0 1 2 3 4

რა რე რკ რო
რავ რამ რაო რაჲ

რაჲთა ...შეეშინოს

რათა შეშინდნენ
 
III თავი. წამებაჲ წმიდისა ჰაბოჲსი

რომელნი ხართ ქრისტჱს მოყუარენი და მარტჳლთ მოყუარენი, მიიღეთ ჩემგან სანატრელი ესე სმენაჲ წმიდისა მოწამისა და ქრისტჱს მოღუაწისაჲ, რომელი სიმჴნითა და დიდებითა გჳრგჳნოსან იქმნა ქრისტჱს მიერ. სუფევასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსსა, წელიწადსა ვნებითგან და მკუდრეთით აღდგომითგან რვაას ოთხმეოც და ექუსსა, მეფობასა კოსტანტინეპოვლის, ქალაქსა მას დიდსა, ქრისტეანეთა ზედა კონსტანტინჱსსა, ძისა ლეონისსა, სარკინოზთა შორის მეფობასა მოსე ამირა-მუმნისასა, ძისა მაჰდისსა, ქართლს შინა კათალიკოზობასა სამოელისსა, ერისმთავრობასა სტეფანოზისსა, ძისა გურგენისსა, დასაბამით გარდასრულთა ექუს ათას სამას ოთხმოც და ცხრასა წელსა, თთუესა იანვარისასა ექუსსა, დღესა პარასკევსა, შევისწავეთ მარტჳლობაჲ წმიდისა და ნეტარისა ამის მოწამისა და კეთილად მოღუაწისა ჰაბოჲსი ქალაქსა ტფილისს.

ხოლო იყო ესრე სახედ: რამეთუ მცირედ უწინარჱს-რე დღეთა ამათ შეიპყრეს ნეტარი ესე მოწამჱ ქრისტჱსი და მიიყვანეს იგი მსაჯულისა მის, რომელ იყო ამირად ქალაქსა ტფილისს, და ქრისტჱს აღსაარებისათჳს შეაყენეს იგი საპყრობილესა, ხოლო შემდგომად რავდენთამე დღეთა გამოითხოვა იგი სტეფანოზ, ერისთავმან ქართლისა-მან, და გამოიყვანა საპყრობილით და განუტევა.

და შემდგომად მცირედთა დღეთა კუალად აღიძრნეს შემასმენელნი წმიდისა ამის მოწამისანი, განრისხებულნი და აღბორგებულნი, სავსენი შურითა ქრისტეანეთაჲთა შეიზრახნეს შეთქუმით წმიდასა მას ზედა და შევიდეს წინაშე მსაჯულისა მის, რამეთუ სხუაჲ მსაჯული ამირაჲ შემოსრულ იყო ქალაქსა ტფილისს, და ჰრქუეს მას: - არს ქალაქსა ამას შინა ჭაბუკი ერთი, რომელი იყო ბუნებით სარკინოზ და განზრდილ და ცხორებულ შჯულითა მით, რომელი მომცა ჩუენ მაჰმედ, მოციქულმან ჩუენმან; და აწ დაუტევებიეს შჯული ესე ჩუენი და იტყჳს თავსა თჳსსა ქრისტეანედ და უშიშად ვალს ქალაქსა შინა და მრავალთა ასწავებს ჩუენგანთა ქრისტეანე-ყოფად. აწ ბრძანე შეპყრობაჲ მისი და შეაგდე იგი სატანჯველსა და გუემასა, ვიდრემდის არა აღიაროს შჯული მაჰმედ მოციქულისა ჩუენისაჲ; უკუეთუ არა, მოკუედინ იგი, რაჲთა არა მობაძავ იქმნენ მისა მრავალნი სიტყჳთა მისითა.

ამას რაჲ შეასმენდეს, ესმა ვიეთმე ქრისტეანეთა კაცთა და მივიდეს მწრაფლ და უთხრეს ნეტარსა ჰაბოს, ვითარმედ:

- აწ ესერა გეძიებენ შენ შეპყრობად, ტანჯვად და გუემად. და შეაჯერებდეს მას, რაჲთამცა მიჱრიდა და დაემალა. ხოლო მან ჰრქუა მათ:

- მე არა ხოლო ტანჯვად განმზადებული ვარ ქრისტჱსთჳს, არამედ სიკუდიდცა. და გამოვიდა იგი სიხარულით და იქცეოდა შორის უბანთა განცხადებულად. მაშინ მოვიდეს მსახურნი იგი მის მსაჯულისანი და შეიპყრეს ნეტარი ჰაბოჲ და შეიყვანეს იგი
წინაშე მსაჯულისა მის.

