1 2 3 4 5 6 7 8 9

რა რბ რე რვ რი რო რუ რჩ
რა რა რა. რაგ რად რაზ რათ რამ რან რას რაუ რაღ რაშ რაც რაძ

რაცა

ვინმე, რაიმე, რომელიმე
 
8. ამბავი ავთანდილისა ასმათს რომ ეუბნების ქვაბს შიგან

235

(ა) ჩამოვიდა, ცხენი ახსნა, მისგან ხესა გამობმული,
(ბ) ზედა შეჯდა, გაემართა, ქვაბი დაჰხვდა კარ-განხმული.
(გ) მუნით ქალი გამოიჭრა გულ-მდუღარე, ცრემლ-დასხმული,
(დ) ეგონა, თუ: დაბრუნდაო პირი ვარდი, ბროლ-ბაკმული.

236

(ა) ვერ იცნა, - სახე არ ჰგვანდა მისი მის ყმისა სახესა, -
(ბ) ფიცხლა გაიქცა, მიჰმართა ზახილით კლდესა და ხესა;
(გ) ყმა გარდაიჭრა, დააბა, ვითა კაკაბი მახესა.
(დ) ხმას სცემდეს კლდენი ქალისა ზახილსა მუნ ერთ-სახესა.

237

(ა) მას ყმასა თავი არ მისცა, ჭვრეტადცა ებილწებოდა,
(ბ) ვითა კაკაბი არწივსა ქვეშე მი და მო ძრწებოდა,
(გ) ტარიელს ვისმე უზახდა მწედ, თუცა არ ემწებოდა,
(დ) ავთანდილ მუხლთა უყრიდა, თითითა ეხვეწებოდა.

238

(ა) ეტყოდა:სულე! რამც გიყავ? კაცი ვარ, ადამიანი,
(ბ) უფერო-ქმნილნი მინახვან ვარდნი და ისი იანი,
(გ) მისი რა მითხარ, ვინ არის ტან-სარო, პირ-ბაკმიანი?
(დ) სხვად არას გიზამ, ნუ გეშის, ნუ ჰყივი აგრე ხმიანი“.

239

(ა) ქალი ეტყოდა ტირილით, სარჩელი უგავს ბრჭობასა:
(ბ) „თუ არ შმაგი ხარ, დამეხსენ; შმაგი ხარ, მოდი ცნობასა!
(გ) აწ მეტად ძნელსა საქმესა მნუკევ ადვილად თხრობასა;
(დ) ცუდად ნუ სცთები, ნუ ელი მაგა ამბისა თხრობასა!“
იხ. ტაეპის განმარტებანი

240

(ა) კვლა ეტყვის: „ყმაო, რა გინდა, ანუ მენუკევ მე რასა?
(ბ) მაგა საქმესა ვერა იქმს ვერცა კალამი წერასა.
(გ) შენ ერთხელ მე/ტყვი, „მითხარო“, მე ასჯერ გითხრობ „ვერასა“,
(დ) ვითა სიცილი ტირილსა, ვაგლახი მიჯობს მღერასა“.

241

(ა) „ქალო, არ იცი, სით მოვალ, რა ჭირნი მომითმენიან,
(ბ) ოდითგან ვეძებ ამბავთა, ესე არვისგან მსმენიან;
(გ) შენ მიპოვნიხარ, სიტყვანი ჩემნი რაზომცა გწყენიან,
(დ) ვერ დაგეხსნები, მიამბე, ჩემგან ნუღარა გრცხვენიან!“

242

(ა) ქალმან უთხრა: „რას შეგესწარ, მე ვინ ვარ და ანუ შენო?
(ბ) მზე არ მახლავს, შეგეტყვების, თრთვილო, ასრე მით მაწყენო!
(გ) გრძელი სიტყვა საწყინოა, ასრე მოკლედ მოგახსენო:
(დ) ვერასათვის ვერ გიამბობ, რაცა გინდა, იგი ქმენო!“
იხ. ტაეპის განმარტებანი

243

(ა) კვლაცა ჰკითხა ზენარობით მიუყარნა მუხლნი წინა,
(ბ) მაგრა ვერა ვერ დაჰყარა, მუდარობა მოეწყინა,
(გ) პირსა ზედა გაგულისდა, თვალთა სისხლი მოედინა,
(დ) ადგა, თმათა წამოზიდნა, ყელსა დანა დააბრჯინა.

