და რაჟამს ცნა ნეტარმან გრიგოლ წარსლვაჲ თეოდორესი და ქრისტეფორესი, შეწუხნა ფრიად და თანაწარიყვანნა ოთხნი ძმანი და წარვიდა ძიებად კრავთა მათ რჩეულთა მწყემსი იგი კეთილი. და ვითარ მოიწია ქართლისა სანახებსა, ნებითა ღმრთისაჲთა ძიებასა მას ძმათასა პოვა ეფრემ ყრმაჲ, ჭაბუკი ღირსი და ღირსებასა შინა იხილვა მამაკაცებასა სრულსა მიწევნული სიწმიდით, და სიწმიდესა შინა აწყურისა ეპისკოპოსი, სასწაულთა მოქმედი. ხოლო ეპისკოპოსობასა შინა მიიწია მოხუცებულებასა კეთილსა, და აღესრულა საკჳრველებით. ესე ეფრემ, ღირსი ღმრთისაჲ, დაიმოწაფა ნეტარმან გრიგოლ და უბრძანა ესრთ: „რაჟამსმოვიქცე აფხაზეთით, თანა წარგიყვანო შენ ხანცთად“, და თჳთ წარემართა აფხაზეთს.
და შემდგომად მოკითხვისა, დასხდეს მეფჱ და ნეტარი გრიგოლ. ხოლო წმიდამან განგრძობილად ულოცა და მრავლითა კურთხევითა შეამკო. და მეფემან მან თქუა: „კურთხეულ არს ღმერთი, რომელი მოგიძღუა აქა, წმიდაო მამაო, არამედ ვინაჲ არს მიზეზიმოშრომისა შენისაჲ, მაუწყე მე“. და ნეტარმან გრიგოლ ჰრქუა: „მეფეო ღმრთის-მსახურო და დიდებულო! მოწევნულ არიან წმიდანი მამანი, ძმანი ჩემნი, წინაშე შენსა და აწ არიან სამეუფოსა ამას, და მათთჳს არს მოსლვაჲ ჩემი აქა, არამედ ბრძანენ ჴელმწიფებამან შენმან და მოვიდენ იგინი ჩუენდა“. ხოლო მეფესა დაუმძიმდა ძიებაჲ მათი და ჰრქუა: „არა მოსრულ არიან აქა ეგევითარნი მონაზონნი, რომელთასაცა ბრძანებს სიწმიდე შენი“. მაშინ ნეტარი მამაჲ გრიგოლ სიტყუასა ზედა მეფისასა განრისხნა და ჰრქუა: „მეფეო, ნუ შრომასა შემამთხუევ, მომცენ ძმანი ჩემნი, რომელნიცა მოიწინეს შენდა“. და ვითარ ღონჱ სიტყჳსაჲ არღარა აქუნდა მეფესა მართლმხილებისაგან მის წმიდისა, უბრძანა მოყვანებაჲ ძმათაჲ მათ.
და ვითარ იხილეს მამაჲ გრიგოლ, შეუვრდეს ცრემლით. ხოლო წმიდამან მან აღადგინნა და შეიტკბნა სიყუარულით და ჰმადლობდა ქრისტესა პოვნისა მათისათჳს.და რამეთუ იყვნეს ბუნებით მომლოდებელ წმიდისა მის ძმანი იგი, მათცა უხაროდა ურთიერთასი იგი შეკრებაჲ თჳსი.
და მეფემან მან ჰრქუა ნეტარსა გრიგოლს: „წმიდაო მამაო, აჰა, იქმნა წადიერებაჲ ნებისა შენისაჲ, არამედ უფალმან ყავნ ნებაჲცა გულისა ჩემისაჲ, რამეთუ მაქუს სულსა ჩემსა მონასტრისა ახლად შენებაჲ. აწ ბრძანე და მოვიხილნეთ მრავალნი ადგილნი აფხაზეთისანი და სადაცა სიწმიდემან შენმან ინებოს, მონასტრად აღვაშენოთ ადგილი იგი“.