გამარჯვებულნი, წარმატებულნი, გალაღებულნი
- 9. შეყრა ტარიელისა და ავთანდილისა
- 286
- (ა) „ქალი ადგა და წავიდა მის ყმისა მოსაყვანებლად;
- (ბ) „არ ეწყინაო“, უამბობს, არს მისად მაგულვანებლად,
- (გ) ხელი მოჰკიდა, მოჰყვანდა, ვით მთვარე მოსავანებლად;
- (დ) იგი რა ნახა ტარიელ, თქვა მზისად დასაგვანებლად.
- 287
- (ა) გამოეგება ტარიელ, ჰმართებს ორთავე მზე დარად,
- (ბ) ანუ ცით მთვარე უღრუბლოთ შუქთა მოჰფენდეს ქვე ბარად,
- (გ) რომე მათთანა ალვისა ხეცა ვარგიყო ხედ არად,
- (დ) ჰგვანდეს შვიდთავე მნათობთა, სხვადმცა რისად ვთქვი მე და რად!
- 288
- (ა) მათ აკოცეს ერთმანერთსა, უცხოობით არ დაჰრიდეს,
- (ბ) ვარდსა ხლეჩდეს, ბაგეთაგან კბილნი თეთრნი გამოსჭვირდეს,
- (გ) ყელი ყელსა გარდააჭვდეს, ერთმანერთსა აუტირდეს,
- (დ) ქარვად შექმნნეს იაგუნდნი მათნი, თუცა ლალად ღირდეს.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 289
- (ა) მობრუნდეს, ყმამან ავთანდილს ხელი შეუპყრა ხელითა,
- (ბ) ერთგან დასხდეს და იტირეს დიდხან ცრემლითა ცხელითა.
- (გ) ასმათი სულსა უღებდა სიტყვითა საკვირველითა:
- (დ) „თავთა ნუ დაჰხოცთ, ნუ ბნელ-იქმთ მზესა თქვენითა ბნელითა“.
- 290
- (ა) ტარიელის ვარდი იყო დათრთვილული, არ დაზრული;
- (ბ) ყმასა უთხრა: „მესწრაფების, მითხარ შენი დაფარული,
- (გ) ვინ ხარ, ანუ სით მოსრულხარ, სადაური სად მოსრული?
- (დ) მე სიკვდილსა აღარ ვახსოვ, ვარ მისგანცა გაწირული“.
- 291
- (ა) ავთანდილ გასცა პასუხი, სიტყვები ლამაზებია:
- (ბ) „ლომო და გმირო ტარიელ, ვის თავი გინაზებია,
- (გ) მე ვარ არაბი, არაბეთს არს ჩემი დარბაზებია,
- (დ) მიჯნურობითა დამწვარვარ, ცეცხლი უშრეტი მგზებია.
- 292
- (ა) „მე პატრონისა ჩემისა ასული შემყვარებია;
- (ბ) თვით მეფედ მათად მას ხედვენ მონები მკლავ-მაგრებია.
- (გ) თუცა არ მიცნობ, გინახავ, თუ ვითა გიაზრებია,
- (დ) გახსოვსცა, ოდეს დაჰხოცე მონები არ-საპყრებია?
- 293
- (ა) „შენ მინდორს გნახეთ გაჭრილი, ჩვენ ზედა გარდგეკიდენით,
- (ბ) პატრონი ჩემი გაგიწყრა, ჩვენ ხაფად წაგეკიდენით,
- (გ) გიხმეთ, არ მოხვე, ლაშქარნი უკანა გამოგკიდენით,
- (დ) შენ ველნი წითლად შეჰღებენ სრულად სისხლისა კი დენით.
- 294
- (ა) „ყველაკასა მათრახითა თავი უხრმლოდ გარდაჰკვეთეთ.
- (ბ) მეფე შეჯდა, დაგვეკარგე, კვალი შენი ვერ მოვკვეთეთ,
- (გ) ვითა ქაჯი დაგვემალე, მონებიცა დავაფეთეთ,
- (დ) ამან უფრო დაგვაშმაგნა, თავი სრულად გავაშეთეთ.
- 295
- (ა) „ჭმუნვა შეექმნა, თქვენც იცით, ხელმწიფე ნებიერია!
