „ღმერთო, სამართალნი შენნი ჩემთვის რად ამრუდენ?
(ბ) მე ეზომნი სიარულნი კიდე რად, გლახ, გამიცუდენ?
(გ) გულით ჩემით სიხარულნი აჰფხვრენ, ჭირნი დააბუდენ,
(დ) დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი ვერათ ოდეს დავიყუდენ“.

195

(ა) თავს უთხრა: „მოკვე, გიჯობსო სიცოცხლეს აუგიანსა!
(ბ) მიხვალ, დაგხვდების თინათინ, ანათებს დღესა მზიანსა.
(გ) გკითხოს მის ყმისა ამბავი, რა გმართებს ვაგლახიანსა?
(დ) იგონებს წამ-წამ, მიჰყვების ტყის პირსა, შამბნარ-წყლიანსა.

196

(ა) კვლაცა იტყვის:დათმობა სჯობს“, და თავსავე ეუბნების:
(ბ) „დღეთა მეტად ნუ მოჰკვდები, გული ჩემი ნუ დადნების,
(გ) უღმრთოდ ვერას ვერ მოვაწევ, ცრემლი ცუდად მედინების,
(დ) განგებასა ვერვინ შესცვლის, არ-საქმნელი არ იქმნების.

197

(ა) „ყოვლნი არსნი ცათ ქვეშეთნი ერთობ სრულად მომივლიან,
(ბ) მაგრა საქმე მის კაცისა ვერასადა შემიგიან;
(გ) უღონიოდ მართალ იყვნეს, რომელთაცა ქაჯად თქვიან.
(დ) აწ ტირილი არას მარგებს, ცუდად ცრემლნი რასა მდიან!“

198

(ა) მთით ჩამოვიდა ავთანდილ, გავლნა წყალი და ტყენია,
(ბ) მინდორს აცორვებს ტაიჭსა, შეჟღრენით მონაწყენია.
(გ) გასცუდებოდეს მკლავნი და მისნი სიამაყენია,
(დ) ბროლისა ველსა სტურფობდეს გიშრისა მუნ საყენია.
იხ. ტაეპის განმარტებანი

199

(ა) მობრუნება დააპირა, სულთქვნა, მერმე ივაგლახა,
(ბ) მას მინდორსა დაემართა, გზა თვალითა გამოსახა;
(გ) თვესა ერთსა სულიერი კაცი არსად არ ენახა,
(დ) მხეცნი იყვნეს საშინელნი, მაგრა არა შეუზახა.

200

(ა) თუცა მხეც-ქმნილი ავთანდილ გულ-ამოსკვნით და კვნესით-ა,
(ბ) ეგრეცა ჭამა მოუნდის ადამის ტომთა წესითა,
(გ) ისრითა მოკლის ნადირი, როსტომის მკლავ-უგრძესითა,
(დ) შამბისა პირსა გარდახდა, ცეცხლი დააგზო კვესითა.

201

(ა) ცხენსა მისცა საძოვარი, ვირე წვადი შეიწოდეს;
(ბ) ექვსნი რამე ცხენოსანნი, ნახა, მისკენ მოვიდოდეს;
(გ) თქვა, თუ: „ჰგვანან მეკობრეთა, თვარა კარგი რამც იცოდეს!
(დ) აქა კაცი ხორციელი კვლა ყოფილა არაოდეს“.

202

(ა) ხელთა ჰქონდა ისარ-მშვილდი, მათკე მივა მხიარული.
(ბ) ორთა კაცთა წვეროსანთა ყმა მოჰყვანდა უწვერული,
(გ) თავსა იყო დაკოდილი, შეებნიდა სისხლსა გული,
(დ) ტიროდეს და იჭირვოდეს, ცოტა ედგა მას, გლახ, სული.

203

(ა) უყივლა, თუ: „ძმანო, ვინ ხართ? მეკობრეთა დაგამსგავსენ!“
(ბ) მათ მიუგეს:დაგვიწყნარდი, გვიშველე რა, ცეცხლნი ავსენ,
(გ) ვერა გვარგო, მოგვიმტკივნე, ჭირნი ჭირთა მოგვისავსენ,
(დ) სატირელნი მოგვიტირენ, ღაწვნი შენცა დაიმხავსენ“.