და ჰრქუა მას მსაჯულმან მან:

- რაჲ არს, რომელი-ესე მესმის შენთჳს, რამეთუ ხარ შენ ნათესავით და ტომით სარკინოზ და დაგიტევებიეს მამული შჯული და ქრისტეანეთა თანა შეცთომილ ხარ? აწ განემზადე და ილოცე შჯულითა მით, რომლითა განგზარდეს მშობელთა შენთა!

ხოლო ნეტარი ჰაბო განძლიერდა ქრიტჱს მიერ და აღივსო სულითა სარწმუნოებისაჲთა და ჰრქუა მსაჯულსა მას ამირასა:

- ეგე კეთილად სთქუ, რამეთუ ვარ მე ბუნებით სარკინოზ, შობილვე მას შინა მამულად და დედულად; განსწავლულ ვიყავ შჯულითა მით მაჰმედისითა და ვცხოვნდებოდე მას შინა, ვიდრე უმეცრებასა შინა ვიყავ. ხოლო ოდეს სათნო-ყო ღმერთმან, რომელმან გამომირჩია მე ძმათა და ნათესავთა შორის ჩემთა და მიჴსნა მე იესუ ქრისტჱს მიერ, ძისა მისისა და ღმრთისა ჩემისა, და გულისჴმა-მიყო მე უმჯობჱსი იგი კეთილი, მაშინ დაუტევე მე პირველი იგი კაცთა ჴელოვნებითა შეთხზული შჯული და ზღაპრობისა სიბრძნითა ღონისძიებული რწმუნებაჲ, და აწ შეუდეგ მე ჭეშმარიტსა ქრისტჱს მიერ მომადლებულსა სარწმუნოებასა სამებისა წმიდისა - მამისა და ძისა და სულისა წმიდისასა - და ამით ნათელ მიღებიეს და ამასცა თავყანის-ვსცემ, რამეთუ ესე არს ღმერთი ჭეშმარიტი, და აწ ქრისტეანე ვარ თჳნიერ ყოვლისა ცილობისა.

ჰრქუა მას მსაჯულმან მან:

- დაუტევე სიცოფისა ეგე განზრახვაჲ და უკუეთუ ნაკლულევანებისა შენისათჳს შედგომილ ხარ ქრისტეანეთა, მე უფროჲსღა ნიჭი და პატივი აწვე მიგცე შენ.

ჰრქუა მას ნეტარმან ჰაბო:

- ოქროჲ და ვეცხლი შენი შენ თანავე იყავნ წარსაწყმედელად თავისა შენისა; მე პატივსა კაცთაგან არა ვეძიებ, რამეთუ მაქუს მე ნიჭი ქრისტჱსმიერი, გჳრგჳნი ცხორებისა და უხრწნელებისაჲ და პატივი საუკუნოჲ ცათა შინა.

მაშინ უბრძანა მსაჯულმან მან ჴელით და ფერჴით შეკრვაჲ მისი ბორკილითა რკინისაჲთა და ეგრეჱთ შთააგდეს იგი საპყრობილესა. ხოლო ნეტარსა მას უხაროდა და ჰმადლობდა უფალსა და იტყოდა:

- გმადლობ შენ, უფალო და მაცხოვარო ღმერთო ჩუენო, იესუ ქრისტე, რამეთუ ღირს მყავ მე განკითხვასა და პყრობილებასა სახელისა შენისათჳს წმიდისა.

და იყო ესე თთუესა დეკენბერსა ოცდა შჳდსა, დღესა სამშაბათსა, ჴსენებასა ქრისტჱს მოციქულისა, პირველდიაკონისა და პირველმოწამისა წმიდისა სტეფანჱსსა.

და იყოფოდა ნეტარი ჰაბოჲ საფყრობილესა შინა მარხვითა და ლოცვითა და ფსალმუნებითა ღამჱ და დღჱ განუსუენებლად და ჰყოფდა იგი ქველის-საქმესა: რამეთუ განყიდა მან ყოველი, რაჲცა აქუნდა მას, და ჰზრდიდა იგი მშიერთა და ნაკლულევანთა მის თანა პყრობილთა მათ. ხოლო ცრუ მოძღუარნი იგი შემასმენელნი შევიდიან მისა და ეტყჳედ რომელნიმე რეცა სიტყჳთა ლიქნისაჲთა:

- შვილო, ნუ განიწირავ თავსა შენსა, ნუცა სიჭაბუკესა შენსა განჱვაჭრი ქრისტეანედ და ნუცა ძმათა და ნათესავთა შენთა განეშორები, რაჲთა არა შეამთხჳო ძჳრი თავსა შენსა და შეგუაწუხნე ჩუენ ყოველნი.

