კა კე კვ კი კლ კო კუ
კვა

კვანძის გახსნა

ის ადგილი მხატვრულ ნაწარმოებში, რომელიც გვიხატავს კონფლიქტის დასრულებას და მის შემდგომ შექმნილ ვითარებას.

„განდეგილში” ბერის შინაგანი ბრძოლა დამთავრდა განდეგილის სიკვდილით. ამ პოემაში კულმინაციას მაშინვე მოსდევს კვანძის გახსნა. განდეგილმა „ერთი საზარლად შეჰბღავლა ღმერთსა”(კულმინაცია) „და იქვე სხივქვეშ უტევა სული” (კვანძის გახსნა).

„კაკო ყაჩაღის” კვანძის გახსნა არის ზაქროს მიერ ბატონის მოკვლა და ყაჩაღად გავარდნა, „ბახტრიონის” – ბახტრიონის ციხის აღება, „პალიასტომის ტბის” – ივანესა და მისი შვილის დაღუპვა, „სამანიშვილის დედინაცვლის” – ბეკინას ოჯახში მეორე ვაჟიშვილის დაბადება; „ვეფხისტყაოსნის” კი – ქაჯეთის ციხის აღება.

უფრო ხშირად კვანძის გახსნა თანვე ახლავს კულმინაციას, მაგრამ ზოგჯერ, სხვადასხვა მიზეზის გამო, კვანძი დაგვიანებით იხსნება. „განდეგილის” კვანძი თუ კულმინაციის მომენტშივე გაიხსნა, „გოგია უიშვილის” – შედარებით უფრო დაყოვნებულია. „ჩვენი ქვეყნის რაინდის” კვანძი რამდენიმე თვის შემდეგ იხსნება სპირიდონის მიერ ტარიელის მოკვლით.

დამახასიათებელია, რომ „გოგია უიშვილში” კვანძი იხსნება გოგიას თვითმკვლელობით, მაგრამ მარტო ამ ფაქტის დასახელება არ ამოწურავს ამ მოთხრობის კვანძის გახსნის შინაარსს. „გოგია უიშვილის” კვანძის გახსნაში შევა არა მარტო მოთხრობის ის ადგილი, სადაც აღწერილია გოგიას თვითმკვლელობა, არამედ ის ადგილებიც, სადაც ავტორი გვაცნობს გოგიას თვითმკვლელობის შედეგად შექმნილ სიტუაციას: კერძოდ, კვანძის გახსნაში შედის მარინეს გაგიჟება, მის მიერ ბავშვების მოკვლა და გოგიას ოჯახის გავერანება.
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9