კა კე კვ კი კლ კო კუ
კულ

კულმინაცია

ლათ. CULMEN
ლიტერატურული ნაწარმოების ის ნაწილი, სადაც მდგომარეობა ყველაზე უფრო დაძაბული ხდება და წინააღმდეგობა უმაღლეს წერტილს აღწევს (კულმინაცია ლათინურად ნიშნავს მწვერვალს, გუმბათს).

ლიტერატურული ნაწარმოების კომპოზიციური ანალიზის დროს არც ისე იშვიათად გაძნელებულია კულმინაციის დასახელება. მაგალითის მოტანისას შეცდომას უშვებენ: კულმინაციად, ე.ი. წინააღმდეგობის გამწვავების უმაღლეს საფეხურად სახელდება ის ეპიზოდი, სადაც გამწვავების უმაღლესი საფეხური ჯერ არ გვაქვს და მხოლოდ დასწყისი ვლინდება.
„განდეგილში” ზოგჯერ კულმინაციის ნიმუშად დასახელებულია ეპიზოდი –„ფეხი წინ წადგა” მწყემსი ქალის საამბორებლად. ეს შეცდომაა. თავისთავად, „განდეგილის” კულმინაციის დასახელება ძალიან ადვილია, რადგან ილია ჭავჭავაძემ დაძაბული მდგომარეობის დაწყებამდე მოგვცა გასაღები კულმინაციის მისაგნებად. პოემის VI თავში ავტორი გვამცნობს, რომ ღმერთმა შეიწყნარა განდეგილი, კმაყოფილია მისი ერთგულებით და ამ კმაყოფილებას ავლენს სასწაულით: სენაკში შემოსულ სხივზე ბერი სახარებას დებს და სხივი მას იჭერს. ბერი კმაყოფილი რჩება, რადგან რწმუნდება, რომ იგი ღვთისაგან შერისხული არ არის და მისგან გამოვლენილი სასწაულით სიკვდილის შემდეგ მის სულს სამოთხის ნეტარება ელის, რომ ღმერთს შვიდჯერ ჩადენილი ცოდვის პატიებაც კი შეუძლია, მით უმეტეს, თუ ადამიანი მას შეინანებს. არც განდეგილის სინანული იმის გამო, რომ მას ხსნის გზად განდეგილობა ერგო, არც ხორციელი გრძნობის გაღვიძება არ არის საფუძველი იმის დასადგენად, რომ იგი ღვთისაგან შერისხულია. ამის საბოლოოდ დადგენის ერთადერთი საფუძველი მხოლოდ სასწაულის შემოწმებაა. შემოწმება იმისა, დაიჭერს თუ არა სხივი კვლავ სახარებას? გიჟივით გარეთ გავარდნილი ბერი მივარდება ლოცვანს, სხივს შეუშვირს, სხივი კი ლოცვანს აღარ იჭერს. ეს არის უკვე დადასტურება საშინელი მოლოდინისა, რომ იგი ღვთისაგან შერისხულია:

„მივარდა ლოცვანს, დააყრდნო სხივზედ,
და, ეჰა, სხივმა არ დაიჭირა!
გაშრა, გაშეშდა ზარდაცემული,
ერთი საშინლად შეჰბღავლა ღმერთსა...”

ეს არის ბერისთვის უმძიმესი მდგომარეობა, ეს არის კულმინაცია.

კულმინაციის გამოყოფის კუთხით ბევრად უფრო რთული მდგომარეობა გვაქვს მთელ რიგ სხვა ნაწარმოებებში. როდესაც ვცდილობთ დავადგინოთ, მაგალითად, თუ სად არის ე. ნინოშვილის მოთხრობის „ჩვენი ქვეყნის რაინდის” კულმინაცია, უფრო ხშირად ასეთად მიიჩნევა მოთხრობის იმ ადგილი, სადაც ტარიელ მკლავაძე ცდილობს კარების ჩამტვრევასა და თვითნებურად შეჭრას იმ ოთახში, სადაც სპირიდონი და მისი მეუღლე ისვენებენ.

სინამდვილეში კი მოთხრობის ყველაზე უფრო დაძაბული მომენტი ის ეპიზოდია, როდესაც მეორე დღეს ორივე მხარე (ტარიელიც და სპირიდონიც) ერთიმეორის მოსაკლავად იწევენ.
იხ. აგრეთვე: კვანძის გახსნა, მოთხრობა, ეპიზოდი, სიუჟეტი, შპანუნგი
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9