მე მეფე ვიყავ არაბეთისა, დიდისა დიდებისა პატრონი. გავილაშქრე და მზარეულთუხუცესმან მითხრა: ცხრაასი აქლემი მყავს, სამზარეულოს ვერ კმა ეყოფის საზიდრად, სხვაც გვიბოძეო. სხვას გარდა ეს დიდება მჭირდა.
მეორეს დღეს შევიბენით. მტერმა მძლო, ამიკლო, სპანი ჩემნი ამოსწყვიტნა და მე შემიპყრეს, მეფედ ვერ მიცნეს და საჯინიბოში დამაბეს. მოვიდა მეჯინიბე, მცირეს ქვაბში ხორცი მოხარშა და კარი გავლო. შემოიჭრა ერთი ძაღლი, ქვაბში ჭამა დაიწყო და მე შევსძახე გაგდებად. ქვაბისა ლამბი ყელს გარდაეცვა. ძაღლმან ქვაბი აიტაცა და წაიღო. მე დიდად გამეცინა. შემოვიდა მეჯინიბე და მკითხა მიზეზი სიცილისა. მე ეგრევ ვუთხარი: გუშინ ცხრაასმან აქლემმან ვერა ზიდა ჩემი სამზარეულო და დღეს ერთს ძაღლსა ესუბუქა და მისთვის ვიცინი-მეთქი.
რა ჩემი მეფობა სცნეს, გამიშვეს, შინ სირცხვილით ვეღარ მიველ, აქ ეს ბაღი ვპოვე. აწ თუ უნაღვლო ვიყო, შენ გასინჯე!