1 2 3 4 5 6 7 8 9

ვა ვბ ვდ ვე ვზ ვთ ვი ვლ ვმ ვნ ვპ ვს ვტ ვუ ვქ ვყ ვშ ვჩ ვც ვძ ვწ ვჭ ვხ ვჯ ვჰ
ვია ვიბ ვიგ ვივ ვიზ ვით ვიკ ვილ ვიმ ვინ ვირ ვის ვიტ ვიუ ვიქ ვიყ ვიშ ვიც ვიწ ვიხ

ვისა

ვაებისა, „ვა”–ს ძახილისა
 
11. ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა, პირველ რომ გამიჯნურდა

346

(ა) კვლა დაიწყო თქმა ამბისა მან, რა ხანი მოიტირა:
(ბ) დღესა ერთსა მე და მეფე მოვიდოდით, გვენადირა;
(გ) მიბრძანა, თუ: „ქალი ვნახოთ“, ხელი ხელსა დამიჭირა.
(დ) მის ჟამისა მხსენებელი მე სულ-დგმული არ გიკვირა?

347

(ა) „მეფემან ახმა დურაჯთა მითხრა მიტანად ქალისა,
(ბ) გამოვუხვენ და წავედით ჩემად სადებლად ალისა;
(გ) მაშინ დავიწყე გარდახდა მე საწუთროსა ვალისა.
(დ) ალმასისა ხამს ლახვარი ლახვრად გულისა სალისა!
იხ. ტაეპის განმარტებანი

348

(ა) „ბაღჩა ვნახე უტურფესი ყოვლისავე სალხინოსა:
(ბ) მფრინველთაგან ხმა ისმოდა უამესი სირინოსა;
(გ) მრავლად ისხა სარაჯები ვარდის წყლისა აბანოსა.
(დ) კარსა ზედა მოჰფარვიდა ფარდაგები ოქსინოსა.

349

(ა) „ვიცოდი, სწადდა არვისგან ნახვა მის მზისა დარისა,
(ბ) მე გარე ვდეგ და მეფემან შევლო ფარდაგი კარისა;
(გ) ვერას ვხედევდი, ოდენ ხმა მესმოდა საუბარისა.
(დ) ასმათს უბრძანა გამოხმა დურაჯთა ამირბარისა.
იხ. ტაეპის განმარტებანი

350

(ა) „ასმათ ფარდაგსა აზიდნა, გარე ვდეგ მოფარდაგულსა;
(ბ) ქალსა შევხედენ, ლახვარი მეცა ცნობასა და გულსა.
(გ) მოვიდა, მივსცნე დურაჯნი, მთხოვა ცეცხლითა დაგულსა.
(დ) ვამე, მას აქათ სახმილსა დავუწვავ ნიადაგულსა!

351

(ა) „აწ წახდეს იგი ნათელნი, მზისაცა მოწუნარენი!
(ბ) მისი ვერ გასძლო ხსენება, დაბნდა და სულთქვნა მწარენი;
(გ) ყმა და ასმათი ტიროდეს ხმას სცემდეს იგი არენი,
(დ) ჭმუნვით თქვეს: „მკლავნი ცუდ ქმნილან, ვა, გმირთა მემუქარენი!“

352

(ა) ასმათმან წყალი დაასხა, ცნობად მოვიდა ტარია,
(ბ) დიდხან ვერა თქვა, სევდამან გული შეუპყრა, დარია;
(გ) დაჯდა და მწარედ სულთ-ითქვნა, ცრემლი მიწასა გარია,
(დ) თქვა: „ჩემგან მისი ხსენება, ვამე, რა დიდი ზარია!

353

(ა) „მიმნდონი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან,
(ბ) იშვებენ, მაგრა უმუხთლოდ ბოლოდ ვერ მოურჩებიან;
(გ) ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან.
(დ) ისმენდი ჩემთა ამბავთა, თუ სულნი შე-ღა-მრჩებიან!
იხ. ტაეპის განმარტებანი

354

(ა) „დურაჯნი მივსცენ, გავიღე სხვა ვერა გზაღა თავისა,
(ბ) დავეცი, დავბნდი, წამიხდა ძალი მხართა და მკლავისა,
(გ) რა სულად მოვე, შემესმა ხმა ტირილისა და ვისა:
(დ) გარე მომრტყმოდეს ჯალაბნი, ვითა ჩამსხდომი ნავისა.