და რომელნიმე მათგანნი აშინებედ მას და ეტყჳედ:

- რაჲ სარგებელ გეყოს შენ ქრისტე იგი შენი, ანუ ვინ გიჴსნეს შენ ჴელთაგან ჩუენთა, რამეთუ ცეცხლი და სატანჯველი აწვე განგჳმზადებიეს შენთჳს არა თუ მოიქცე ჩუენდავე.

ხოლო ნეტარი იგი არა ისმენნ მათსა, არამედ ილოცავნ და უღარღილოდ ფსალმუნებნ გონებითა თჳსითა; და შემდგომად მრავლისა სიტყჳსა მათისა ჰრქუა მათ:

- ჩემდამო ნურას იტყოდეთა, რამეთუ მე, ვითარცა ყრუსა, არა მესმოდა და ვითარცა უტყუმან რაჲ არა აღაღის პირი თჳსი; ვიყავ მე, ვითარცა კაცი უსმი, რომლისა თანა არა არს პირსა მისსა სიტყუაჲ, რამეთუ მე უფალსა ვესავ. განმეშორენით მე, უკეთურნო, და გამოვიძინე მე მცნებანი ღმრთისა ჩემისანი!

და ვითარცა ვერ შეძრეს მართალი იგი, გამოვიდეს მიერ სირცხკლეულნი.

და იყო ნეტარი იგი საპყრობილესა შინა ცხრა დღე, და დღე ყოველ იმარხავნ და ღამის თევით დაადგრის განთიადადმე. ხოლო დღესა მას მეცხრესა ჰრქუა ყოველთა მათ მის თანა პყრობილთა ქრისტეანეთა და სხუათაცა, ვითარმედ:

- ხვალე განსლვაჲ არს ჩემი ჴორცთაგან და მისლვაჲ უფლისა ჩემისა და ღმრთისა იესუ ქრისტჱს თანა.

რამეთუ ესე უფალმან გამოუცხადა თჳსსა მას მოწამესა. და მაშინ განიძარცუა მან სამოსელი თჳსი და განსცა იგი სავაჭროდ, რაჲთა უყიდონ მას სანთელად ჳერეონები და საკუმეველი, და წარსცა ყოველთა მათ ეკლესიათა ქალაქისათა, რაჲთა აღანთონ. და მიავლინა ყოველთა მღდელთა ვედრებით, რაჲთა ლოცვაყონ მისთჳს, რომლითა არა დაბრკოლდეს სარწმუნოებისაგან ქრისტჱსისა და ღირს იქმნეს მოღუაწებასა მას ქრისტჱს მოწამეთასა.

ხოლო მან ღამესა მას წმიდისა მის დღესასწაულისასა, ღამისთევასა მიიხუნა ორნი სანთელნი დიდნი პელთა თჳსთა და დადგა იგი შორის საპყრობილესა და დაადგრა მდგომარჱ ზედა ფერჴთა თჳსთა, ვიდრე განთიადადმდე, ყოლადვე დაუჯდომელად, ვიდრემდე აღასრულნა ფსალმუნნი და სანთელნი დაიწუნეს ჴელთა შინა მისთა, რკინითა შეჭედილთა ზედა ქედსა მისსა; და იტყოდა მდგომარჱ იგი შეუძრველად, ვითარმედ: წინაჲსწარ ვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა არს მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაჲთა არა შევიძრა”.

და რაჟამს განთენა მეათჱ იგი დღჱ დღესასწაულისა მის მაცხოვრისა ნათლისღებისაჲ, რომელ არს თთუესა იანვარსა ექუსსა, იყო დღჱ იგი პარასკევი; და თქუა ნეტარმან მან:

- დიდ არს ჩემდა დღჱ ესე, რამეთუ ვხედავ ორკერძოვე ძლევასა უფლისა ჩემისა იესუ ქრისტჱსსა, რამეთუ დღესასწაულსა ამას შთაჴდა მდინარესა მას იორდანისასა განშიშულებული ნათლის-ღებად და სიღრმესა მას შინა წყალთასა დამალულისა მის ვეშაპისა თავები ძალით ღმერთებისაჲთა შემუსრა.

