საჭირო და სამართლიანი არის
თავი LXXIV
- მაშინ ევედრებოდა ნეტარსა მას მღდელი ვინმე დაყუდებით მყოფი, რაჲთა იშენოს ეგუტერი ჟამისსაწირავად სენაკსა თჳსსა. ხოლო წმიდამან მან ჰრქუა: „კრებულისა ძმათა შორის საქმე ეგე უწესო არს. უკუეთუ შენ აღაშენო ეგჳტერი, ყოველთა ძმათა აღაშენონ. და რაჟამს დეკანოზმან ჟამსა ჰრეკოს ჟამის-წირვისათჳს, დიდსა ეკლესიასა მღდელი ძნიად პოოს. და სხუაჲცა მრავალი არს მას შინა სულისა სავნებელი და არა თუ სარგებელი და მე არა ვეწამები მას“.
- ამისა შემდგომად უბრძანა დიდსა ზენონს: „ძმაო, შთავიდეთ ვენაჴად, რომელ არს გზასა თანა ოპიზისასა“, რამეთუ ჟამი იყო სთუელისაჲ. და შთავიდეს ორნივე ზოგად ვენაჴსა მას, შენებულსა მისსა კეთილად ნაყოფიერსა. და ჟამსა მას შინა მოვიდა სანატრელი მამაჲ მაკარი ოპიზელი ხილვად მოძღურისა თჳსისა, მამისა გრიგოლისა. და ვითარცა–იგი ფრიად განიხარეს და სურვიელად მოიკითხნეს ურთიერთას, და რამეთუ იყო ჟამი პურის-ჭამისაჲ, პურად ხოლო დასხდეს. და შემდგომად პურის ჭამისა, განიზრახეს მუნ დადგომაჲ ვიდრე ხვალისადმდე. ხოლო მამამან მაკარი უბნობასა შინა იკითხა ნეტარისა გრიგოლისგან ესრეთ: „უკუეთუ მწვალებელთა შვილი მოიქცეოდის მართლმორწმუნედ, ნათლის-ღებაჲ უჴმსა ანუ არა?“.
- ჰრქუა მას წმიდამან მან: „მე ამას ვიტყჳ, ვითარცა ყოველთა უწყით, ჭეშმარიტთა ქრისტეანეთა შვილთა მწვალებელი მღდელი ვერ მოჰნათლავს, დაღაცათუ უნათლავი მოკუდებოდის, რამეთუ ნათელი არა არს მათ თანა. და უნათლავისა სიკუდილი უმჯობეს არს, ვიდრე უშჯულოებაჲ შჯულისა გარდასლვითა. ეგრეთვე ჯერ და სამართალ არს ნათლის-ცემაჲ შვილსა ყოველითა მწვალებელთასა, დაღაცათუ წვალებაჲ მათი თჳს-თჳსად იხილვების, არამედ ურთიერთას განთხზულ არს საცთურებით“.
თავი LXXIII თავი LXXVI