იგულისხმება გარდაცვალება, სიკვდილი
- მეფე და ავსიტყვა
- თქვა მეფემ არაკი:
- მეფე ვინმე იყო და ჰყვა კაცი ერთი ავსიტყვა, რომე მისის პირით კარგი სიტყვა არ აღმოვიდის.
- მეფე ხუთის წლის სავალს ლაშქრად მივიდოდა და ავსიტყვას უთხრა: ერთი კარგი სიტყვა სთქვი და მუნით მოვალ, კაბას მოგცემო!
- ავსიტყვამ უთხრა: რომ ვეღარ მოხვიდე, ვინღა მომცემს და კარგი სიტყვაც დავკარგოო?
- წავიდა მეფე. ორი წელი გამოხდა. ავსიტყვამ მეფის უნახაობა ვეღარ გასძლო და წავიდა მათად ნახვად.
- რა მივიდა, მეფემ უწინარეს ნახა და ვაზირს უბრძანა: აჰა, ყიამყრალი მოვა და ნურას ამბავს ჰკითხავთ, ავს იტყვის. შენ ჩემი გოშიის ამბავი ჰკითხეო!
- მოვიდა და მეფის წინ მიწას აკოცა.
- ვაზირმან ჰკითხა: კაცთმაწყინარო, მეფის გოშია რასა იქმსო?
- მან უთხრა: მოკვდაო.
- ვაზირმან ჰკითხა: რა სჭირდაო?
- მან უთხრა: მეფის თეთრი აქლემი მოკვდა, მისი მძორი ჭამა და მით მოკვდაო.
- - აქლემი რამ მოკლაო?
- მან უთხრა: მეფის დედა ამ სოფლით გარდაიცვალა და იგი ავკიდეთ საფლავამდის და მან მოკლაო.
- მეფეს გულთა ცეცხლი მოედვა და ჰკითხა: იგი რამ მოკლაო, რა დაესენაო?
- მან მოახსენა ტირილით: პირმზე დედოფალმან საწუთრო დასცალაო და მისმა ნაღველმან მოკლაო.
- მეფემ წვერგლეჯით ჰკითხა: მას რა დაესენაო?
- მან მოახსენა:
- - თქვენი ძენი და ასულნი ყვავილმან გაწყვიტნა და სიმწარეს ვეღარ გაუძლო. მეფემ ჰკითხა თავში ცემით: მაშ, შენობა აღარა დარჩებოდა რაო?
- მოახსენა: მე რა იქ ვიყავ, თქვენს სასახლეში ბზესა ჰყრიდენო და აწ აღარა ვიციო.
- თურე მისი სიტყვა ყველა ტყუვილი იყო და კაცთა საწყენად მოიგონის.
- - აწე, ჩემო ლეონ, ამ გვარის კაცის სიტყვა ვერას იქმს, თუცა ბედმან არ უყოს კაცსა. არაკად თქმულა: ბედი მომეც და ნეხვთა დამფალო.
- თავი 22 თავი 24