355

(ა) „შიგან ვწევ დიდთა დარბაზთა ტურფითა საგებელითა,
(ბ) ზედ დამტიროდეს მეფენი ცრემლითა უშრობელითა,
(გ) პირსა იხოკდეს ხელითა, ღაწვისა გამპობელითა,
(დ) მუყრნი მოასხნეს, სენითა მთქვეს გამაბელზებელითა.

356

(ა) „მე რა მნახა თვალ-ახმული, მეფე ყელსა მომეხვია,
(ბ) ცრემლით მითხრა: „შვილო, შვილო, ცოცხალ ხარ-ღა? სიტყვა თქვია!“
(გ) მე პასუხი ვერა გავეც, ვითა შმაგი, შევკრთი დია,
(დ) კვლა დავეცი დაბნედილი, გულსა სისხლი გარდმეთხია.

357

(ა) „სრულნი მუყრნი და მულიმნი მე გარე შემომცვიდიან,
(ბ) მათ ხელთა ჰქონდა მუსაფი, ყოველნი იკითხვიდიან;
(გ) მტერ-დაცემული ვეგონე, არ ვიცი, რას ჩმახვიდიან.
(დ) სამ დღემდის ვიყავ უსულო, ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან.

358

(ა) „აქიმნიცა იკვირვებდეს:ესე სენი რაგვარია?
(ბ) სამკურნალო არა სჭირს რა, სევდა რამე შემოჰყრია“.
(გ) ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი, სიტყვა მცთარი წამერია.
(დ) დედოფალი ზღვასა შეიქმს, მას რომ ცრემლი დაუღვრია.

359

(ა) „სამსა დღესა დარბაზს ვიყავ არ ცოცხალი, არცა მკვდარი;
(ბ) მერმე ცნობა მომივიდა, მივჰხვდი რასმე მიუმხვდარი;
(გ) ვთქვი, თუ: „ჰაი, რაშიგან ვარ მე სიცოცხლე-გარდამხდარი!
(დ) თმობა ვსთხოვე შემოქმედსა, ვჰკადრე სიტყვა სამუდარი.

360

(ა) ვთქვი, თუ: „ღმერთო, ნუ გამწირავ, აჯა ჩემი შეისმინე,
(ბ) მომეც ძალი დათმობისა, ცოტად ვითა აღმადგინე,
(გ) აქა ყოფა გამამჟღავნებს, სახლსა ჩემსა მიმაწვინე!“
(დ) მანვე ქმნა და მო-რე-ვჯობდი, გული წყლული გავარკინე.

361

(ა) „ზე წამოვჯე. მეფისაგან კაცი დია მოვიდოდა.
(ბ) ახარებდეს: „წამოჯდაო“, დედოფალი გამორბოდა;
(გ) მეფე მორბის თავ-შიშველი, არ იცოდა, რას იქმოდა,
(დ) იგი ღმერთსა ადიდებდა, სხვა ყველაი უჩუმოდა.
იხ. ტაეპის განმარტებანი

362

(ა) „იქით და აქათ მომისხდეს, მახვრიტეს სახვრეტელია;
(ბ) მე მოვახსენე: „პატრონო, გული აწ უფრო მრთელია;
(გ) ცხენსა შეჯდომა მწადიან, ვნახნე წყალნი და ველია“.
(დ) ცხენი მომგვარეს, შე-ცა-ვჯე, მეფე ჩემთანა მვლელია.

363

(ა) გამოვედით, მოვიარეთ მოედანს და წყლისა პირსა;
(ბ) ჩემსა მივე, დავაბრუნვე, მეფე მომყვა სახლთა ძირსა.
(გ) შინა მოვე, უარ გავხე, სხვა დამერთო ჭირი ჭირსა;
(დ) ვთქვი, თუ: „მოვკვდე, ბედი ჩემი ამის მეტსა არას ღირს-ა!“.

