თხელი ფიჩვი (მატყლის ფარდაგი)
- ქოსა და ყადი
- თქვა ლეონ არაკი:
- ერთი ქოსა იყო ერთსა სოფელსა შინა დიაღ გლახაკი და ერთი უსხი ჰყვა მსუქანი. უთხრა ცოლსა: უსხსა ამას გავყიდი, ეგების შენთვის და ჩემთვის სამოსელი ვიყიდოო.
- წაიყვანა უსხი ქალაქად. სხვა ქოსა შემოეყარა, ევაჭრა და სამი მარჩილი აძლივა. ამან ოთხად დაუფასა. ვერ შერიგდენ.
- წავიდა იგი მოქალაქე ქოსა, ბაზრები დაირბინა, ყოველსა ყასაბს უთხრა: ერთს ქოსას უსხი ჭამებული მოჰყავს გასასყიდად და ყველამ უთხარით: თხა არის და თხის ფასად ვიყიდითო.
- მივიდა, ყადიც გაანდო და ტყავი ყადს უქადა.
- რა ეს ზროხის პატრონი ქოსა მომავალი ნახეს, ყოველმან ყასაბმან ნახევარი მარჩილი აძლივეს: ეგ თხა მომყიდეო!
- იწყინა ქოსამ და უთხრა: აქლემის ოდენს უსხსა თხის ფასად ვაჭრობთო?
- მათ თქვეს: თხა არისო.
- შეცილებაზე წავიდენ ყადთან კითხვად. ყადმაც თხობა ბრძანა. მასცა საქალამნე რგებოდა და ქოსას ვინღა რას აუბნებდა?
ნახევარი მარჩილი მისცეს და ქოსას უსხი წაართვეს, დაკლეს. გულმტკივნეულმან ქოსამ თქვა: არაკად თქმულა: თხის პატრონს აღარც თხის კუდიო? მაგისი კუდი აგრემც მომეცითო!
- კუდი გამოართვა და წავიდა.
- გამოხდა ცოტა ხანი, ყადს ცოლი მოუკვდა. ესმა ქოსას. გამოართვა ცოლს ლეჩაქი და ტანთ საცვამი, დედობრივ მოეკაზმა და ზროხის კუდი შიგნით შემოირტყა და მოვიდა ყადის კარზე.
- გამოვიდა ყადი, დიაცი ნახა, მოჩივარი ეგონა, მან ეგრე მოახსენა: მე მოჩივარი არა ვარ, ქვრივი და უპატრონო დავრჩი, და ვინც შემინახავს, ვემსახურებიო.
- ყადს დიდად იამა, დედაკაცი აღარ ჰყვანდა. შეიყვანა, მონათ უთხრა: ამაღამ წადით, თავთავისად მოისვენეთო!
- მასთან დაწოლა ენება.
- დიაცმან რა თავი დაიხელთა, ყადს აგრე უთხრა: თუცა სრულად არ გაშიშვლდები, ჩემთან ვერ დაგაწვენ, ეგრე ჩვეულ ვარო.
- მოტყუვდა ყადი, გაშიშვლდა. მან ზროხის კუდი მოიხსნა, უთხრა ყადს: ეს რის კუდი არისო?
- ყადმან უთხრა: ზროხისა არისო.
- ქოსამ უთხრა: მაშ, თხად რად გამასყიდვინეო?
- დასცა ქვე ტიტველი ყადი, ეგოდენი სცა კუდითა, მკვდარსა დაამსგავსა. მსახურნი შორს იყვნენ და მეშველი დაუძვირდა.
- ქოსამ კარი გამოიარა და წავიდა.
- მსახურთ იდროეს, გათენდა და მოვიდნენ. ყადი არ გამოვიდა. შევიდენ, ნახეს, ყადი გასივებული იდვა, დიაცი აღარ ახლდა. ყადი ძლივ სულობას მოაბრუნეს, ყოველი ყოფილი შეიტყეს.
