გამოქვაბული (უფრო, ხელოვნური)
- 8. ამბავი ავთანდილისა ასმათს რომ ეუბნების ქვაბს შიგან
- 235
- (ა) ჩამოვიდა, ცხენი ახსნა, მისგან ხესა გამობმული,
- (ბ) ზედა შეჯდა, გაემართა, ქვაბი დაჰხვდა კარ-განხმული.
- (გ) მუნით ქალი გამოიჭრა გულ-მდუღარე, ცრემლ-დასხმული,
- (დ) ეგონა, თუ: დაბრუნდაო პირი ვარდი, ბროლ-ბაკმული.
- 236
- (ა) ვერ იცნა, - სახე არ ჰგვანდა მისი მის ყმისა სახესა, -
- (ბ) ფიცხლა გაიქცა, მიჰმართა ზახილით კლდესა და ხესა;
- (გ) ყმა გარდაიჭრა, დააბა, ვითა კაკაბი მახესა.
- (დ) ხმას სცემდეს კლდენი ქალისა ზახილსა მუნ ერთ-სახესა.
- 237
- (ა) მას ყმასა თავი არ მისცა, ჭვრეტადცა ებილწებოდა,
- (ბ) ვითა კაკაბი არწივსა ქვეშე მი და მო ძრწებოდა,
- (გ) ტარიელს ვისმე უზახდა მწედ, თუცა არ ემწებოდა,
- (დ) ავთანდილ მუხლთა უყრიდა, თითითა ეხვეწებოდა.
- 238
- (ა) ეტყოდა: „სულე! რამც გიყავ? კაცი ვარ, ადამიანი,
- (ბ) უფერო-ქმნილნი მინახვან ვარდნი და ისი იანი,
- (გ) მისი რა მითხარ, ვინ არის ტან-სარო, პირ-ბაკმიანი?
- (დ) სხვად არას გიზამ, ნუ გეშის, ნუ ჰყივი აგრე ხმიანი“.
- 239
- (ა) ქალი ეტყოდა ტირილით, სარჩელი უგავს ბრჭობასა:
- (ბ) „თუ არ შმაგი ხარ, დამეხსენ; შმაგი ხარ, მოდი ცნობასა!
- (გ) აწ მეტად ძნელსა საქმესა მნუკევ ადვილად თხრობასა;
- (დ) ცუდად ნუ სცთები, ნუ ელი მაგა ამბისა თხრობასა!“
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 240
- (ა) კვლა ეტყვის: „ყმაო, რა გინდა, ანუ მენუკევ მე რასა?
- (ბ) მაგა საქმესა ვერა იქმს ვერცა კალამი წერასა.
- (გ) შენ ერთხელ მე/ტყვი, „მითხარო“, მე ასჯერ გითხრობ „ვერასა“,
- (დ) ვითა სიცილი ტირილსა, ვაგლახი მიჯობს მღერასა“.
- 241
- (ა) „ქალო, არ იცი, სით მოვალ, რა ჭირნი მომითმენიან,
- (ბ) ოდითგან ვეძებ ამბავთა, ესე არვისგან მსმენიან;
- (გ) შენ მიპოვნიხარ, სიტყვანი ჩემნი რაზომცა გწყენიან,
- (დ) ვერ დაგეხსნები, მიამბე, ჩემგან ნუღარა გრცხვენიან!“
- 242
- (ა) ქალმან უთხრა: „რას შეგესწარ, მე ვინ ვარ და ანუ შენო?
- (ბ) მზე არ მახლავს, შეგეტყვების, თრთვილო, ასრე მით მაწყენო!
- (გ) გრძელი სიტყვა საწყინოა, ასრე მოკლედ მოგახსენო:
- (დ) ვერასათვის ვერ გიამბობ, რაცა გინდა, იგი ქმენო!“
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 243
- (ა) კვლაცა ჰკითხა ზენარობით მიუყარნა მუხლნი წინა,
- (ბ) მაგრა ვერა ვერ დაჰყარა, მუდარობა მოეწყინა,
- (გ) პირსა ზედა გაგულისდა, თვალთა სისხლი მოედინა,
- (დ) ადგა, თმათა წამოზიდნა, ყელსა დანა დააბრჯინა.
- 244
- (ა) ეგრე უთხრა: „მე ეზომი ჯავრი ვითა შეგარჩინო?!
- (ბ) რაგვარა თუ ამატირო, ცრემლი ცუდად დამადინო?!