204

(ა) ავთანდილ მიდგა, ეუბნა მათ კაცთა გულ-მდუღარეთა,
(ბ) მათ უთხრეს მათი ამბავი, ტირილით მოუბარეთა:
(გ) „ჩვენ ვართო ძმანი სამნივე, მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა,
(დ) დია გვაქვს ციხე-ქალაქი ხატაეთს არე-მარეთა.

205

(ა) „კარგი გვესმა სანადირო, ნადირობას წამოვედით,
(ბ) გვყვეს ლაშქარნი უთვალავნი, წყლისა პირსა გარდავხედით,
(გ) სანადირო მოგვეწონა, თვესა ერთსა არ წავედით,
(დ) ვხოცდით მხეცსა უზომოსა მინდორით და მთით და ქედით.

206

(ა) „ჩვენ სამთა ძმათა ჩვენთანა მესროლნი დავაწბილენით,
(ბ) მით ერთმანერთსა სამნივე ჩვენ კიდე დავეცილენით:
(გ) „მე უკეთ მოვკალ, მე გჯობო“, - სიტყვანი ვავაქილენით,
(დ) ვერ გავაჩინეთ მართალი, ვისარჩლეთ, ვითაკილენით.

207

(ა) „დღეს ავყარენით ლაშქარნი, სავსენი ირმის ტყავითა,
(ბ) ვთქვით: „გავაჩინოთ მართალი, ვინ ვსჯობთ თავისა მკლავითა,
(გ) თავსა ვეახლნეთ მარტონი, დავდგეთ მართ ოდენ თავითა,
(დ) თვით დანახულსა მოვჰკლვიდეთ, ნუ ვესრვით დამნახავითა“.

208

(ა) „ჩვენ ვიახლენით სამთავე სამნივე მეაბჯარენია,
(ბ) ლაშქართა წასლვა ვუბრძანეთ, მით არას მოაზრენია,
(გ) მოვინადირეთ მინდორი, ისი ტყენი და ღრენია,
(დ) დავხოცეთ მხეცი, მფრინველი, არცა ზე გარდაგვფრენია.
იხ. ტაეპის განმარტებანი

209

(ა) „ანაზდად მოყმე გამოჩნდა კუშტი, პირ-გამქუშავია,
(ბ) ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა, - მერანი რამე, შავია, -
(გ) თავსა და ტანსა ემოსა გარე-თმა ვეფხის ტყავია,
(დ) ჯერთ მისი მსგავსი შვენება კაცთაგან უნახავია.

210

(ა) „ვუჭვრიტეთ, მისთა ელვათა შუქნი ძლივ გავიცადენით.
(ბ) ვთქვით, თუ: „მზეაო ქვეყანად, ნუ ვეუბნებით ცად ენით!
(გ) მისი მოგვინდა შეპყრობა, ვჰკადრეთ და შევეცადენით,
(დ) ასრე სულთქმით და ვაებით მით ვართ, ცრემლისა დადენით.
იხ. ტაეპის განმარტებანი

211

(ა) „მე უხუცესმან უმცროსთა კაცი დავსთხოვე ქენებით,
(ბ) ჩემმან შედეგმან ტაიჭი მისი მით აქო ხსენებით,
(გ) ამან მართ ოდენ მორევნა გვითხრა, ვუალლეთ ჩვენ ნებით,
(დ) მივჰმართეთ, იგი აგრევე წყნარად მივა და შვენებით.
იხ. ტაეპის განმარტებანი

212

(ა) „ბროლმან, ლალსა გარეულმან, ვარდნი თხელნი ანატიფნა,
(ბ) იგი ტკბილნი გონებანი ჩვენთვის მეტად გაამყიფნა:
(გ) არ აგვიხვნა, არცა დაგვსხნა, ყოლა არად ამოგვკრიფნა,
(დ) მისნი მკვახედ მოუბარნი მათრახითა შეგვამწიფნა!
იხ. ტაეპის განმარტებანი

213

(ა) „უმცროსსა ძმასა მივეცით, უფროსნი დავეზიდენით;
(ბ) ხელი მოჰკიდა, „დადეგო!“, ესეცა ჰკადრა კიდ ენით;
(გ) მან ხრმალსა ხელი არ მიჰყო, ჩვენ ამად დავერიდენით,
(დ) თავსა გარდაჰკრა მათრახი, ვნახეთ სისხლისა კი დენით.

