ავ აკ ალ ამ ან არ ას აღ აშ ახ
არა არქ

არაპირდაპირი დახასიათება

მოქმედი პირის დახასიათება მისი გარემოს აღწერის, ყოფაქცევის, გარეგნობისა და სხვა საშუალებით.

ზოგიერთ შემთხვევაში ავტორი ნაწარმოების მოქმედი პირების დახასიათებას გვაძლევს არა მისთვის დამახასიათებელ თვისებათა პირდაპირი დასახელებით, არამედ იგი გვიხატავს გმირს ისეთი გარეგნობით, ისეთ გარემოსა და მდგომარეობაში, რომელთა საშუალებითაც ჩვენ ვიღებთ უტყუარ მასალას გმირის ხასიათის შესახებ.

მაგ: იმ მიზნით, რომ დაგვიხასიათოს ოთარაანთ ქვრივი, როგორც ბეჯითი, გამრჯე, წინდახედული და ენერგიით აღსავსე პრაქტიკოსი, აი, როგორ აგვიწერს ი. ჭავჭავაძე მის კარ-მიდამოს:

„ქვრივს სოფლის ნაპირას ერთი კაი მოზრდილი ფიცრული ედგა. მისი ეზო, საკმაოდ ფართო გლეხკაცისთვის, გარს შემორტყმულია ტყრშულის ღობითა. ეზო წმინდაა, ფაქიზად შენახული და დერეფნიდამ მოყოლებული ჭიის კარამდე სიგრძე-საგანეზედ მწვანით აბიბინებული. დერეფნის წინ, ერთი ოციოდ ნაბიჯზედ, უშველებელი კაკალი ადგას შტოებ-ძირდაშვებული, შემორგვალებული, თითქო განგებ შემოკვეცილიაო.
კაცის თვალს ეამებოდა, რომ ეს ეზო ენახა...
... სახლში რომ შესულიყავით, ყველაზედ უწინარეს თვალში გეცემოდათ სიფაქიზე და დაგვილ-დაწმენდილობა იქაურობისა. თარო ჩრდილოს მთლიან კედელზედ თავიდამ ბოლომდე გახიდულია და ზედ ჩამწკრივებულია სუფთა ჭურჭელი ქაშანურისა, ორიოდე ქვაბი, ტაფა, ჩამჩა, ქაფქირი, ძალზედ დაწმენდილ–დარეცხილი, მხიარულად გამოიცქირებიან მაღლიდამ, თითქოს თავს იწონებენ, რომ კარგი მომვლელი და პატრონი ასჩნიათ”.

სამაგიეროდ, სულ სხვაგვარად აგვიწერს ილია ლუარსაბის კარ-მიდამოს.

მისი ეზო ისე უწმინდურია, როგორც ძველი ჩინოვნიკის გული;
ღობე და საბძელი მონგრეულია;
იატაკი აყრილია, ფანჯარაში მინის ნაცვლად გაქონილი ქაღალდია;
ფარდაგი მტვრიანია.

აღწერილის მიხედვით ლუარსაბი ჩვენ გვეხატება როგორც ზარმაცი, მუქთახორა, დაუდევარი.

მოქმედი პირის ყოფაქცევა, ტანსაცმელი, მისი დამოკიდებულება დანარჩენ გმირებთან, მისი მეტყველებისა და სახის თავისებურებაც კი ჩვენ მიგვითითებს ნაწარმოების გმირის ამა თუ იმ ფსიქოლოგიურ თვისებებზე, რაც ირიბი გზით გვაძლევს გმირის დახასიათებას.
იხ. აგრეთვე: დახასიათება
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9