ავაზაკსა მას ესწორე სარწმუნოებითა და სამოთხესა განეწესე!
შენ კარი იგი სამოთხისაჲ განაღე ჯუარითა ქრისტჱსითა და მცველთა მათ ქერობინთა ცეცხლის მსგავსთა ვერ განგიკითხეს, ვითარმედ ვინ ხარ!
და რაჲ-ღა-მე ვთქუა უფროჲს, რამეთუ „უფალმან ივნო ჩუენთჳს, უბრალომან ბრალეულთათჳს” დასთხია სისხლი თჳსი უბიწოჲ, ხოლო შენ გარდაიჴადე თანანადები, რამეთუ შენცა დასთხიე სისხლი თჳსი სიყუარულისა მისისათჳს. ამისთჳსცა ძლევისა გჳრგჳნითა შეგამკო შენ და სასუფეველსა მას მამისა მისისასა მკჳდრად გამოგაჩინა!
შენ ნათესავთა შენთა უცხო და განგდებულგყვეს, ხოლო ქრისტემან ისმაიტელთა შორის, ვითარცა ვარდი ეკალთაგან, გამოგარჩია და მიგიპყრა თჳსსა მას ეკლესიასა! შენ, ველური ეგე ზეთისხილი, მოგიღო ქრისტემან და მტილსა მას შინა თჳსსა სამკჳდრებელსა ნაყოფად კურთხევისად დაგნერგა, და ნაყოფითა მით სარწმუნოებისა შენისაჲთა ახარა ეკლესიასა, რომელსა შინა იშუებენ ქრისტჱს მორწმუნენი და ჰნატრიან შენსა მას დიდებულებასა, შენსა მას მოღუაწებასა, შენსა მას სიმჴნესა, შენსა მას მარტჳლობასა, შენსა მას გჳრგჳნოსნებასა!
აწ ვევედრებით ყოველნი შენსა ქრისტჱს მოყუარებასა, მეოხმცა ხარ წინაშე მაცხოვრისა ყოველთაჲსა ჩუენ ყოველთათჳს, რომელნი შენ მიერ ითხოვენ წყალობასა ქრისტჱს ღმრთისაგან, რომლისაჲ არს დიდებაჲ და პატივი და ძლიერებაჲ თანა მამით და ყოვლადწმიდით სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამჱნ!