სენი, რომელიც ავადმყოფს მკვდარს ამსგავსებს
- საგათის მკურნალი
- თქვა მერვემან:
- სიძე ჩემი ერთის მოხუცებულის კაცის მეგობარი იყო და უყვარდათ ერთმანერთი.
- სიძე ჩემი სოფლად წავიდა სააქიმოდ და ვირემ მოვიდოდა, კაცი იგი მოკვდა.
- რა დაფლეს, მას დღესა მოვიდა აქიმი. რა მის კაცის სიკვდილი სცნა, მრავალი იტირა და მერმე გამოიკითხა: რის სენით მოკვდაო? მათ ყოველივე უთხრეს.
- მალვით წავიდა, ერთი ბაროსანი კაცი თან წაიტანა, საფლავი მოთხარა, კაცი ამოიღო. თურე საგათა შეჰქნოდა და ცოცხალი დაეფლათ. მის სენის უფალი მკვდარს ემსგავსება, და ვერ ეცნათ.
- აქიმმან ეს კაცი განძარცვა და, სადაც ძარღვი ჰქონდა, ყველა შაშრით დაჩხვლიტა, საფლავი ეგრევე განგოზა, ვით იყო. კაცი შინ წამოიღო. მრავალი სისხლი ადინა, უწამლა და მოარჩინა და დამალა თავისავ სახლს შიგან.
- შვილი მის კაცისა წუხდა და, რამდენჯერ აღაპი ქმნის, აქიმიც აწვივის. აქიმი აღარ სტიროდის, მხიარულად იყვის. უკვირდა მას კაცსა: ესე და მამაჩემი მოყვარულნი იყვნეს, აწ მისი სიკვდილი რად უხარისო?
- რა ორმოცისა აღაპი გათავდა, აქიმმან უთხრა მას კაცსა: მე სიზმარი ვნახე, მამა შენი საფლავიდამ გაიპარაო.
- მან კაცმან არ დაიჯერა. წაიყვანა, მოთხარეს, ნახეს, საფლავში აღარ იყო. დაიწყო ტირილი და მწუხარება. აქიმმან შინ წაიყვანა და ეტყოდა:
- - მკვდარი რაღას გარგებს, საფლავშია თუ არა, რა სარგებელი აქვს?
- კაცი იგი უფროსად ტიროდა. მერმე შეიყვანა შინა და უჩვენა მამა მისი: აჰა, ასეთი აქიმი ვარო!
- რა ნახა, დიდი სიხარული შეექმნა და განითქვა აქიმის სახელი.
თავი 90 თავი 92