1 2 3 4 5 6 7 8 9

ია იბ იგ იდ იე ივ იზ ით იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იტ იუ იფ იქ იღ იყ იშ იჩ იც იძ იწ იჭ იხ იჯ
იშვ იში იშო

იში

სიხარულის გამომხატველი შორისდებულია
 
10. ტარიელისაგან თავის ამბვის მბობა ავთანდილთანა

315

(ა) „ისმენდი, მოეც გონება ჩემთა ამბავთა სმენასა,
(ბ) საუბართა და საქმეთა ვითა ძლივ ვათქმევ ენასა!
(გ) იგი, ვინ ხელ-მქმნა, მოველი მისგან აროდეს ლხენასა,
(დ) ვისგან შევუცავ სევდათა, სისხლისა ღვართა დენასა.

316

(ა) „ინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი:
(ბ) ექვსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა, თვით იყო მპყრობელი,
(გ) უხვი, მდიდარი, უკადრი, მეფეთა ზედა მფლობელი,
(დ) ტანად ლომი და პირად მზე, ომად მძლე, რაზმთა მწყობელი.

317

(ა) „მამა-ჩემი ჯდა მეშვიდედ, მეფე მებრძოლთა მზარავი,
(ბ) სარიდან ერქვა სახელად, მტერთა სრვად დაუფარავი;
(გ) ვერვინ ჰკადრებდის წყენასა, ვერ ცხადი, ვერცა მპარავი;
(დ) ნადირობდის და იშვებდის საწუთრო-გაუმწარავი.

318

(ა) „ხალვა მოსძულდა, შეექმნა გულს კაეშანთა ჯარები,
(ბ) თქვა: „წამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები,
(გ) ყოვლგნით გამისხმან, მორჭმით ვზი, მაქვს ზეიმი და ზარები“;
(დ) ბრძანა: „წავალ და მეფესა ფარსადანს შევეწყნარები“;

319

(ა) „ფარსადანს წინა დაასკვნა გაგზავნა მოციქულისა,
(ბ) შესთვალა: „შენ გაქვს მეფობა ინდოეთისა სრულისა;
(გ) აწე მწადს, თქვენსა წინაშე მეცა ვცნა ძალი გულისა,
(დ) სახელი დარჩეს ჩემისა ერთგულად ნამსახურისა“.
იხ. ტაეპის განმარტებანი


320

(ა) „ფარსადან შექმნა ზეიმი ამა ამბისა მცნობელმან.
(ბ) შესთვალა: „ღმერთსა მადლობა შევსწირე ხმელთა მფლობელმან,
(გ) რათგან ეგე ჰქმენ მეფემან, ჩემებრ ინდოეთს მპყრობელმან.
(დ) აწ მოდი, ასრე პატივ გცე, ვითა ძმამან და მშობელმან“.

321

(ა) ერთი სამეფო საკარგვად, უბოძა ამირბარობა.
(ბ) თვით ამირბარსა ინდოეთს აქვს ამირ-სპასალარობა.
(გ) მეფე რა დაჯდა, არა სჭირს ხელისა მიუმწვდარობა;
(დ) სხვად პატრონია, მართ ოდენ არა აქვს კეისარობა.
იხ. ტაეპის განმარტებანი

322

(ა) „თვით მეფემან მამა-ჩემი დაიჭირა სწორად თავსა.
(ბ) თქვა: „ჩემებრი ამირბარი, ნაძლევი ვარ, ვისმცა ჰყავსა!
(გ) ლაშქრობდის და ნადირობდის, აძლევდიან მტერნი ზავსა.
(დ) მას არა ვჰგავ ასრე, ვითა მე სხვა კაცი არა მგავსა.

323

(ა) „ძე არ ესვა მეფესა და დედოფალსა მზისა დარსა,
(ბ) ჭმუნვა ჰქონდა, ჟამი იყო, მით აეხვნეს სპანი ზარსა.
(გ) ვა, კრულია დღემცა იგი, მე მივეცი ამირბარსა!
(დ) მეფემან თქვა: „შვილად გავზრდი, თვით ჩემივე გვარი არსა“.

