- თუ მეფე ხარ, რასათვის დაგიტევებია მეფობა და ცუდად რბი? თუცა სირცხვილი იცი, რად არ იმყოფინებ ესოდენსა აუგსა და აუგიანსა სიტყვასა? რა სამეფო სასმენელნი არიან?! წარვედ, მე არას გეტყვი ამბავსა ჩემსა, ვირემ ცოცხალ ვარ და ვერცა ვინ მათქმევინოს. გიჯობს, სამეფო შენი განაგო!
ერთმან უთხრა: მეფობას იჩემებ და რად დაგიტევებია სამეფოო?
მეფემ უთხრა: უნაღვლოს კაცს ვეძებო.
მეორემან უთხრა:
- თუცა მეფე ხარ, რად ესრეთ უმეცარ ხარ, უნაღვლო კაცი დედისაგან არ იშობების!
მეფემ უბრძანა:
- ვაზირმან ჩემმან ბევრი მითხრა და არ ვუსმინე.
მესამემან უთხრა:
- თუცა ყმანი ჭკუათ მყოფნი გვყვანან, იგინი ამეფე და შენ მათ დაემონე!
მეოთხემან უთხრა:
- მით გივლია კეთილსა და სამეფოსა საქმესა ზედა, ვაზირთა არა უსმენდი!
მეხუთემან უთხრა:
- რადგან ეგრე უბადოს საქმესა მავალ იყავ, მამამან შენმან რად შიკრიკად არ დაგადგინა?
მეექვსემან უთხრა:
- გლახაკი თუცა იყო, სლვასა და ცუდსა ტარებასა იკადრებ.
მეშვიდემან თქვა:
- თუცა მეფე იყო, კაციმცა გაეგზავნა პოვნად და თვითმცა დამყარებით ყოფილიყო.
მერვემან თქვა:
- რას აბრალებთ, ანუ რას შეაწუხებთ? უსაქმოდ ყოფილა და წამოსულა. არაკად თქმულა: ცუდად ჯდომას ცუდად შრომა უმჯობეაო.
მეცხრემან თქვა:
- ამისთანა მასპინძელიმც თქვენ დაგიხვდებათ, როგორც თქვენ ამას დახვდით! მეფე გეწვიათ და თქვენ გაკიცხეთ.
მეათემან თქვა: თრევასაც ვემართლებოდით და კიცხვასა აჯერებთო?
წამოვიდა მეფე მუნით და მოვიდა სამეფოსა თვისსა. ვაზირსა თვისსა დიდი პატივი მიჰმადლა და ყოველივე ყოფილი უთხრა.
მოახსენა ლეონ მეფესა:
- მეფეო, უნაღვლო ხომ არავინ არის! შენ რამდენჯერ ნაღველი მოგერიოს, კაცი არ გაიკითხო, ვით იქმნების, ანუ მერმე რას იტყვის.
მეფეთაგან სამნი უყვარან ღმერთსა: სიმშვიდე, სიმდაბლე და სულგრძელობა.
ესე არს წესი მეფეთა, ესე არს საბოძვარი თემთა, ესე არს გოდოლი სპათა, ესე არს ზღუდე ქალაქთა! რომელმან ჰყოს, იგი და ქვეყანა მისი დაემყაროს. რქვა რუქამ საჭურისმან ლეონს:
- თუცა ეგოდენი კეთილი იცოდი და სამეფონი ქცევანი, გვემასა და შიმშილსა ეგ უმჯობე არ იყო, ჯუმბერისათვის გესწავებინა?