ჯერ-არს ჩემდაცა დღესა ამას, რაჲთა განვიძარცო შიში ჴორცთა ამათ ჩემთაჲ, რომელნი სამოსელ არიან სულისა ჩემისა, და შთავჴდე, ვითარცა სიღრმესა ზღჳსასა, შორის ქალაქსა ამას და ნათელ ვიღო სისხლითა ჩემითა და ცეცხლითა და სულითა, ვითარცა იქადაგა წინამორბედმან იოვანე, და მერმე კუალად შთავჴდე წყალთაცა და კუალად განვნათლდე, რამეთუ დღეს გარდამოსლვაჲ არს სულისა წმიდისაჲ ყოველთა ზედა წყალთა, რომლითა ნათელ იღებენ ქრისტჱს მორწმუნენი სახედ იორდანისათა მათ მდინარეთა, და განშიშულებითა ჴორცთა ჩემთაჲთა მტერისა მის მზაკუარისა მანქანებანი, რომელ იზრახნა ჩემთჳს, განვბასრნე და დავტკებნნე ფერჴითა ჩემითა შორის ქალაქსა ამას.

და კუალად დღესა ამას პარასკევსა ვნებითა თჳსითა უფალმან ჩემმან იესუ ქრისტემან ჯუარსა მას ზედა განპყრობითა ჴელთა თჳსთაჲთა განაქიქა და თითისა საჩუენებელ-ყო ყოველთა კიდეთა ქუეჲანისათა მტერი იგი ყოვლისა სოფლისაჲ. აწ მეცა თანა მაც, რაჲთა განუჴდე ბრძოლად მტერსა მას ქრისტეანეთასა და ქრისტჱსთჳს დათხევითა სისხლთა ჩემთაჲთა საცინელ და საკიცხელ ვყო იგი ყოველთა ქრისტეანეთა, რამეთუ ჰგონებდა იგი, ვითარმცა შიშითა სიკუდილისაჲთა განმაშორა მე სიყუარულსა უფლისა ჩემისა იესუ ქრისტჱსსა. ხოლო მე საყუედრელ-ვყო განზრახვაჲ იგი მისი და ვსძლო მას ქრისტჱს-მიერითა შეწევნითა და ორ-კერძოჲვე იგი თანანადები უფლისა ჩემისაჲ გარდავიჴადო.

მაშინ მოითხოვა წყალი და დაიბანა პირი თჳსი და იცხო ზეთი თავსა თჳსსა და თქუა:

- მაშინ სადამე ვიყავ თჳთ მენელსაცხებელე, კეთილად შემმზადებელ სულნელთა მათ საცხებელთა, ხოლო ესე საცხებელი დღედ დაფლვისა ჩემისა არს, ამიერითგან არღარა ვიცხო განქარვებადი ესე მწირობისა ჩემისა ზეთი, არამედ, ვითარცა „ქებასა შინა ქებათასა” ბრძენმან სოლომონ მასწავა მე: „სულნელებასა ნელსაცხებელთა შენთასა ვრბიოდი”, ქრისტე, რომელმან აღმავსე მე განუქარვებელითა მით სულნელებითა სარწმუნოებისა და სიყუარულისა შენისაჲთა. იცი შენ, უფალო, რამეთუ შეგიყუარე შენ უფროჲს თავისა ჩემისა!

და ესე რაჲ თქუა, წარავლინნა წმიდად ეკლესიად და მოჰგუარეს მას წმიდაჲ იგი საიდუმლოჲ, ჴორცი და სისხლი ქრისტჱსი.

იყო ჟამი იგი მესამჱ დღისა მის დიდისა დღესასწაულისაჲ, და ვითარცა მოიღო მან ჭეშმარიტი იგი და განმაცხოველებელი საიდუმლოჲ, თქუა:

- გმადლობ შენ, უფალო ჩემო და ღმერთო, იესუ ქრისტე, რომელმან მომეც მე საგზლად ჩემდა ცხოვრების მომანიჭებელი ჴორცი შენი და სიხარულად და განმამტკიცე ბელად ჩემდა პატიოსანი სისხლი შენი! აწ უწყი, რამეთუ არა დამიტევე მე, არამედ ჩემ თანა დადგრომილ ხარ და მე შენ თანა. ამიერითგან არღარა მივიღო სხუაჲ საზრდელი, რომლითა კუალად მშიოდის და არცა სხუაჲ სასუმელი, რომლითა კუალად მწყუროდის, არამედ კმა არს ესე ჩემდა ცხორებად საუკუნოდ.

