რატომ გიძნელდება ჩემთან ყოფნა
- ბერი და ყრმა
- გაიცინა ლეონ და თქვა არაკი:
- ერთი ბერი უკბილო კაცი და ერთი ცოტა ყრმა ერთად სხდეს და საჭმელსა სჭამდეს. ორთავე ტირილი იწყეს.
- ჰკითხეს ბერსა: რად სტირიო?
- თქვა ბერმან: მე კბილი არა მაქვს და ცოხნა არ ძალმიც. ამ ყრმამან სულ შეჭამა და მე მშიერი დავრჩიო.
- ყრმას ჰკითხეს: შენ რაღას სტირიო!
- მან ეგრე თქვა: მე ვირემ გამოვცოხნიდე, ეს მთლივ შენთქამს, და მე მშიერი დავრჩიო.
- მათი რომელი უმართლე იყო ყველაყამ იცოდენ, მაგრამ ერთმანერთს აბრალებდენ.
- - აწ მის მსგავსად ჩვენც ყველანი გვხედვენ, ვინ ავი ვართ და ვინ კარგი, და მეფეცა სცნობს ღვთითა.
- უბრძანა მეფემან:
- - რასათვის ძნიად გიჩნს ყოფა ჩემთანა?
- მოახსენა ლეონ:
- - მეფისა თანა მყოფი კაცი და ზამთარ დიდ ცეცხლთან მჯდომი სწორია. თუ ახლოს ზის, სიცხე დასწვავს და თუცა შორს წავა, ყინვა დაჰზრავს. მეფისა თანა მყოფსა კაცსა ხუთნი ძნელნი საქმენი უნდა სჭირდეს:
- ერთი: რომე ორის თვალისაგან ერთი ასეთი მხედველი უნდა იყოს, რომე ასის თვალისაგან უმეტესს ხედვიდეს და მეორის თვალით ბრმისაგან უბრმესი იყოს.
- მეორე: აგრევ ცალი ყური ასმინოს და ერთი დაიყრუვოს.
- მესამე: გული ფუნდუკისაგან უდიდესი ჰქონდეს, რაც ყურიდამ შევიდეს, დაიგროვოს და შეინახოს.
- მეოთხე: რომელიც არ ვარგიყოს, გაგონილი არა თქვას და რომელიც კარგი და ჭკუათ საფერი იყოს, იგი გამოიღოს და თქვას. მეხუთე: ასეთი ენა ჰქონდეს, თაფლი და სამსალა ორივ სდიოდეს.
- თავი 10 თავი 12