მაშინ, ვითარცა იხილა ნეტარმან ჰაბო, რამეთუ განშორებულ არს შიშისაგან და მძლავრებისა სარკინოზთაჲსა, ისწრაფა მან მიახლებად ქრისტჱსა და ნათელიღო სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა ჴელითა პატიოსანთა მღდელთაჲთა; რამეთუ მადლითა სულისა წმიდისაჲთა მრავალ არს ქალაქები და სოფლები ქუეყანასა მას ჩრდილოჲსასა, რომელნი სარწმუნოებითა ქრისტჱსითა ცხონდებიან უზრუნველად. მიერითგან უფროჲსღა სავსჱ მადლითა ქრისტჱსითა ნეტარი ჰაბო შეეყო მარხვასა და ლოცვასა დაუბრკოლებელად.
მაშინ, ვითარცა ეუწყა მთავარსა მას აფხაზეთისასა ნეტარისა ჰაბოჲსთჳს, რამეთუ ახალ ნათელღებულ არს, განიხარა ფრიად ყოვლით ერით მისითურთ; და მოუწოდეს მას მთავარმან მან და ეპისკოპოსმან და მღდელთა და აკურთხევდეს და ნუგეშინის სცემდეს და უთხრობდეს მას სიტყუათა ცხოვრებისათა და ახარებდეს ქრისტჱ სთჳს, და საუკუნოჲსა მის ცხოვრებისათჳს. ხოლო იგი თავით თჳსით მიუგებდა მათ მადლობით სიტყუათა მათ ჭეშმარიტისა სარწმუნოებისათა, ვიდრემდის უკჳრდაცა მათ და ადიდებდეს ღმერთსა.
და აწ შენ ნუ დამაყენებ მე, ღმრთისმსახურო, რამეთუ რაჲ მადლ არს ყოფაჲ ჩემი აქა, სადა არა არს შიში, არცა სიკუდილი ქრისტჱსთჳს? აწ გევედრები, განმიტევე მე, რაჲთა ეუწყოს განცხადებულად ქრისტეანობაჲ ჩემი ქრისტჱსმოძულეთა მათ, რამეთუ მესმა მე წმიდისა სახარებისაგან თქუმული იგი მაცხოვრისა ჩუენისა მიერ, ვითარმედ „არავინაღანთის სანთელი და შედგის იგი ქუეშე ჴჳმირსა, არამედ ზედა სასანთლესა გადგიან,რაჲთა ჰნათობდეს ყოველთა;ეგრე ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა”. და აწ მე რაჲსათჳს დავფარო ჭეშმარიტი ესე ნათელი, რომლითა განმანათლა მე ქრისტემან? არა მეშინის მე სიკუდილისაგან, რამეთუ მე სასუფეველსა ვეძიებ ქრისტჱსგან.