364

(ა) ზაფრანის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან,
(ბ) გული უფრო-რე დამიჭრა ათიათასმან დანამან.
(გ) საწოლის მეკრე შემოდგა, მოლარე გაიყვანა მან;
(დ) ვთქვი, თუ: „რა იცის ამბავი, ნეტარ, ან იმან, ან ამან?“

365

(ა) „მონააო ასმათისი“. - „რა იცისო?“, ვარქვი, - ვჰკითხე“.
(ბ) შემოვიდა, სააშიკო წიგნი მომცა, წავიკითხე;
(გ) გამიკვირდა, სხვად ვითამცა ვქმენ გულისა მწველთა სითხე?
(დ) მისგან ეჭვი არა მქონდა, სევდად მაწვა გულსა მით ხე.
იხ. ტაეპის განმარტებანი

366

(ა) „მე გამიკვირდა: „სით ვუყვარ, ანუ ვით მკადრებს თხრობასა?
(ბ) მიუყოლობა არ ვარგა, დამწამებს უზრახობასა,
(გ) ჩემგან იმედსა გარდასწყვედს, მერმე დამიწყებს გმობასა“.
(დ) დავწერე, რაცა პასუხად ჰმართებდა აშიკობასა.

367

(ა) „დღენი გამოხდეს, მე გული უფრო-რე დამწვეს კვლავ ალთა,
(ბ) ვეღარ ვუჭვრეტდი ლაშქართა, მინდორს თამაშად მავალთა;
(გ) დარბაზს ვერ მივე; მკურნალთა დაიწყეს მოსლვა მრავალთა,
(დ) მაშინ დავიწყე გარდახდა სოფლისა ლხინთა და ვალთა.
იხ. ტაეპის განმარტებანი

368

(ა) „მათ ვერა მარგეს, მე გულსა ბინდი დამეცა ბნელისა,
(ბ) სხვამან ვერავინ შემატყვა დება ცეცხლისა ცხელისა;
(გ) სისხლი დამწამეს; მეფემან ბრძანა გახსნევა ხელისა.
(დ) გავიხსენ ფარვად პატიჟთა, არვისგან საეჭველისა.

369

(ა) „ხელ-გახსნილი, სევდიანი, საწოლს ვიყავ თავის წინა;
(ბ) ჩემი მონა შემოვიდა, შევხედენ, თუ თქვას: რაძინა.
(გ) „მონააო ასმათისი“. შემოყვანა ვუთხარ შინა.
(დ) გულსა შინა დავუზრახე: „რა მპოვაო, ანუ ვინ-ა?!

370

(ა) „მონამან წიგნი მომართვა, მე წავიკითხე ნებასა;
(ბ) წიგნსა შევატყევ, ლამოდა შეყრისა მოსწრაფებასა;
(გ) პასუხად გავეც: „ჟამია, მართალ ხარ გაკვირვებასა;
(დ) მოვალ, თუ მიხმობ, მე ნუ მეჭვ მოსლვისა დაზარებასა“.

371

(ა) „გულსა ვარქვი, თუ: „ლახვარნი ეგე ვით დაგაღონებენ!
(ბ) ამირბარი ვარ, ხელმწიფე, სრულნი ინდონი მმონებენ;
(გ) აზრად შეიქმან, საქმესა ათასჯერ შეაწონებენ,
(დ) თუ შეიგებენ, მე მათთა არეთა არ მარონებენ“.

372

(ა) „კაცი მოვიდა მეფისა: „სწადსო ამბისა სმინება“.
(ბ) მოყვანა ვუთხარ; ებრძანა: „ქმნაცა სისხლისა დინება?“
(გ) მე ვჰკადრე:ხელი გავიხსენ, დამიწყო მოჯობინება,
(დ) წინაშე მოვალ, ამისთვის კვლა უფრო მმართებს ლხინება“.

