ლახვრები მომშორდა გულიდან, ტანჯვისგან განვთავისუფლდი
- 13. წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი
- 387
- (ა) „თვალთა დავიდევ უსტარი მე მისგან მონაწერია.
- (ბ) პასუხად ვსწერდი: „მთვარეო, შენმცა მზე ვით მოგერია?
- (გ) მე ღმერთმან იგი ნუ მომცეს, რაც არა შენი ფერია!
- (დ) სიზმრად მგონია, დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია“.
- 388
- (ა) „ასმათს ვუთხარ: „მე პასუხსა ამის მეტსა ვერ მივჰხვდები;
- (ბ) ესე ჰკადრე: „რადგან, მზეო, ჩემთვის ნათლად აღმოჰხდები,
- (გ) აჰა, მკვდარი გამაცოცხლე, ამას იქით აღარ ვბნდები,
- (დ) რასაცაღა სამსახურსა, ვტყუი, თუღა ვერიდები!“
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 389
- (ა) „ასმათ მითხრა: „მე მიბრძანა, ესე ვქმნათო, ესე სჯობდეს:
- (ბ) ვინცა გნახოს, ჩემგან მისსა საუბარსა ვერა სცნობდეს,
- (გ) ჩემად ნახვად მოვიდოდეს, შენ ვითამცა გაშიკობდეს“;
- (დ) და-ცა-მვედრა: „ამირბარსა უთხარ, ასრე ნამუსობდეს“.
- 390
- (ა) „მეკეთა ესე თათბირი, სიბრძნე გულისა მისისა,
- (ბ) მისი, მზესაცა რიდება ჰქონდის ნახვისა ვისისა;
- (გ) მისგან მომეცა მოსმენა არ საუბრისა მქისისა,
- (დ) ვისთა შუქთაგან უკუნსა ჰგვანდის სინათლე დღისისა.
- 391
- (ა) „ასმათს მივართვი რჩეული თვალი ოქროსა ჯამითა;
- (ბ) მან მითხრა: „არა, არ მინდა, ვარ გამაძღარი ამითა“.
- (გ) ერთი აიღო ბეჭედი, მართ აწონილი დრამითა:
- (დ) „ესე კმა ნიშნად, სავსე ვარ სხვად ხელის შესაბამითა“.
- 392
- (ა) „ქალი ადგა, წამოვიდა; მე ლახვართა გულსა მრიდეს,
- (ბ) ლხინმან ბნელი განმინათლა, დაშრტეს, ცეცხლნი რომე მწვიდეს;
- (გ) შევე, დავჯე ნადიმადვე, ჩემნი სწორნი სადა სმიდეს.
- (დ) მხიარულმან საბოძვარი გავეც, ზამი გაადიდეს“.
- თავი მეთორმეტე თავი მეთოთხმეტე