214

(ა) „მით ერთითა მათრახითა თავი ასრე გარდაჰფრიწა,
(ბ) ვითა მკვდარი უსულო ქმნა, ვითა მიწა დაამიწა,
(გ) მისი რასმე მკადრებელი მოამდაბლა, მოაწიწა,
(დ) თვალთა წინა წაგვივიდა ლაღი, კუშტი, ამაყი, წა-!

215

(ა) „აღარ დაბრუნდა, წავიდა წყნარად და აუჩქარებლად,
(ბ) აგერა მივა, ნახეო, იგი მზეებრ და მთვარებლად“.
(გ) შორს უჩვენებდეს ავთანდილს მტირალნი გაუხარებლად,
(დ) ოდენ ჩნდა შავი ტაიჭი მისი მის მზისა მარებლად.

216

(ა) აჰა მიჰხვდა ავთანდილსა ღაწვთა ცრემლით არ-დათოვნა,
(ბ) რათგან ცუდად არ წაუხდა მას ეზომი გარეთ ყოვნა.
(გ) კაცსა მიჰხვდეს საწადელი, რას ეძებდეს, მისი პოვნა,
(დ) მაშინ მისგან აღარა ხამს გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა.

217

(ა) უთხრა, თუ: „ძმანო, ვარ ვინმე ღარიბი უადგილოსა,
(ბ) მე იმა ყმისა საძებრად მოვჰშორდი საგაზრდილოსა,
(გ) აწ თქვენგან მივჰხვდი საქმესა ყოლა არ-საადვილოსა,
(დ) ღმერთიმცა ნურას ნუღარ იქმს თქვენსა დასაღრეჯილოსა!

218

(ა) „ვითა მე მივჰხვდი წადილსა, ჩემის გულისა ნებასა,
(ბ) აგრემცა ღმერთი ნურას იქმს ძმისა თქვენისა ვნებასა!
(გ) უჩვენა მისი სადგომი: „მიდითო ნება-ნებასა,
(დ) ჩრდილსა გარდასვით მაშვრალნი, მიეცით მოსვენებასა“.

219

(ა) ესე უთხრა და წავიდა, ცხენი გაქუსლა დეზითა,
(ბ) ვითა გავაზი გაფრინდა, არ-გაშვებული ხეზითა,
(გ) ან მთვარე, მზისა შემყრელი, მზე სინათლითა ზეზითა.
(დ) დაივსო ცეცხლი შემწველი მისითა მან მიზეზითა.
იხ. ტაეპის განმარტებანი

220

(ა) მიეწურა, იგონებდა, ახლოს შეყრა ვითა აგოს:
(ბ) „საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს!
(გ) ხამს, თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს,
(დ) არ სიწყნარე გონებისა მოიძულოს, მოიძაგოს.

221

(ა) „რათგან ისი არის რადმე უცნობოდ და ისრე რეტად,
(ბ) რომე კაცსა არ მიუშვებს საუბრად და მისად ჭვრეტად,
(გ) მივეწევი, შევიყრებით ერთმანერთის ცემა-ჟლეტად,
(დ) ანუ მოვჰკლავ, ანუ მომკლავს, დაიმალვის მეტის-მეტად“.

222

(ა) ავთანდილ იტყვის: ეზომნი ჭირნიმცა რად ვაცუდენი?
(ბ) რაცაღა არის, არ არის, თუმცა არ ედგნეს ბუდენი;
(გ) სადაცა მივა, მივიდეს, რაზომც მოჰვლოდეს ზღუდენი,
(დ) მუნაღა ვძებნნე ღონენი ჩემნი არ-დასამრუდენი“.

223

(ა) წინა-უკანა იარნეს ორნი დღენი და ღამენი,
(ბ) დღისით და ღამით მაშვრალნი, არ შეჭამადთა მჭამენი,
(გ) არსადა ხანნი არ დაყვნეს, ერთნი თვალისა წამენი.
(დ) მათ თვალთა ცრემლნი სდიოდეს, მინდორთა მოსალამენი.

224

(ა) დღისით ვლეს და საღამო-ჟამ გამოუჩნდეს დიდნი კლდენი,
(ბ) კლდეთა შიგან ქვაბნი იყვნეს, ძირსა წყალი ჩანადენი,
(გ) წყლისა პირსა, არ ითქმოდა, შამბი იყო თუ რასდენი,
(დ) ხე დიდრონი, თვალ-უწვდომი, მაღლა კლდემდის ანაყრდენი.

