კა კე კვ კი კლ კო კუ
კვა

კვანძი

სიუჟეტში მოცემული მდგომარეობა, როცა ჩნდება და ერთმანეთში ინასკვება მიზანი და წინააღმდეგობა, წარმოიშობა კონფლიქტი, რაც, თავის მხრივ, დასაბამს აძლევს მოქმედების შემდგომ განვითარებას.

„სამანიშვილის დედინაცვალში” ბეკინას ოჯახი და მისი ერთ–ერთი წევრი პლატონ სამანიშვილი მოთხრობის დასაწყისში (პირველი თავის ექსპოზიციურ ნაწილში) კმაყოფილია, მაგრამ ირღვევა პლატონის მშვიდობა. ჩნდება საფრთხე და და მიზნად იქცევა ამ საფრთხის თავიდან აცილება. ისკვნება კვანძი:
მის მომზადებას ავტორი იწყებს შემდეგი სიტყვებით: „მაგრამ ბედნიერება, რაგვარიც არ უნდა იყოს, ვის შერჩენია ბოლომდის...” . ბეკინას უჩნდება „საშინელი სურვილი ცოლის შერთვისა”. ბეკინას ჯერ აზრი მოუვიდა, „და ეს აზრი, შემდეგ სურვილად გადაქცეული, ბოლოს აუცილებელ წადილად გადაექცა”. „მღუპავ, მამა? მღუპავ? დანას მიყრი ყელში?... შვილი რომ გეყოლოს, შვილი... მაშინ? ...დევიღუპე, წმინდად დევიღუპე”

იმისათვის, რომ მამის სურვილიც დააკმაყოფილოს და ოჯახის გამყოფიც არ გაჩნდეს, პლატონი მიზნად ისახავს სადედინაცვლოდ მონახოს ორნაქმარევი, უშვილო დედაბერი, რომელსაც ბავშვი არ გაუჩნდება. ასეთი დედაბრის მონახვაც რთულია და, კიდეც რომ მოინახოს, მაინც არ არის გამორიცხული მისგან შვილის გაჩენა. მიზნებისა და წინააღმდეგობის ამგვარი ჩვენებით ისკვნება დასახელებული მოთხრობის კვანძი. ოჯახის მომავალი გამყოფის დაბადების თავიდან აცილება პლატონის მიზანია და ეს მიზანი აძლევს ბიძგს ამბის განვითარებას მოთხრობაში.

„გოგია უიშვილის” კვანძია გლეხების მიმართ მოხელეთა კატეგორიული განკარგულება – სამი დღის ვადაში ეგზეკუციის ხარჯისათვის თუმნის გადახდის შესახებ.
გოგიას თუმნის გადახდა არ შეუძლია, ხელისუფლების წარმომადგენლები კი დარბევით ემუქრებიან. ეს მდგომარეობა დასაბამს აძლევს გოგიასა და ხელისუფლების წარმომადგენელთა შორის არსებულ წინააღმდეგობათა განვითარებას.

„კაკო ყაჩაღში” კვანძი ის ადგილია, სადაც ბატონი გლეხს უარს ეუბნება შვილის დაბრუნებაზე.

გ. ერისთავის კომედიაში „გაყრა” მთელი რიგი წინააღმდეგობაა მოქმედ პირთა შორის. პავლესა და მის ცოლს უნდათ, რომ გაყრის დროს მეტი წილი ირგონ, ანდუყაფარიც ცდილობს, რომ თავისი წილი პავლეს არ გაატანოს (წინააღმდეგობა ანდუყაფარსა და პავლეს შორის), ივანეს მიზანია ცოლი სიყვარულის საფუძველზე შეირთოს, მიკირტუმ გასპარიჩი კი ცდილობს ანგარების საფუძველზე შეართვევინოს მისი ქალიშვილი (წინააღმდეგობა ივანესა და მიკირტუმას შორის). კომედიის კვანძი „გაყრაში„ თავიდანვე იწყება(ანდუყაფარის მონოლოგით) და გრძელდება მანამდე, სანამ არ გავეცნობით წინააღმდეგობებს მოქმედ პირთა მიზნებს შორის.