- (ბ) მოგნახეს, გძებნეს ყოველგან, მათ რუკა დაუწერია,
- (გ) ვერ ნახეს შენი მნახავი ვერცა ყმა, ვერცა ბერია;
- (დ) აწ გამომგზავნა, რომელსა ვერ მზე ჰგავს, ვერ ეთერია.
- 296
- (ა) „მიბრძანა: „მიცან ამბავი მის ყმისა წახდომილისა,
- (ბ) მაშინ ვარ მქმნელი საქმისა მის, შენგან მონდომილისა“.
- (გ) სამ წლამდის მითხრა დადენა უმისოდ ცრემლთა მილისა.
- (დ) არ გიკვირს, გავძელ ვერ-ჭვრეტა მისისა გაღიმილისა?!
- 297
- (ა) „აქანამდის მნახავიცა კაცი შენი არ მენახა,
- (ბ) ქურდნი ვნახენ, რომე თქვენთვის სიტყვა რამე გაემკვახა;
- (გ) მათრახითა ჩამოგეგდო ერთი, მკვდართა დაგესახა;
- (დ) მათ მასწავლეს, ძმა რომელთა სულ-მობრძავი სამე, გლახ, ა“.
- 298
- (ა) ტარიელსცა აეხსენა ომი მათი მაშინდელი,
- (ბ) იტყვის: „მახსოვს ეგე საქმე, თუცა არის ადრინდელი;
- (გ) ერთგან გნახენ ნადირობას შენ და შენი მე გამზრდელი;
- (დ) მით ვტიროდი, მომეგონა მე, გლახ, ჩემი წარმწყმედელი.
- 299
- (ა) რას მაქმნევდით, რად გინდოდი, ერთმანერთსა რათა ვჰგვანდით?
- (ბ) თქვენ მორჭმულნი სთამაშობდით, ჩვენ მტირალნი ღაწვთა ვბანდით.
- (გ) რა მონანი შესაპყრობლად მომწიენით, გაჰგულვანდით,
- (დ) აწ ვეჭვ, რომე ჩემად ნაცვლად თანა მკვდართა მიიტანდით.
- 300
- (ა) „მოვიხედენ, მომეწია რა პატრონი შენი, ვნახე,
- (ბ) ხელმწიფობით შემებრალნეს, ამად ხელი არ შევახე,
- (გ) თვალთა წინა გამოვექეც, მეტი არა შევუზრახე.
- (დ) ჩემი ცხენი უჩინოს ჰგავს და სხვასამცა რას დავასახე!
- 301
- (ა) „კაცმან ვერ ასწრას თვალისა დაფახვა, დაწამწამება,
- (ბ) მას გავექცევი, ვისგანცა ჩემი არა ვცნა ამება;
- (გ) მათ ქურდთა მიღმა გამეგო მე არას არ შეწამება,
- (დ) ავად ჰშვენოდა მორევნა და ჩემი დათამამება.
- 302
- (ა) „აწ ვაშად მოხვე, მეამა ნახვა შენისა პირისა,
- (ბ) ტანად სარო და პირად მზე, მამაცად მსგავსი გმირისა,
- (გ) მაგრა გარჯილხარ, არა ხარ გარდაუხდელი ჭირისა:
- (დ) ძნელია პოვნა კაცისა ღმრთივ ზეცით განაწირისა!“
- 303
- (ა) ავთანდილ უთხრა: „ვით მაქებ საქები ბრძენთა ენისა?
- (ბ) მაგისად ნაცვლად რამც ვიყავ ღირსი ქებისა თქვენისა!
- (გ) სახე ხარ მზისა ერთისა, ზეცით მნათისა ზენისა,
- (დ) რათგან ვერ შეგცვლის პატიჟი ეგზომთა ცრემლთა დენისა.
- 304
- (ა) „ამა დღემან დამავიწყა, გული ჩემი ვინ დაბინდა;
- (ბ) დამიგდია სამსახური იგი იქმნას, რაცა გინდა!
- (გ) იაგუნდი ეგრეცა სჯობს, ათასჯერმცა მინა მინდა,
- (დ) შენ გეახლო სიკვდილამდის, ამის მეტი არა მინდა!“
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 305
- (ა) ტარიელ უთხრა: „მე შენი გული აწ მემხურვალების;
- (ბ) მიკვირს, თუ ნაცვლად მაგისად შენ ჩემი რა გევალების!