373

(ა) „დარბაზს მივე. მეფე ბრძანებს: „ამის მეტსა ნუ იქმ აბა!“
(ბ) ცხენსა შემსვა უკაპარჭო, წელთა არა არ შემაბა,
(გ) შეჯდა, ქორნი მოუტივნა, დურაჯები დაინაბა,
(დ) მშვილდოსანნი გასაგანნა, იტყოდიან:შაბა, შაბა!
იხ. ტაეპის განმარტებანი

374

(ა) „შინა დავსხედით ნადიმად მას დღესა მინდორს რებულნი;
(ბ) მომღერალნი და მუტრიბნი არ იყვნეს სულ-დაღებულნი;
(გ) მეფემან გასცნა მრავალნი თვალნი, ღარიბად ქებულნი.
(დ) აუვსებელნი არ დარჩეს მას დღესა მათნი ხლებულნი.

375

(ა) „ვეცდებოდი, არა მცალდა სევდისაგან თავის კრძალვად;
(ბ) ვიგონებდი, ცეცხლი უფრო მედებოდა გულსა ალვად;
(გ) ჩემნი სწორნი წავიტანენ, ჩემსა დავჯე, მთქვიან ალვად,
(დ) ევქმენ სმა და ნადიმობა პატიჟთა და ჭირთა მალვად.

376

(ა) „მოლარემან შინაურმან ყურსა მითხრა ნაუბარი:
(ბ) „ქალი ვინმე იკითხავსო:ინახვისცა ამირბარი?
(გ) ზეწარითა მოუბურავს პირი, ბრძენთა საქებარი“;
(დ) ვარქვი:საწოლს წაიყვანე, ჩემგან არის ნახმობარი“.

377

(ა) ავდეგ, მსხდომნი ნადიმობად აემზადნეს ასაყრელად;
(ბ) შართი ვუთხარ: „ნუ ასდგებით, მოვალ ხანსა დაუზმელად“;
(გ) გამოვე და საწოლს შევე, მონა მოდგა კარსა მცველად.
(დ) გული მივეც თმობა-ქმნათა აუგისა საკრძალველად.
იხ. ტაეპის განმარტებანი

378

(ა) „კარსა შევდეგ, ქალი წინა მომეგება, თაყვანის-მცა;
(ბ) მითხრა: „მოსლვა თქვენს წინაშე კურთხეულ არს, ვინცა ღირსმც-ა!
(გ) გამიკვირდა, მიჯნურისა თაყვანება ექმნა ვისმცა?
(დ) ვთქვი: „არ იცის აშიკობა: თუმც იცოდა, წყნარად ზისმცა“.

379

(ა) „შევე, დავჯე ტახტსა ზედა; ქალი მოდგა ნოხთა პირსა,
(ბ) ჩემსა ახლოს დასაჯდომლად თავი მისი არ აღირსა;
(გ) ვარქვი: „მანდა რად ჰზი შენ, თუ სიყვარული ჩემი გჭირსა?“
(დ) და მან პასუხი არა მითხრა, ჩემთვის ჰგვანდა სიტყვა-ძვირსა.

380

(ა) „მითხრა: „დღე ეგე სირცხვილად! მედების გულსა ალობა:
(ბ) გგონია ჩემგან წინაშე მაგისთვის მომავალობა,
(გ) მაგრა აწ მიდებს იმედსა შენგან ცისაღა მალობა.
(დ) ამას თუ ღირს ვარ, ვერ ვიტყვი, მაკლია ღმრთისა წყალობა“.

381

(ა) ადგა, მითხრა: „თქვენს კრძალვასა ჩემგან ცნობა უბნევია;
(ბ) ნუ მეჭვ, რაცა პატრონისა ბრძანებასა უთქმევია;
(გ) ეზომ დიდსა შემართებად გულსა მისსა უთნევია,
(დ) ამან წიგნმან გაგაგონოს, ჩემთვის რაცა უქმნევია“.
იხ. ტაეპის განმარტებანი

თავი მეათე თავი მეთორმეტე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9