ე. ნინოშვილის მოთხრობის „ჩვენი ქვეყნის რაინდის” კვანძი ის ადგილია, სადაც ტარიელის ამხანაგები დესპინესთან საუბრობენ მისი გაცნობისა და რაიმე ხერხით ხელში ჩაგდების მიზნით და დესპინესაგან მკვახე პასუხს ღებულობენ:

„მკლავაძემ და მისმა ამხანაგებმა, დაინახეს თუ არა ლამაზი ყმაწვილი ქალი, დაიწყეს მის ახლოს სიარული და ისეთნაირად უჭვრეტდნენ, თითქოს ეს ქალი კი არა, გასაყიდი საქონელია და ხელიდან არ უნდა გაუშვანო.
რადგან დარბაზში ხალხის სიმრავლის გამო, თბილოდა, ქალმა გაიხადა ტალმა და ახლა ჩითის კაბაში ნაკვთადმოყვანილი ტანი ლამაზად ეხატებოდა.
ტარიელმა ვეღარ მოაშორა თვალი ამ ქალის სავსე გულ–მკერდს.
ქალი და მისი ამხანაგი კაცი რაღაც საუბარში იყვნენ გართული და ამიტომ ვერ ამჩნევდნენ ტარიელის და მისი ამხანაგის უსირცხვილო ჭვრეტას.
– ერთი ამის გულმკერდში ჩაკონება მთელ სოფლად ღირს! შენ რას იტყვი, ტარიელ? – ჰკითხა ამხანაგმა.
ტარიელს სახეზე მოუთმენლობა გამოეხატა.
– ერთი გავიცნოთ მაინც, ვინ არის, – უთხრა პასუხად ამხანაგს და ბოლოს ღიმილით დაატანა: ეს ვინღა არის, რომ ახლავს მცველი? უშოვნია რაღა კავალერი! მთელ ჯარს მოშლის, სწორეთ... ძლიერ ამიღელვა სისხლი ამ ქალმა ვიღაც არი.
– მოდი, ერთი გავეცნობი, – უთხრა ტარიელს ამხანაგმა.
– შენ ხომ ამისთანაობა ძალიან გეხერხება, – სიცილით უპასუხა ტარიელმა.
– ასეა, ერთისთვის ხერხი მიუცია ღმერთს, მეორისთვის ღონიერი მკლავი, შენთვის – მკლავი, ჩემთვის – ხერხი.
– კარგი, ახლა ტრაბახობას თავი დაანებე, თუ შეგიძლია, წადი და გაეცანი – სიცილით უთხრა ტარიელმა.

ამ სიტყვებით ამხანაგი მოშორდა ტარიელს, მივიდა ლამაზ ქალთან, მიესალმა და მოურიდებლად ჰკითხა:
– საიდან მობრძანდებით?
– სოფლიდან, – უპასუხა ქალმა.
– რომელი სოფლიდან? ვინ ბრძანდებით?
– რაში გესაჭიროება ამაების გაგება? თუ საქმე გაქვთ ჩვენთან, გვიბრძანეთ.
– არა, ისე.
– ისე? ისე საჭირო არ არის! – ცოტა არ იყოს გესლიანად უპასუხა ქალმა.
– რატომ? ერთმანეთის გაცნობა რას დაგვიშავებს?
– თუ ამაზე მეტი საქმე არა გაქვთ, გთხოვთ, მიბრძანდეთ! – უპასუხა ქალმა, რომელსაც ისეთი მრისხანება გამოეხატა ამ დროს სახეზე, რომ მოსაუბრე ყმაწვილი კაცი იძულებული შეიქმნა, მოშორებოდა.
– რა ქენი! ვერ იხერხა მგონია, შენმა ხერხმა? – ჰკითხა ტარიელმა სიცილით ამხანაგს.
– მიუკარებელი ვინმე ყოფილა! ისე მოხარა წარბები, რომ ჩხუბს მიპირებს – მეთქი, ვიფიქრე. ორი სიტყვის თქმაც არ დამაცალა, ისე შემომიტია, მიბრძანდითო და მომიშორა,– უპასუხა გულნატკენად ამხანაგმა.

ამ ეპიზოდში ერთმანეთთან იკვეთება ტარიელის მიზანი და დესპინეს წინააღმდეგობა.რომ არ ყოფილიყო ერთ–ერთი მათგანი, რომ, ვთქვათ, დესპინე წინააღმდეგობის ნაცვლად სიამოვნებით გასცნობოდა ტარიელს და მის ამხანაგს, მას რომ ტარიელისათვის დაენიშნა პაემანი, მაშინ შეიძლება ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრებულიყო, აღარ განვითარდებოდა ამბავი, აღარ იქნებოდა შეჯახება, ბრძოლა, აღარ იქნებოდა სიუჟეტი.
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9