324

(ა) „მეფემან და დედოფალმან მიმიყვანეს შვილად მათად,
(ბ) საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა ლაშქართა და ქვეყანათად,
(გ) ბრძენთა მიმცეს სასწავლელად ხელმწიფეთა ქცევა-ქმნათად;
(დ) მოვიწიფე, დავემსგავსე მზესა თვალად, ლომსა ნაკვთად.
იხ. ტაეპის განმარტებანი

325

(ა) „ასმათ, მითხრობდი, რაცა სცნა ჩემგან ამბობა ცილისა!
(ბ) ხუთისა წლისა შევიქმენ მსგავსი ვარდისა შლილისა;
(გ) ჭირად არ მიჩნდის ლომისა მოკლვა, მართ ვითა სილისა;
(დ) არა ჰგაოდის ფარსადანს ყოლა არა-სმა შვილისა.

326

(ა) „მე ხუთისა წლისა ვიყავ, დაორსულდა დედოფალი“.
(ბ) ესე რა თქვა, ყმამან სულთქვნა, ცრემლით ბრძანა: „შობა ქალი“.
(გ) დაბნედასა მიეწურა, ასმათ ასხა გულსა წყალი;
(დ) თქვა: „მაშინვე მზესა ჰგვანდა, აწ მედების ვისგან ალი!

327

(ა) „წიგნი წიგნსა ეწეოდა, დედოფალი ოდეს შობდა,
(ბ) მოციქულსა - მოციქული, ინდოეთი სრულად სცნობდა;
(გ) მზე და მთვარე განცხრებოდეს, სიხარულით ცა ნათობდა;
(დ) ყოვლი არსად შემოსრული მხიარული თამაშობდა.

328

(ა) „ქება არ ითქმის ენითა, აწ ჩემგან ნაუბარითა!
(ბ) ფარსადან დაჯდა ხარებად ზეიმითა და ზარითა;
(გ) ყოვლგნით მოვიდეს მეფენი ნიჭითა მრავალ-გვარითა.
(დ) საჭურჭლე გასცეს, აივსნეს ლაშქარნი საბოძვარითა.

329

(ა) „საშობელი გაიყარა, ზრდა დაგვიწყეს მე და ქალსა,
(ბ) მართ მაშინვე ჰგვანდა იგი მზისა შუქთა ნასამალსა.
(გ) ვუყვარდით და სწორად ვუჩნდით მეფესა და დედოფალსა.
(დ) აწ ვახსენებ, ვისგან ჩემი დაუდაგავს გული ალსა!“
იხ. ტაეპის განმარტებანი

330

(ა) ყმა დაბნდა, რა სახელისა ხსენებასა მიეწურა;
(ბ) ავთანდილსცა აეტირა, მისმან ცეცხლმან გულსა ჰმურა;
(გ) ქალმან სულად მოაქცია, მკერდსა წყალი დააპკურა.
(დ) თქვა: „ისმენდი, მაგრა ჩემი სიკვდილისა დღე დასტურ -ა.

331

(ა) „მას ქალსა ნესტან-დარეჯან იყო სახელად ხმობილი.
(ბ) შვიდისა წლისა შეიქმნა ქალი წყნარი და ცნობილი,
(გ) მთვარისა მსგავსი, შვენებით მზისაგან ვერ-შეფრობილი;
(დ) მისსა ვით გასძლებს გაყრასა გული ალმასი, წრთობილი.


332
(ა) „იგი ასრე მოიწიფა, მე შემეძლო შესლვა ომსა;
(ბ) მეფე ქალსა ვით ხედვიდა მეფობისა ქმნისა მწთომსა,
(გ) მამასავე ხელთა მიმცეს, რა შევიქმენ ამა ზომსა;
(დ) ვბურთობდი და ვნადირობდი, ვით ყატასა ვხოცდი ლომსა.
იხ. ტაეპის განმარტებანი

333

(ა) „ასმათ, მოწამე ყოვლისა ხარ ჩემი, ფერ-მიხდილისა,
(ბ) მზესა მე ვსჯობდი შვენებით, ვით ბინდსა - ჟამი დილისა;
(გ) იტყოდეს ჩემნი მნახავნი: „მსგავსია ედემს ზრდილისა“.
(დ) აწ მაშინდლისა ჩემისა სახე ვარ ოდენ ჩრდილისა.
იხ. ტაეპის განმარტებანი

334

(ა) „მეფემან კოშკი ააგო, შიგან საყოფი ქალისა:
(ბ) ქვად ფაზარი სხდა, კუბო დგა იაგუნდისა ლალისა,
(გ) პირსა ბაღჩა და საბანლად სარაჯი ვარდის წყალისა;
(დ) იგი მუნ იყვის, მედების ვისგან სახმილი ალისა!