და ესე ვითარცა თქუა, მყის მოიწინეს მსახურნი იგი მსაჯულისანი, და იჯმნა ყოველთა მათგან პყრობილთა ქრისტეანეთა და ჰრქუა მათ:

- ლოცვასა მომიჴსენეთ მე, რამეთუ არღარა მიხილოთ მე საწუთროსა ამას სოფელსა!

და გამოიყვანეს იგი ეგრჱთვე ბორკილითა ფერჴთა და ჴელთაჲთა; და მიჰყვანდა იგი შორის ქალაქსა და რომელნი ჰხედვიდეს მას ქრისტეანენი და მეცნიერნი მისნი, ცრემლოოდეს მისთჳს. ხოლო წმიდამან ჰაბო ჰრქუა მათ:

- ნუ სტირთ ჩემ ზედა, არამედ გიხაროდენ, რამეთუ მე უფლისა ჩემისა მივალ, ლოცვით წარმგზავნეთ და მშჳდობამან უფლისამან დაგიცვენინ თქუენ!

ხოლო იგი მივიდოდა, ვითარცა ვინ მოგზაურ ექმნის მკუდარსა, ეგრე ხედვიდა თჳსსა მას გუამსა; და სულითა თჳსითა მოგზაურ ქმნული თჳთ იტყოდა ფსალმუნსა ამას ას და მეათრვამეტესა: „ნეტარ არიან უბიწონი გზასა, რომელნი ვლენან რჯულსა უფლისასა”, და საგალობელად მუჴლისა მის თქჳს შემდგომად სიტყუაჲ იგი ნეტარისა მის ავაზაკისაჲ: „მომიჴსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა!”

ესრჱთ მიიწია იგი კარსა მას მსაჯულისა მის ამირისასა; და რაჟამს მიიწია, კადნიერად დასწერა ჯუარი კარსა მას და თჳთცა დაიბეჭდა ჯუარი. და წარადგინეს იგი წინაშე მსაჯულისა მის, და ჰრქუა მას მსაჯულმან:

- რაჲ არს, ჭაბუკო, რაჲ განიზრახე თავისა შენისაჲ?

ხოლო წმიდაჲ მოწამჱ აღივსო სულითა წმიდითა და ჰრქუა მას: - მე განვიზრახე და ქრისტეანე ვარ!

ჰრქუა მას მსაჯულმან მან:

- არა დაგიტევებიეს სიცოფჱ იგი და უგუნურებაჲ შენი? ჰრქუა მას ნეტარმან ჰაბო:

- უკუეთუმცა უმეცრებასა და უგუნურებასა შინა ვიყავ, არამცა ღირს ვიქმენ შედგომად ქრისტჱსა!

ჰრქუა მას მსაჯულმან მან:

- არა გიცნობიესა, რამეთუ სიტყუანი ეგე შენნი მომატყუებელ სიკუდილისა გექმნებიან შენ?

ჰრქუა მას წმიდამან ჰაბო:

- უკუეთუ მოვკუდე, მრწამს მე, რამეთუ ქრისტჱს თანა ვცხონდე, ხოლო შენ რასა განაგრძობ? რაჲ გეგულების ჩემ ზედა, იქმოდე, რამეთუ მე, ვითარცა კედელსა მაგას, რომელსა მიყრდნობილ ხარ, ეგრე არა მესმიან ცუდნი ეგე სიტყუანი შენნი. რამეთუ გონებაჲ ჩემი ქრისტჱს თანა არს ზეცას!

ჰრქუა მას მსაჯულმან მან:

- რაჲ ეგოდენი სიტკბოებაჲ გაქუს ქრისტჱს შენისაგან, რომლითა სიკუდიდცა არა გეწყალის თავი შენი?

ჰრქუა მას წმიდამან ჰაბო:

- უკუეთუ გნებავს ცნობად სიტკბოებაი მისი, შენცა გრწმენინ ქრისტე და ნათელ-იღე მისა მიმართ და მაშინღა ღირს იქმნე ცნობად სიტკბოებისა მისისა!