244

(ა) ეგრე უთხრა: „მე ეზომი ჯავრი ვითა შეგარჩინო?!
(ბ) რაგვარა თუ ამატირო, ცრემლი ცუდად დამადინო?!
(გ) გიჯობს, მითხრა; ამის მეტი მართ აღარა არ გაწყინო,
(დ) თვარა, ღმერთმან მტერი ჩემი მოკლას, ვითა მოგაკვდინო!

245

(ა) ქალმან უთხრა: „ეგე ღონე მოიგონე მეტად ავი:
(ბ) თუ არ მომკლავ, არ მოვკვდები, მრთელი ვარ და მოუკვდავი.
(გ) რად რა გითხრა, სადამდისცა ვიყო ჭირთა უნახავი?
(დ) კვლა თუ მომკლა, სასაუბროდ აღარ მედგას ზედა თავი“.

246

(ა) კვლა ეტყვის: „ყმაო, რად მპოვე, ვის მეუბნები მე ვინო?
(ბ) ეგე ამბავი ცოცხალსა ენითა ვერ მათქმევინო!
(გ) მე თავი ჩემი ნებითა ჩემითა მოგაკლვევინო,
(გ) ვითა უსტარი ბედითი ადვილად დაგახევინო!

247

(ა) „ჩემი სიკვდილი შენ ჩემად პატიჟად ნურად გგონია,
(ბ) მით, რომე დამხსნი ტირილსა, შემშრების ცრემლთა ფონია;
(გ) ჩალად მიჩს ყოვლი სოფელი, მისთვისვე შემიწონია.
(დ) ვერ გიცნობ, ვინ ხარ, ვის გითხრნე სიტყვანი მისანდონია?“
იხ. ტაეპის განმარტებანი

248

(ა) ყმამან თქვა, თუ: „არ ეგების აწ ამისი ასრე თქმევა,
(ბ) სხვასა რასმე მოგონება სჯობს, საქმისა გამორჩევა“.
(გ) გაუშვა და ცალკე დაჯდა, ტირს, დაიწყო ცრემლთა ფრქვევა,
(დ) ქალსა უთხრა: „გაგარისხე, აწ, ესე თქვი, ვით დავრჩე, ვა!

249

(ა) ქალი დაუჯდა კუშტ-გვარად, ქუშობს, ჯერთ არ დამტკბარია;
(ბ) ავთანდილ ქვე ზის ტირილად, აღარას მოუბარია;
(გ) ვარდისა ბაღსა მოგუბდა ცრემლისა საგუბარია.
(დ) კვლა იქით ქალი ატირდა, მისთვის გულ-ნალმობარია.
იხ. ტაეპის განმარტებანი

250

(ა) ყმა მტირალი შეებრალა, ამად ცრემლნი ცხელნი ღვარნა,
(ბ) მაგრა უჯდა უცხოს უცხო, არ ბაგენი აუბარნა;
(გ) ყმამან ცნა, თუ:გონებანი ჩქარნი ჩემთვის დააწყნარნა“.
(დ) ცრემლ-დენილი შეეხვეწა, ადგა, მუხლნი მიუყარნა.

251

(ა) უთხრა: „ვიცი, აღარ ვარგხარ შენ აწ ჩემად დასადობლად,
(ბ) გაგარისხე, დარჩომილვარ ღარიბად და ამად ობლად;
(გ) აწ ეგრეცა თავი ჩემი დამიც შენთვის დასანდობლად,
(დ) ამად რომე შეცოდება შვიდ-გზის თქმულა შესანდობლად.

252

(ა) „თავი ჩემი სამსახურად თუცა ავად მოგაწონე,
(ბ) მიჯნურისა შებრალება ხამს, ესეცა გაიგონე;
(გ) სხვაგნით ყოვლგნით უღონო ვარ, არვინ არის ჩემი ღონე;
(დ) სულთა მოგცემ გულისათვის, სხვა მეტიმცა რა გაქონე!
იხ. ტაეპის განმარტებანი

253

(ა) რა ქალსა მიჰხვდა ყმისაგან მიჯნურობისა სმინება,
(ბ) გულ-ამოხვინჩვით დაიწყო ას-კეცად ცრემლთა დინება,
(გ) კვლა გაამრავლა ზახილით ტირილი, არ გაცინება.
(დ) ავთანდილს ღმერთმან წადილი მისცა, გულისა ლხინება.

