1 2 3 4 5 6 7 8 9

ებ ედ ევ ერ ეს ეჩ
ერგ

ერგასი

ორმოცდაათი
 
სოფლის მაშენებელნი


თქვა რუქამ არაკი:
ერთი ძაღლი და ერთი მამალი დაძმობილდენ: სოფელი ავაშენოთო!

ძაღლმან უთხრა: როგორ ავაშენოთო?

მამალმან უთხრა: შენ იყეფე, მე ვიყივლებ და აშენდებაო.

წავიდენ ტყეში. ძაღლმან ყეფა დაიწყო და დაეძინა. მამალი ხეზე შეჯდა, ყივილი დაიწყო. მელს ხმა ესმა, მოვიდა, მამალს ჰკითხა: მანდ რასა იქმო?

მამალმან უთხრა: სოფელს ვაშენებთო.

მელმან უთხრა: ჩამოდი, სახლის ალაგი მომიზომეო!

მამალმან უთხრა: მამასახლისი მანდა წევს, გააღვიძე, ეგ მოგიზომსო!

მელი მამლის ნდომითა სცდა და ვეღარა გაიგო რა. ძაღლთან მივიდა, მამასახლისობით უხმო: ადე, სახლის ალაგი მინდაო.

წამოდგა ძაღლი, მელს გამოუდგა, დაჩეჩქვა და კუდი მოსწყვიტა. დაკოდილი წავიდა. გაგლეჯილი, ნათრევი გორაზე წამოდგა და დაუძახა: მე ხომ ჩემი ჭკუისა დამემართაო და, თუ თქვენ მაგ საქმით სოფელი ააშენოთ, თქვენც შეიტყობთო!

- შენ და მას პირი შეგიკრავსთ, მე წაუხდენელს, ვიცი, არ გამიშვებთ; თუ მეფის ძე კარგად გაზარდოთ, მე თურე არა ვიცი რაო.

მეფეს ყური მიეგდო და იცინოდა. იცოდა, რომე სედრაქ და რუქა ერთს სიტყვაზე არ იდგნენ და ლეონს ვაზირის სიტყვა შეეწეოდა.

დღესა ერთსა ლეონ გაწყრა ცუდად. შეიპყრა ჯუმბერ უბრალოდ და ერგასი ჯოხი ჰკრა და დიდად ჰგვემა. სცნა რუქამან, მოვიდა გარისხებული, არაკობა აღარ დაიწყო. მეფეს ეგრე უთხრა:

- ღმერთს მრავლის ღონისძიებით ძე სთხოვე, მან წყალობა მოგივლინა. შენ მიეც ერთსა ღვთის წყრომით აღვსებულსა კაცსა. შეუპყრია, ასი არგანი უკრავს, რა ბრალი ჰქონდა? ეგრე ავად არის, ღამემდინ სულს ვერ მიატანს და ლეონ შენ ძედ ისვი და ჩვენად პატრონად.

მრავალი ეგევითარი საუბარი წართქვა, ვითა მტერთა წესია: რა დროს დაიცემს, მაშინ ეცდება მტერობასა.

მეფე ერთობ შეაჭირვა და დიდად განარისხა, რომე ცეცხლისა ალი მისის ჯავრის კვამლსა მიჰრიდებდა, მეტის გაშმაგებისაგან ძრწოდა. რუქა ცეცხლის გზებას უმატებდა და მრისხანემ მეფემ ვაზირი თვისი გააძო. ლეონს კაცი გაუძახა და თრევით მოიღეს. მოკვლას ლამოდა. ეგრე კადრა ლეონ:

- ვერ მომკლავ, მეფეო, ვერა! აჰა საფიცარი შენი, ამ დღისათვინ გამოგართვი, ამას ველოდი და ვიცოდი. მე ეს წინ მედვა. ვერ მომკლავ უსამართლოდ!

მოეხსენა მეფესა ფიცი და უთხრა რისხვით:

- მოვედ და ვისამართლოთ! ლეონ მოახსენა: არა, ჯერეთ მოწყალებისა ქარითა მრისხანებისა ღველფი განაბნივე და სიტკბოსა წყლითა მისი ალი დაშრიტე, და მერმე მეტყოდე!

