ტანჯვის დაამებას, შემსუბუქებას
- 10. ტარიელისაგან თავის ამბვის მბობა ავთანდილთანა
- 315
- (ა) „ისმენდი, მოეც გონება ჩემთა ამბავთა სმენასა,
- (ბ) საუბართა და საქმეთა ვითა ძლივ ვათქმევ ენასა!
- (გ) იგი, ვინ ხელ-მქმნა, მოველი მისგან აროდეს ლხენასა,
- (დ) ვისგან შევუცავ სევდათა, სისხლისა ღვართა დენასა.
- 316
- (ა) „ინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი:
- (ბ) ექვსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა, თვით იყო მპყრობელი,
- (გ) უხვი, მდიდარი, უკადრი, მეფეთა ზედა მფლობელი,
- (დ) ტანად ლომი და პირად მზე, ომად მძლე, რაზმთა მწყობელი.
- 317
- (ა) „მამა-ჩემი ჯდა მეშვიდედ, მეფე მებრძოლთა მზარავი,
- (ბ) სარიდან ერქვა სახელად, მტერთა სრვად დაუფარავი;
- (გ) ვერვინ ჰკადრებდის წყენასა, ვერ ცხადი, ვერცა მპარავი;
- (დ) ნადირობდის და იშვებდის საწუთრო-გაუმწარავი.
- 318
- (ა) „ხალვა მოსძულდა, შეექმნა გულს კაეშანთა ჯარები,
- (ბ) თქვა: „წამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები,
- (გ) ყოვლგნით გამისხმან, მორჭმით ვზი, მაქვს ზეიმი და ზარები“;
- (დ) ბრძანა: „წავალ და მეფესა ფარსადანს შევეწყნარები“;
- 319
- (ა) „ფარსადანს წინა დაასკვნა გაგზავნა მოციქულისა,
- (ბ) შესთვალა: „შენ გაქვს მეფობა ინდოეთისა სრულისა;
- (გ) აწე მწადს, თქვენსა წინაშე მეცა ვცნა ძალი გულისა,
- (დ) სახელი დარჩეს ჩემისა ერთგულად ნამსახურისა“.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 320
- (ა) „ფარსადან შექმნა ზეიმი ამა ამბისა მცნობელმან.
- (ბ) შესთვალა: „ღმერთსა მადლობა შევსწირე ხმელთა მფლობელმან,
- (გ) რათგან ეგე ჰქმენ მეფემან, ჩემებრ ინდოეთს მპყრობელმან.
- (დ) აწ მოდი, ასრე პატივ გცე, ვითა ძმამან და მშობელმან“.
- 321
- (ა) ერთი სამეფო საკარგვად, უბოძა ამირბარობა.
- (ბ) თვით ამირბარსა ინდოეთს აქვს ამირ-სპასალარობა.
- (გ) მეფე რა დაჯდა, არა სჭირს ხელისა მიუმწვდარობა;
- (დ) სხვად პატრონია, მართ ოდენ არა აქვს კეისარობა.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 322
- (ა) „თვით მეფემან მამა-ჩემი დაიჭირა სწორად თავსა.
- (ბ) თქვა: „ჩემებრი ამირბარი, ნაძლევი ვარ, ვისმცა ჰყავსა!“
- (გ) ლაშქრობდის და ნადირობდის, აძლევდიან მტერნი ზავსა.
- (დ) მას არა ვჰგავ ასრე, ვითა მე სხვა კაცი არა მგავსა.
- 323
- (ა) „ძე არ ესვა მეფესა და დედოფალსა მზისა დარსა,
- (ბ) ჭმუნვა ჰქონდა, ჟამი იყო, მით აეხვნეს სპანი ზარსა.
- (გ) ვა, კრულია დღემცა იგი, მე მივეცი ამირბარსა!
- (დ) მეფემან თქვა: „შვილად გავზრდი, თვით ჩემივე გვარი არსა“.
- 324
- (ა) „მეფემან და დედოფალმან მიმიყვანეს შვილად მათად,
- (ბ) საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა ლაშქართა და ქვეყანათად,
- (გ) ბრძენთა მიმცეს სასწავლელად ხელმწიფეთა ქცევა-ქმნათად;
- (დ) მოვიწიფე, დავემსგავსე მზესა თვალად, ლომსა ნაკვთად.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 325
- (ა) „ასმათ, მითხრობდი, რაცა სცნა ჩემგან ამბობა ცილისა!
