1 2 3 4 5 6 7 8 9

5. 50 51 52 53 54 55 56 57 58 59
5. 50 51 52 53 54 55 56 57 58 59

57

მხვნელი, ფეიქარი და მკერვალი
 
თქვა რუქამ არაკი:
სამნი ძმანი იყვნენ: ერთი მხვნელი, ერთი ფეიქარი და ერთი მკერვალი. უხუცესი მხვნელი და ბერი კაცი იყო. ცოლი მოუკვდა და სხვის შერთვა მოინება. ძმათ უშალეს და არ დაიშალა. რა არ იქმნა, ერთი ხანდაზმული ბებერი დიაცი მოჰგვარეს, ვითა მას ჰფერობდა და ქორწილი უყვეს.

მასვე ღამესა ერთი აქლემი, აკიდებული განძითა, კარსა მიადგა. მათ მექორწილეთ აქლემი მოკლეს, ორმოში ჩააგდეს და ტვირთი დამალეს. პირი შეკრეს: თუცა მაძებარი მოვიდეს, სხვა სიტყვა უთხრან.

ქორწილობა გარდაწყდა. აქლემის პატრონიც მოვიდა. უხუცესი სახვნელითა ხვნიდა, მუნ მივიდა, სცნა აქლემის პატრონობა. უთხრა მეაქლემემ: ჯილღას გამარჯვებაო!

მან მხვნელმან უთხრა: ასლსა ვთესავო.

გაუკვირდა მეაქლემეს და ჰკითხა: აქლემი დავკარგე, თუ იცი, მითხარ და ბევრი მოგცეო.


მან უთხრა: თუ ზაფხული იყოს, დიდი ანეული მოიხვნისო.

მეაქლემემ უთხრა: აქლემისასა გკითხავ, ხვნისას არაო.

მან უთხრა: ზანგელა ხარი უარშიოობსო.

შემოსწყრა მეაქლემე და წავიდა.

მივიდა სოფლის ბოლოს. ფეიქარი ნასთსა ქსელავდა. მასთან მივიდა, მასცა ჰკითხა: აქლემი დავკარგე, მისი რამ მაცნობე და ბევრს მოგცემო.

ფეიქარმან უთხრა: ჩქარი მქსოველი ვარო, დღივ ორს მოვქსოვო.

მეაქლემემ უთხრა: აქლემსა გკითხავ, განა საქსოვარსაო.

ფეიქარმან უთხრა: ძმაო, სხვისაა, თვარა მოგყიდდიო!

მეაქლემე შეწუხდა და იტყოდა: რას ხელს თემს ჩამოვვარდიო! და წავიდა.

მივიდა სოფლად, მკერვალს ჰკითხა. მან ეგრე უთხრა: ჩემი ხელფასი ექვსი შაურიაო.

მეაქლემემ უთხრა: ვაჟო, აქლემს ვიკითხავ, აქლემსაო!

მკერვალმან უთხრა: დია მესწრაფება, შენ სხვას შეაკერვინეო!

გაუშვა იგიცა და წამოვიდა.

რა წყალზე ჩამოვიდა, იგი ახალი ნაქორწილევი ბებერი დახვდა. მას ჰკითხა. მან ყველა უთხრა, ანიშნა:

- ერთი ამისთანა აქლემი მოვიდა. ჩემმან ქმარმან და მაზლებმან დაკლეს და ქონება დამალეს.

მეაქლემემ ჰკითხა: როდის იყოო?

ბებერმან უთხრა: სწორედ ჩემის ქორწილის ღამესაო.

მან კაცმან თქვა: ამ თემის კაცი და ქალი სულობით შემცდარნი ყოფილანო! მე გუშინ დამეკარგა და ეს ბებერი თავისი ქორწილის ამბავს მიამბობსო!

მუნითაც წავიდა შინ ცარიელი.

მან ბებერმან მართალი თქვა, მაგრამ მან კაცმან არ დაუჯერა.

- მე მართალს გეტყვი, მაგრამ ჩემი მართალი ტყუვილის უმტყუვნესად მიგაჩნია: ჩემი სიტყვა კარგი ავის უარესად გესმიან. ყრმა ხარ და სიბრძნეს ჩემობ. პატრონი ხარ და საჭურისნი გძულან. მეფის ძე ხარ და ერთის მეტი კაცი არ გინდა. რადგან ესრეთ ბრძნობ, იგავს დაგიდგამ, და იგი ჰქმენ შენ და შენმან ლეონ.

ჯუმბერ უთხრა: რაო?

თავი 56 თავი 58
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9