სიტყვასა მასა ზედა მოვიდა მეფე ცნობასა, დაწყნარდა და დამშვიდდა.

ლეონ მყოვარ-ჟამ დადუმებითა იდგა. მერმე აუბნა თავისი ბულბულის უტკბესი ენა. ყოველსა კაცსა ასე ეგონა, პირსა იადონი უბუდებსო, ან მერცხალი ჭიკჭიკებსო. თუ რამ იცოდა, რაღას დღისთვის დაეჭირებოდა? მოახსენა:

- მეფეო, დიდად ვმადლობ გულისა შენისა სიმდოვრესა და შენსა ეგზომსა სულგრძელობასა. რაზომ აღგაშფოთა კაცობისა მარცხვენელმან და გაუკითხავად არ მამკალ! აწ ესე ბრძანოს მეფობამან თქვენმან: ძე შენი სამეფოდ გინდა, თუცა მწყემსად? მრავალნი მწყემსნი უმჯობეს არიან უგვანთა მეფეთა. მწყემსი ხამს ცხოვართათვის იჭირვოდეს, კეთილთა ბალახთა აძოოს, ამოდ ატაროს, დაკოდილი შეუხვიოს და მპარავს არიდოს. ესე თუცა ვერა ყოს, სამწყსო შეუმცირდეს. ეგრევე მეფე ესეთი ხამს: გლახაკთა, მონათა, გლეხთა, მსახურთა, აზნაურთა, თავადთა, დიდებულთა, მეფეთა და ხელმწიფეთა წესი, რიგი, შრომა, ჭირი, მუშაკობა, საქმე, ვაჭრობა, სმა-ჭამა და მიცემა იცოდეს. თუცა ეგოდენ ხანს ფეხზე არა მდგარიყო, რამცა იცოდა მონათა, მსახურთა და მწდეთა ჭირი, თუ ზედგომასა რა გარჯა აქვს? თვით მეფე ზის, უნებს აღდგება, უნებს დაჯდება. მათი სამსახური ვითა სცნას, რას მიიჭირვებენ მისთვის? დღე ყოველ ზე დგანან და დაითმენენ. თუცა შიმშილით არ მომყმარიყო, რამცა იცის, გლახაკთა და უღონოთა შიან, ანუ სხვათა ვისმე საჭმელი აკლს? იგი ყველას კეთილსა სჭამს და სვამს, არ მოიმშევს. არაკად თქმულა: მაძღარი კაცი მომყმარს პურს წვრილად უფშვნეტდა და ზედ დაჰყვედრიდა: რად ღორულად სჭამო! თუცა უცხენოდ სლვა და ფეხშიშვლობა არ გამოეცადა, ბაზიერთა, შიკრიკთა და ყოველთა მკვირცხლთა ჭირნი რითა სცნას, რომლითა სიბრალულითა შეიბრალებდა? იგი მერანთა ანუ თოხარიკთა ცხენთა ჯდეს, გინა ეტლითა ვიდოდეს. არგნისა სიმწარე არ ენახა, რა გამწყრალიყო მონათა ზედა, ებძანა ასისა და ორასისა არგნისა კვრა, სხვათათვის მეტი და სხვათათვის ნაკლები, თვით მცირე სატანჯველი ეგონებოდა. აწ ყოველთა გლახაკთა, უღონოთა და მდაბალთა ჭირნი მისწავებია და ამისა შემდგომად ნახეთ თქვენცა, რა არის სასწავლოდ მისსა?

ნახა მეფემან და მოისმინა სიტყვა საქმიანი და საქმე სიტყვიანი. დიდად მოეწონა და შეინანა, რაცა ლეონისათვის ავი ექმნა, მოეხვია ყელსა:

- რა ვყო, შვილო, მიმძიმს, ავთა კაცთა ენამან და შვილისა სიმწარემან აღმაშფოთა.

თავი 19 თავი 21
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9