ია იგ იდ ინ ირ ის
იდე იდი

იდეა

მხატვრულ ნაწარმოებში განსახიერებული მსოფლმხედველობის ძირითადი, არსებითი პრინციპი .

„იდეა” ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ცნებას, წარმოდგენას, რომელიც ასახავს სინამდვილეს ადამიანის ცნობიერებაში და გამოხატავს ადამიანის დამოკიდებულებას გარე სამყაროსადმი.

მხატვრული ნაწარმოების განხილვის დროს, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავარკვიოთ ის, თუ რის შესახებ არის ლაპარაკი (თემა). მაგრამ, ამასთან ერთად, მთავარი მნიშვნელობა აქვს იმის გარკვევას, თუ რას ამბობს ავტორი ამა თუ იმ მოვლენის შესახებ. „კაკო ყაჩაღის” თემა არის ბატონყმობა, მაგრამ ამ ნაწარმოების თემის განსაზღვრისთანავე ჩვენ გვებადება სურვილი გავიგოთ, თუ რას ამბობს ილია ბატონყმობაზე, როგორია მისი აზრი ბატონყმურ ურთიერთობაზე? პოეტი, თუმცა, ამ აზრს პირდაპირ არ გამოთქვამს, მაგრამ უფრო მკვეთრად გამოხატავს პოემის შინაარსის საშუალებით. იგი ისე ახასიათებს ყმას, ბატონს, ბატონისა და ყმის დამოკიდებულებას, რომ ჩვენში აღძრავს გარკვეულ შეხედულებას ბატონყმობის შესახებ: ყმა არის მხნე, გამრჯე, კაცთმოყვარე, ბატონი „უხამსია, აჯამი, გულქვა, რეგვენი”; იგი მხოლოდ პირად სარგებლობაზე ფიქრობს და გლეხს არავითარ ანგარიშს არ უწევს, არ იცოდებს დაავადებულ მოხუცს, მამას საკუთარ შვილსაც კი არ ანებებს და „როზგქვეშ” კლავს ყმას. იდეა ნიშნავს აზრს, სულს, სახეს. „ბატონყმობა დამღუპველია” – ეს არის „კაკო ყაჩაღის” იდეა, ე.ი. მისი მთავარი აზრი, – „სული”.

თემა და იდეა არ შეიძლება ყოველთვის გაიგივებულად წარმოვიდგინოთ. მაგრამ, როდესაც ვიღებთ ცალკეულ მხატვრულ ნაწარმოებს და ვლაპარაკობთ მისი თემისა და იდეის შესახებ, ორივე მათგანი მთლიანობაში უნდა გავითვალისწინოთ. „კაკო ყაჩაღის” თემა – ბატონყმობა მტკიცედ უკავშირდება ავტორის იდეას – ბატონყმური ურთიერთობის უარყოფას. ეს თემა (ბატონყმობა) მასალაა, რომელიც მხატვრულად გამოსახვის შემდეგ იდეად გვევლინება, ე.ი. ბატონყმური ურთიერთობის მხატვრულად გამოსახვის საშუალებით ავტორი ახერხებს თავისი პოემის იდეის გამოვლინებას.

მხატვრული ნაწარმოების თემაში უკვე ჩანასახის სახით მოცემულია იმავე ნაწარმოების იდეა. თემის შერჩევას განსაზღვრავს მწერლის იდეა, მისი შეხედულება ამა თუ იმ მოვლენის შესახებ.
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9