რაც დაემართებოდა, მოუვიდოდა
თავი LVI
- არამედ ადარნერსე ჴელმწიფესა უფროჲსი ვნებაჲ შეამთხჳა მტერმან, რომელიცა იყო ძჱ აშოტ კურაპალატისაჲ. რამეთუ შესმენითა მეძვისა ქალისაჲთა, რომლისა თანა იმრუშებდა იგი, უსამართლოდ განიშორა სიცრუვითა სიძვისაჲთა სარწმუნოჲ ცოლი თჳსი და წარგზავნა ქუეყანად თჳსად აფხაზეთად, ვინაჲცა მოეყვანა იგი. ხოლო ქრისტემან მონასა თჳსსა გრიგოლს გამოუცხადა ყოველი იგი უსამართლოებაჲ, რომელიცა შეამთხჳეს უბრალოსა მას დედუფალსა. ამისთჳსცა მრავალგზის მხილებაჲ მიაწია ნეტარმან გრიგოლ ადარნერსეს ზედა. არამედ ჴელმწიფე იგი ცუდითა თავმოთნეობითა იძლია და მხილებაჲ მართლისა მის კაცისაჲ არა თავს–იდვა, არამედ შესძინა ძჳრი ძჳრსა ზედა თჳსსა და სხუაჲ ცოლი შეირთო. მაშინ მამამან გრიგოლ უწინაჲსწარმეტყუელა ბრალთა მათთჳს, რაჲ-იგი შემთხუევად იყო მისდა მიშუებითა ღმრთისაჲთა. და ჰრქუა ესრეთ: „არა სმენისათჳს სიტყუათა ჩემ გლახაკისათა, მიეცე ბოროტთა სენთა, და რომელ აწ ძენი გესხნენ, იგუემნენ ეშმაკთაგან, და ვერ განიკურნო შენ და ვერცა შვილნი იგი შენნი, ვიდრე არა შეინდოთ დედუფლისა მისგან, უსამართლოდ გაპატიჟებულისა მჴევლისა მის ღმრთისა. დაღაცათუ ჴორცთაგან განვიდეს იგი, არამედ საფლავთაგან მისთა შე-ვე-ინდონ შვილთა შენთა. ხოლო შემასმენელი იგი მეძავი ადრე განაქიქოს ქრისტემან უფროჲს ყოველთა ცთომილთაჲსა ლირწად წარმდებებისა მისისათჳს და უკეთურებისა“.
- ხოლო ადარნერსე სიტყუათაგან ნეტარისა გრიგოლისთა ფრიად შეშინდა და შეუვრდა წმიდასა მას. ხოლო მან აღადგინა და ჰრქუა: „ქრისტემან შენდობაჲ ბრალთაჲ მოგეცინ შენ, არამედ ესე უწყოდე: თქუმული ჩემი აღესრულოს ჟამსა თჳსსა, რაჲთა გულისჴმა–ყონ ყოველთა ნაყოფი ურჩებისაჲ“. და შემდგომად მცირედთა დღეთასა შეემთხვა ადარნერსეს სენი ტეხისაჲ წრდიალი, რომელსა ჰრქჳან ნიკრისი. და ტკივილთა მათგან იგუემებოდა მწარედ, რამეთუ მუნ ჟამადმდე ყოლად უვნებელ იყო იგი. და მსწრაფლ ხოლო წარავლინა კაცი კეთილი, რომელსა ერქუა კუპრა, წინაშე დედუფლისა მის შენდობისა თხოვად. და ვითარ მიიწია მოციქული იგი ადარნერსესი ფერსათს, სადაცა არს აწ საფლავი მისი, და იხილა დედუფალი იგი თჳსი დიდსა შინა მონაზონებასა, რომელიცა იყო ასული ბაგრატ შაროელისა ჴელმწიფისაჲ, რამეთუ სამოსლად მისა იყო შეურაცხი ჩოჴაჲ და ემოსა მას წმიდაჲ სქემაჲ და ტჳრთი დიდი შეშისაჲ ეკიდა და სახიდ თჳსად მიაქუნდა სანატრელსა მას, რომელსა პირველ სახელი ეწოდა ბევრეულის და მერმე ანასტასია.
- ესე რაჲ იხილა კაცმან მან მოციქულმან, იცნა და შეუვრდა ადარნერსეს მაგიერ და ჰრქუა: „ქრისტეს ნებისმყოფელო, გევედრების, შეიწყალე უფალი ჩემი სამართლად ღმრთისაგან განპატიჟებული შენ ძლით და ნუ სწყევ მას, არამედ შეუნდვენ დიდნი ბრალნი მისნი“.
- ხოლო მან ჰრქუა: „გეფუცები ქრისტესა, არაოდეს აღმოსრულ არს წყევაჲ პირსა ჩემსა და არცა მას ვსწყევ, ქრისტემან შეუნდვენ ყოველნი ცოდვანი და განკურნენ სულით და ჴორცით“. და მსწრაფლ ხოლო განიკურნა ადრნერსე.
თავი LV თავი LXIII