- (გ) გიჯობს, მითხრა; ამის მეტი მართ აღარა არ გაწყინო,
- (დ) თვარა, ღმერთმან მტერი ჩემი მოკლას, ვითა მოგაკვდინო!“
- 245
- (ა) ქალმან უთხრა: „ეგე ღონე მოიგონე მეტად ავი:
- (ბ) თუ არ მომკლავ, არ მოვკვდები, მრთელი ვარ და მოუკვდავი.
- (გ) რად რა გითხრა, სადამდისცა ვიყო ჭირთა უნახავი?
- (დ) კვლა თუ მომკლა, სასაუბროდ აღარ მედგას ზედა თავი“.
- 246
- (ა) კვლა ეტყვის: „ყმაო, რად მპოვე, ვის მეუბნები მე ვინო?
- (ბ) ეგე ამბავი ცოცხალსა ენითა ვერ მათქმევინო!
- (გ) მე თავი ჩემი ნებითა ჩემითა მოგაკლვევინო,
- (გ) ვითა უსტარი ბედითი ადვილად დაგახევინო!
- 247
- (ა) „ჩემი სიკვდილი შენ ჩემად პატიჟად ნურად გგონია,
- (ბ) მით, რომე დამხსნი ტირილსა, შემშრების ცრემლთა ფონია;
- (გ) ჩალად მიჩს ყოვლი სოფელი, მისთვისვე შემიწონია.
- (დ) ვერ გიცნობ, ვინ ხარ, ვის გითხრნე სიტყვანი მისანდონია?“
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 248
- (ა) ყმამან თქვა, თუ: „არ ეგების აწ ამისი ასრე თქმევა,
- (ბ) სხვასა რასმე მოგონება სჯობს, საქმისა გამორჩევა“.
- (გ) გაუშვა და ცალკე დაჯდა, ტირს, დაიწყო ცრემლთა ფრქვევა,
- (დ) ქალსა უთხრა: „გაგარისხე, აწ, ესე თქვი, ვით დავრჩე, ვა!“
- 249
- (ა) ქალი დაუჯდა კუშტ-გვარად, ქუშობს, ჯერთ არ დამტკბარია;
- (ბ) ავთანდილ ქვე ზის ტირილად, აღარას მოუბარია;
- (გ) ვარდისა ბაღსა მოგუბდა ცრემლისა საგუბარია.
- (დ) კვლა იქით ქალი ატირდა, მისთვის გულ-ნალმობარია.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 250
- (ა) ყმა მტირალი შეებრალა, ამად ცრემლნი ცხელნი ღვარნა,
- (ბ) მაგრა უჯდა უცხოს უცხო, არ ბაგენი აუბარნა;
- (გ) ყმამან ცნა, თუ: „გონებანი ჩქარნი ჩემთვის დააწყნარნა“.
- (დ) ცრემლ-დენილი შეეხვეწა, ადგა, მუხლნი მიუყარნა.
- 251
- (ა) უთხრა: „ვიცი, აღარ ვარგხარ შენ აწ ჩემად დასადობლად,
- (ბ) გაგარისხე, დარჩომილვარ ღარიბად და ამად ობლად;
- (გ) აწ ეგრეცა თავი ჩემი დამიც შენთვის დასანდობლად,
- (დ) ამად რომე შეცოდება შვიდ-გზის თქმულა შესანდობლად.
- 252
- (ა) „თავი ჩემი სამსახურად თუცა ავად მოგაწონე,
- (ბ) მიჯნურისა შებრალება ხამს, ესეცა გაიგონე;
- (გ) სხვაგნით ყოვლგნით უღონო ვარ, არვინ არის ჩემი ღონე;
- (დ) სულთა მოგცემ გულისათვის, სხვა მეტიმცა რა გაქონე!“
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 253
- (ა) რა ქალსა მიჰხვდა ყმისაგან მიჯნურობისა სმინება,
- (ბ) გულ-ამოხვინჩვით დაიწყო ას-კეცად ცრემლთა დინება,
- (გ) კვლა გაამრავლა ზახილით ტირილი, არ გაცინება.
- (დ) ავთანდილს ღმერთმან წადილი მისცა, გულისა ლხინება.
- 254
- (ა) იტყვის, თუ: „ამა სიტყვითა მას ფერი შეეცვალების,
- (ბ) ვისთვისმე ცხელი უცილოდ მას ცრემლი ემალმალების“.