- (ბ) ხუთისა წლისა შევიქმენ მსგავსი ვარდისა შლილისა;
- (გ) ჭირად არ მიჩნდის ლომისა მოკლვა, მართ ვითა სილისა;
- (დ) არა ჰგაოდის ფარსადანს ყოლა არა-სმა შვილისა.
- 326
- (ა) „მე ხუთისა წლისა ვიყავ, დაორსულდა დედოფალი“.
- (ბ) ესე რა თქვა, ყმამან სულთქვნა, ცრემლით ბრძანა: „შობა ქალი“.
- (გ) დაბნედასა მიეწურა, ასმათ ასხა გულსა წყალი;
- (დ) თქვა: „მაშინვე მზესა ჰგვანდა, აწ მედების ვისგან ალი!
- 327
- (ა) „წიგნი წიგნსა ეწეოდა, დედოფალი ოდეს შობდა,
- (ბ) მოციქულსა - მოციქული, ინდოეთი სრულად სცნობდა;
- (გ) მზე და მთვარე განცხრებოდეს, სიხარულით ცა ნათობდა;
- (დ) ყოვლი არსად შემოსრული მხიარული თამაშობდა.
- 328
- (ა) „ქება არ ითქმის ენითა, აწ ჩემგან ნაუბარითა!
- (ბ) ფარსადან დაჯდა ხარებად ზეიმითა და ზარითა;
- (გ) ყოვლგნით მოვიდეს მეფენი ნიჭითა მრავალ-გვარითა.
- (დ) საჭურჭლე გასცეს, აივსნეს ლაშქარნი საბოძვარითა.
- 329
- (ა) „საშობელი გაიყარა, ზრდა დაგვიწყეს მე და ქალსა,
- (ბ) მართ მაშინვე ჰგვანდა იგი მზისა შუქთა ნასამალსა.
- (გ) ვუყვარდით და სწორად ვუჩნდით მეფესა და დედოფალსა.
- (დ) აწ ვახსენებ, ვისგან ჩემი დაუდაგავს გული ალსა!“
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 330
- (ა) ყმა დაბნდა, რა სახელისა ხსენებასა მიეწურა;
- (ბ) ავთანდილსცა აეტირა, მისმან ცეცხლმან გულსა ჰმურა;
- (გ) ქალმან სულად მოაქცია, მკერდსა წყალი დააპკურა.
- (დ) თქვა: „ისმენდი, მაგრა ჩემი სიკვდილისა დღე დასტურ -ა.
- 331
- (ა) „მას ქალსა ნესტან-დარეჯან იყო სახელად ხმობილი.
- (ბ) შვიდისა წლისა შეიქმნა ქალი წყნარი და ცნობილი,
- (გ) მთვარისა მსგავსი, შვენებით მზისაგან ვერ-შეფრობილი;
- (დ) მისსა ვით გასძლებს გაყრასა გული ალმასი, წრთობილი.
- 332
- (ა) „იგი ასრე მოიწიფა, მე შემეძლო შესლვა ომსა;
- (ბ) მეფე ქალსა ვით ხედვიდა მეფობისა ქმნისა მწთომსა,
- (გ) მამასავე ხელთა მიმცეს, რა შევიქმენ ამა ზომსა;
- (დ) ვბურთობდი და ვნადირობდი, ვით ყატასა ვხოცდი ლომსა.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 333
- (ა) „ასმათ, მოწამე ყოვლისა ხარ ჩემი, ფერ-მიხდილისა,
- (ბ) მზესა მე ვსჯობდი შვენებით, ვით ბინდსა - ჟამი დილისა;
- (გ) იტყოდეს ჩემნი მნახავნი: „მსგავსია ედემს ზრდილისა“.
- (დ) აწ მაშინდლისა ჩემისა სახე ვარ ოდენ ჩრდილისა.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 334
- (ა) „მეფემან კოშკი ააგო, შიგან საყოფი ქალისა:
- (ბ) ქვად ფაზარი სხდა, კუბო დგა იაგუნდისა ლალისა,
- (გ) პირსა ბაღჩა და საბანლად სარაჯი ვარდის წყალისა;
- (დ) იგი მუნ იყვის, მედების ვისგან სახმილი ალისა!
- 335
- (ა) „დღე და ღამე მუჯამრითა ეკმეოდის ალვა თლილი;
- (ბ) ზოგჯერ კოშკს ჯდის, ზოგჯერ ბაღჩას ჩამოვიდის, რა დგის ჩრდილი.