მაშინ განრისხნა ამირაჲ იგი და უბრძანა განყვანებაჲ მისი გარე და მოკუეთაჲ თავისა მისისაჲ. ხოლო მსახურთა მათ გამოიყვანეს გარეშე კართა, ეზოსა მას ტაძრისასა, და განჰჴსნეს იგი ჴელით და ფერჴით საკრველთა მათგან რკინისათა. ხოლო ნეტარმან მან თავით თჳსით მწრაფლ განხეთქა სამოსელი იგი, რომელ ემოსა, და განშიშულებულმან დაიბეჭდა ჯუარითა პირი და გუამი თჳსი და თქუა:

- გმადლობ და გაკურთხევ შენ, სამებაო წმიდაო, რამეთუ ღირს მყავ მე მიმთხუევად ღუაწლსა მას წმიდათა მოწამეთა შენთასა!

და ესე რაჲ თქუა, უკუნ ისხნა ჴელნი თჳსნი ჯუარის სახედ ზედა ზურგსა თჳსსა და მხიარულითა პირითა და კადნიერითა სულითა ღაღად-ყო ქრისტჱს მიმართ და მოუდრიკა ქედი თჳსი მახჳლსა.

და სცეს მას მახჳლითა სამგზის, რამეთუ ჰგონებდეს, ვითარმედ შიშითა სიკუდილისაჲთა განაშორონ იგი ქრისტესა; ხოლო წმიდაჲ იგი მარტჳლი დუმილით მჴნედ მიითუალვიდა მახჳლსა, ვიდრემდის შეჰვედრა სული თჳსი უფალსა.

და ვითარცა იხილეს ქრისტჱს მბრძოლთა მათ შემასმენელთა წმიდისა მის მოწამისათა, რამეთუ სრულ იქმნა ნეტარი იგი ქრისტჱს მიმართ და ღუაწლი კეთილი მოიღუაწა და სარწმუნოებითა და მოთმინებითა სძლო მათსა მას სიბორგილესა, უფროჲსღა აღივსნეს შურითა და შევიდეს წინაშე მძლავრისა მის და ჰრქუეს:

- ჩუენ ვიცით, რამეთუ ჩუეულებაჲ არს ქრისტეანეთაჲ ესრე სახედ: თუ ვინმე თავი მოიჳლის ქრისტჱს მათისათჳს, მოიპარიან გუამი მისი და პატივს-სციან მას დაფლვითა, ტყუვილითა რეცა თუ სასწაულსა და კურნებასა რასმე განსთქუმედ ერსა შორის, და სამოსელსა და თმასა თავისა მისისასა და ძუალსა მისსა განიყოფედ, რეცა საცოდ სნეულთათჳს, და ამით სახითა მრავალნი უცებნი შეიტყუვნიან.

აწ ბრძანე გუამი მისი მოცემად ჩუენდა, რაჲთა განვიღოთ და დავწუათ იგი ცეცხლითა და განვაქარვოთ იგი და აღვჴოცოთ საცთური ქრისტიანეთაჲ, რაჲთა იხილონ ყოველთა და შეეშინოს და რომელნიმე მათგანნი მოიქცენ ჩუენდა და ჩუენგანთა ეშინოდის და არღარა შეუდგენ სწავლასა ქრისტეანეთასა.

ამას დაღათუ ქრისტეანეთა შურისათჳს იტყოდეს, არამედ ჭეშმარიტსა და მართალსა წამებდესა, ვითარცა იგი არიან ქრისტჱს მოწამენი მკურნალ და მეოხ ყოველთათჳს, რომელნი მიეახლნენ მათ ქრისტჱსმიერითა სიყუარულითა და სარწმუნოებითა. ხოლო ჰრქუა მათ მსაჯულმან:

- წარიღეთ ვიდრეცა გნებავს და ყავთ, ვითარცა თჳთ იცით!

მაშინ გამოვიდეს და აღიღეს ქუეყანით პატიოსანი იგი გუამი მისი და შთადვეს იგი გუალაგსა მას აღსაჳიდებელსა სამოსლით მისითურთ და სისხლი იგი დათხეული მართლისა მის აღმოთხარეს ქუეყანით და რაჲთურთით არარაჲ დაუტევეს ქუეყანასა და იგიცა შთადვეს ჭურჭელსა შინა. და დადვეს წმიდაჲ იგი ურემსა ზედა, მსგავსად მჴნეთა მათ წმიდათა ორმეოცთა, რამეთუ, სადა-იგი მოჰკუეთეს თავი წმიდასა მას მოწამესა, კართა ზედა იყო წმიდისა ეკლესიისათა, რომელი სახელად წმიდათა ორმეოცთა დაფუძნებულ იყო, წესვე იყო, რაჲთა ემსგავსოს იგი ახოვანთა მათ წმიდათა მოწამეთა ორმეოცთა.

