წარუვალ სიკეთეს (მომავალს, ზეციერს) ხვდებოდნენ (ითვალისწინებდნენ)
თავი XXII
- ხოლო ჟამსა წარმოსლვისა მათისასა გამოჰკითხა მეფემან დიმიტრი მამასა გრიგოლს გულსმოდგინედ სახჱ კლარჯეთისა უდაბნოთაჲ, რაჲთა აუწყოს მას ადგილთა მათ წმიდათა ნიშანი ყოველი. და მამამან გრიგოლ ჰრქუა მას: „ღმრთისმსახურო მეფეო, დაღაცათუ ფრიად განვამრავლო სიტყუაჲ, ვერვე მისწუთების გონებაჲ ჩემი ყოველსა მას უდაბნოთა მათ სიკეთესა უწყებად შენდა, ვინაჲთგან წესი მონაზონებისაჲ მათ შორის აღორძინებულ არს და უფროჲსად ყუაოდის და აღემატოს მომავალთა ჟამთა, არამედ ვთქუა მრავლისაგან მცირედი, ესრეთ: რამეთუ ბუნებით ერთგუამ არს ქუეყანაჲ უდაბნოთაჲ მათ და კეთილად შეზავებულ მზისაგან და ჰაერისა, რამეთუ არცა ფრიადი სიცხჱ შესწუავს მათ და არცა გარდარეული სიცივე შეაურვებს მყოფთა მისთა. არამედ განწესებით დგას თჳსსა საზღვარსა - უნოტიოჲ, უხორშაკოჲ, უმიწოჲ, მზუარჱ, რამეთუ კაცთა ნახჭნი ფერჴთანი არა ოდეს თიჴიან ექმნებიან სლვასა მათსა. ხოლო წყალი კეთილი და შეშაჲ ნებისაებრ უნაკლულოდ აქუს აღმოცენებული ქჳშათა მათ შინა, ურიცხჳ მაღნარი და სიმრავლე წყალთა სამოთაჲ, ბუნებით მხიარულებაჲ მიცემულ არს ღმრთისაგან. და არს იგი უგზო და მიუვალ რაჲთურთით სოფლისა წესითა მცხორებელთაგან, რამეთუ ღადოთა მთათა შინა მაღალთა არს მკჳდრობაჲ მათი. და მორტყმულ არს ერთკერძო მთაჲ იგი და ერთკერძო შავშეთისა დიდთა წყალთა შეკრებისა გარემოსლვაჲ გარემოადგს ზღუდისსახედ უძრავისა.
- და ესრეთ ყოვლითკერძო შეზღუდვილ არიან მთათა მიერ და ჴევნებისა, და წყალთა მათგან საშინელად ძნელოვანთა ადგილთა მავალთაჲსა. და მონასტერთა მათ შინა არა არს სათიბელი ქუეყანაჲ, არცა ყანაჲ საჴნავი, არამედ დიდითა შრომითა როჭიკისა მისლვაჲ აქუს კარაულისა ზურგითა. და მცირედ ვენაჴნი ჭირით და ურვით დაუნერგვან და ეგრეთვე მტილები, ხოლო მხალთა ველისათაჲ არს სიმრავლე ურიცხჳ. და ამას ყოველსა თანა უშიშ არს გული მათი უქრისტოთა მათ ურწმუნოთაგან შერყევისაგან და ყოვლისა ძრვისა ჟამსა ჴელმწიფეთა მტერობისასა. და ესრეთ მრავლითა მშჳდობითა მყუდროებით არიან ყოვლადვე და ქრისტესა ადიდებენ.
- რამეთუ ღმერთმან დასაბამსავე დაბადებისასა უკუანაჲსთათჳს ჟამთა დაჰბადნა იგინი მონაზონთა სამკჳდრებელად და ყოველთა ქრისტეანეთა შესავედრებელად ორკერძოვე. და რამეთუ განგებასა ღმრთისასა ესე ჩუეულებაჲ აქუს, რაჲთა წმიდათა მათ უდაბნოთა მონასტერნი ჴელითა გლახაკთაჲთა აღაშენნეს, რომელნიმცა სრულიად თავისუფალ იქმნნეს სოფლისა საცთურთაგან. დაღაცათუ წმიდათა უდაბნოთა ჴელმწიფენი იღუწიან, ხოლო წოდებად სახელი გლახაკთაჲ ჯერ-იჩინა ქრისტემან შენებასა წმიდათა მონასტერთასა. არამედ მისცა ღმერთმან ჴელმწიფებაჲ მორწმუნეთა მეფეთა აღშენებად საყდართა საებისკოპოსოთა და ქალაქთა სოფლებითურთ და ყოველსა ერსა ზედა მთავარ-ყვნა, რაჲთა სიმართლით განიკითხვიდენ მათ შემკობილნი სამოსლითა ბრწყინვალითა, ხოლო რაჲთა არა დაუტეონ გონებაჲ მათი ხილულთა მათ ნივთთა შინა, არამედ კეთილთა მათ საუკუნეთა გულისხმა-ჰყოფდენ. რამეთუ სიბრძნემან საღმრთომან სამოსელთა მრავალ-სახეთა მიერ გულისხმა უყო ყოველთა კაცთა პატივი თითოეულისა წესისა მათისაჲ ღმრთის-მსახურებით. ხოლო სარწმუნონი და ჭეშმარიტნი მონაზონნი ქუეყანასა ზედა არა ვისსა ჴელმწიფებასა ქუეშე არიან, ვინაჲთგან მოჰრიდეს საშუებელთა საწუთროჲსათა ნებსით და აღირჩიეს ღმრთისათჳს მწუხარებაჲ ადგილთა გლოვისათა მსგავსად პირველთა მათ მამათა წმიდათა, რომელთა სიგლახაკესა შინა დიდსა მყოფთა აღაშენნეს წმიდანი უდაბნონი თჳნიერ ქუეყანისა მეფეთა ბრძანებისა, შეწევნითა ყოვლისა შემძლებელისა ღმრთისაჲთა. და აწცა ჟამთა ჩუენთა არიან მსგავსნი პირველთა მათ ნეტართა კაცთანი, მაშენებელ მონასტერთა ადგილთა უქმთა შინა ღმრთისა სამკჳდრებელად, ხოლო ჴელმწიფენი კეთილად მსახურნი შრომასა მათსა თანამონაწილე იქმნებიან საფასეთა უხვად მიცემითა, ვითარცა-ესე დღეს დიდებულებამან შენმან მეფობამან განამდიდრა სიგლახაკე ჩუენი ფრიადითა კეთილითა და ყოვლადვე მოზიარე ხარ ლოცვასა ჩუენსა თანა“. ხოლო მეფჱ განმხიარულდა სიტყუათაგან ნეტარისა გრიგოლისთა და ფრიადი სარწმუნოებაჲ და სიყუარული დაამტკიცნა გულსა მისსა უდაბნოთა მიმართ კლარჯეთისასა და ჰმადლობდა ქრისტესა, კეთილისმყოფელსა ნებისმყოფელთა მისთასა. და ესრეთ მშვიდობაჲ დაუტევეს ჴელმწიფესა მას და წარმოვიდეს აფხაზეთით.
თავი XXI თავი XXIII