არამედ აწ სასწაულნი მათნი ჟამთა სიმრავლისაგან მიეცნეს სიღრმესა დავიწყებისასა, ყოვლად მოსაჴსენებელთა მათ განსაკჳრვებელთა ნეტართა კაცთა საქმენი კეთილნი და ცხორებაჲ უბიწოჲ,რომელნიცა იგი ბრწყინავდეს ვითარცა მთიებნი ზეცისა სამყაროსა, ხილულსა ამას და განქარვებადსა მზესა ქუეშე. და აწ სულითა ბრწყინვალენი იხარებენ დაუსრულებელსა ნათელსა შინა და მარადის ჩუენთჳს მეოხებასა ჰყოფენ, განმხიარულებულნი ქრისტჱს აღთქუმულთამოღებითა, რამეთუ შრომათა მათთა წილ მიუღებიეს სიხარული და მხიარულებაჲ უოხჭნოჲ, მოუკლებელი და გამოუთქუმელი ცათა შინა.
ამათ ნეტართა შორის გამობრწყინდა მადლითა სავსჱ, განსრულებული სიბრძნითა, დიდი მღდელი და კეთილად განმგებელი მოღუაწჱ და უდაბნოთა ქალაქმყოფელი, ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი, სანატრელი გრიგოლ, სულიერად მამაჲ და წინამძღუარი და მაშენებელი ხანძთისა და შატბერდისაჲ, ორთა ამათ დიდებულთა მონასტერთაჲ, რომელი ექმნა სახე კეთილის ყოველთა მის ჟამისა მეუდაბნოეთა მამათა ახლად შენებასა მათსა.
ესე იყო შვილი წარჩინებულთა, დიდებულთა და მართლმორწმუნეთა მამა-დედათაჲ, და სახლსა შინა სამეუფოსა დიდისა ნერსე ერისთვისასა აღზრდილ იყო ჴელითა კეთილად მსახურისა დედოფლისა ნერსჱს ცოლისაჲთა, რომელსაცა ეშვილა, რამეთუ იყოცა ძმისწული მისი. და საშოჲთგანვე დედისაჲთ შეწირულ იყო ღმრთისა დედისაგან თჳსისა, ვითარცა სამოელ წინაჲსწარმეტყუელი. და მარხვათა შინა იზარდებოდა მსგავსად წინამორბედისა, რამეთუ სიჩჩოჲთგანვე ღჳნოჲ და ჴორცი არა შეჴდა პირსა მისსა. ვინაჲთგან ქრისტჱსა განეკუთნა სული თჳსი სამკჳდრებელად, და ხატიცა მონაზონებისაჲ ემოსა, რამეთუ თავისუფალ იყო იგი სიმღერისაგანყრმათაჲსა და ყოვლისაგან აღრევისა კაცთაჲსა და მარტოდ იყოფვინ თჳსსა მას სადგურსა, რომელსა განწესებულ იყო, ამისთჳსცა დაყუდებულ უწოდიან მას სახელი.
სიტყუაჲ მისი იყო შეზავებულ მარილითა მადლისაჲთა. რაჟამს იტყჳნ, ბრძნად აღაღის პირი თჳსი და წესი განუჩინის ენასა თჳსსა. და ჰასაკისა ზრდასა თანა სათნოებაჲცა კეთილი იზარდებოდა, რამეთუ არა იყო, ვითარცა ჭაბუკი, მზუაობარ და ჭამადთა გულისსათქუმელთა მოყუარჱ, არამედ თავით თჳსით დანიელ წინასწარმეტყუელისა სიტყუასა იტყჳნ, ვითარმედ „პური გულისსათქუმელი არა ვჭამო“. და ესრეთ მიიღის საზრდელი საგლახაკოჲ ჴორცთა თჳსთა განსამტკიცებელად ნეტარმან გრიგოლ, მდაბალმან გულითა და გლახაკმან სულითა, მყუდრომან ქცევითა და მოწყალემან გონებითა, რამეთუ ძირი სიწმიდისაჲ მარადის გულსა მისსა დანერგულ იყო, აღმომცენარჱჯეჯლსა ღმრთისმსახურებისასა. და ნერგი ჭეშმარიტისა სარწმუნოებისაჲ აღორძნდა სულსა მისსა და ნაყოფი ღმრთისა სიყუარულისაჲ გარდაემატა მის შორის. და ესევითარითა მრავალფერითა კეთილად განგებითა ცხოვნდებოდა ჭაბუკი ესე სამღდელოჲ სათნოდ უფლისა. ხოლო იყო ხილვითა დიდ, ჴორცითა თხელ, ჰასაკითა სრულ, ყოვლად კეთილ, სრულიად გუამითა მრთელ და სულითა უბიწო.