- (გ) დავარ იყო და მეფისა, ქვრივი, ქაჯეთს გათხოვილი,
- (დ) მას სიბრძნისა სასწავლელად თვით მეფემან მისცა შვილი.
- 336
- (ა) „სრა ედგა მოფარდაგული ოქსინოთა და შარდითა;
- (ბ) ვერვინ ვხედევდით, შეიქმნა პირითა მინა-ვარდითა;
- (გ) ასმათ და ორნი მონანი ჰყვიან, იმღერდის ნარდითა;
- (დ) მუნ იზრდებოდის ტანითა, გაბაონს განაზარდითა.
- 337
- (ა) „თხუთმეტისა წლისა ვიყავ, მეფე მზრდიდა ვითა შვილსა;
- (ბ) დღისით ვიყვი მას წინაშე, გამიშვებდის არცა ძილსა;
- (გ) ძალად ლომსა, თვალად მზესა, ტანად ვჰგვანდი ედემს ზრდილსა,
- (დ) სროლასა და ასპარეზსა აქებდიან ჩემგან ქმნილსა.
- 338
- „მოსრნის მხეცნი და ნადირნი ისარმან ჩემმან სრეულმან;
- მერმე ვიბურთი მოედანს, მინდორით შემოქცეულმან;
- შევიდი, შევქმნი ნადიმი, ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან;
- აწ საწუთროსა გამყარა პირმან ბროლ-ბალახშეულმან!
- 339
- (ა) „მამა მომიკვდა, მოვიდა დღე სიკვდილისა მისისა;
- (ბ) ქმნა გაუცუდდა ფარსადანს ნიშატისა და ნიშისა;
- (გ) მათ გაეხარნეს, ვის ზარი დალევდის მისგან შიშისა;
- (დ) ერთგულთა შექმნეს ვაება, მტერთა - ხსენება იშისა.
- 340
- (ა) „მე წელიწდამდის ბნელსა ვჯე საწუთრო-გაცუდებული,
- (ბ) დღისით და ღამით ვვაებდი, ვერვისგან სულ-დაღებული;
- (გ) გაყვანად ხასნი მოვიდეს, მითხრეს მეფისა მცნებული,
- (დ) ებრძანა: „შვილო ტარიელ, ნუ ხარ შავითა ღებული.
- 341
- (ა) „ჩვენ უფრო გვტკივის იგი, ვინ დაგვაკლდა სწორად თავისა“.
- (ბ) ასი ებოძა საჭურჭლე, ებრძანა ახდა შავისა,
- (გ) ბოძება მისეულისა სრულისა საკარგავისა:
- (დ) „შენ გქონდეს ამირბარობა, ქმნა მისვე საურავისა“.
- 342
- (ა) „ავენთი, დამწვეს მამისა სახმილთა დაუშრტობელთა;
- (ბ) უკანის გამომიყვანეს ხასთა მათ წინა-მდგომელთა;
- (გ) გამოსლვისათვის ზეიმი შექმნეს ინდოეთს მფლობელთა,
- (დ) შორს მომეგებნეს, მაკოცეს პატივით, ვითა მშობელთა.
- 343
- (ა) „მათ საჯდომთა ახლოს დამსვეს, პატივს მცემდეს ძისა დარად,
- (ბ) მის ხელისა საურავი მათ ორთავე მითხრეს წყნარად;
- (გ) ურჩ ვექმენ და მისეულთა წესთა ქცევა მიჩნდა ზარად.
- (დ) არ მომეშვნეს, დავჰმორჩილდი, თაყვანის-ვეც ამირბარად.
- 344
- (ა) „თავადობა ინდოთა და მრავალთაცა მქონდა სხვათა,
- (ბ) ვნაპირობდი, თუ ვინ იყვის მავნებელად ჩემთა სპათა,
- (გ) ხალვად ვჯდი და ვიხარებდი, ზამი შევქმნი მღერა-სმათა,
- (დ) სპათა ვმოსდი, ვნადირობდი, ქება თქვიან ჩემთა ქმნათა.
- 345
- (ა) „აღარა ვიცი, დამვიწყდეს, თუც არ დიადი წელია;
- (ბ) გიამბო ჩემი ამბავი, განა რაზომცა ძნელია!
- (გ) ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქმნელია,
- (დ) მისთა ნაკვესთა წინწალი დამეცეს ხანგრძლად მწველია“.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- თავი მეცხრე თავი მეთერთმეტე