სულთქმით, აღმოხვნეშით, წვალებით ნაშოვნი
თქვა ჯუმბერ არაკი:
თვალხილული და უსინათლო
- თვალხილული კაცი ვინმე მოვიდოდა გზასა და ოცი მარჩილი თან აქვნდა. გზასა ზედა ერთი უსინათლო და უწინამძღვრო გლახაკი შემოეყარა, რომე არგნის ცეცებითა ჰპოვებდა გზასა.
- თქვა თვალხილულმან: გამოვსცადო ბრმა ესე, ვითარი კაციაო? წავიდა მის პირისპირ და ზედ შეეტაკა და დაიძახა: ვინ მეძგერე ბრმასა ამას, რომელსა წინამძღვარიც არა მყავს და დამარეტიანე, ღვთისა არა გეშინოდა, რომ ესე მიყავო?
- მან ბრმამან უთხრა: მეც ბრმა ვარ და ჯოხით ვალ, უცნაურად გეტაკე, ნუ მაბრალებო!
- დასხდენ და საუბარი რამე დაიწყეს და ალერსობდენ. უთხრა თვალხილულმან: მე ნათხოვნი ოციოდე მარჩილი მაქვს და არ ვიცი, რომელი წმინდა ვეცხლია და რომელი შერყვნილიო?
- ბრმამან უთხრა: მე ვიდრე თვალი მედგა, ვეცხლის მუშა ვიყავ და მე ვჭრიდი. მომეც, განვიხილავ, ყველას ხელით ვიცნობ და მე გაუწყებო!
- მისცა ყოველი და მან ბრმამან სარტყელსა გაიხვია, გაეპარა და ხნულში ჩაწვა, დამალვა ეგონა. რა ხანი დაიგვიანა, თვალხილულმან ზახილი დაუწყო:
- - რა ჰქენ და რა უყავ, რად დაიგვიანე?
- დაუწყო ვედრება:
- - ნუ წამიღებ უსინათლოსა, მრავლითა ჭირითა და სლვითა მიშოვნია, ჩემი ბრალი ნუ გინდა!
- მას ბრმას დასტურ ბრმა ეგონა და იმალვოდა.
- თვალხილულმან ვედრება დაასრულა, აიღო ერთი ქვა და თქვა: ღმერთო, თუცა იგი კაცი არ მემართლებოდეს წართმევასა, ეს ქვა ფერხთა ზედან ვჰკრაო.
- გაუშვა ქვა და ფერხთა ზედან დასცა. ბრმა იგი მუნით ადგა და სხვაგან დაწვა, გაპარვა ეგონა. აიღო მეორე უდიდესი ქვა და ევედრა ღმერთსა: მე უსინათლოსა ესოდენი ნასულთქმი მომპარა, თუცა ვემართლებოდე, ბეჭთა ზედან ვჰკრაო.
- სტყორცნა და ბეჭთა ზედა დასცა. ბრმამან იგიცა გასძლო და ხმა არ გასცა. მუნითაც გაიპარა და სხვაგან დაწვა.
- მესამე აიღო და თქვა: ღმერთო ეს ქვა შუბლსა ვჰკრაო.
- მან ბრმამან ესრე თქვა: ორი სადაც დამინიშნა, მკრა და იმასაც თუ შუბლთან მკრავს, მოვკვდები და ეს ვეცხლი ვის დარჩეს? უყივლა: ძმაო, რას სწუხ, გამორჩევა მნებავს ავ-კარგთა და მოგცემო. მან თვალხილულმან აგინა და ეგრე უთხრა: ბოროტ ხარ! მე თვალხილულსა შენ ბრმა ვეცხლსა მპარავო!
- - მის მსგავსად, შენც გონების თვალით ბრმა ხარ და ყოველი შენებრ გგონია.
- რუქამ უთხრა:
- - შენ მარტვილი ხარ და უგუნური და ლეონის მაცდურს სიტყვას აყოლილხარ, არ გასინჯავ და გაუსინჯავი კაცი უღონიოდ ფათერაკს დაებმის.