254

(ა) იტყვის, თუ: „ამა სიტყვითა მას ფერი შეეცვალების,
(ბ) ვისთვისმე ცხელი უცილოდ მას ცრემლი ემალმალების“.
(გ) კვლა უთხრა: „დაო, მიჯნური მტერთაცა შეებრალების;
(დ) ესეცა იცი, სიკვდილსა თვით ეძებს, არ ეკრძალების.
იხ. ტაეპის განმარტებანი

255

(ა) „ვარ მიჯნური, ხელი ვინმე, გაუძლებლად სულთა დგმისად;
(ბ) ჩემმან მზემან გამომგზავნა საძებარად იმა ყმისად;
(გ) ღრუბელიცა ვერ მიჰხვდების, მე მისრულვარ სადა, მი-, სად!
(დ) გული თქვენი მიპოვნია, მისი შენდა, შენი მისად.
იხ. ტაეპის განმარტებანი

256

(ა) „მისი სახე გულსა ჩემსა ხატად ასრე გამოვხატე,
(ბ) მისთვის ხელმან, გამოჭრილმან, ლხინი ჩემი ვაალქატე.
(გ) ორისაგან ერთი მიყავ: ტყვე-მქმენ, ანუ მააზატე,
(დ) ან მაცოცხლე, ანუ მომკალ, ჭირი ჭირსა მომიმატე“.

257

(ა) ქალმან უთხრა ყმასა სიტყვა პირველისა უამესი:
(ბ) „ეგე სიტყვა მოიგონე დია რამე უკეთესი.
(გ) წეღან საქმე მტერობისა გულსა ჩემსა შთამოსთესი,
(დ) აწ მოყვარე გიპოვნივარ, დისაგანცა უფრო დესი.

258

(ა) „მაშა რათგან მიჯნურობა შენად ღონედ მოიგონე,
(ბ) არ ეგების, ამას იქით თუმცა თავი არ გამონე,
(გ) არ შენ მოგეც თავი ჩემი, დაგაბნიე, დაგაღონე;
(დ) შენთვის მოვკვდე, ამისებრი მემცა საქმე რა ვიღონე!

259

(ა) „აწ რაცა გითხრა, თუ ამა საქმესა დამმორჩილდები,
(ბ) რასაცა ეძებ, მიჰხვდები, უცილოდ არ ასცილდები;
(გ) თუ არ მომისმენ, ვერ ჰპოვებ, რაზომცა ცრემლსა ჰმილდები,
(დ) მოგხვდების მდურვა სოფლისა, მოჰკვდები, გა-ცა-სწბილდები“.

260

(ა) ყმამან უთხრა: „ეგე საქმე ამას ჰგავსო, არა სხვასა:
(ბ) ორნი კაცნი მოვიდოდეს სადაურნი სადმე გზასა,
(გ) უკანამან წინა ნახა ჩავარდნილი შიგან ჭასა,
(დ) ზედა მიდგა, ჩაჰყიოდა, ტირს, იზახის ვაგლახ-ვასა.

261

(ა) „ეგრე უთხრა: „ამხანაგო, იყავ მანდა, მომიცდიდე,
(ბ) წავალ თოკთა მოსახმელად, მწადსო, თუმცა ამოგზიდე“;
(გ) მას ქვეშეთსა გაეცინნეს, გაუკვირდა მეტად კიდე,
(დ) შემოჰყივლა: „არ გელოდე, სად გაგექცე, სად წავიდე?“

262

(ა) „აწ, დაო, შენთა ხელთაა ჩემი საბელი ყელისა,
(ბ) სხვად უღონოა უშენოდ ჩემგან აპყრობა ხელისა;
(გ) რასაცა მიზამ, შენ იცი, შენ ხარ წამალი ხელისა,
(დ) თვარა ვისმც ექმნა გვარლითა შეკრვა თავისა მრთელისა!
იხ. ტაეპის განმარტებანი

263

(ა) ქალმან უთხრა: „მომეწონა, ყმაო, შენი ნაუბარი.
(ბ) ხარ უცილოდ კარგი ვინმე, მოყმე, ბრძენთა საქებარი;
(გ) ხარ ვინათგან აქანამდის მაგა ჭირთა დამთმობარი,
(დ) რაცა გითხრა, მომისმინე, გიპოვნია საძებარი.

264

(ა) „იმა მოყმისა ამბავი არსადა არ იპოვნების;
(ბ) თვით თუ არ გითხრობს, არ ითქმის, არვისგან დაიხსოვნების;
(გ) მოილოდინე, მოვიდეს, რაზომცა დაგეყოვნების,
(დ) დადუმდი, ვარდსა ნუ აზრობ, ცრემლითა ნუ ითოვნების.