- რა მოკეთდა, აბანოში შესვლა მოინება და ზეთებით სამკურნალოდ ნაცემთა დაზელა.
- შეიტყო ქოსამ, მეაბანოვესთან მივიდა და უთხრა: დიაღ, ხელმარჯვე დალაქი ვარ და აქ მიმსახურეო.
- იამა მეაბანოვეს და ეგრე უთხრა: თურე ბედნიერი ხარ, დღეს ყადიც აქ მობრძანდებაო.
- არდაგს შიგნით ზროხის კუდი შემოირტყა, მუნ დადგა.
- ყადი მივიდა, დია კარგად სამსახური დაუწყო. იამა ყადსა და დაზელა უბრძანა. დალაქმან ქოსამ მსახურთ ეგრე უთხრა: რა ზელას დავუწყებ, ტანმტკივანია, კვნესას და ზახილს იწყებს და ნურავინ შემოხვალთ. თუ უნებს რამე, მე გამოვალ და გეტყვიო.
- მონანი გაიტყუა, წაკეტა კარი და ქოსამ კუდი გამოიძრო, ყადს ჰკითხა: რისა არისო?
- ეხვეწებოდა ყადი და ეფიცებოდა მრავლის მიცემასა, მაგრამ ქოსა არ მოეშვა: ამდენი სცა, სიკვდილზე მიაყენა.
- გამოვიდა, მონათ უთხრა: სძინავს, ნუ შეხვალთ, ძილი არ გაუკრთოთ! მე კიდევ წამლის მოსატანად მივალო.
- ჩაიცვა ტანსა და წავიდა ქოსა.
- რა მონანი შევიდნენ, ნახეს ყადი ავად დანაყილი და გასივებული დაზელის ნაცვლად. აიღეს, ხირაულით შინ წაიღეს და მუნ დააწვინეს. რა სულობას მოვიდა თქვა: მე ამ ქოსას აქ ვეღარ დავუდგები, ფათერაკს კიდევ გამაბამსო, აქლემები იქირავეთ, ქაბას წავალო.
- რა აქლემების თხოვნა დაიწყეს, ქოსამ მეაქლემეს ფასი მისცა სამის დღისა და აქლემები ყადის კარს ჩაატარა. იკითხეს აქლემები და მან უთხრა: ვინც იმიზდებს, კაცს ვეძებო.
- იამათ, ყადს მოახსენეს, იმიზდეს. ყადი კუბოში ჩასვეს, აქლემს აჰკიდეს. ყადი ჩაჯდა და წავიდა. რაც ქონება ჰქონდა, იგიც ყველა თან წაიღო.
- მეაქლემე ქოსა გზა-გზა კარგს ზღაპარს ეტყოდა და ყადს იამებოდა. მონათუბრძანა ყადმან: წინ წადით, სოფლად სადგომი, ქერი, ბზე და ნუზლი მოამზადეთ და მე და მეაქლემე ნელიად წამოვალთო!
- რა იგინი გაშორდენ, ქოსა ზღაპრად მას მოჰყვა, რაც მას და ყადს გარდახდომოდათ. ყადმან უთხრა: ეგ ბევრჯერ მასმია, სხვა მიამბეო
- ქოსამ თქვა: მე ეს მწვავს გულსა, ამას ვიტყვიო, სხვა რას ჰქვიანო.
- ჩამოაგდო აქლემიდან, ამდენი სცა ზროხის კუდით, რომ სული ამოხადა.
- გამობრუნდა, აქლემები პატრონს მოუსხა და ქონება თავისთვის წაიღო.
- ცოლმან ჰკითხა: ვინ მოგცაო?
- და ქოსამ უთხრა: ჩემი უსხის ფასიაო.
- ცოლმან უთხრა: ვეჭობ, შენის უსხის ფასი კი აგიღია ათას წილადო.
- - ვიცი, მეფეო, ეგ შენი რუქა იმის მსგავსს მიპირებს და ბარემ აწვე მომარჩინე და გარდამხვეწეო.
- თავი 35 თავი 37