- (გ) მაგრა წესია, მიჯნური მიჯნურსა შეებრალების,
- (დ) შენ საყვარელსა გაგყარო, ესე რათ გენაცვალების?
- 306
- (ა) „წამოსრულხარ ჩემად ძებნად, პატრონისა სამსახურად;
- (ბ) ღმერთმან ქმნა და გიპოვნივარ, შენცა ცდილხარ მამაცურად.
- (გ) მაგრა ჩემსა რა გიამბობს, გამოჭრილვარ ასრე თუ რად!
- (დ) მე თუ ვიტყვი, დამწვავს ცეცხლი ცხელი, შემიქმს ალად, მურად“.
- 307
- (ა) ასმათ უთხრა: „ლომო, ცრემლით მაგა ცეცხლსა რა ერგების?
- (ბ) მე ვითა ვთქვა წვევა თქმისა, რათგან ეგრე არ ეგების!
- (გ) ვხედავ, ესე ხელი ვინმე მოყმე შენთვის წაეგების,
- (დ) ცნას მიზეზი შენთა წყლულთა, ქმნას, რა ღონე აეგების!
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 308
- (ა) „მეხვეწებოდა, ლამოდა ჩემგან რასამე სმენასა;
- (ბ) ნუ უყოს ღმერთმან! გაძლება მემცა ვით მივეც ენასა?!
- (გ) თუ რას სცნობს, ვეჭობ ამისგან თქვენსა რასამე ლხენასა.
- (დ) არს უკეთესი, რაცაღა სწადს განგებასა ზენასა“.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 309
- (ა) ამას დაყმუნდა ტარიელ დამწვარი, დაავლებული;
- (ბ) ასმათს უბრძანა: „მას აქათ შენ ხარ ჩემთანა ხლებული;
- (გ) რად არა იცი, უწამლო არს ლები ესე ლებული!
- (დ) კვლა ესე ყმა მწვავს მტირალი, ცრემლითა დავალებული.
- 310
- (ა) „მაგრა ღმერთმან მოწყალემან მით ცნობითა ერთით მზითა
- (ბ) ორი მისი მოწყალება დღესცა მომცა ამა გზითა:
- (გ) პირველ, შეყრის მოყვარულთა ჩემით რათმე მიზეზითა,
- (დ) კვლა, ნუთუმცა სრულად დამწვა ცეცხლთა ცხელთა ანაგზითა“.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 311
- (ა) ყმასა უთხრა: „ვინცა კაცმან ძმა იძმოს, თუ დაცა იდოს,
- (ბ) ხამს თუ მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დაჰრიდოს;
- (გ) ღმერთმან ერთი რათ აცხოვნოს, თუ მეორე არ წაწყმიდოს?
- (დ) შენ ისმენდი, მე გიამბობ, რაცღა გინდა წამეკიდოს“.
- 312
- (ა) ასმათს უთხრა: „მოდი, მოჯე, თანა წყალი მოიტანე,
- (ბ) დაბნედილსა მაპკურებდი, გული მითა გარდამბანე;
- (გ) მკვდარი მნახო, დამიტირე, სულთქმა გაათანისთანე,
- (დ) მე სამარე გამითხარე, აქა მიწა მიაკვანე“.
- 313
- (ა) ღილ-ჩახსნილი საამბობლად დაჯდა, მხარნი ამოყარნა;
- (ბ) ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით, დიდხან შუქნი არ ადარნა;
- (გ) ვერ გაახვნა სასაუბროდ, მან ბაგენი გაამყარნა,
- (დ) მერმე სულთქვნა, დაიზახნა, ცრემლნი ცხელნი გარდმოყარნა.
- 314
- (ა) მოსთქვამს: „ჰაი, საყვარელო, ჩემო, ჩემთვის დაკარგულო,
- (ბ) იმედო და სიცოცხლეო, გონებაო, სულო, გულო,
- (გ) ვინ მოგკვეთა, არა ვიცი, ხეო, ედემს დანერგულო!
- (დ) ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა, გულო, ასჯერ დადაგულო?!“
- თავი მერვე თავი მეათე