- (გ) კვლა უთხრა: „დაო, მიჯნური მტერთაცა შეებრალების;
- (დ) ესეცა იცი, სიკვდილსა თვით ეძებს, არ ეკრძალების.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 255
- (ა) „ვარ მიჯნური, ხელი ვინმე, გაუძლებლად სულთა დგმისად;
- (ბ) ჩემმან მზემან გამომგზავნა საძებარად იმა ყმისად;
- (გ) ღრუბელიცა ვერ მიჰხვდების, მე მისრულვარ სადა, მი-, სად!
- (დ) გული თქვენი მიპოვნია, მისი შენდა, შენი მისად.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 256
- (ა) „მისი სახე გულსა ჩემსა ხატად ასრე გამოვხატე,
- (ბ) მისთვის ხელმან, გამოჭრილმან, ლხინი ჩემი ვაალქატე.
- (გ) ორისაგან ერთი მიყავ: ტყვე-მქმენ, ანუ მააზატე,
- (დ) ან მაცოცხლე, ანუ მომკალ, ჭირი ჭირსა მომიმატე“.
- 257
- (ა) ქალმან უთხრა ყმასა სიტყვა პირველისა უამესი:
- (ბ) „ეგე სიტყვა მოიგონე დია რამე უკეთესი.
- (გ) წეღან საქმე მტერობისა გულსა ჩემსა შთამოსთესი,
- (დ) აწ მოყვარე გიპოვნივარ, დისაგანცა უფრო დესი.
- 258
- (ა) „მაშა რათგან მიჯნურობა შენად ღონედ მოიგონე,
- (ბ) არ ეგების, ამას იქით თუმცა თავი არ გამონე,
- (გ) არ შენ მოგეც თავი ჩემი, დაგაბნიე, დაგაღონე;
- (დ) შენთვის მოვკვდე, ამისებრი მემცა საქმე რა ვიღონე!
- 259
- (ა) „აწ რაცა გითხრა, თუ ამა საქმესა დამმორჩილდები,
- (ბ) რასაცა ეძებ, მიჰხვდები, უცილოდ არ ასცილდები;
- (გ) თუ არ მომისმენ, ვერ ჰპოვებ, რაზომცა ცრემლსა ჰმილდები,
- (დ) მოგხვდების მდურვა სოფლისა, მოჰკვდები, გა-ცა-სწბილდები“.
- 260
- (ა) ყმამან უთხრა: „ეგე საქმე ამას ჰგავსო, არა სხვასა:
- (ბ) ორნი კაცნი მოვიდოდეს სადაურნი სადმე გზასა,
- (გ) უკანამან წინა ნახა ჩავარდნილი შიგან ჭასა,
- (დ) ზედა მიდგა, ჩაჰყიოდა, ტირს, იზახის ვაგლახ-ვასა.
- 261
- (ა) „ეგრე უთხრა: „ამხანაგო, იყავ მანდა, მომიცდიდე,
- (ბ) წავალ თოკთა მოსახმელად, მწადსო, თუმცა ამოგზიდე“;
- (გ) მას ქვეშეთსა გაეცინნეს, გაუკვირდა მეტად კიდე,
- (დ) შემოჰყივლა: „არ გელოდე, სად გაგექცე, სად წავიდე?“
- 262
- (ა) „აწ, დაო, შენთა ხელთაა ჩემი საბელი ყელისა,
- (ბ) სხვად უღონოა უშენოდ ჩემგან აპყრობა ხელისა;
- (გ) რასაცა მიზამ, შენ იცი, შენ ხარ წამალი ხელისა,
- (დ) თვარა ვისმც ექმნა გვარლითა შეკრვა თავისა მრთელისა!“
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 263
- (ა) ქალმან უთხრა: „მომეწონა, ყმაო, შენი ნაუბარი.
- (ბ) ხარ უცილოდ კარგი ვინმე, მოყმე, ბრძენთა საქებარი;
- (გ) ხარ ვინათგან აქანამდის მაგა ჭირთა დამთმობარი,
- (დ) რაცა გითხრა, მომისმინე, გიპოვნია საძებარი.
- 264
- (ა) „იმა მოყმისა ამბავი არსადა არ იპოვნების;
- (ბ) თვით თუ არ გითხრობს, არ ითქმის, არვისგან დაიხსოვნების;
- (გ) მოილოდინე, მოვიდეს, რაზომცა დაგეყოვნების,
- (დ) დადუმდი, ვარდსა ნუ აზრობ, ცრემლითა ნუ ითოვნების.
