1 2 3 4 5 6 7 8 9

7. 70 71 72 73 74 75 76 77 78 79
7. 70 71 72 73 74 75 76 77 78 79

78

მეფე და მჭედელი
 
თქვა ლეონ არაკი:
ერთი მეფე იყო ლანგარუთს და ამის ცდაში იყო, რომ თავის სამეფოში ან ოქროს ქანი ეპოვნა და ან ქიმიის მცოდნე ოსტატი ეშოვნა.

მას ქალაქში ერთი მჭედელი იყო. ერთი ცული შექმნა და გაყიდა: წავიდა, რომელმანც ცული იყიდა, შეშას კოდა დაუწყო. ცული ერთსა ქვას მოხვდა, პირი წაუხდინა. თურმე ის ქვა, რასაც რკინას მოხვდებოდა, ოქროდ შესცვლიდა. დაჰხედა ცულსა, გაყვითლებულიყო და პირი წახდომოდა. იწყინა ამ კაცმან: მომატყუა მჭედელმან და სინის ცული მომყიდაო.

მოვიდა, მჭედელს უშუღლა. მჭედელი დია ჭკვიანი კაცი იყო. ჰკითხა: პირი რამ წაუხდინა, რას შემოჰკარო?

წაიყვანა მან კაცმან, იგი ჯირკი აჩვენა: ამასა ვსჭრიდი და ამ ქვას მოჰხვდაო!

ფასი ისევ გამოართვა და ცული მისცა და წავიდა.

ამ მჭედელმან იგი ქვა წაიღო. რასაც რკინას წაუსვა, სულ ოქროდ იქცა. გამდიდრდა მჭედელი, რომ რიცხვი არ იცოდა, რა ჰქონდა. მან მეფემან თქვა: ამ მჭედელს ღმერთი სწყალობს, მრავალი აქვს, ამის ქალს ჩემის შვილისათვის ვითხოვო.

ითხოვა ქალი, ქორწილი უყო. მჭედელმან ასე თქვა: ამის უფრო უცხო და უკეთესი მზითევი რა გავატანო? ამ ქვას გავატანო. ჩადო ოქროს კოლოფში, დაბეჭდა ქვა და გაატანა.

სხვა არარა მზითევი.

მეფის ჩარდახი ზღვაზე წაკიდებული იყო: მუნ ჯდა. თქვა: ჩემის რძლის მზითევი მაჩვენეთ რა მოჰყოლიაო?

მოიტანეს და მოართვეს: ამის მეტი არა მოჰყოლია რაო.

გახსნა მეფემ, ერთი სიპი ქვა იდვა, იწყინა: ამიტომ ვითხოვე გლეხის ქალი, მრავალი ქონება ჰქონოდა, ბევრი მზითევი გამოეტანებინაო.

და იგი ქვა ზღვაში გარდააგდო.

მოვიდა მჭედელი და ყოველივე მოახსენა. დაუწყო ძებნა, სადღა იპოვნიდენ?

რადგან გულით უნდოდა, იაფად იშოვნა და ადვილად და გაუსინჯავად დაკარგა!

- თუ სიბრძნეს ეძებ, მაგასთან ენას ნუ აშრობ;

თუ სწავლა გინდა, აჰა სედრაქ, ვაზირი მამისა შენისა, რომლისა მსგავსი არა არს ყოველსა ქვეყანასა ზედა;

თუ მეფეთა წესსა იწრთვი, აჰა მეფეთ მეფე, მამაშენი, რომლისა მსგავსი არა შობილა;

და თუცა ამბავი გინდა, ჩემოდენი ჭირი, ლხინი, უცხო თემი, საკვირველნი საქმენი არავის უნახავან. რად ეუბნები ესრეთს უგნურს, უგბილს, უგვანს, კაცთა არასახესა? რა მოგწონს მაგასა შინა? თუცა სიყვარულით ეუბნები, ანუ სიძულილით ელაპარაკები, რად არ მოეშვები?

უბრძანა მეფემან ლეონს:

- მართალს იტყვი. უწინარესვე მენება მე კითხვა ამბისა შენისა: სადაური ხარ? ანუ ვისი ძე? ანუ როგორ წამოხველ? ანუ გზათა რა ჰნახე? ყველაყა მითხარ.

თავი 77 თავი 79
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9