ტვირთის კიდებით გადატყავებული
- აქლემი და ვირი
- თქვა რუქამ არაკი:
- ერთი აქლემი და ერთი ვირი, დიაღ დაღლეტილნი, დაძმობილდენ და თავის პატრონს გაეპარნენ. წავიდნენ აგარათა ადგილთა. დიდად გასუქდენ მთასა მას ზედა. დაავიწყდათ სიმჭლე და ზურგის სიმპლე მათი.
- ვირმან უთხრა აქლემს: ძმაო, სიმღერა მინდა ვთქვაო.
- აქლემმან დაუშალა: ნუ ძმაო! აღარ გახსოვს, რას ჭირში ვიყავითო? არამც ახლოს კაცნი იყვნეს, ხმა ესმათ, წაგვიყვანონ და უარესი გვიყონო.
- არ დაიჯერა ვირმან და დაიყროყინა. მეტად მაღალი სიმღერა მოუვიდა. თურე ახლოს მოგზაურნი იდგნენ. აქლემები და კარაულები დასცვივნოდენ. ესმათ მათ ხმა ესე. გაეხარდათ დიდად და თქვეს:
- - მივიდეთ და ვნახოთ, ანუ შენობა იქმნება, ანუ ქარავანი, ეგების ულაყი გვიმიზდონ.
- მივიდნენ, ნახეს ერთი აქლემი და ერთი ვირი მსუქნები და უპატრონონი იყვნენ. წაიყვანეს და ორსავ მძიმედ აჰკიდეს.
- რა გზა გაგრძელდა, ვირი დამძიმდა და დადგა. კაცთა მათ აიღეს ვირი და მისი ტვირთი, ორივ მას აქლემს დაადვეს.
- წაიარეს. ერთი ვიწრო გზა დახვდათ, დიდი კლდე გადასავარდნელი იყო. აქლემმან უთხრა ვირსა: ძმაო, მინდა დავროკდე და სამაია და ცეკო ვქმნაო.
- ვირმან უთხრა: - რას ალაგის სამაია და ცეკო არისო?
- აქლემმან უთხრა: - იმისთანა სიმღერას ამისთანა ადგილის სამაია და ცეკო უნდაო!
- ჯავრით აემართა აქლემი, ვირი კლდეს გარდააგდო და დაჩეხა.
- - მის მსგავსად, მაგ შენს სიტყვას ამისთანა პასუხი უნდა, თვარა ყველამ იცის, ჩემი ცოდნა სრულ ლეონის ნასწავლები მაქვს.
- თქვა რუქამ:
- - ვაიმე! ლეონ მარტო იყო და რას ლამოდა, აწე მეფის ძეც მიუყენებია და მის ნებად გაუზრდია, რაღა მექმნებაო?!
- თავი 47 თავი 49