265

(ა) „გითხრა, თუ ცოდნა გწადიან ჩვენისა შენ სახელისა:
(ბ) ტარიელ არის სახელი იმა მოყმისა ხელისა;
(გ) მე ასმათ მქვიან, რომელსა წვა მაქვს ცეცხლისა ცხელისა,
(დ) სულთქმა სულთქმისა ბევრისა, მაშა თუ არ ერთხელისა!

266

(ა) „ამის მეტსა ვერას გითხრობ მე სიტყვასა ამისთანსა:
(ბ) ისი მინდორს არონინებს ტანსა მჭევრსა, მემაჯანსა,
(გ) ვჭამ, გლახ, მარტო ნადირისა მისგან ხორცსა მონატანსა,
(დ) აწვე მოვა, არა ვიცი, თუ დაჰყოვნის დიდსა ხანსა.

267

(ა)„ამას გვედრებ, მოიცადო, თავი სხვაგან არსად არო;
(ბ) რა მოვიდეს, შევეხვეწო, ნუთუ ვით რა მოვაგვარო;
(გ) ერთმანერთსა შეგამეცნნე, თავი შენი შევაყვარო,
(დ) თვით გიამბოს საქმე მისი, საყვარელსა გაახარო“.

268

(ა) ქალსა ყმამან მოუსმინა, დაჰმორჩილდა, დაჰრთო ნება.
(ბ) ამას ზედან მოიხედნეს, ხევით ესმა ჩხაპუნება;
(გ) მთვარე წყალსა გამოსრული ნახეს, შუქთა მოვანება,
(დ) უკურიდნეს, აღარა ქმნეს მუნ ხანისა დაყოვნება.

269

(ა) ქალმან უთხრა: „ყმაო, ღმერთმან მოგცა ჟამად, რაცა გინა,
(ბ) მაგრა თავი უჩინო ქმენ, დამალული იყავ შინა;
(გ) იმა ყმისა მეუნებლე ხორციელი არავინ- ა;
(დ) ნუთუ ვით რა მოვაგვარო, შენი ნახვა არ ეწყინა“

270

(ა) ავთანდილ ქვაბსა დამალა ქალმან მალვითა მალითა.
(ბ) იგი ყმა ცხენსა გარდახდა, შვენოდა კაპარჭ-ხრმალითა;
(გ) ატირდეს მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესამალითა,
(დ) ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ჭვრეტითა იდუმალითა.

271

(ა) ამარტის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან.
(ბ) დიდხან იტირეს ყმამან და მან ქალმან შაოსანამან;
(გ) შეხსნა, შეიღო აბჯარი, ცხენიცა შეიყვანა მან;
(დ) დადუმდეს, ცრემლნი მოჰკვეთნა შავმან გიშრისა დანამან.


272

(ა) ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა, ტყვე, საკნით ნააზატები.
(ბ) მან ქალმან ქვეშე დაუგო ვეფხის ტყავისა ნატები;
(გ) მას ზედა დაჯდა იგი ყმა, სულთქვამს ჭირ-მონამატები,
(დ) სისხლისა ცრემლსა გაეწნა შუა გიშრისა სატები.
იხ. ტაეპის განმარტებანი

273

(ა) მან ქალმან ხელ-ყო კვესითა გზებად ცეცხლისა ნელისა,
(ბ) ეგონა ჭამა ხორცისა შემწვრისა, შეუქნელისა;
(გ) მიუპყრა, ერთი ახლიჩა, ქმნაა საქმისა ძნელისა,
(დ) ძალი არ ჰქონდა, დაუწყო გამოყრა უცოხნელისა.

274

(ა) ცოტად მიწვა, მიიძინა, თუცა ყოლა ვერა მეტი;
(ბ) შეკრთა, დიდნი დაიზახნა, წამოიჭრა, ვითა რეტი,
(გ) იზახდის და წამ-წამ იკრის გულსა ლოდი, თავსა კეტი.
(დ) ცალ-კერძ ზის და პირსა იხოკს ქალი მისი შენამჭვრეტი.

275

(ა) „რად დაჰბრუნდი? - მოახსენა, - მითხარ, რაცა წაგეკიდა!
(ბ) მან უბრძანა: „მონადირე მეფე ვინმე გარდმეკიდა,
(გ) ჰყვეს ლაშქარნი უთვალავნი, ბარგი მძიმედ აეკიდა,
(დ) იგი მინდორს ნადირობდა, დაეფანჩა მარეკი, და-.