- 265
- (ა) „გითხრა, თუ ცოდნა გწადიან ჩვენისა შენ სახელისა:
- (ბ) ტარიელ არის სახელი იმა მოყმისა ხელისა;
- (გ) მე ასმათ მქვიან, რომელსა წვა მაქვს ცეცხლისა ცხელისა,
- (დ) სულთქმა სულთქმისა ბევრისა, მაშა თუ არ ერთხელისა!
- 266
- (ა) „ამის მეტსა ვერას გითხრობ მე სიტყვასა ამისთანსა:
- (ბ) ისი მინდორს არონინებს ტანსა მჭევრსა, მემაჯანსა,
- (გ) ვჭამ, გლახ, მარტო ნადირისა მისგან ხორცსა მონატანსა,
- (დ) აწვე მოვა, არა ვიცი, თუ დაჰყოვნის დიდსა ხანსა.
- 267
- (ა)„ამას გვედრებ, მოიცადო, თავი სხვაგან არსად არო;
- (ბ) რა მოვიდეს, შევეხვეწო, ნუთუ ვით რა მოვაგვარო;
- (გ) ერთმანერთსა შეგამეცნნე, თავი შენი შევაყვარო,
- (დ) თვით გიამბოს საქმე მისი, საყვარელსა გაახარო“.
- 268
- (ა) ქალსა ყმამან მოუსმინა, დაჰმორჩილდა, დაჰრთო ნება.
- (ბ) ამას ზედან მოიხედნეს, ხევით ესმა ჩხაპუნება;
- (გ) მთვარე წყალსა გამოსრული ნახეს, შუქთა მოვანება,
- (დ) უკურიდნეს, აღარა ქმნეს მუნ ხანისა დაყოვნება.
- 269
- (ა) ქალმან უთხრა: „ყმაო, ღმერთმან მოგცა ჟამად, რაცა გინა,
- (ბ) მაგრა თავი უჩინო ქმენ, დამალული იყავ შინა;
- (გ) იმა ყმისა მეუნებლე ხორციელი არავინ- ა;
- (დ) ნუთუ ვით რა მოვაგვარო, შენი ნახვა არ ეწყინა“
- 270
- (ა) ავთანდილ ქვაბსა დამალა ქალმან მალვითა მალითა.
- (ბ) იგი ყმა ცხენსა გარდახდა, შვენოდა კაპარჭ-ხრმალითა;
- (გ) ატირდეს მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესამალითა,
- (დ) ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ჭვრეტითა იდუმალითა.
- 271
- (ა) ამარტის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან.
- (ბ) დიდხან იტირეს ყმამან და მან ქალმან შაოსანამან;
- (გ) შეხსნა, შეიღო აბჯარი, ცხენიცა შეიყვანა მან;
- (დ) დადუმდეს, ცრემლნი მოჰკვეთნა შავმან გიშრისა დანამან.
-
- 272
- (ა) ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა, ტყვე, საკნით ნააზატები.
- (ბ) მან ქალმან ქვეშე დაუგო ვეფხის ტყავისა ნატები;
- (გ) მას ზედა დაჯდა იგი ყმა, სულთქვამს ჭირ-მონამატები,
- (დ) სისხლისა ცრემლსა გაეწნა შუა გიშრისა სატები.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 273
- (ა) მან ქალმან ხელ-ყო კვესითა გზებად ცეცხლისა ნელისა,
- (ბ) ეგონა ჭამა ხორცისა შემწვრისა, შეუქნელისა;
- (გ) მიუპყრა, ერთი ახლიჩა, ქმნაა საქმისა ძნელისა,
- (დ) ძალი არ ჰქონდა, დაუწყო გამოყრა უცოხნელისა.
- 274
- (ა) ცოტად მიწვა, მიიძინა, თუცა ყოლა ვერა მეტი;
- (ბ) შეკრთა, დიდნი დაიზახნა, წამოიჭრა, ვითა რეტი,
- (გ) იზახდის და წამ-წამ იკრის გულსა ლოდი, თავსა კეტი.
- (დ) ცალ-კერძ ზის და პირსა იხოკს ქალი მისი შენამჭვრეტი.
- 275
- (ა) „რად დაჰბრუნდი? - მოახსენა, - მითხარ, რაცა წაგეკიდა!“
- (ბ) მან უბრძანა: „მონადირე მეფე ვინმე გარდმეკიდა,
- (გ) ჰყვეს ლაშქარნი უთვალავნი, ბარგი მძიმედ აეკიდა,
- (დ) იგი მინდორს ნადირობდა, დაეფანჩა მარეკი, და-.
