1 2 3 4 5 6 7 8 9

ებ ედ ევ ერ ეს ეჩ
ედე

ედესი

ახლა ქ. ურფა, მესოპოტამიის ჩრდილო ნაწილში
 
დიდვაჭარი სპარსი


თქვა მეშვიდემან:
მე ვიყავ დიდვაჭარი სპარსი. ესეთი ცოლი მყვა, ცისკარსა მისი სიბრწყინვალე არა ჰქონდა: თმანი საგდებელს უგვანდა, ტანი ლერწამსა. ესრეთსა სახლსა შინა მიჯდა, მისსა საკადრისსა.

მისი ქება თურე ესმა ედესის მეფის ძესა. მოეკაზმა დიდვაჭრად, მოვიდა ჩემთანა, მეტყოდა:

- შენი ძმაფიცი ვიყო, სავაჭროსა ჩემსა სარგებელი მიჩვენე, კარგად გამიყიდე და ეგრე მადლიერი გამიტევე.

მე მართალი მეგონა. დიდითა პატივითა ვინახევდი. ახლო სახლში დავაყენე. მოძებნა ბებერი გრძნეული, დაუწყო გზავნა სახლსა ჩემსა. დიაცის გული ლბილია, მოამდოვრა. მეფობა ირჩია, ვაჭრისა პირი აიღო.

მისის სადგომიდამ ჩემის სადგომის ძირი გამოუხვრიტა. გამოართვა საყური, მომიტანა. მე მითხრა: ახლა ვიყიდე და ვით ღირსო?

მე მაშინვე ვიცან და ჯერედ არ ვიჩემე. ვუთხარ: კარგად გიყიდია-მეთქი.

შინ წაველ საყურის სანახავად. ვირემდის გზას მოვლიდი, მან საყური ხვრელითავე მისცა. მიველ, საყური ვსთხოვე. მომიტანა და გამიკვირდა. ვუთხარ ქალსა მას საყურის ნახვა. მას თურე გულში ეშმაკის ბადე ედვა, ეგრე მითხრა: სამკაული სამკაულს ემსგავსების და კაცი კაცსაო.

მეორეს დღეს ყელსაბამი მომიტანა, იგიცა ვცან, ეგრევე მოველ და შინა ვნახე. დიაცმან იგივე სიტყვა მითხრა, და მე მეგონა სხვის სყიდვა და მსგავსება. სხვასა და სხვასა ეგრევე ჩემსა მიჩვენებდა და ვერა ვსცან.

დღესა ერთსა მითხრა: ქალი ვიყიდე და მინდა ცოლად ვიყოლიო. მოდი, ნახე, თუცა მოგეწონება, შევირთავო.

მიველ, ვნახე, თავზარი დამეცა. გულსა ვთქვი: სხვისა მსგავსება მიჩვენა-მეთქი. თუ ვთქვა, არამც ესეც გვანდეს და შინ დამხვდეს, შემრცხვება-მეთქი.

მოვუწონე და შინ წაველ. სანამდის მივიდოდი, იგი ქალი ხვრელსა გამოძვრა. თურე ხვრელისა პირსა საგებელი ეწყო, რა ვიცოდი გზისა მისისა? შეველ, შინ დამხვდა. გამიკვირდა და ვუთხარ მსგავსება მისი. მიწყინა და ეგრე მითხრა: ჩემი მსგავსი ცისკარი არ არის, შენ ბოზს დიაცზე თვალი გაგირყვნია და მე მადარებო.

გამოველ და დამეთხოვა კაცი იგი და მითხრა: მაყარი შენვე იყავ და წამომყევო!

ავეკაზმე. შინ, სახლსა ჩემსა, სახარჯო დავუგდე. ქალი გამოიყვანა. მაყრად გამიტანა. წავედით. სანამდის არ მოვბრუნღი, შინ არ მოველ, ვერა ვსცან. მოველ: რაღა მეშველებოდა. იქ რაღას პირით დავმდგარიყავ? მოველ აქა. აწ თუ უნაღვლო ვიყო, შენ გასინჯე!

თავი 31 თავი 33
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9