1 2 3 4 5 6 7 8 9

ხა ხე ხვ ხი ხო
ხვა

ხვასტაგი

საქონელი
 

თქვა ვაზირმან არაკი:


დიდვაჭარი და ტრედი


იყო ბურსას დიდებული ერთი, დიდვაჭარი, მდიდარი, ღვთისმოყვარე, ბედნიერი. რასაც სახლში იდგა, იმ სახლის კედელში ერთი პალო ერჭვა. მოვიდის ერთი ტრედი და მას პალოზე ბუდე ქმნის და ხუნდები გამოჩიკის.

დღესა ერთსა ნახა ქარავანი დიდი მომავალი და მიაგება კაცი, მოიყვანა და ახლო დააყენა. მას ქარავნის უხუცესი ყრმა კაცი იყო, ინდოეთით წამოსული, დიდვაჭრის შვილი. და მამას ასი აქლემის საპალნე დარიჩინი და მიხაკი გამოეტანებინა და ესრე დაემცნო: ერთს კაცს მიჰყიდე და ერთი რიგი ფასი აიღე, ან ფლური, ან სულ მარჩილი, ან ასლანი.

მან ვაჭარმან ესე ყველა უთხრა. თქვა: მამის ბრძანებას ვერ გარდავხდებიო, და ესოდენი ვის ექმნება ესრეთის რიგის ფასით იყიდოსო?

მან ბურსელმან კაცმან უთხრა: მე ვიყიდიო, რომელი ფასი გინდაო?

მან ინდოელმან ვაჭარმან გამოსცადა და უთხრა: სრულობით ასლანი მინდაო.

ბურსელმან ვაჭარმან უბრძანა მსახურთა. მისის ფასისა სულ ასლანი ვეცხლი შეკრეს.

მერმე ინდომან თქვა: არა ეგ არ მინდა, სრულობით მარჩილი მინდაო.

დაცალეს მისი ტვირთები და მარჩილით აავსეს. მერმე ფლური მოინდომა. ამიტომ სცდიდა, მისი საქონელი უნდოდა შეეგნა, რაერთის მქონეაო. ბურსელს ვაჭარს აბანოს შენება უნდოდა. კირი დაზელილი მზად ჰქონდა და, რა რომ ინდოელი ვაჭარი მოვიდა, მაშინვე ის ასი საპალნე დარიჩინი და მიხაკი დაანაყვინა და მას კირში გაურია. აბანო ააშენა და მაშიგ აბანა, მრავალი აჩუქა და გაისტუმრა.

ინდოელი ვაჭარი წავიდა დიდად გაკვირვებული მისის სიმდიდრისაგან.

გამოხდა ხანი და ტრედმან რიგი გარდაიცვალა. მას პალოზე ტრედმან ბუდე აღარ დადგა და აღარც შემოვიდა სახლსა.

თქვა მან ვაჭარმან: დღეს ვნახე, ჩემი ბედი უკუღმა დაბრუნდაო, ქონებიდამ დავიცლებიო.

ვაჭრობიდამ ხელი აიღო, სალაროები დაბეჭდა, გლახური შეიმოსა, აღარც ცხენზე შეჯდა და წავიდა ქვეითი. იარა მრავალი და დაშვრა მეტად და მიეგდო ერთსა ადგილსა. მოვიდა სოფლის ხვასტაგი და ერთმან ვირმან ზედ ვაჭარზე გარდაილაჯა და დააფსა.

მან დიდვაჭარმან თავი არ მიჰრიდა; თქვა: ვიცი ბედი დაბრუნებული მაქვს და ესეც შევირაცხო, თვარა განა სხვას ადგილს ვერ ჰპოებდა, ჩემთვის არ დაეფსაო. ზე ადგა და წავიდა. მუნამდე იარა, ინდოეთს მივიდა, დაიწყო გლახაკურად სვლა. ბაზარში ვიდოდა და ნახა მისმან ვაჭრის შვილმან, რომელმან დარიჩინი და მიხაკი მიჰყიდა. იცნა და ორი ფლური მისცა საგლახაკო და მონას უთხრა მისსა სადგომს მიიყვანეო.

რა დაღამდა, მივიდა, ჰკითხა: რა დაგმართებია ან რა მოგიხდაო?

მან ყოველივე უამბო. რა მართალი შეიგნა, მივიდა, მამას უამბო. დიდად გაიხარა და დიდის პატივით შეინახა. იმყოფებოდა მუნ. თურე ღმერთმან მისის სასჯელი და ეგოდენი ჭირი შეუწირა და ბედი წაღმავე დაუბრუნდა.

მას სახლში, სადაც იდგა, ერთი პალო იყო. შემოვიდა ტრედი და პალოზე კვერცხი დადო. შეიგნა მან ვაჭარმან მისის უკუღმართის ბედის წაღმართობა და გამოეთხოვა მასპინძელს, მივიდა შინ ეგრევე ვაჭრობა დაიწყო.

- მაღალო ხელმწიფეო! თვით უძლეველმან თავმან თქვენმან უწყის, მე ვითარი ამხანაგი და მოყვასი ვარ რუქასი, მაგრამ ვიცი, ბედი უკუღმა დაბრუნებია. ვუშლი, ვასწავლი და არ ისმენს, თვარა მე ან ერთთან და ან მეორესთან სანამეტნაო, სამტერ-სამოყვრო რა მაქვს?
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9