225

(ა) მან ყმამან ქვაბსა მიჰმართა, გავლნა წყალნი და კლდენია;
(ბ) ავთანდილ ცხენსა გარდახდა, მონახნა დიდნი ხენია,
(გ) მას ზედა ჭვრეტად გავიდა, ძირსა დააბა ცხენია,
(დ) მუნით უჭვრეტდა. იგი ყმა მივა ცრემლ-მინადენია.

226

(ა) რა ტყენი გავლნა მან ყმამან, მოსილმან ვეფხის ტყავითა,
(ბ) ქვაბისა კარსა გამოდგა ქალი ჯუბითა შავითა,
(გ) ატირდა მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა,
(დ) იგი ყმა ცხენსა გარდახდა, ყელსა მოეჭდო მკლავითა.

227

(ა) ყმამან უთხრა: „დაო ასმათ, ხიდნი ზღვასა ჩაგვიცვივდეს:
(ბ) ვეღარ მივჰხვდი ჟამიერად, ჩვენ ვისიცა ცეცხლი გვწვიდეს“.
(გ) ესე თქვა და მკერდსა ხელნი იკრნა, ცრემლნი გარდმოსცვივდეს.
(დ) ქალი შებნდა, მოეხვია, ერთმანერთსა სისხლით სწვიმდეს.

228

(ა) იგი ტევრი გაეხშირა დანაგლეჯსა მათსა თმასა,
(ბ) ერთმანერთსა ეხვეოდეს: ყმა ქალსა და ქალი ყმასა;
(გ) იზახდიან, მოსთქმიდიან, მოსცემდიან კლდენი ხმასა.
(დ) ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით მათსა ეგრე ქცევა-ზმასა.

229

(ა) სული დაიღო მან ქალმან, დათმო გულისა წყლულობა,
(ბ) ქვაბს შეიყვანა ტაიჭი, მოჰხადა აკაზმულობა,
(გ) მას ყმასა შეჰხსნა, შეიღო აბჯრისა წელ-მორტყმულობა;
(დ) შინა შევიდეს, მას დღესა გარდახდა გამოსრულობა.

230

(ა) ავთანდილს უკვირს: „ამბავი ისი თუ ვცნაო მე რითა?!“
(ბ) გათენდა, ქალი გამოდგა, მოსილი მითვე ფერითა,
(გ) შავსა აუდვა ლაგამი, სწმედდა რიდისა წვერითა,
(დ) შეკაზმა, მოაქვს აბჯარი წყნარად, არ რამე ჩხერითა.

231

(ა) მის მოყმისა წესი იყო, მეტსა თურე არას ეჯდა.
(ბ) ქალი ტირს და მკერდსა იცემს, თმისა ტევრსა გაიგლეჯდა;
(გ) ერთმანერთსა მოეხვივნეს, აკოცა და ცხენსა შეჯდა;
(დ) ასმათ, აგრე დაღრეჯილი, კვლა უფრო-რე დაიღრეჯდა.

232

(ა) ავთანდილ ახლოს კვლა ნახა სახე მისავე კაცისა,
(ბ) ულვაშ-აშლილი, წვერ-გამო,ნუთუ მზეაო, - თქვა, - ცისა?“
(გ) ეყნოსა სული ალვისა, ქართაგან მონატაცისა;
(დ) ასრე უჩს მოკლვა ლომისა, მართ ვითა ლომსა - ვაცისა.

233

(ა) მასვე გზასა წამოვიდა, რომე გუშინ შეეარა,
(ბ) შამბი გავლო, გაეშორა, თავი მინდორს გააგარა;
(გ) ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით, მალვით ხესა მოეფარა,
(დ) თქვა, თუ: „ღმერთმან ესე საქმე მეტად კარგად მომიგვარა.

234

(ა) „აწ ამას ჩემთვის ღმრთისაგან სხვა საქმე რა ვამჯობინო?
(ბ) ქალი შევიპყრა, მის ყმისა ამბავი ვაამბობინო,
(გ) ჩემიცა ვუთხრა ყველაი, მართალი გავაბრჭობინო,
(დ) და მას ყმასა ხრმალი არა ვჰკრა, არც მისი დავისობინო“.

თავი მეექვსე თავი მერვე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9