და ვითარცა გამოიღეს წმიდაჲ იგი გუამი წმიდისა მის გარეშე ქალაქსა და აღიღეს ადგილსა, რომელსა საგოდებელ ეწოდების, რამეთუ მუნ არს საფლავები კაცთა მის ქალაქისათაჲ, მუნ გარდამოიღეს იგი ურმისა მისგან და დადვეს იგი ქუეყანასა. და მოიღეს შეშაჲ და თივაჲ და ნაფთი და დაასხეს გუამსა მას ზედა წმიდასა და დააგზნეს ცეცხლი, ვიდრემდის დაწუნეს ჴორცნი იგი წმიდისა მოწამისანი ადგილსა მას, რომელ არს აღმოსავლით ციხესა მას ქალაქისასა, რომელსა ჰრქჳან სადილეგო, პირსა ზედა კლდისასა, რომელ არს კბოდჱ, კლდჱ მდინარისა მის დიდისაჲ, რომელი განჰვლის აღმოსავალით ქალაქსა, ესე არს სახელით მტკუარი, ხოლო ადგილსა მას არავის აუფლეს მისლვად ქრისტეანეთაგანსა, ვიდრემდის აღასრულეს დაწუვაჲ იგი ჴორცთა მათ წმიდისა მოწამისათაჲ.

ხოლო ძუალნი იგი წმიდისა მოწამისანი, რომელთა ვერღარა უძლეს დაწუვაჲ, შთაკრიბნეს ტყავსა ცხოვრისასა და შეკრნეს მტკიცედ და მიიხუნეს და შთაყარნეს დიდსა მას მდინარესა, ქუეშე ჴიდსა მას ქალაქისასა, რომელსა ზედა აღმართებულ იყო პატიოსანი ჯუარი ჴიდისაჲ.

და იქმნა წყალი იგი მდინარისაჲ მის წმიდათა მათ ძუალთა სამოსელ გარეშეხუევითა მით და სიღრმჱ იგი წყალთაჲ საფლავ წმიდისა მის მარტჳლისა, რაჲთა არავინ უდებად მიეხოს მათ. ქრისტჱს მბრძოლთა მათ ესრჱთ ყვეს და ესრჱთ ღუაწლი კეთილი მოიღუაწა ნეტარმან მან.

მაშინ იწყო სიმრავლემან ქალაქისამან ქრისტიანეთამან და განაგდეს შიში მძლავრთაჲ მათ და განვიდოდეს ყოველნივე ადგილსა მას, სადაცა დაწუნეს ჴორცნი იგი წმიდისა მოწამისანი. მოხუცებულნი მირბიოდეს კუერთხებითა თჳსითა, მკელობელნი ვლდომით, ვითარცა ირემნი, ჭაბუკნი სრბით, ყრმანი ჴდომით ურთიერთას, დედანი მსგავს იყვნეს წმიდათა მათ მენელსაცხებლეთა, რომელთა სრბით მიაქუნდა სულნელები იგი წმიდასა მას ქრისტჱს ღმრთისა ჩუენისა საფლავსა; ნანდჳლვე იყვნეს ესენიცა მსგავს მათა, რამეთუ რბიოდეს ცრემლითა და მიაქუნდა მათ თანა სანთლები და საკუმეველი ჴელითა თჳსითა. ყოველნივე სიხარულითა და მადლობითა ქრისტჱსითა მივიდოდეს და აღიღებდეს მიწასაცა მის ადგილისასა, და მრავალნი სენთაგან შეპყრობილნი მიჰყვანდეს და მასვე დღესა შინა განიკურნებოდეს. ხოლო ყოვლად ძლიერმან ღმერთმან უფროჲს გამოაჩინა ძალი თჳსი და პატივ-სცა თჳსსა მას მარტჳლსა და აჩუენა სასწაული საკჳრველი, რაჲთა უწყოდიან ყოველთა, რამეთუ ქრისტჱს მოწამე არს.

