ერთი კუ და ერთი მორიელი დაძმობილდნენ. წავიდნენ გზასა. გასავალი წყალი დახვდათ.
მორიელი დაღონდა, გასვლა არ ეძლო. კუმ უთხრა: ზურგს შემაჯექ, მე გაგიყვანო!
შეაჯდა მორიელი ზურგს. კუ რა წყალში შეცურდა, მორიელმან ზურგზე კბენა დაუწყო. კუმ ჰკითხა: ძმაო, რას იქმო?
მორიელმან უთხრა: რა ვქმნა, არც მე მნებავს, მაგრა ასეთის გვარისანი ვართ, მტერსა და მოყვარეს ყველაყას უნდა ვუკბინოთო.
კუმ დაიყურყუმალავა და მორიელი წყალს მისცა და უთხრა: ძმაო, არც მე მნებავს, მაგრამ ჩემი გვარი, თუ გესლიანს ხორცს არ გაიბანს, გაუსივდება და მოკვდებაო.
- რუქავ, შენნი მსგავსნი ყოველნი მტრისა და მოყვრის მკბენარნი არიან; მაგრამ შენ ეს მაშინც დამიჯერე. ასეთს საკბენს უკბინე, ან კბილი მოჰკიდო და ან წყალში არ დაირჩო.
მელი პირუტყვია და ესოდენი ჭკუა აქვს: რა მრავალი კრწყილი დაესხმის, იცის, შემაწუხებენო, პირში ჯღანს დაიჭერს და კუდს წყალში ჩაჰყოფს, რა კუდის კრწყილი ტანში შემოვა, მერმე ტანს ჩაყოფს, რა ტანიდამაც თავში ამოვა და ჯღანზე გამოსხდება, თავსაც წყალში ჩაჰყოფს და ჯღანს კრწყილებიანს წყალს მისცემს.
თუ ბევრი კრწყილი სულიერს შეაწუხებს, ბევრის კაცის მტერობა, ნახე, კაცს რას უზამს? ამდენს სულში კაცს ერთი მოყვარე არა ჰყვეს, დიდი სიავეა.
მოახსენა რუქამ:
- კართა შენთა ავსა კაცსა ნუ დაადგენ და მე არ გავუმტერდები.
უბრძანა მეფემან:
- თუცა ავი კაცი არ დავაყენო, პირველ შენ უნდა გაგაძო. ეს იცოდე, მეფენი საჭურისთა და სხვათაცა საქმესა სცნობენ და მეფეთა საქმესა ვერავინა სცნობენ, თუცა კაცი იგი არ გამეფდა, - რომ მათი საჯდომი მაღალია და დაბლიდამ არ ინახება.