276

(ა) „სევდად მეცა კაცთა ნახვა, ცეცხლი უფრო გავიალე.
(ბ) არ მიუვე ახლოს შეყრად, თავი ჩემი შევიწყალე,
(გ) მათგან მკრთალი შემოვბრუნდი, ტყესა შიგნით დავიმალე.
(დ) ვთქვი: „ნუთუმცა უკუმრიდა, რა გათენდეს, წავალ ხვალე“.

277

(ა) ქალსა ცრემლნი გარდმოსცვივდა ას-ნაკეცნი, ბევრის-ბევრად;
(ბ) მოახსენა: „მხეცთა თანა იარები მარტო ტევრად,
(გ) არას კაცსა არ იახლებ საუბრად და შემაქცევრად;
(დ) მას მაგითა ვერას არგებ, დღეთა შენთა ცუდად ლევ რად?

278

(ა) „ყოვლი პირი ქვეყანისა ერთობ სრულად მოგივლია,
(ბ) ერთი კაცი შემაქცევრად შენად ვითა დაგელია?
(გ) გეახლოს და არ გაჰშმაგდე, თუცა ჭირი არ გაკლია;
(დ) შენ მოჰკვდე და იგი წახდეს, ესე შენთვის რა მადლია?“

279

(ა) უბრძანა: „დაო, ეგეა მსგავსი შენისა გულისა,
(ბ) მაგრა არ არის ქვეყანად წამალი ამა წყლულისა!
(გ) ვის ძალ-უც პოვნა კაცისა, თვით სოფლად არ-მოსრულისა?
(დ) ჩემი ლხინია სიკვდილი, გაყრა ხორცთა და სულისა.

280

(ა) „ღმერთმან სხვამცა ეტლსა ჩემსა რაცა კაცი რად დაჰბადა,
(ბ) სიახლე და საუბარი თუმცა მისი მე მეწადა!
(გ) ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი, ანუ ვინმცა შეეცადა?
(დ) შენგან კიდე ხორციელი, დაო, მივის არასადა“.
იხ. ტაეპის განმარტებანი

281

(ა) ქალმან ჰკადრა: „არ გამიწყრე, ვიშიშვი და ვიაჯ დია;
(ბ) რათგან ღმერთსა ვაზირობა შენი ჩემზედ მოუგდია,
(გ) ვერ დავმალავ, უკეთესი რაცა საქმე გამიცდია:
(დ) და არა ვარგა უსაზომო, თავი ზომსა გარდგიხდია!
იხ. ტაეპის განმარტებანი

282

(ა) „მისი მძებნელი იყომცა ჭკუითა მეტის-მეტითა;
(ბ) შენ კაცთა ნაცვლად ნადირთა ახლავ გულითა რეტითა;
(გ) სჯობს, ერთი კაცი იახლო, ილხენდე მისით ჭვრეტითა.
(დ) ვით იადონი არ მოჰკვდე ბულბულოს თესლთა კვნეტითა“.

283

(ა) ყმამან უთხრა: „რას მენუკვი, არა ვიცი, გამიცხადე!
(ბ) კაცი ჩემად სამსახურად უღმრთოდ მემცა ვით დავბადე!
(გ) ღმერთსა ჩემი უბედობა უნდა, მემცა რას ვეცადე?!
(დ) და განაღამცა გავნადირდი, თავი ასრე გავიხადე“.

284

(ა) ქალმან კვლა ჰკადრა:გაგსაჯე მეტითა შეგონებითა,
(ბ) მაგრა თუ კაცი მოგგვარო, მოგყვეს თავისა ნებითა,
(გ) იგი გეახლოს, ილხენდე მისითა შემეცნებითა,
(დ) ფიცე, არ მოჰკლა, არ იყო, არ-სავნებლისა ვნებითა!“.

285
(ა) მან უბრძანა: „თუ მიჩვენებ, ვნახავ, დიდად გავიხარებ,
(ბ) სიყვარულმან მისმან, ვისთვის ხელი მინდორს თავსა ვარებ!
(გ) არას ვუზამ უგემურსა, არათ ოდეს გავამწარებ;
(დ) რაცა ჩემგან ეამების, ვაამებ და შევიყვარებ“.


თავი მეშვიდე თავი მეცხრე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9