და ვითარ მოიწინეს სამცხეს, ბრძანებითა ღმრთისაჲთა ძჱ დიდისა მირეან აზნაურისაჲ დაიმოწაფეს, სახელით არსენი, რომელსა ეწოდა ღირსად დიდი არსენი, ქართლისა კათალიკოზი და მცხეთისა საყდრისა გჳრგჳნი დაუჭნობელი. ხოლო ყრმაჲ იგი მცირჱ იყო ჟამითა, ვითარ ექუსისა წლისაჲ, და სახლსა შინა მამისა თჳსისასა იზარდებოდა. არამედ კაცთა მათ ღმრთისათა განზრახვითა მირეანისითა მოწესეთა სამოსლითა შემოსეს ყრმაჲ იგი და მარჯუენაჲ მისცეს ფიცისაჲ მირეანს და ჰრქუეს: „მოძღუარი ჩუენი გრიგოლ არს, მამაჲ ხაძთელი, და უფალსა თუ უნდეს, ესეცა მოწაფე იყოს მისი ჩუენ თანა სადაცა ჩუენ ვიყვნეთ“, და წარვიდეს აფხაზეთად. ხოლო მეფემან აფხაზთამან დემეტრე, დიდითა პატივითა პატივ-სცა და ადგილსა კეთილსა დაამკჳდრნა.