წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი
- 382
- (ა) „წიგნი ვნახე, მისი იყო, ვისი მდაგავს ალი გულსა;
- (ბ) მოეწერა მზისა შუქსა: „ნუ დაიჩენ, ლომო, წყლულსა!
- (გ) მე შენი ვარ, ნუ მოჰკვდები, მაგრა ბნედა ცუდი მძულსა.
- (დ) აწ ასმათი მოგახსენებს ყველაკასა ჩემგან თქმულსა.
- 383
- (ა) „ბედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია?
- (ბ) სჯობს, საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია!
- (გ) ხატაეთს მყოფნი ყოველნი ჩვენნი სახარაჯონია,
- (დ) აწ მათნი ჯავრნი ჩვენ ზედა ჩვენგან არ დასათმონია!
- 384
- (ა) „შენგან ჩემისა ქმრობისა წინასცა ვიყავ მნდომია,
- (ბ) მაგრა აქამდის საუბრად კვლა ჟამი არ მომხვდომია,
- (გ) ძოღან ხელ-ქმნილსა გიჭვრეტდი კუბოსა შიგან მჯდომია,
- (დ) მანდა ყველაი მასმია, რაცა შენ გარდაგხდომია.
- 385
- (ა) „მართლად გითხრობ, მომისმინე ესე, რაცა მოგახსენე:
- (ბ) წა, შეები ხატაელთა, თავი კარგად გამაჩვენე;
- (გ) გიჯობს, ცუდად ნუღარა სტირ, ვარდი კვლამცა რად დასტენე?
- (დ) მზემან მეტი რაღა გიყოს, აჰა, ბნელი გაგითენე!“
- 386
- (ა) „ასმათი მეუბნებოდა უშიშრად, არ მეკრძალვოდა;
- (ბ) ჩემი რა გითხრა, რა ვიყავ, ლხინი რად დამეთვალვოდა!
- (გ) გული მი და მო მიარდა, კრთებოდა და მელალვოდა;
- (დ) მით პირი ჩემი გაბროლდა და ღაწვი გამელალვოდა“.
- თავი მეთერთმეტე თავი მეცამეტე