1 2 3 4 5 6 7 8 9

2 20 21 22 23 24 25 26 27 28 29
2 20 21 22 23 24 25 26 27 28 29

25

უნაღვლოთა მძებნელი
 
თქვა ლეონ არაკი:

მეფე ვინმე იყო დიდებული, მოლხინე, უხვი და ყოველთა ურჩთა მისთა შემაძრწუნებელი. და ჰყვა ვაზირი ბრძენი და საუბარ-კეთილი ჰკითხა ვაზირსა:

- ურვანი შემაჭირვებენ დიდნი. მინებს ესრეთი კაცი, რითაც ღონისძიებით იყოს, მარგოს.

მან ვაზირმან მოახსენა:

- უნაღვლო და უზრუნველი კაცი არა არს პირსა ყოვლისა ქვეყანისასაო. შენ მეფე ხარ, ყოველნი სალხინონი ხელთა შენთა არიან, რაცა გინდეს უკუიყარეო!

ეწყინა მეფესა ესე საუბარი, უბრძანა: ვით არ არის შეუჭირვებელი კაციო?

მან მოახსენა: არა, მეფობამან შენმანო.

მეფემან აღარ ისმინა. დაუტევა მეფობა, შეიმოსა სხვა, შეჯდა ცხენსა ერთსა, მცირედი ოქრო წარიღო და წავიდა: არც მონა და არც შიკრიკი, არც დიდებული, არავინ წაიყვანა.

მოვლო პირი ყოვლისა ქვეყანისა. მივიდა წალკოტსა ერთსა, დიდად შვენიერსა. მრავალი კარგი ინახებოდა, ზღუდე თეთრის მარმარილოსი ედგა. შევიდა, ნახა კორდი ზურმუხტისა მსგავსი, ზედან ყვავილნი სურნელნი, ბულბულთა ყეფა, იადონთა სტვენა, შაშვთა მღერა, მერცხალთა ჭიკჭიკი. ყურთა უამესი არა ისმოდა რა, არცა თვალთაგან სახილველი ინახებოდა. შუა თალარი შემკობილი იდგა. წყალნი და წყარონი ამონი დიოდეს.

ათნი კაცნი სხდეს, ზოგნი ჭაბუკნი, ზოგნი მხცოვანნი. წინა ტაბლა შემკობილი. დიდად იხარებდენ. ყვავილთა ფშვანი, ხილთა ფხვრანი, მფრინველთა ხმანი, ღვინოთა სმანი შეიწყობოდეს. მათში შეჭირვებისა ნიშანი არა იპოებოდა.

რა მივიდა მეფე, მოეგებნეს, დასვეს. სამი დღე ესეთი ლხინი აჩვენეს, უკეთესი არ ეგებოდა.

უთხრა მათ მეფემან: უნაღვლოთა კაცთა ვეძებდი და აჰა თქვენ გპოვეო.

მათ მოახსენეს: ჩვენ უნაღვლონი არა ვართ, ყოველთა მწუხარეთა უსაწყლესი გიპოვნივართო, ამად ღონე ამის მეტი არა გვაქვსო. ცუდად დაგიშვრია მაგ საქმეზედ თავი შენიო.

უამბეს მათ კაცთა მათი შეჭირვების ამბავი.

თავი 24 თავი 26
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9