ლე ლი
ლირ ლიტ

ლიტერატურული დახასიათება

ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური თვისებების მოხაზვა მოქმედი პირის ცოცხალი სახის შექმნის მიზნით.

დახასიათება, ფართო გაგებით, ნიშნავს ამა თუ იმ მოვლენის ძირითადი ნიშნების შერჩევას. ადამიანის ლიტერატურული სახის შექმნა რთული საქმეა. ლიტერატურულ ნაწარმოებში დახასიათება უმთავრესად გვევლინება, როგორც ადამიანის სახის შექმნის ერთ–ერთი საშუალება. მწერლის მიერ ამ მიზნის მიღწევა არ ხორციელდება მხოლოდ ერთი საშუალებით. სახის შექმნისათვის მწერალი იყენებს დახასიათებას, პორტრეტს, ტიპური გარემოს ასახვასა და ტიპური სახის შექმნის სხვადასხვა საშუალებებს.

„ბაში–აჩუკის” მთავარი გმირი გლახუკა ბაქრაძე (იგივე ბაში–აჩუკი) ავტორს დახასიათებული ჰყავს როგორც მამაცი, სამშობლოს მოყვარული და საქვეყნო საქმისათვის თავდადებული პიროვნება.

ოთარაანთ ქვრივი ილიას დახასიათებული ჰყავს როგორც მხნე, გამრჯე, კაცთმოყვარე, გამჭრიახი და მტკიცე ნებისყოფის პიროვნება.

დახასიათება საშუალებას გვაძლევს წარმოვიდგინოთ ზემოთ ჩამოთვლილი პერსონაჟები, როგორც ცოცხალი სახეები, მათი ინდივიდუალური და ზოგადი თვისებებით.

დახასიათება უმთავრესად ორგვარი სახისაა: პირდაპირი და არაპირდაპირი. გმირების დახასიათებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მათ ყოფაქცევას. პერსონაჟების ყოფაქცევის საშუალებით ჩვენ საუკეთესო მასალა გვეძლევა მათ დასახასიათებლად. გმირების დახასიათებისათვის ილიას მიერ „გლახის ნაამბობში” გამოყვანილი მოძღვრის საუკეთესო თვისებები – ხალხის კეთილდღეობისათვის ზრუნვა, ხალხისათვის თავგანწირვა, უანგარო შრომა ხალხში განათლების შუქის შესატანად – ჩვენთვის უფრო თვალსაჩინო და დამაჯერებელია მით, რომ იგი ამ თვისებებს თავისი მოქმედებით ამჟღავნებს. ეს მოქმედება ილიას ისეთი ცოცხალი სახეებით აქვს მოცემული, თითქოს ჩვენ თვითონ ვართ უშუალო მოწმე იმისა, თუ როგორ უხსნის მღვდელი გლეხებს სწავლის საჭიროებას, გაბროსა და სხვებს როგორ ასწავლის წერა–კითხვას და როგორ ზრუნავს ადამიანთა კულტურული და მორალური ამაღლებისათვის. დაბოლოს, როგორ ეშვება თავგანწირული აბობოქრებული მდინარის ტალღებში მოძმის გადასარჩენად. მისი მოქმედების, მისი ყოფაქცევის საშუალებით ილია მას უფრო დამაჯერებლად ახასიათებს, ვიდრე გაბროს სიტყვებით.

მწერალი ადამიანებს ახასიათებს და მათ პორტრეტებს, შინაგან განცდებს გვიხატავს არა როგორც სქემას, არამედ გვიხატავს მის ზრდას საერთო პირობებთან დაკავშირებით, გვაძლევს ამა თუ იმ ხასიათის ზრდისა და ჩამოყალიბების ისტორიას .

პლატონ სამანიშვილი, სანამ დედისერთაა და მამულის გამყოფი არავინ ჰყავს, ბედით კმაყოფილია. შემდეგ, როდესაც მამამისი ცოლის შერთვას დააპირებს, მას უკვე შიში იპყრობს მეტოქის მოლოდინის გამო. დედინაცვლის ფეხმძიმობის გამოაშკარავების შემდეგ კი იგი სავსებით სასოწარკვეთილი, უმწეო და ნაღვლიანი ხდება. პლატონის ცხოვრების პირობები რომ სხვაგვარი ყოფილიყო, ბუნებრივია, მისი ხასიათიც სხვაგვარად განვითარდებოდა.
იხ. აგრეთვე: პორტრეტი
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9