კარგი საჯდომი ცხენი, ბედაური
მძინარე ჭაბუკი
- უბრძანა მეფემან ვაზირს: ყოველსა კეთილად იტყვი ბრძნისა გონებისა თქვენისა მსგავსსა, შენ და რუქასა საუბარი არ დაგელევათ. აწე უბრძანე სპათა ამხედრება და მეცა აღვჯდე ტაიჭსა. მივიდეთ ადგილსა კეთილსა და ამოსა, ვინადიროთ, და მსგეფსი ერთი მუნ დავყოთ!
- - ოდეს სცნეს ჭაბუკთა ნადირობად გასვლა მეფისა, ეგოდენი ჯარი შეიყარა, მიწასა ემძიმებოდა. და მოხუცებულნი ყრმათაებრ ხლდებოდენ: გვემცაღირსაო სიახლესა მეფისასა სლვა. და ყრმანი ხანდაზმულებრ იქცეოდნენ: თუცა მეფისა ბრძანება გვეწიოსო. ესრეთ შეფრფინვა იყო.
- დაყვეს რვანი დღენი. ნადირი ურიცხვი მოსწყვიდეს. შემოიქცა და მოვიდა ადგილსა ერთსა. კვიპაროზი იდგა შვენიერი, ძირს წყარონი დინდეს და კორდნი ყვავილითა შემკულნი. მნახავსა სევდანი გაექცეოდეს.
- ხის ჩრდილსა ჭაბუკი მძინარე იყო, თან აკაზმული ცხენი ება. მოუწოდეს ჭაბუკსა მას. მოვიდა და ნახა მეფემან. ფუცა: მსგავსი მის ეტრატისა სახისა არისო! ყოველს კაცსა უკვირდა სიკეთე მისი.
- წარმოდგა ყრმა იგი, მეფე დალოცა, დიდი ქება შეასხა, ხელს აკოცა. მეფემან აღსვა ცხენსა და წაიტანა თანა. ჰკითხა სადაურობა, ვინაობა და სადა მიმავალობა.
- მან მოახსენა:
- - მე არა ვიცი სადაური ვარ, მეფობისა წინაშე რა ვიკადრო? ეს ვიცი: მე ლეონ მქვიან, მამაჩემი დედის ჩემისა ჩემზედ ორსულობასა მომკვდარა და დედაჩემი ჩემსა შობასა და მე აქა-იქ სვლითა გავზრდილვარ.
- რქვა რუქამ ლეონს:
- - თავმან მეფისამან, დიდად ბედუკეთური თურე ხარ!
- შემოხედა ლეონ და სცნა საჭურისობა მისი, უთხრა:
- - მართალსა იტყვი. თუცა ბედკეთილი ვყოფილვიყავ, დღეს შენ არა გნახევდიო. ეჰა, შენი ბედსვიანობა ღირს? თუცა მამაკაცი ხარ, წვერი და ულვაში სადა არს? თუცა დიაცი ხარ, სადა არს თმანი ნათხზენი? თუცა ჭაბუკი ხარ, სადა არს ძლიერება მაჯათა? და თუცა ქალი ხარ, შვენიერთა ძუძუთა შემიხვიე: თუცა კაცი ხარ, არა გაქვს სიმხნე ასოთა, თუცა დედათაგანი ხარ, არა ძალ-გიც შობა შვილისა. ავბედო! შენი წესია, თვით არა ძალგიც და თუცა დიაცი დაინებო, სხვათა მიაყოლებ. შავბედო! მამაცისა საქმე არა გაც და ღმერთმან ნურც როსკიპი დიაცი გადაროს! სადაცა სიტყვა საჭურისისა გავიდეს, მუნცა ცოლი არა იყოს ცოლი ქმრისა თვისისა.