გამოხდა ხანი. მოვიდა ერთი მეცნიერი კაცი და ენება აღმოყვანება და გაპარება მისი. ჩასძახა ორმოსა შიგან და უთხრა: კარგად არა ვიქმ, რომ გაგაპაროო?
მან მეფემან მადლი უბრძანა.
თოკით ამოზიდნა და ამოიყვანა.
კიდევ უთხრა: კარგად არა ვქმენ, რომ ამოგიყვანეო?
მეფემან კიდევ მადლი უბრძანა.
მესამედ კიდევ უთხრა: კარგადა ვქმენო?
ეწყინა მეფესა და დაიძახა: ვინა ხართ, ამ კაცმან გამაპარაო! მოვიდნენ მცველნი, შეიპყრნეს ორნივე.
ჰკითხეს მეფესა: რად გაამჟღავნე და რად არ გაიპარეო?
მან თქვა: ვირემ ამომიყვანდა, საყვედურით ამავსო, თუ შინ მიმეწია, კიდეც დამარჩობდა, აქავ ყოფნა ვირჩივეო.
- აწე კარგი საქმე ასე უნდა ქმნას, ან ღმერთმან დაუმადლოს, და ან კაცმან მოუწონოს.
უბრძანა მეფემან:
- მომწონან ეგრე შენი სიკეთე. რად იცი ესოდენი მარტვილმანო?
მოახსენა ჯუმბერ:
- ყოველივე ღვთისაგან არს და მას გარდა სამის საქმით მჭირიან. პირველად: კარგის ნერგის ხილი ვარ, მეორედ: ხელოვანის მებაღის შეწვრთილი, მესამედ: ფრთხილის შემნახავის ბარებული.
უბრძანა მეფემან:
- ეგენი ვინ არიან?
შვილმან მოახსენა:
- ნერგი - თქვენა, რომელმან მშევით: მებაღე - სედრაქ ვაზირი, რომელმან აღმზარდა, და შემნახავი - ლეონ, რომელი მასწავლის.
წარმოდგა რუქა და უთხრა ჯუმბერს:
- ორი ეგე მართალი სთქვი და მესამე იმტყუვნე.
ჰკითხა ჯუმბერ:
- რომელი?
უთხრა რუქამ:
- ნერგი და მებაღე - მართალია და კარგი: მბარებელი ავი და ტყუვილი.
უთხრა ჯუმბერ:
- თუცა მე სამში ერთი ტყუვილი ვთქვი, შენ სამში ორი მართალი გჭირს: მამაცობაში - დიაცურობა და დიაცობაში - ვერც მართლა დიაცურობა.