ვითარცა შემწუხრდა დღჱ იგი და იყო ჟამი პირველი ღამისაჲ მის, გარდამოავლინა უფალმან ადგილსა მას ზედა ვარსკულავი მოტყინარჱ, ვითარცა ლამპარი ცეცხლისაჲ, რომელი მყოვარ-ჟამ დგა ადგილსა მას, სადა დაწუვეს ნეტარი იგი მოწამჱ ქრისტჱსი. და დგა იგი ზე ჰაერთა, ვიდრე სამ ჟამადმდე, გინა უმეტჱს, ღამისა მის, და გამოუტევებდა ბრწყინვალებასა არა თუ ვითარცა ცეცხლი ესე ქუეყანისაჲ, არამედ ვითარცა საშინელებაჲ ელვისაჲ, რომელსა ჰხედვიდეს ყოველნი მოქალაქენი, მსაჯულიცა იგი და ყოველი ერი და მკჳდრნი იგი ქრისტეანეთანი და ყოველნი სარკინოზნი და მწირნი, სხჳთ მოსრულნი; მყოვარ-ჟამ ჰხედვიდეს გუგაჲთა თუალისაჲთა, ვიდრემდის ჰკდემებოდაცა მძლავრთა მათ.

და მი-ვინმე-ვიდეს ხილვად ადგილსა მას მსახურთაგანნი მსაჯულისა მის ამირისანი, რამეთუ ჰგონებდეს, ნუუკუე ქრისტიანეთა აღანთეს სანთელი ადგილსა მას. და ვითარცა მიეახლებოდეს ადგილსა მას, იხილეს, რამეთუ აღმაღლდებოდა ვარსკულავი იგი ზე ჰაერთა, და ვერ მიეახლნეს ადგილსა მას, რამეთუ შეიპყრნა იგინი შიშმან საღმრთომან.

ხოლო კუალად მეორესა ღამესა უმეტჱსღა წყალთა გამოსცეს განსაკჳრვებელი ნათელი; რომელთა-იგი საუცარ ეგონა ქუეყანასა ზედა და ჰაერსა ქუეშე ცეცხლი იგი ზეცისაჲ, უნდა დაფარვად საკჳრველებათა მათ, კუალად წყალთა ვერვე დააყენეს და ვერცა დაშრიტეს ფიცხელთა მათ მფოფინარეთა ღელვათა და სიღრმეთა. სადა-იგი შთაყარნეს ღმრთივ-პატივცემულნი იგი ძუალნი სანატრელისა მის მოწამისანი, ჴიდსა მას ქუეშე, აღმობრწყინდეს ნათელნი სუეტისა მსგავსად, ვითარცა ელვანი, რომელნი კუალად მყოვარ-ჟამ დგეს და განათლებულ იყო გარემოჲს კიდეთა მის მდინარისათა კლდჱ იგი და კბოდენი და ჴიდი იგი, ზჱთგან ვიდრე ქუედმდე, რომელსა ეგრევე ყოველი სიმრავლჱ ქალაქისაჲ ჰხედვიდა, რაჲთა ყოველთა ჰრწმენეს, რამეთუ ჭეშმარიტად იესუ ქრისტჱს, ძისა ღმრთისა, მარტჳლ არს, და გულისხმა-ყონ ყოველთა ქრისტეს მორწმუნეთა და ურწმუნოთა, რამეთუ ჭეშმარიტ არს სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, რომელ თქუა, ვითარმედ: „მე თუ ვინმე მმსახურებდეს, პატივ-სცეს მას მამამან ჩემმან, რომელ არს ცათა შინა“.

უკუეთუ ჴორცთა მათ განჴრწნადთა ესოდენი პატივი აწვე აჩუენა, რავდენ უფროჲს უჴრწნელად აღდგომასა მას მართალთასა დიდებითა და პატივითა გჳრგჳნოსანი იხილონ შორის ანგელოზთა და ჰრცხუენოდის უგუნურად სიბორგილისა მათისათჳს. რომელთა ქრისტე უვარ-ყვეს და წმიდათა მისთა ჰგუემდეს და სდევნიდეს და მოსრვიდეს, ხოლო უფალი შეიწყნარებდა ცათა შინა!

ხოლო აწ, საყუარელნო, ჯერ არს ჩუენდაცა ამიერითგან უმეტჱსად-ღა შეწყნარებად პირველთა მათ სანატრელთა მოწამეთა, რაჲთა ხილულისა ამისგან ახლისა მოწამისა პირველთაჲცა მათი გურწმენეს და ვთქუათ სიტყუაჲ იგი ნეტარისა დავითისი: „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთაჲ“, რამეთუ მისა შუენის დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამჱნ!

თავი 2 თავი 4

ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9