- 276
- (ა) „სევდად მეცა კაცთა ნახვა, ცეცხლი უფრო გავიალე.
- (ბ) არ მიუვე ახლოს შეყრად, თავი ჩემი შევიწყალე,
- (გ) მათგან მკრთალი შემოვბრუნდი, ტყესა შიგნით დავიმალე.
- (დ) ვთქვი: „ნუთუმცა უკუმრიდა, რა გათენდეს, წავალ ხვალე“.
- 277
- (ა) ქალსა ცრემლნი გარდმოსცვივდა ას-ნაკეცნი, ბევრის-ბევრად;
- (ბ) მოახსენა: „მხეცთა თანა იარები მარტო ტევრად,
- (გ) არას კაცსა არ იახლებ საუბრად და შემაქცევრად;
- (დ) მას მაგითა ვერას არგებ, დღეთა შენთა ცუდად ლევ რად?
- 278
- (ა) „ყოვლი პირი ქვეყანისა ერთობ სრულად მოგივლია,
- (ბ) ერთი კაცი შემაქცევრად შენად ვითა დაგელია?
- (გ) გეახლოს და არ გაჰშმაგდე, თუცა ჭირი არ გაკლია;
- (დ) შენ მოჰკვდე და იგი წახდეს, ესე შენთვის რა მადლია?“
- 279
- (ა) უბრძანა: „დაო, ეგეა მსგავსი შენისა გულისა,
- (ბ) მაგრა არ არის ქვეყანად წამალი ამა წყლულისა!
- (გ) ვის ძალ-უც პოვნა კაცისა, თვით სოფლად არ-მოსრულისა?
- (დ) ჩემი ლხინია სიკვდილი, გაყრა ხორცთა და სულისა.
- 280
- (ა) „ღმერთმან სხვამცა ეტლსა ჩემსა რაცა კაცი რად დაჰბადა,
- (ბ) სიახლე და საუბარი თუმცა მისი მე მეწადა!
- (გ) ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი, ანუ ვინმცა შეეცადა?
- (დ) შენგან კიდე ხორციელი, დაო, მივის არასადა“.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 281
- (ა) ქალმან ჰკადრა: „არ გამიწყრე, ვიშიშვი და ვიაჯ დია;
- (ბ) რათგან ღმერთსა ვაზირობა შენი ჩემზედ მოუგდია,
- (გ) ვერ დავმალავ, უკეთესი რაცა საქმე გამიცდია:
- (დ) და არა ვარგა უსაზომო, თავი ზომსა გარდგიხდია!
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 282
- (ა) „მისი მძებნელი იყომცა ჭკუითა მეტის-მეტითა;
- (ბ) შენ კაცთა ნაცვლად ნადირთა ახლავ გულითა რეტითა;
- (გ) სჯობს, ერთი კაცი იახლო, ილხენდე მისით ჭვრეტითა.
- (დ) ვით იადონი არ მოჰკვდე ბულბულოს თესლთა კვნეტითა“.
- 283
- (ა) ყმამან უთხრა: „რას მენუკვი, არა ვიცი, გამიცხადე!
- (ბ) კაცი ჩემად სამსახურად უღმრთოდ მემცა ვით დავბადე!
- (გ) ღმერთსა ჩემი უბედობა უნდა, მემცა რას ვეცადე?!
- (დ) და განაღამცა გავნადირდი, თავი ასრე გავიხადე“.
- 284
- (ა) ქალმან კვლა ჰკადრა: „გაგსაჯე მეტითა შეგონებითა,
- (ბ) მაგრა თუ კაცი მოგგვარო, მოგყვეს თავისა ნებითა,
- (გ) იგი გეახლოს, ილხენდე მისითა შემეცნებითა,
- (დ) ფიცე, არ მოჰკლა, არ იყო, არ-სავნებლისა ვნებითა!“.
- 285
- (ა) მან უბრძანა: „თუ მიჩვენებ, ვნახავ, დიდად გავიხარებ,
- (ბ) სიყვარულმან მისმან, ვისთვის ხელი მინდორს თავსა ვარებ!
- (გ) არას ვუზამ უგემურსა, არათ ოდეს გავამწარებ;
- (დ) რაცა ჩემგან ეამების, ვაამებ და შევიყვარებ“.
- თავი მეშვიდე თავი მეცხრე