335

(ა) „დღე და ღამე მუჯამრითა ეკმეოდის ალვა თლილი;
(ბ) ზოგჯერ კოშკს ჯდის, ზოგჯერ ბაღჩას ჩამოვიდის, რა დგის ჩრდილი.
(გ) დავარ იყო და მეფისა, ქვრივი, ქაჯეთს გათხოვილი,
(დ) მას სიბრძნისა სასწავლელად თვით მეფემან მისცა შვილი.

336

(ა) „სრა ედგა მოფარდაგული ოქსინოთა და შარდითა;
(ბ) ვერვინ ვხედევდით, შეიქმნა პირითა მინა-ვარდითა;
(გ) ასმათ და ორნი მონანი ჰყვიან, იმღერდის ნარდითა;
(დ) მუნ იზრდებოდის ტანითა, გაბაონს განაზარდითა.

337

(ა) „თხუთმეტისა წლისა ვიყავ, მეფე მზრდიდა ვითა შვილსა;
(ბ) დღისით ვიყვი მას წინაშე, გამიშვებდის არცა ძილსა;
(გ) ძალად ლომსა, თვალად მზესა, ტანად ვჰგვანდი ედემს ზრდილსა,
(დ) სროლასა და ასპარეზსა აქებდიან ჩემგან ქმნილსა.


338

(ა) „მოსრნის მხეცნი და ნადირნი ისარმან ჩემმან სრეულმან;
(ბ) მერმე ვიბურთი მოედანს, მინდორით შემოქცეულმან;
(გ) შევიდი, შევქმნი ნადიმი, ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან;
(დ) აწ საწუთროსა გამყარა პირმან ბროლ-ბალახშეულმან!

339

(ა) „მამა მომიკვდა, მოვიდა დღე სიკვდილისა მისისა;
(ბ) ქმნა გაუცუდდა ფარსადანს ნიშატისა და ნიშისა;
(გ) მათ გაეხარნეს, ვის ზარი დალევდის მისგან შიშისა;
(დ) ერთგულთა შექმნეს ვაება, მტერთა - ხსენება იშისა.

340

(ა) „მე წელიწდამდის ბნელსა ვჯე საწუთრო-გაცუდებული,
(ბ) დღისით და ღამით ვვაებდი, ვერვისგან სულ-დაღებული;
(გ) გაყვანად ხასნი მოვიდეს, მითხრეს მეფისა მცნებული,
(დ) ებრძანა: „შვილო ტარიელ, ნუ ხარ შავითა ღებული.

341

(ა) „ჩვენ უფრო გვტკივის იგი, ვინ დაგვაკლდა სწორად თავისა“.
(ბ) ასი ებოძა საჭურჭლე, ებრძანა ახდა შავისა,
(გ) ბოძება მისეულისა სრულისა საკარგავისა:
(დ) „შენ გქონდეს ამირბარობა, ქმნა მისვე საურავისა“.

342

(ა) „ავენთი, დამწვეს მამისა სახმილთა დაუშრტობელთა;
(ბ) უკანის გამომიყვანეს ხასთა მათ წინა-მდგომელთა;
(გ) გამოსლვისათვის ზეიმი შექმნეს ინდოეთს მფლობელთა,
(დ) შორს მომეგებნეს, მაკოცეს პატივით, ვითა მშობელთა.

343

(ა) „მათ საჯდომთა ახლოს დამსვეს, პატივს მცემდეს ძისა დარად,
(ბ) მის ხელისა საურავი მათ ორთავე მითხრეს წყნარად;
(გ) ურჩ ვექმენ და მისეულთა წესთა ქცევა მიჩნდა ზარად.
(დ) არ მომეშვნეს, დავჰმორჩილდი, თაყვანის-ვეც ამირბარად.

344

(ა) „თავადობა ინდოთა და მრავალთაცა მქონდა სხვათა,
(ბ) ვნაპირობდი, თუ ვინ იყვის მავნებელად ჩემთა სპათა,
(გ) ხალვად ვჯდი და ვიხარებდი, ზამი შევქმნი მღერა-სმათა,
(დ) სპათა ვმოსდი, ვნადირობდი, ქება თქვიან ჩემთა ქმნათა.

345

(ა) „აღარა ვიცი, დამვიწყდეს, თუც არ დიადი წელია;
(ბ) გიამბო ჩემი ამბავი, განა რაზომცა ძნელია!
(გ) ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქმნელია,
(დ) მისთა ნაკვესთა წინწალი დამეცეს ხანგრძლად მწველია“.
იხ. ტაეპის განმარტებანი

თავი მეცხრე თავი მეთერთმეტე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9